საქმე #ბს-265(კ-21) 30 სექტემბერი, 2021 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
ბიძინა სტურუა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს (საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო) საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 10 მარტის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2017 წლის 10 მარტს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - გ. გ-ის მიმართ.
მოსარჩელემ გ. გ-ისათვის საგრანტო თანხის - 34 090.94 ლარის უკან დაბრუნების დაკისრება მოითხოვა.
მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და გ. გ-ს შორის 2012 წლის 18 ივნისს დაიდო „გრანტის შესახებ” ხელშეკრულება. ხელშეკრულების პირველი მუხლის თანახმად, გრანტის გამცემი გრანტის მიმღებს უსასყიდლოდ გადასცემს მიზნობრივ ფულად სახსრებს უცხო ქვეყნის სასწავლო დაწესებულების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის განმავლობაში საზღვარგარეთ ცხოვრებასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფინანსებლად. ხელშეკრულების თანხა შეადგენს 20.600 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარში. ხელშეკრულების 2.1. პუნქტის თანახმად, გრანტის გამცემი გრანტის მიმღებს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პროგრამა - „...ის” ფარგლებში, უსასყიდლოდ გადასცემს მიზნობრივ ფულად სახსრებს აშშ-ში, ...ის უნივერსიტეტის ...ის ...ის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლისას საჭირო ხარჯების ასანაზღაურებლად. 3.2. პუნქტის შესაბამისად, გრანტის გამცემს უფლება აქვს ნებისმიერ დროს მის მიერ შერჩეული ფორმითა და საშუალებით მოახდინოს გრანტის მიმღებისთვის გადარიცხული თანხების ხარჯვის მონიტორინგი. 3.3. პუნქტის თანახმად, გრანტის მიმღების მიერ 3.6. და 3.7. პუნქტებით დაკისრებული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, იტოვებს გაცემული საგრანტო თანხის უკან დაბრუნების უფლებას. 3.4. პუნქტის თანახმად, გრანტის მიმღები ვალდებულია ხელშეკრულების ფარგლებში მიღებული გრანტის თანხები გამოიყენოს მხოლოდ ხელშეკრულების 1.1. პუნქტით გათვალისწინებული მიზნებისთვის. სწავლის დასრულების შემდეგ, გრანტის გამცემს წარუდგინოს ...ის უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხის მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი. 3.9. პუნქტის საფუძველზე გრანტის მიმღები ვალდებულია მისთვის გამოყოფილი გრანტის არამიზნობრივად გამოყენების შემთხვევაში გრანტის გამცემს დაუბრუნოს არამიზნობრივად გახარჯული თანხა. მოპასუხე გ. გ-ს 2012 წლის 23 აგვისტოს განცხადების საფუძველზე მოსარჩელემ 2012 წლის 29 აგვისტოს გადაურიცხა 34 090.94 ლარი. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2016 წლის 1 ივნისისა და განმეორებით, 2016 წლის 12 ოქტომბრის წერილებით მოპასუხეს ეცნობა ნაკისრი ვალდებულების შესახებ, თუმცა მას შეტყობინებაზე რეაგირება არ მოუხდენია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სარჩელი, მოპასუხე - გ. გ-ის მიმართ, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ თანხის დაკისრების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 10 დეკემბრის განჩინებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უფლებამონაცვლედ დადგენდა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 10 მარტის განჩინებით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 10 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, სასამართლომ არასწორად განმარტა „გრანტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები. ამასთან, კასატორი მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 361.2 და 394-ე მუხლებზე.
კასატორის მოსაზრებით, სასამართლოს ყურადღება უნდა გაემახვილებინა მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობებზე, რომლებიც მხარეების მიერ მოწონებულ იქნა და შესაბამისად, ხელმოწერილია.
კასატორის მითითებით, მოპასუხის მიერ წარდგენილი შესაგებლით, ახსნა-განმარტებითა და მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ გ. გ-ი ...ის უნივერსიტეტში აღარ სწავლობს, თუმცა მას სწავლა უნდა დაესრულებინა 2017 წლის მაისში. კასატორის მითითებით, მოპასუხის მიერ დარღვეულ იქნა ის პირობა, რომ ხელშეკრულების ფარგლებში მიღებული გრანტის თანხები უნდა გამოეყენებინა მხოლოდ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზნებისათვის და სწავლის დასრულების შემდეგ, გრანტის გამცემისათვის წარედგინა უნივერსიტეტის ...ის ...ის ბაკალავრის ხარისხის მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი.
კასატორი არ იზიარებს სარჩელის ხანდაზმულობასთან მიმართებით, სასამართლოს მითითებას და აღნიშნავს, რომ მოსარჩელეს მოთხოვნა წარმოეშვა მაშინ, როდესაც მოპასუხეს უნდა დაესრულებინა საბაკალავრო პროგრამა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 12 აპრილის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს (საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო) საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს მოპასუხე გ. გ-ისათვის საგრანტო თანხის - 34 090.94 ლარის უკან დაბრუნების დაკისრება.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2012 წლის 18 ივნისს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა (შემდგომში „გრანტის გამცემი“) და გ. გ-ს (შემდგომში „გრანტის მიმღები“) შორის დაიდო „გრანტის შესახებ“ #... ხელშეკრულება. ხელშეკრულების 2.1. მუხლის თანახმად, გრანტის გამცემი გრანტის მიმღებს უსასყიდლოდ გადასცემს მიზნობრივ ფულად სახსრებს აშშ-ში, ...ის უნივერსიტეტის (...) ...ის ...ის საბაკალავრო პროგრამაზე სწავლისას საჭირო ხარჯების ასანაზღაურებლად. ხელშეკრულების 2.2. მუხლის თანახმად, „გრანტის გამცემი“, „გრანტის მიმღებს“ გრანტის სახით გადასცემს 20,600 აშშ დოლარის ეკვივალენტ თანხას ეროვნულ ვალუტაში. ხელშეკრულების 3.2. მუხლის თანახმად, „გრანტის გამცემს“ უფლება აქვს ნებისმიერ დროს მის მიერ შერჩეული ფორმითა და საშუალებებით მოახდინოს გრანტის მიმღებისათვის გადარიცხული თანხების ხარჯვის მონიტორინგი. ხელშეკრულების 3.3. მუხლის თანახმად, „გრანტის გამცემი“ „გრანტის მიმღების“ მიერ 3.6. და 3.7. პუნქტებით დაკისრებული ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში, იტოვებს გაცემული საგრანტო თანხის უკან დაბრუნების უფლებას. ხელშეკრულების 3.4. მუხლის თანახმად, „გრანტის მიმღები“ ვალდებულია ხელშეკრულების ფარგლებში მიღებული გრანტის თანხები გამოიყენოს მხოლოდ ხელშეკრულების 1.1. პუნქტით გათვალისწინებული მიზნებისთვის. ხელშეკრულების 3.5. პუნქტის თანახმად, გრანტის მიმღები ვალდებულია მისთვის გამოყოფილი გრანტის არამიზნობრივად გამოყენების შემთხვევაში, გრანტის გამცემს დაუბრუნოს მის მიერ არამიზნობრივად გახარჯული თანხა „გრანტის გამცემის“ ანგარიშზე. ხელშეკრულების 3.7. პუნქტის თანახმად, სწავლის დასრულების შემდეგ გრანტის მიმღები ვალდებულია გრანტის გამცემს წარუდგინოს ...ის უნივერსიტეტის ...ის ...ის საბაკალავრო ხარისხის მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ გრანტის მიმღების მიერ წარდგენილი მოთხოვნის ფარგლებში, 2012 წლის 29 აგვისტოს #548 საგადახდო მოთხოვნის თანახმად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გადარიცხულ იქნა გ. გ-ის სასწავლო გრანტი 34,090.94 ლარის ოდენობით.
დადგენილია, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2016 წლის 1 ივნისის #MES11600593602 და 2016 წლის 12 ოქტომბრის #MES61601224894 მიმართვების თანახმად, გ. გ-ს ეთხოვა 2012 წლის 18 ივნისის სსიპ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მას შორის დადებული გრანტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სასწავლო პროგრამის დასრულების შემთხვევაში, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის უმოკლეს ვადაში სასწავლო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა.
საკასაციო სასამართლო განმარტებით, ხანდაზმულობის ვადა არის პერიოდი, რომლის განმავლობაში უფლებამოსილ სუბიექტს შეუძლია მოახდინოს თავისი მოთხოვნის რეალიზაცია. შესაბამისად, სწორედ მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადაში არის შესაძლებელი, ადმინისტრაციულმა ორგანომ შეამოწმოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერება, რადგან ხანდაზმულობა არის ვადა, რომლის განმავლობაშიც პირმა, რომლის უფლებაც დაირღვა, შეიძლება მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით განხორციელება ან დაცვა. ვადაში იგულისხმება დროის განსაზღვრული პერიოდი, რომელსაც კანონმდებელი უკავშირებს ამა თუ იმ იურიდიული შედეგის დადგომას. თავისი ბუნებით ვადა იურიდიული ფაქტია, რომლის დადგომა ან გასვლა იწვევს უფლებისა და ვალდებულების წარმოშობას, შეცვლას ან შეწყვეტას. იმის გათვალისწინებით, რომ ვადის გასვლით იფარება პირის მოთხოვნის იძულებით განხორციელების შესაძლებლობა, კანონმდებელი სხვადასხვა სახის მოთხოვნებისათვის ითვალისწინებს ხანდაზმულობის განსხვავებულ ვადებს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნების ექვს წელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, ცალკეულ შემთხვევებში კანონით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს ხანდაზმულობის სხვა ვადებიც.
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ სწავლის საფასური გადახდილი იყო მხოლოდ 2012-2013 წლის სასწავლო პროგრამისათვის.
საკასაციო სასამართო მიუთითებს იმ დადგენილ გარემოებაზე, რომ გ. გ-ის მიერ State University of New York College at Plattsburgh-ისთვის მრავალჯერ მიმართვის მიუხედავად, უნივერსიტეტს არ გაუცია ნიშნების ფურცელი, რამაც შეუძლებელი გახადა მოპასუხის მიერ აღნიშნული დოკუმენტის სსიპ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის წარდგენა. შედეგად, მოსარჩელე მხარის მიერ არ იქნა გადარიცხული შემდგომი სასწავლო წლის საფასურები, რის გამოც გ. გ-ი იძულებული გახდა შეეწყვიტა სწავლა და 2013 წლის ზაფხულში წამოსულიყო უნივერსიტეტიდან.
ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ 2012-2013 სასწავლო წლის შემდგომ გ. გ-ს არ გაუგრძელებია სწავლა, გრანტის გაცემისა და ხელშეკრულების შეწყვეტა მოხდა სწორედ ამ დროიდან. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ხელშეკრულების ფარგლებში გრანტის გაცემა ხდებოდა სტუდენტის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. რამდენადაც გ. გ-ს ასეთი წერილობითი მოთხოვნა გრანტის გამცემისათვის 2013 წლიდან აღარ წარუდგენია, ხანდაზმულობის ვადის ათვლა დაკავშირებულია სწორედ იმ პერიოდთან, რომლის შემდგომ გ. გ-ს სწავლა აღარ გაუგრძელებია და არა იმ პერიოდთან, როდესაც გრანტის გამცემმა გ. გ-ისგან სასწავლო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა ითხოვა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ გრანტის გამცემის მიერ სასამართლოში სარჩელი წარდგენილ იქნა კანონით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, რის გამოც მოთხოვნა ხანდაზმული იყო, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენდა.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს (საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო) საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 10 მარტის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა