საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
№ბს-520(კ-21) 30 ნოემბერი, 2021 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე ქეთევან ცინცაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე
ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა შპს „...ის“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 11 მარტის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტო).
2016 წლის 17 ივნისს შპს „...მა“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ, სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შემდგომ, მოპასუხისათვის შპს "...თან" ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის რეგულირების საფასურის ნაწილში ,,რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წესით ანგარიშსწორების წარმოების დავალება და მოსარჩელის მიერ უკვე გადახდილი თანხების ხსენებული წესით გადაანგარიშება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 თებერვლის განჩინებით სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 01 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს „...ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 11 მარტის განჩინებით შპს „...ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 01 ნოემბრის გადაწყვეტილება.
აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „...მა“, რომელმაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 11 მარტის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2021 წლის 14 ივნისის განჩინებით მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კერძოდ, წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს არ ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. ამდენად, ხარვეზის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 14 ივნისის განჩინებით კასატორს – შპს „...ს“ ხარვეზის განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში ხარვეზის შევსება, კერძოდ, საქართველოს უზენაეს სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის - დავის საგნის ღირებულების 5%-ის, მაგრამ არანაკლებ 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარმოდგენა დაევალა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 14 ივლისის განჩინებით კასატორს 10 დღით გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა. კასატორს განემარტა, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.
2021 წლის 02 აგვისტოს კასატორმა – შპს „...მა“ განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და სახელმწიფო ბაჟის სახით 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი წარმოადგინა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 31 აგვისტოს განჩინებით გაგრძელდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 14 ივნისის განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა 10 დღით და კასატორს განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი თანხის - დავის საგნის ღირებულების 5%-ის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარმოდგენა დაევალა.
2021 წლის 15 ოქტომბერს კასატორის წარმომადგენელმა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და აღნიშნა, რომ კომპანია მუშაობდა დისტანციურ რეჟიმში, რის გამოც ვერ მოხერხდა განსაზღვრულ ვადაში სახელმწიფო ბაჟის გადახდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის წარმომადგენელმა იშუამდგომლა განჩინებით განსაზღვრული ვადის კიდევ 7 დღით გაგრძელების თაობაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით, კიდევ ერთხელ გაგრძელდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 14 ივნისის განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა 7 დღით და კასატორს განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის - დავის საგნის ღირებულების 5%-ის (გადახდილი - 300 ლარის გამოკლებით) გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარმოდგენა დაევალა.
2021 წლის 09 ნოემბერს კასატორის წარმომადგენელმა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და აღნიშნა, რომ შპს „...ის“ მიერ თანხების გადარიცხვა/გადახდა ხორციელდება ქ. ზესტაფონიდან, იურიდიული ოფისიდან, რის გამოც ვერ მოხერხდა სახელმწიფო ბაჟის დედნის დროულად აღება და სასამართლოში წარმოდგენა. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის წარმომადგენელმა იშუამდგომლა განჩინებით განსაზღვრული ვადის კიდევ 7 დღით გაგრძელების თაობაზე.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ შპს „...ის“ შუამდგომლობა ხარვეზის შევსების ვადის მეოთხედ გაგრძელების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს და საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო. საპროცესო ვადის ხანგრძლივობის განსაზღვრისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს იმ საპროცესო მოქმედების შესრულების შესაძლებლობა, რისთვისაც ეს ვადა დაინიშნა.
განსახილველ შემთხვევაში, კასატორს სამჯერ მისივე მოთხოვნილი ხანგრძლივობით გაუგრძელდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 14 ივნისის განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების (სახელმწიფო ბაჟის სრულად გადახდის) ვადა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ კასატორის წარმომადგენელი სამივე შემთხვევაში სხვადასხვა საფუძვლით ითხოვდა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელებას. საკასაციო სასამართლო აგრეთვე ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ კასატორს არ მოუთხოვია სასამართლოს ხარჯების შემცირება ან გადავადება მისი ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, რაც მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლოს მსჯელობის საგანი გახდებოდა, არამედ, კასატორი ითხოვდა ხარვეზის სრულად შევსებისათვის განსაზღვრული ვადის გაგრძელებას, რაც საკასაციო სასამართლოს მიერ სამჯერ იქნა დაკმაყოფილებული.
ამასთან, საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ საკასაციო სამართალწარმოების დაწყებისთვის დაწესებული მოთხოვნები, მათ შორის სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება არ წარმოადგენს სასამართლოზე ხელმისაწვდომობის უფლების შეზღუდვას და არ მიიჩნევა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლთან შეუსაბამოდ (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 31.07.2007წ. გადაწყვეტილება საქმეზე „საფეხბურთო კლუბი „მრეტები“ საქართველოს წინააღმდეგ“).
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში სახელმწიფო ბაჟის სრულად გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარმოუდგენლობის გამო შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან შპს „...ის“ საკასაციო საჩივარზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, გადამხდელს უნდა დაუბრუნდეს აღნიშნული თანხა სრულად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. განუხილველი დარჩეს შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი;
2. თ. ნ-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს 02.08.2021წ. №0 საგადასახადო დავალებით შპს „...ის“ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი სრულად, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე
ნ. სხირტლაძე