Facebook Twitter

საქმე #ბს-294(კ-21) 30 სექტემბერი, 2021 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე

ბიძინა სტურუა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა შპს „...ოს“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილებისა და ამავე სასამართლოს 2020 წლის 15 ივლისის საოქმო განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2015 წლის 14 აგვისტოს შპს „...ომ“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ.

მოსარჩელემ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2015 წლის 17 ივლისის #9139/2/14 გადაწყვეტილების, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2013 წლის 27 ნოემბრის შემოწმების აქტის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 3 დეკემბრის #62518 ბრძანების, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 3 დეკემბრის #6-1541 საგადასახადო მოთხოვნისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 6 მარტის #12982 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელე შპს „...ოს“ (ს/კ ...) სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2015 წლის 17 ივლისის #9139/2/14 გადაწყვეტილება; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და სსიპ შემოსავლების სამსახურმა, რომლებმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; შპს „...ოს“ სარჩელი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2015 წლის 17 ივლისის #9139/2/14 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

პალატამ დადასტურებულად მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება გადამხდელს გაეგზავნა ელექტრონული ფორმით, სსკ-ს 44-ე მუხლის მოთხოვნათა სრული დაცვით. პალატამ ასევე მიიჩნია, რომ იმ პირობებეში, როდესაც ელექტრონულად ხორციელდება გაგაზავნილი დოკუმენტაციის გახსნა, ითვლება, რომ აღნიშნული დოკუმენტაცია ჩაბარდა გადამხდელს და გასაჩივრების ვადის ათვლა იწყება ჩაბარების თარიღიდან

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „...ომ“, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით საქმის თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატისათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვა. ამასთან, დაზუსტებული საკასაციო საჩივრით კასატორმა დამატებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 15 ივლისის საოქმო განჩინების გაუქმება მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანოებმა ვერ შეძლეს დაემტკიცებინათ, დაედასტურებინათ და დაესაბუთებინათ ის გარემოებანი, რაზედაც ამყარებდნენ თავიანთ მოთხოვნებს. კასატორის მოსაზრებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ არის იურიდიულად საკმარისად დასაბუთებული. გადაწყვეტილება გამოტანილია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო ნორმების დარღვევით.

კასატორის მითითებით, მოცემულ საქმეზე მოსარჩელე პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმეს აწარმოებდა ორი წარმომადგენლის მეშვეობით. სააპელაციო სასამართლოში მოსარჩელის ინტერესების დაცვასა და წარმომადგენლობას ახორციელებდა ადვოკატი ვ. (ბ.) კ-ი, მეორე წარმომადგენელმა კი, ვერ გააგრძელა წარმომადგენლობა, რადგან იგი არ იყო უფლებამოსილი წარმომადგენლის სახით ეწარმოებინა საზოგადოების ინტერესების დაცვა.

საკასაციო საჩვრის თანახმად, ავადმყოფობისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, წარმომადგენელს - ვ. (ბ.) კ-ს ფიზიკურად და მკურნალობის წოლითი რეჟიმის გამო, არ შეეძლო 2020 წლის 7 ოქტომბერს სააპელაციო სასამართლოში დანიშნულ სასამართლო სხდომაზე მონაწილეობის მიღება, რასთან დაკავშირებითაც სხდომამდე 2 დღით ადრე, 5 ოქტომბერს საფოსტო კომპანიის მეშვეობით სასამართლოს გაუგზავნა წერილობითი განცხადება სასამართლო პროცესის გადადების შესახებ, თუმცა აღნიშნული გზავნილი საფოსტო კომპანიის ბრალეულობის გამო, სააპელაციო სასამართლოს ჩაბარდა მხოლოდ 8 ოქტომბერს. ამასთან, კასატორის მითითებით, 2020 წლის 6 და 7 ოქტომბერს სასამართლო პროცესამდე დაუკავშირდა მოსამართლის თანაშემწეს, რომელსაც აცნობა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ შეძლებდა სხდომაზე გამოცხადებას, ამასთან, აცნობა, რომ მის მიერ სასმართლოში გაგზავნილ იქნა წერილობითი განცხადება და სამედიცინო დოკუმენტაცია. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, სასამართლომ ჩაატარა პროცესი მათი დასწრების გარეშე და გამოიტანა გადაწყვეტილება.

დავის არსებით მხარესთან დაკავშირებით, კასატორი აღნიშნავს, რომ შპს „...ოს“ გადაწყვეტილება არ გაგზავნია საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლით დადგენილი წესით და შესაბამისად, არ ჩაბარებია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 31 მაისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული შპს „...ოს“ საკასაციო საჩივარი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ შპს „...ოს“ საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებაში #ბს-294(კ-21) საქმის ნომრის ნაცვლად არასწორად იქნა მითითებული #ბს-296(კ-21) ნომერი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „...ოს“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

თავდაპირველად საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მსჯელობის საგანს შემოსავლების სამსახურის მიერ 2014 წლის 6 მარტის #12982 ბრძანების (საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარი) ელექტრონული პორტალის მეშვეობით ადრესატისათვის ჩაბარება/ჩაუბარებლობის ფაქტი და შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2015 წლის 17 ივლისის #9139/2/14 გადაწყვეტილების კანონიერება წარმოადგენს.

დადგენილია, რომ შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 6 მარტის #12982 ბრძანებით, შპს „...ოს“ საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ამავე ბრძანებით მხარეს განემარტა გასაჩივრების ადგილი. ასევე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით გასაჩივრების ვადა - ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღე. 10.12.2014წ. მოსარჩელემ განცხადებით (რეგისტრაციის #174985/01; 10.12.2014) მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და მოითხოვა 17.11.2014წ. ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით საქმის ზეპირი სხდომის დანიშვნა, აგრეთვე ინფორმაციის მიწოდება, თუ განხილვის რა სტადიაზე იყო აღნიშნული საქმე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირის მიმართ ამ კოდექსის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დავის განმხილველ ორგანოში ამ თავით დადგენილი წესით. ამავე კოდექსის 305-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ მომჩივანს უფლება აქვს, გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში გაასაჩივროს დავების განხილვის საბჭოში ან სასამართლოში. ამავე კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2015 წლის 17 ივლისის #9139/2/14 სადავო გადაწყვეტილებით შპს „...ოს“ (ს/კ ...) საჩივარი დარჩა განუხილველი. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, შესაფასებელია ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების კანონშესაბამისობა. სადავო საკითხზე მსჯელობის მიზნით მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება ზემოაღნიშნული ბრძანების ადრესატისათვის გაგზავნისა და ჩაბარების პროცედურებზე.

აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სააპელაციო სასამართლოში განხილვის ეტაპზე სასამართლოში წარდგენილ იურიდიული დეპარტამენტის 2019 წლის 30 ივლისის #90662-08 წერილზე, სადაც მითითებულია, რომ შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 6 მარტის #12982 ბრძანება შპს „...ოს“ გაეგზავნა ელექტრონულ პორტალზე 2014 წლის 21 მარტს და გადამხდელი მას გაეცნო 2014 წლის 25 მარტს. ამასთან, საყურადღებოა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წარმოდგენილი და მტკიცებულების სახით საქმეზე დართული CD დისკი, სადაც ასახულია შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 6 მარტის #12982 ბრძანების გადამხდელისათვის გაგზავნისა და ჩაბარების დამადასტურებელი ვიზუალური ინფორმაცია. ამ ინფორმაციით, სააპელაციო პალატამ დადასტურებულად მიიჩნია საგადასახადო ორგანოს მხრიდან - შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებ-გვერდიდან გაგზავნილი დოკუმენტის პროგრამულად ადრესატის მიერ გაგზავნა/გაცნობის ფაქტი. უფრო კონკრეტულად კი, პორტალი მოიცავს შემდეგ ინფორმაციას: საიდენტიფიკაციო ნომერი - ...; დასახელება - შპს „...ო“; სათაურის გრაფაში მითითებულია, რომ ინფორმაცია არის საყურადღებო, თარიღი მითითებულია - 21.03.2014 (დრო 18:17); გაცნობის თარიღად მითითებულია - 25.03.2014 (დრო 12:52). ვებ-ზე გაგზავნილი შეტყობინების აღრიცხვის პორტალით - ჟურნალით, მდგომარეობის გრაფაში მითითებულია - გაცნობილი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანო დოკუმენტს პირს უგზავნის ან/და წარუდგენს წერილობითი ან ელექტრონული ფორმით. ამავე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე. ამავე კოდექსის 264-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში − გაცნობისთანავე ან გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30-ე დღეს, თუ ამ ვადაში ადრესატი შეტყობინებას არ გასცნობია.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის #996 ბრძანების მე-11 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, შემოსავლების სამსახურსა და გადასახადის გადამხდელს შორის კომუნიკაცია (მათ შორის, დეკლარირება) შესაძლებელია განხორციელდეს ელექტრონული ფორმით, ონლაინ რეჟიმში, შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის www.rs.ge (შემდეგში – სამსახურის ვებგვერდი) გამოყენებით.

ზემოაღნიშნული ნორმის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საგადასახადო ორგანოსა და გადასახადის გადამხდელს შორის კომუნიკაცია შესაძლებელია განხორციელდეს ელექტრონული ფორმით, შემოსავლების სამსახურის მომსახურების პორტალის მეშვეობით. მომსახურების პორტალს ჰყავს ავტორიზებული მომხმარებელი - გადასახადის გადამხდელის სახით, რომელიც ფლობს აღნიშნული პორტალის გამოსაყენებელ სახელწოდებასა და პაროლს. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-9 ნაწილში დასახელებულ ადრესატში იგულისხმება სწორედ გადასახადის ის გადამხდელი, რომელიც წარმოადგენს აღნიშნული პორტალის ავტორიზებულ მომხმარებელს და ინტერნეტ-პორტალზე განხორციელებული ყველა ქმედება, სწორედ მისთვის წარმოშობს სამართლებრივ შედეგს.

„გადასახადის ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის #996 ბრძანების მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი ნებისმიერი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი სამსახურის ვებგვერდზე ან ელექტრონულ ფოსტაში გაცნობისთანავე, რის თაობაზეც საგადასახადო ორგანოს ინფორმაცია მიეწოდება სამსახურის ვებგვერდიდან. ამგვარად ადრესატის მიერ საგადასახადო ორგანოს მხრიდან გაგზავნილი ელექტრონული დოკუმენტის გაცნობის ფაქტი დასტურდება პროგრამულად, კერძოდ, შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებ-გვერდიდან, მაშინ როდესაც ადრესატი გაგზავნილი დოკუმენტის „ლინკს“ გახსნის.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვებპორტალზე წვდომა გააჩნია მხოლოდ და მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებელს - გადასახადის გადამხდელს ან მის უფლებამოსილ პირს. შესაბამისად, პორტალზე გაგზავნილი ელექტრონული დოკუმენტის მიმღები ყოველთვის არის შესაბამისი ადრესატი, კონკრეტული გადასახადის გადამხდელი. პორტალზე გაგზავნილი ელექტრონული დოკუმენტის გახსნისას ყოველთვის ივარაუდება, რომ მისი გაცნობაც ამავე ადრესატის მიერ ხდება.

დადგენილია, რომ შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 6 მარტის #12982 ბრძანება ადრესატს გაეგზავნა ფოსტით და დაბრუნდა უკან. ასევე, ბრძანება გაიგზავნა გადამხდელის ელექტრონულ პორტალზე 2014 წლის 21 მარტს და გადამხდელი გაეცნო 2014 წლის 25 მარტს. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, იმ პირობებეში, როდესაც ელექტრონულად ხორციელდება გაგზავნილი დოკუმენტაციის გახსნა, ითვლება, რომ აღნიშნული დოკუმენტაცია ჩაბარდა გადამხდელს და გასაჩივრების ვადის ათვლა იწყება ჩაბარების თარიღიდან. დადგენილია, რომ საჩივარი დავების განხილვის საბჭოში წარდგენილია 2014 წლის 17 ნოემბერს, გასაჩივრებისთვის კანონმდებლობით დადგენილი ვადის ამოწურვის შემდეგ. შესაბამისად, დარღვეულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა, რის გამოც მართებულად იქნა დატოვებული საჩივარი განუხილველად.

ამასთან, 2020 წლის 7 ოქტომბერს სააპელაციო სასამართლოში დანიშნული სასამართლო სხდომის ჩატარებაზე კასატორის პრეტენზიასთან მიმართებით, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოში 2020 წლის 7 ოქტომბრის პროცესამდე ჩატარებული სამი პროცესიდან, შპს „...ოს“ წარმომადგენელი, მისივე მიზეზით, დაესწრო მხოლოდ ერთ პროცესს, სადაც მას სრულად მიეცა შესაძლებლობა დაეფიქსირებინა საკუთარი პოზიცია, რის გამოც საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას მოცემული პროცესის ჩატარებასთან დაკავშირებით.

რაც შეეხება დაზუსტებული საკასაციო საჩივრით კასატორის მიერ სადავოდ გამხდარ სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 15 ივლისის საოქმო განჩინებას, რომლითაც დაკმაყოფილდა აპელანტის - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლის მიერ 2020 წლის 17 ივნისის სასამართლო სხდომაზე გაცხადებული შუამდგომლობა - მტკიცებულების დართვის თაობაზე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას შეიძლება მოყვანილ იქნეს ახალი ფაქტები და წარდგენილ იქნეს ახალი მტკიცებულებები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო არ მიიღებს ახალ ფაქტებსა და მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეს შეეძლო წარედგინა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, მაგრამ არასაპატიო მიზეზით არ წარადგინა. ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, ამასთან, სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოსადგენად. ამავე კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების გარდა, სასამართლო უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივითაც შეაგროვოს ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, სასამართლო უფლებამოსილია მიიღოს მხარის მიერ წარდგენილი ახალი მტკიცებულებები. უფრო მეტიც, განსხვავებით სამოქალაქო წესით საქმის განმხილველი მოსამართლისგან, ადმინისტრაციული წესით საქმის განმხილველ მოსამართლეს თავისი ინიციატივითაც შეუძლია მოიპოვოს მტკიცებულებები. ადმინისტრაციული პროცესის ინკვიზიციური ხასიათი მოსამართლეს აძლევს შესაძლებლობას, იზრუნოს საქმის მართებული გადაწყვეტისათვის საჭირო ინფორმაციისა თუ მტკიცებულებათა დამატებით მოპოვებისათვის. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 15 ივლისის საოქმო განჩინების გაუქმების საფუძველი.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

რაც შეეხება დაზუსტებულ საკასაციო საჩივარში ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების თაობაზე, კასატორის - შპს „...ოს“ შუამდგომლობას, საკასაციო სასამართლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის პირველ ნაწილზე მითითებით, კიდევ ერთხელ განუმარტავს მხარეს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით სახელმწიფო ბაჟისგან გათავისუფლების შესაძლებლობას ითვალისწინებს მხოლოდ ფიზიკური პირებისთვის (მოქალაქეებისთვის). აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორის - შპს „...ოს“ შუამდგომლობა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან გათავისუფლების თაობაზე, არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ამასთან, საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა საკასაციო საჩივრისათვის შეადგენს დავის საგნის ღირებულების 5 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 300 ლარისა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, თუ კასატორს წინასწარ არ აქვს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი საკასაციო საჩივარზე და ასევე მას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გადავადებული აქვს სახელმწიფო ბაჟის გადახდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, მისი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად მიჩნევის შემთხვევაში, მას დაეკისრება გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის 30 პროცენტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორს - შპს „...ოს“ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 31 მაისის განჩინებით სახელმწიფო ბაჟის - 8000 ლარის გადახდა მოცემულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე გადაუვადდა, კასატორს - შპს „...ოს“ (ს/კ ...) უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 2 400 ლარის ოდენობით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „...ოს“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2020 წლის 15 ივლისის საოქმო განჩინება;

3. კასატორს - შპს „...ოს“ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის – 2 400 ლარის გადახდა;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა