Facebook Twitter

საქმე #ბს-592(კს-21) 16 სექტემბერი, 2021 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) – სს „...ე“

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხეები) – სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის ქვემო ქართლის რეგიონული ოფისი

მესამე პირი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 9 ივნისი განჩინება

დავის საგანი - სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2019 წლის 13 ნოემბერს სს „...ემ“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების – სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული ოფისის მიმართ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 ნოემბრის განჩინებით სს „...ეს“ სარჩელი, მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული ოფისისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ, ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის თაობაზე, განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა რუსთავის საქალაქო სასამართლოს.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 10 იანვრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.

2019 წლის 19 ნოემბერს სს „...ემ“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების – სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული ოფისის მიმართ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 22 ნოემბრის განჩინებით სს „...ეს“ სარჩელი, მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული ოფისისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ, განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა რუსთავის საქალაქო სასამართლოს.

რუსთავის საქალაქო სასამართლოში მოსარჩელის მიერ დაზუსტდა მოპასუხეთა წრე და მოპასუხედ დამატებით დასახელდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 25 თებერვლის განჩინებით ზემოაღნიშნული საქმეები, მოსარჩელე - სს „...ე“, მოპასუხეები - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული ოფისი და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, გაერთიანდა.

სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შედეგად მოსარჩელემ ადმინისტრაციული წარმოების შეჩერების შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს #... (14.08.2019წ.), #... (15.08.2019წ.), #... (14/08/2019), #... (14/08/2019), #...(14/08/2019), #... (14/08/2019), #... (15/08/2019) გადაწყვეტილებების, ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს #... (16/09/2019), #... (17/09/2019), #... (16/09/2019), #... (16/09/2019), #... (16/09/2019), #... (16/09/2019), #...(17/09/2019) გადაწყვეტილებების, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 15 ოქტომბრის #... გადაწყვეტილების, სს „...ის“ საკუთრებაში არსებული შენობების (ბოქსები - ფართობი: 1229.0 კვ.მ; ფარეხი - ფართობი: 721.0 კვ.მ; ადმინისტრაციული შენობა - ფართობი: 390.0 კვ.მ; სადისპეჩერო - ფართობი: 223.0 კვ.მ; პავილიონი - ფართობი: 151.0 კვ.მ; საგუშაგო - ფართობი: 9.0 კვ.მ; საპირფარეშო - ფართობი: 10.0 კვ.მ) ნაწილში სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 30 აგვისტოს #1/6-583 ბრძანების 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, სს „...ის“ საკუთრებაში არსებული შენობების (ბოქსები - ფართობი: 1229.0 კვ.მ; ფარეხი - ფართობი: 721.0 კვ.მ; ადმინისტრაციული შენობა - ფართობი: 390.0 კვ.მ; სადისპეჩერო - ფართობი: 223.0 კვ.მ; პავილიონი - ფართობი: 151.0 კვ.მ; საგუშაგო - ფართობი: 9.0 კვ.მ; საპირფარეშო - ფართობი: 10.0 კვ.მ) ნაწილში სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 9 თებერვლის #1/6-55 ბრძანების, სს „...ის“ საკუთრებაში არსებული შენობების (ბოქსები - ფართობი: 1229.0 კვ.მ; ფარეხი - ფართობი: 721.0 კვ.მ; ადმინისტრაციული შენობა - ფართობი: 390.0 კვ.მ; სადისპეჩერო - ფართობი: 223.0 კვ.მ; პავილიონი - ფართობი: 151.0 კვ.მ; საგუშაგო - ფართობი: 9.0 კვ.მ; საპირფარეშო - ფართობი:10.0 კვ.მ) ნაწილში მიწის ნაკვეთზე (ს/კ 02.07.04.005) სახელმწიფოს სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 13 თებერვლის #8... გადაწყვეტილების, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 4 ნოემბრის #... გადაწყვეტილების, #..., #..., #..., #..., #..., #... და #... სარეგისტრაციო განაცხადებზე ადმინისტრაციული წარმოებების განახლება და წარდგენილი ნახაზებისა და უძრავი ქონების საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტების საფუძველზე, სს „...ის“ 2019 წლის 15 ივლისის განცხადების (რომლითაც სს „...ე“ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსგან ითხოვს შუამდგომლობით მიმართოს რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას, უფლების დამდგენი დოკუმენტით განსაზღვრული და საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული შენობების იდენტურობის დადგენასთან დაკავშირებით) დაკმაყოფილება მოითხოვა.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 17 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით “..ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 30 აგვისტოს #1/6-583 ბრძანების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი სს „...ის“ საკუთრებაში არსებული შენობების ნაწილში, ბათილად იქნა ცნობილი 2017 წლის 9 თებერვლის სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს #1/6-55 ბრძანება სს „...ის“ საკუთრებაში არსებული ქონების საკუთარ სახელზე დარეგისტრირების ნაწილში და მოპასუხე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში უძრავ ქონებაზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის განხორციელების თაობაზე მსჯელობა დაევალა; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 13 თებერვლის #... გადაწყვეტილება სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე სს „...ის“ საკუთრებაში არსებული ქონების ნაწილში, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 15 ოქტომბრის #... გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 20 ნოემბრის #... გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად უარის თქმის ნაწილში და მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, საქმისათვის არსებითი მნიშვნელოვანი გარემოებების გამოკვლევის შემდეგ, სადავო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა დაევალა.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის ქვემო ქართლის რეგიონულმა ოფისმა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რომლებმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 4 ივნისისა და 14 ივნისის განჩინებებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის ქვემო ქართლის რეგიონული ოფისის სააპელაციო საჩივრები მიღებულ იქნა განსახილველად.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებაზე განცხადება წარადგინა სს „...ის“ დირექტორმა ც. კ-ემ. 2021 წლის 7 ივნისს კი, სააპელაციო საჩივარი - სს „...ის“ დირექტორმა იოსებ შველიძემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების (სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის ნაწილში) გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა. ამასთან, წარმომადგენელმა გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის აღდგენის თაობაზე იშუამდგომლა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 9 ივნისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა სს „...ის“ წარმომადგენლის შუამდგომლობა გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის გაგრძელების შესახებ; სს „...ის“ სააპელაციო საჩივარი რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებაზე, დარჩა განუხილველი.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლზე, რომლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369.1 მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების შესაბამისად.

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია.

პალატამ განმარტა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. სააპელაციო პალატა აღნიშნა, რომ კანონმდებლობით იმპერატიულად არის დადგენილი სააპელაციო საჩივრის წარდგენის 14-დღიანი ვადა და რაიმე გამონაკლისი მოცემული ვადის გაგრძელებისა და აღდგენის თვალსაზრისით, არ არსებობს. სწორედ ამიტომ, სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ერთ-ერთ კრიტერიუმს მისი კანონმდებლობით დადგენილ ვადაში შეტანა წარმოადგენს.

პალატის მითითებით, ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ გასაჩივრების ვადის დენის დაწყებისთვის პროცესის მონაწილე პირს, ერთი მხრივ, კანონით დადგენილი წესით უნდა ჩაბარდეს სასამართლოს აქტი, მეორე მხრივ კი, დეტალურად უნდა განემარტოს გასაჩივრების წესი და ვადა. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ სააპელაციო საჩივრის წარდგენის შესაძლებლობის თაობაზე მხარის სათანადოდ ინფორმირება სადავოდ არ იყო ქცეული, თუმცა შესასწავლი იყო გზავნილის უფლებამოსილი პირისათვის ჩაბარების საკითხი.

სასამართლოს მითითებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება მოსარჩელის წარმომადგენელს ჩაბარდა 2021 წლის 19 მაისს. წარმომადგენლის რწმუნებულება წესრიგში იყო. გასაჩივრების 14-დღიანი ვადა გავიდა 2021 წლის 2 ივნისს. ამავე დღეს სს „...ის“ დირექტორმა ც. კ-ემ იშუამდგომლა გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების ვადის გაგრძელების შესახებ, იურიდიული განათლების მქონე წარმომადგენლის საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის გამო. მოსარჩელის წარმომადგენელმა სააპელაციო საჩივარი პირველი ინსტანციის სასამართლოში წარადგინა 14-დღიანი ვადის დარღვევით 2021 წლის 7 ივნისს, რომელიც სააპელაციო სასამართლოში გადაიგზავნა 8 ივნისს. პალატამ აღნიშნა, რომ სს „...ის“ წარმომადგენელი შუამდგომლობის გრაფაში მიუთითებდა, რომ საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის გამო ვერ მოახდინა გასაჩივრების უფლების რეალიზაცია და შესაბამისად, ითხოვდა გაშვებული ვადის საპატიოდ ჩათვლას და სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღებას.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადის აღდგენა და გაგრძელება დაუშვებელია, უფრო მეტიც, სააქციო საზოგადოებას ყავს დირექტორი - ც. კ-ე, რომელსაც უფლება ჰქონდა, როგორც წარმომადგენელს წარედგინა სააპელაციო საჩივარი (თუნდაც დაუსაბუთებელი), თუმცა არ გამოიყენა ეს უფლებამოსილება და დაელოდა ადვოკატის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას.

პალატის მითითებით, იმის გათვალისწინებით, რომ კანონი გასაჩივრების ვადის გაგრძელება/აღდგენის შესაძლებლობას გამორიცხავს, აპელანტის მიერ საპროცესო უფლება არ იქნა რეალიზებული განსაზღვრულ ვადაში, ანუ მხარემ არ გამოიყენა საპროცესო შესაძლებლობა კანონით დადგენილ ვადაში, რის გამოც სააპელაციო საჩივარი დაუშვებელი იყო და უნდა დარჩენილიყო განუხილველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 9 ივნისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა სს „...ემ“, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოსთვის რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებაზე სს „...ის“ მიერ წარდგენილი სააპელაციო საჩივრის განხილვის დავალება მოითხოვა.

კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენლის იოსებ შველიძის განმარტებით, სააპელაციო საჩივრის სასამართლოში წარდგენის დღეს ცუდად იგრძნო თავი, რის შედეგადაც, შუადღისათვის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ იგი გადაიყვანა რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში. გამოკვლევების შედეგად, იოსებ შველიძეს დაუდგინდა თორმეტგოჯა ნაწლავის მწვავე წყლული სისხლდენით (სააპელაციო საჩივარს თან ერთვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა). მორიგე ექიმის გადაწყვეტილებით სისხლდენისა და მასთან დაკავშირებული გართულებების შესაჩერებლად, რაამდენიმე დღის ვადით იგი გადაიყვანეს სტაციონარულ მკურნალობაზე ქირურგიულ განყოფილებაში.

იოსებ შველიძის განმარტებით, 2021 წლის 2 ივნისს, იმყოფებოდა რა ცუდად და გრძნობდა პასუხისმგებლობას მარწმუნებლის მიმართ, საავადმყოფოდან ტელეფონით დაუკავშირდა სს „...ის“ დირექტორს, ც. კ-ეს და სთხოვა რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით მიემართა თბილისის სააპელაციო სასამართლოსთვის. იმავე დღეს მან მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს.

წარმომადგენლის მითითებით, იგი 2021 წლის 4 ივნისს, პარასკევს გაწერეს საავადმყოფოდან. საავადმყოფოდან გაწერის პირველივე დღეს 7 ივნისს შეიტანა სააპელაციო საჩივარი. სააპელაციო სასამართლომ კი, საჩივრის განხილვაზე უარი უთხრა გასაჩივრებული ვადის გაშვების მოტივით.

სს „...ის“ წარმომადგენლის განმარტებით, დირექტორი არ წარმოადგენს იურისტს და იურიდიულ-სამართლებრივი დეტალები მისთვის უცნობია. მისთვის განცხადების დაწერის ფორმაც კი უცხოა, რაზედაც მიუთითებს მის მიერვე დაწერილი განცხადება, რომელიც ფაქტობრივად ფორმადაუცველია. მეტი შინაარსის ჩადება, გამოუცდელობის გამო, დირექტორმა ვეღარ შეძლო. დირექტორმა როგორც შეძლო ისე გამოხატა საკუთარი დამოკიდებულება რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების მიმართ, მან დააფიქსირა სს „...ის“ პოზიცია, რომ არ ეთანხმება შესაბამის გადაწყვეტილებას, საქმესთან დაკავშირებულ სხვა გარემოებებზე კი, ვეღარაფერს დაწერდა, ვინაიდან საქმეს არ იცნობდა. დირექტორმა იცოდა, რომ თუკი ყველაფერი კარგად იქნებოდა და წარმომადგენლის ჯანმრთელობის მდგომარეობა დინამიკაში არ გართულდებოდა, რამდენიმე დღეში ის საავადმყოფოდან უნდა გაეწერათ.

კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელი მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215.3 მუხლზე და განმარტავს, რომ უფლების დაცვის განხორციელების დამაბრკოლებელ გარემოებად პირის ავადმყოფობის მიჩნევა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ უტყუარად დადგინდება, რომ ავადმყოფობის სირთულიდან გამომდინარე, მას არ შეეძლო თავად ან წარმომადგენლის მეშვეობით ემოქმედა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 2 ივლისის განჩინებით სს „...ეს“ კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს „...ის“ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და საქმე სს „...ის“ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებაზე მოსარჩელე - სს „...ის“ დირექტორმა ც. კ-ემ წარადგინა განცხადება, საიდანაც ირკვევა, რომ სს „...ის“ დირექტორი არ არის განათლებით იურისტი, არ შეუძლია შეიტანოს სააპელაციო საჩივარი. განცხადებაში დაფიქსირებულია, რომ მოსარჩელე აპირებდა სააპელაციო საჩივრის შეტანას. გასაჩივრების ბოლო ვადა იყო 2021 წლის 2 ივნისი. ამავე განცხადების მიხედვით, სს „...ის“ ადვოკატი იმყოფებოდა საავადმყოფოში სამკურნალოდ, რის გამოც განმცხადებელი ითხოვდა საპატიო მიზეზით გასაჩივრების ვადის გადადებას იურისტის საავადმყოფოდან გამოსვლამდე.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2021 წლის 8 ივნისს რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა სს „...ის“ დირექტორმა იოსებ შველიძემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების (სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის ნაწილში) გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა. ამასთან, წარმომადგენელმა გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის აღდგენის თაობაზე იშუამდგომლა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 9 ივნისის გასაჩივრებული განჩინებით არ დაკმაყოფილდა სს „...ის“ წარმომადგენლის შუამდგომლობა გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის გაგრძელების შესახებ; სს „...ის“ სააპელაციო საჩივარი რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებაზე, დარჩა განუხილველი.

სააპელაციო პალატის მითითებით, გადაწყვეტილების გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადის აღდგენა და გაგრძელება დაუშვებელია, უფრო მეტიც, სააქციო საზოგადოებას ყავს დირექტორი - ც. კ-ე, რომელსაც უფლება ჰქონდა როგორც წარმომადგენელს წარედგინა სააპელაციო საჩივარი (თუნდაც დაუსაბუთებელი), თუმცა არ გამოიყენა ეს უფლებამოსილება და დაელოდა ადვოკატის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას. იმის გათვალისწინებით, რომ კანონი გასაჩივრების ვადის გაგრძელება/აღდგენის შესაძლებლობას გამორიცხავს, აპელანტის მიერ საპროცესო უფლება არ იქნა რეალიზებული განსაზღვრულ ვადაში, ანუ მხარემ არ გამოიყენა საპროცესო შესაძლებლობა კანონით დადგენილ ვადაში, რის გამოც სააპელაციო საჩივარი იყო დაუშვებელი და უნდა დარჩენილიყო განუხილველი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369.1 მუხლზე, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების შესაბამისად.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59.4 მუხლის თანახმად, სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება მოსარჩელის წარმომადგენელს - იოსებ შველიძეს ჩაბარდა 2021 წლის 19 მაისს. სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის ათვლა 2021 წლის 20 მაისიდან უნდა დაწყებულიყო და შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის წარდგენისათვის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი 14-დღიანი ვადა 2021 წლის 2 ივნისს 24:00 საათზე იწურებოდა.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, მართალია, სს „...ის“ დირექტორის იოსებ შველიძის მიერ სააპელაციო საჩივარი წარდგენილ იქნა 2021 წლის 8 ივნისს, თუმცა სასამართლო მნიშვნელოვნად მიიჩნევს ყურადღება გამახვილდეს სს „...ის“ დირექტორის, ც. კ-ის განცხადებაზე, რომელიც შეტანილ იქნა სააპელაციო საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილ ვადაში, 2021 წლის 2 ივნისს. საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ მიუთითებს განცხადების შინაარსზე, რომლის თანახმად, სს „...ის“ დირექტორი არ არის განათლებით იურისტი, არ შეუძლია შეიტანოს სააპელაციო საჩივარი, თუმცა ამავე განცხადებაში დაფიქსირებულია, რომ მოსარჩელე აპირებდა სააპელაციო საჩივრის შეტანას. განცხადების მიხედვით, სს „...ის“ ადვოკატი იმყოფებოდა საავადმყოფოში სამკურნალოდ, რის გამოც განმცხადებელი ითხოვდა საპატიო მიზეზით გასაჩივრების ვადის გადადებას იურისტის საავადმყოფოდან გამოსვლამდე.

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, მართალია, კანონმდებლობით იმპერატიულად არის დადგენილი სააპელაციო საჩივრის წარდგენის 14-დღიანი ვადა და რაიმე გამონაკლისი მოცემული ვადის გაგრძელებისა და აღდგენის თვალსაზრისით, არ არსებობს, თუმცა განსახილველ შემთხვევაში გასათვალისწინებელია მოსარჩელე - სს „...ის“ დირექტორის ც. კ-ის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე შეტანილი განცხადება, რომლითაც მხარემ ერთმნიშვნელოვნად გამოხატა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ნება, რაც კანონით დადგენილ ვადაში იქნა რეალიზებული.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლზე, რომელიც შეეხება სააპელაციო საჩივრის შინაარსს. მოცემულ მუხლში ჩამოთვლილია ის მოთხოვნები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს სააპელაციო საჩივარი. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ზემოჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ მხარემ კანონით დადგენილ ვადაში შეასრულა საპროცესო მოქმედება, კერძოდ, წარდგენილი განცხადებით გამოხატა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ნება, რომელიც მართალია, არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს, თუმცა აღნიშნული წარმოადგენდა განცხადებაზე (სააპელაციო საჩივარზე) ხარვეზის დადგენის საფუძველს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სს „...ის“ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 9 ივნისის განჩინება და საქმე სს „...ის“ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს „...ის“ კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 9 ივნისის განჩინება და საქმე სს „...ის“ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა