Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 192-დად 18 სექტემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე),

მ. ისაევი,

ი. ბიბილაშვილი

განიხილა ო. კ-ს კერძო საკასაციო საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 10 ივლისის დადგენილებაზე, რომლითაც მას აჭარის ა/რ პროკურატურის გამომძიებელ ლ. მამულაძის მიერ 1999წ. 31 აგვისტოს წერილით უარი ეთქვა საგზაო პოლიციის სამმართველოს სარეგისტრაციო-სააღრიცხვო განყოფილებისადმი მიცემული წერილობითი მითითების იურიდიული ძალის არმქონედ ცნობის შესახებ.

აღწერილობითი ნაწილი:

აჭარის ა/რ პროკურატურაში 1999 წლიდან წარმოებაშია სისხლის სამართლის საქმე საქართველოს საზღვაო სანაოსნოში სახელმწიფო ქონების განსაკუთრებით დიდი ოდენობით დატაცების ფაქტზე. საქმე წარმოებით შეჩერებულია დანაშაულში მხილებულ პირთა მიმალვის გამო. დანაშაული მხილებულ პირთა დაკავებამდე მათი ქონება სასამართლოს წესით არ ყოფილა დაყადაღებული.

1999წ. 31 აგვისტოს გამომძიებელ ლ. მ-ს წერილის საფუძველზე აჭარის ა/რ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო პოლიციის სარეგისტრაციო-სააღრიცხვო განყოფილებას მიეცა მითითება, რათა არ მომხდარიყო წერილში ჩამოთვლილ პირთა სახელზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებათა გაყიდვა ან სხვაგვარი გასხვისება, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. აღნიშნულ სიაში 42-ე ნომრად მითითებულია ო. კ..

ო. კ-მ უკანონოდ მიიჩნია გამომძიებლის ქმედება, საჩივრით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა, რომ გამომძიებლის მიერ გატარებული იძულებითი ღონისძიება მიჩნეული ყოფილიყო იურიდიული ძალის არმქონედ, მიიჩნია, რომ გამომძიებლის მიერ დარღვეულ იქნა მისი კონსტიტუციური უფლება.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ო. კ-ს საჩივარი განიხილა 2003წ. 10 ივლისს და არ დააკმაყოფილა იგი, ხოლო გამომძიებლის ქმედება მიიჩნია კანონიერად და დატოვა ძალაში უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სახელზე წარმოდგენილი კერძო საკასაციო საჩივრით ო. კ. ითხოვს სასამართლო დადგენილების გაუქმებას და აჭარის ა/რ შინაგან საქმეთა სამინისტროს სარეგისტრაციო სააღრიცხვო _ განყოფილებისადმი გამომძიებელ ლ. მ-ს მიმართვის იურიდიული ძალის არმქონედ ცნობას.

პალატის სხდომაზე ო. კ-ს წარმომადგენელმა თ. ს-მ მხარი დაუჭირა კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილების შესახებ.

პროკურორმა ე. ქ-მ მიმოიხილა წარმოდგენილი მასალები. მან იშუამდგომლა სასამართლოს დადგენილების გაუქმებისა და ო. კ- საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო წარმოდგენილ მასალებს, შეამოწმა კერძო საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრება და თვლის, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 10 ივლისის დადგენილება უნდა გაუქმდეს, ხოლო ო. კ-ს საჩივარი კი დატოვებულ იქნეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 242-ე მუხლის თანახმად სასამართლოში შეიძლება გასაჩივრდეს მომკვლევის, მოკვლევის ორგანოს, გამომძიებლისა და პროკურორის მოქმედება და გადაწყვეტილება, რომლებიც, მომჩივნის აზრით, უკანონოა ან დაუსაბუთებელი, კერძოდ: ა) სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ, მოკვლევის ორგანოს, გამომძიებლის ან პროკურორის დადგენილება;

ბ) სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ მოკვლევის ორგანოს, გამომძიებლის ან პროკურორის დადგენილება;

გ) ექსპერტიზის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ მომკვლევის, გამომძიებლის ან პროკურორის დადგენილება.

საპროცესო კოდექსის აღნიშნული მუხლიდან ნათლად ჩანს, რომ პროკურატურის გამომძიებლის მიმართვა შინაგან საქმეთა სამინისტროს სარეგისტრაციო სააღრიცხვო განყოფილებისადმი არ წარმოადგენს სასამართლოში გასაჩივრების საგანს და ეს საკითხი სასამართლოს არ უნდა განეხილა. პროკურატურის გამომძიებლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება დაინტერესებულ პირს გაესაჩივრებინა ჯერ ზედამხედველ პროკურორთან, შემდგომ კი _ ზემდგომ პროკურორთან.

ამდენად, სასამართლოს მიერ მიღებული დადგენილება უნდა გაუქმდეს, ხოლო ო. კ-ს საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად, რადგან პროკურატურის გამომძიებლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ წარმოადგენს სასამართლოში გასაჩივრების საგანს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა რა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 242-ე და 243-ე მუხლებით,

დ ა ა დ გ ი ნ ა :

კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 10 ივლისის დადგენილება, რომლითაც უარი ეთქვა ო. კ-ს აჭარის ა/რ პროკურატურის გამომძიებელ ლ. მ-ს მიერ 1999წ. 31 აგვისტოს წერილით საგზაო პოლიციის სამმართველოს სარეგისტრაციო-სააღრიცხვო განყოფილებისადმი მიცემული წერილობითი მითითების იურიდიული ძალის არმქონედ ცნობის შესახებ, გაუქმდეს და ო. კ-ს საჩივარი დარჩეს განუხილველად, რადგან იგი არ წარმოადგენს სასამართლო განხილვის საგანს.

პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.