საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
საქმე №ბს-1093(კ-21) 3 დეკემბერი, 2021 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - მ. ჯ-ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
მესამე პირები - მ. ვ-ი, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...“
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 29 ოქტომბრის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. ჯ-მა 2019 წლის 15 აპრილს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ამავე სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის მიმართ და „სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ“ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 18 იანვრის №... და „ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ 2019 წლის 14 მარტის №... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა, ასევე, მოპასუხისთვის „ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩა №8-ში (ს.კ. ...) მდებარე ლიტ. „ვ“ სათავსოს ნაწილზე, ზომით 5,40 კვ.მ. მ. ჯ-ის საკუთრების უფლებით რეგისტრაციის თაობაზე“ განცხადების დაკმაყოფილების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 აპრილის განჩინებით საქართველიოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება მ. ვ-ი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 5 ივნისის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება ბმა „...ა“. ამავე სხდომაზე დაზუსტდა მოპასუხეთა წრე და მოპასუხედ მიეთითა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით მ. ჯ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით მანვე გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით მ. ჯ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 29 ოქტომბრის განჩინება საქმის მასალებში მითითებულ მისამართზე (თბილისი, ...ის ქ. №8) 2021 წლის 5 ოქტომბერს გაეგზავნა მ. ჯ-ს და 2021 წლის 8 ოქტომბერს ჩაბარდა თ. ჯ-ს (პ/ნ ...) - ძმისშვილს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 29 ოქტომბრის განჩინებაზე მ. ჯ-მა 2021 წლის 1 ნოემბერს წარმოადგინა საკასაციო საჩივარი და აღნიშნა, რომ გასაჩივრებული განჩინება ჩაბარდა 2021 წლის 11 ოქტომბერს და საკასაციო საჩივარი შემოაქვს კანონით დადგენილ ვადაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და საკასაციო საჩივრის გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ჯ-ის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისთვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. ამრიგად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კანონმდებლობით იმპერატიულად არის დადგენილი საკასაციო საჩივრის წარდგენის 21-დღიანი ვადა და რაიმე გამონაკლისი მოცემული ვადის გაგრძელებისა და აღდგენის თვალსაზრისით არ არსებობს. სწორედ ამიტომ, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ერთ-ერთ კრიტერიუმს მისი კანონმდებლობით დადგენილ ვადაში შეტანა წარმოადგენს. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ გასაჩივრების ვადის დენის დაწყებისთვის პროცესის მონაწილე პირს, ერთი მხრივ, კანონით დადგენილი წესით უნდა ჩაბარდეს სასამართლოს აქტი, მეორე მხრივ კი, დეტალურად უნდა განემარტოს გასაჩივრების წესი და ვადა. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივრის წარდგენის შესაძლებლობის თაობაზე მხარის სათანადოდ ინფორმირება სადავოდ არ არის ქცეული, თუმცა შესასწავლია გზავნილის უფლებამოსილი პირისათვის ჩაბარების საკითხი.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, მხარისთვის გზავნილის ოფიციალური გაცნობის წესები მოწესრიგებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით. ამასთანავე, კანონმდებლობა არ განსაზღვრავს გზავნილის მხოლოდ უშუალოდ ადრესატისთვის ჩაბარების მოვალეობას, არამედ კონკრეტული წინაპირობების არსებობისას, გზავნილი შესაძლებელია, ჩაბარდეს სხვა სუბიექტსაც და მაინც ჩაითვალოს ჩაბარებულად. მათ შორის, დასახელებული კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილიდან გამომდინარე, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისთვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება მის მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით. ამასთანავე, იმავე კოდექსის 74-ე მუხლით განსაზღვრულია შეტყობინების ადრესატის არყოფნის შემთხვევაში უწყების ჩაბარება მასთან მცხოვრები ოჯახის რომელიმე ქმედუნარიანი წევრისთვის. ამავე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, სწორედ უწყების მიმღები არის ვალდებული უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
ასევე მნიშვნელოვანია დასახელებული კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ხოლო 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 29 ოქტომბრის განჩინება მ. ჯ-ს გაეგზავნა საქმეში მის მიერვე მითითებულ მისამართზე (თბილისი, ...ის ქ. №8) და 2021 წლის 8 ოქტომბერს ჩაბარდა ოჯახის ქმედუნარიან პირს, ძმისშვილს - თ. ჯ-ს (პ/ნ ...). შესაბამისად, საკასაციო საჩივრის წარდგენის ვადის დენა დაიწყო 2021 წლის 9 ოქტომბრიდან და ამოიწურა 2021 წლის 29 ოქტომბერს (პარასკევს), ხოლო საკასაციო საჩივარი სასამართლოში წარდგენილ იქნა 2021 წლის 1 ნოემბერს, საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ. ამდენად, საკასაციო საჩივარი წარმოდგენილია კანონმდებლობით დადგენილი 21-დღიანი ვადის დარღვევით, გასაჩივრების ვადის აღდგენა ან გაგრძელება კი დაუშვებელია, რაც საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს ქმნის.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე, 390-ე, 397-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 29 ოქტომბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ნ. სხირტლაძე