საქმე #ბს-339(კ-21) 30 სექტემბერი, 2021 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
ბიძინა სტურუა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ლ. დ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 26 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2019 წლის 4 თებერვალს ა. ჭ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ.
სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შედეგად მოსარჩელემ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 17 იანვრის #3049658 გადაწყვეტილების, „ა. ჭ-ის წარმომადგენლის, გ. ნ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 5 ივნისის #697 ბრძანების, „სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 2 ოქტომბრის #... გადაწყვეტილების, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 3 იანვრის #1941 გადაწყვეტილებისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2016 წლის 22 დეკემბრის #QN1460634 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.
სარჩელის თანახმად, მოსარჩელეს სოფელ ...ის ტერიტორიაზე საკუთრებაში აქვს მიწის ნაკვეთი, რომელიც დაურეგისტრირებელია, ვინაიდან საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მიმდინარე რეგისტრაცია შეწყდა 2018 წლის 2 ოქტომბერს იმ მიზეზით, რომ ა. ჭ-ის მიერ არ ყოფილა წარდგენილი შეჩერების აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი. მარეგისტრირებელი ორგანოს განმარტებით, სამსახურს რეგისტრაცია ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით შესაძლებლად მიაჩნია იმ შემთხვევაში, თუ გათვალისწინებული იქნება მომიჯნავე მიწის ნაკვეთებამდე (ს/კ ... და ...) მისასვლელი გზა და დასარეგისტრირებელი მიწის ნაკვეთის საზღვრებში არსებული გზის არეალი ფუნქციური ზონის სატრანსპორტო ზონა 1 - (ტზ-1) შესაბამისად დაიტვირთება საზოგადოებრივი სერვიტუტით.
მოსარჩელის მითითებით, მან 2018 წლის 3 ივლისს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 17 იანვრის #3049658 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. ამასთან, აღნიშნული საჩივრის განხილვასთან დაკავშირებით გაიმართა ზეპირი მოსმენა, სადაც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სამსახურს ა. ჭ-ემ მიაწოდა ყველა ინფორმაცია, რაც საჭირო იყო სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოებისათვის, თუმცა ამის მიუხედავად, მერიის 2019 წლის 5 ივნისის #697 ბრძანებით ა. ჭ-ის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთისათვის სატრანსპორტო ზონის მინიჭების ფაქტობრივი საფუძვლები არ არსებობდა, რადგან უძრავი ქონება საკადასტრო კოდით #..., ისედაც დაკავშირებულია სატრანსპორტო ზონასთან, რაც დასტურდება მათ მიერ წარდგენილი ნახაზებით, ხოლო #... საკადასტრო კოდის მქონე უძრავ ნივთს აქვს მისასვლელი გზა, რომელიც მდებარეობს #... და #... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ უძრავ ქონებებს შორის. სწორედ აღნიშნულ გზას გადასაადგილებლად იყენებდნენ და დღესაც უნდა იყენებდნენ ადგილობრივები, შესაბამისად, ა. ჭ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებისათვის სატრანსპორტო ფუნქციური ზონის მინიჭებისა და საზოგადოებრივი სერვიტუტით დატვირთვის ფაქტობრივი საფუძვლები არ არსებობდა და არ არსებობს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 6 ივნისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ლ. დ-ი, ტ. ქ-ი და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახური.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით შეწყდა ადმინისტრაციული საქმის წარმოება ა. ჭ-ის სარჩელისა გამო, მოპასუხეების - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, მესამე პირების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის, ლ. დ-ის, ტ. ქ-ის მიმართ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2016 წლის 22 დეკემბრის #QN1460634 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე მოთხოვნის ნაწილში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ა. ჭ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 5 ივნისის #697 ბრძანება „ა. ჭ-ის წარმომადგენლის, გ. ნ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე“; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 17 იანვრის #3049658 გადაწყვეტილება; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, კანონით დადგენილ ვადაში, ქ. თბილისში, ლ. დ-ის კუთვნილი მიწის ნაკვეთის (ს/კ ...) მიმდებარედ ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე მოხრეშილი გზის მოწყობის დადასტურების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა; დანარჩენი მოთხოვნის ნაწილში ა. ჭ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. დ-მა, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 27 ივლისის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის უფლებამონაცვლედ დადგინდა საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით ლ. დ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 26 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. დ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, სასამართლოების მიერ არ იქნა დასაბუთებული მიღებული გადაწყვეტილებები. სასამართლომ არ გამოიყენა 2006 წლის თებერვლის ჩათვლით მოქმედი „მიწის რეგისტრაციის შესახებ“ 14.11.1996წ. კანონის მე-8, მე-9 და მე-19 მუხლები. კასატორი მიუთითებს 2009 წლის იანვრამდე მოქმედ „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს 28.12.2005წ. კანონის მე-5, მე-13 და 33-ე მუხლებზე. კასატორის მითითებით, მიწის ნაკვეთთან მიმართებით, ქ-ისა და ჭ-ის საკუთრების უფლების შესახებ მსჯელობისას სასამართლოს მიერ სათანადო სამართლებრივი შეფასების გარეშეა დატოვებული საკითხი, ზემოაღნიშნული კანონების რომელი ნორმის განმარტების მიხედვით არის შესაძლებელი დასკვნის გაკეთება, თითქოს ეს პირები ან ადრე წარმოადგენდნენ საკუთრების უფლების მქონე სუბიექტებს ანდა ახლა არის ჭ-ე უძრავი ნივთის მესაკუთრე.
აღნიშნულთან მიმართებით კასატორი მიუთითებს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კანონიერ ძალაში მყოფ 02.10.2018წ. #..., 03.01.2019წ. #1941 გადაწყვეტილებებზე და თბილისის საქალაქო სასამართლოს 25.10.2019წ. #3/794-19 განჩინებაზე. კასატორის მითითებით, საჯარო რეესტრის ხსენებული აქტების ბათილად ცნობის შესახებ ა. ჭ-ის სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და 25.10.2019წ. #3/794-19 გადაწყვეტილება ამ ნაწილში კანონიერ ძალაშია შესული, ისევე როგორც 25.10.2019წ. #3/794-19 განჩინება. ისინი მოწინააღმდეგე მხარეს არ გაუსაჩივრებია. სასამართლოებმა იმსჯელეს მოსარჩელის იმგვარ ჰიპოთეტურ საკუთრების უფლებაზე, რომელიც დღესაც არ არის საჯარო რეესტრში რეგისტრირებული.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 26 აპრილის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ლ. დ-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. დ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინიტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ა. ჭ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 5 ივნისის #697 ბრძანება „ა. ჭ-ის წარმომადგენლის, გ. ნ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე“; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილება #3049658; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, კანონით დადგენილ ვადაში, ქ. თბილისში, ლ. დ-ის კუთვნილი მიწის ნაკვეთის (ს/კ ...) მიმდებარედ. ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე მოხრეშილი გზის მოწყობის დადასტურების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა; დანარჩენი მოთხოვნის ნაწილში ა. ჭ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გაასაჩივრა მხოლოდ ლ. დ-მა, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა, აღნიშნული გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებზე უარის თქმის ნაწილში მოსარჩელეს არ გაუსაჩივრებია. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებითაც. ამდენად, გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში შესულია კანონიერ ძალაში. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაშიც, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებაზე ლ. დ-ის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის პირობებში, საკასაციო სასამართლოც იმსჯელებს სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 17 იანვრის #3049658 გადაწყვეტილებისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 5 ივნისის #697 ბრძანების კანონიერებაზე.
საქმეში წარმოდგენილი 1992 წლის 6 ოქტომბრის #94 მიღება-ჩაბარების აქტით დგინდება, რომ რუსუდან დავითის ასულ ქ-ს საკუთრებაში გადაეცა მცხეთის რაიონის სოფელ ...ში, „...ის“ დასახლებაში მდებარე 2450 კვ.მ მიწის ნაკვეთი. 1999 წლის 5 მარტის მიწის ნაკვეთის ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, ა. ჭ-ემ რუსუდან ქ-ისაგან შეიძინა ამ უკანასკნელის საკუთრებაში არსებული, მცხეთის რაიონის სოფელ ...ში, „...ის“ დასახლებაში მდებარე 2450 კვ.მ მიწის ნაკვეთი.
2017 წლის 6 იანვრის მდგომარეობით საჯარო რეესტრის ამონაწერით დგინდება, რომ უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, სოფელი ...ი, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი ..., ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება: სასოფლო-სამეურნეო, დაუზუსტებელი ფართობი: 901 კვ.მ, 2017 წლის 6 იანვრიდან საკუთრების უფლებით აღრიცხულია ტ. ქ-ის სახელზე. საქმეში წარმოდგენილი 2018 წლის 15 მაისის მდგომარეობით საჯარო რეესტრის ამონაწერით დგინდება, რომ უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, სოფელი ...ი, რენე ...ის ქუჩა #22, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი ..., ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება: სასოფლო-სამეურნეო, დაუზუსტებელი ფართობი: 274 კვ.მ, ნაკვეთის წინა ნომერი: 01.72.14.032.671, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: #1 (მშენებარე) საერთო ფართით 221.04 კვ.მ (მათ შორის, საცხოვრებელი ფართი 186.95 კვ.მ, საზაფხულო ფართი 27.73 კვ.მ, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობი 6.36 კვ.მ) 2018 წლის 15 მაისიდან საკუთრების უფლებით აღრიცხულია ლ. დ-ის სახელზე.
განსახილველ შემთხვევაში სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 17 იანვრის #3049658 სადავო გადაწყვეტილებით ლ. დ-ის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და დადასტურდა ქ. თბილისში, სოფელი ...ი, „...ი“, მოქ. ლ. დ-ის კუთვნილი მიწის ნაკვეთის (ს/კ ...) მიმდებარედ, ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე მოხრეშილი გზის მოწყობის შესაძლებლობა. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 5 ივნისის #697 სადავო ბრძანებით კი, ა. ჭ-ის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა არქიტექტურის სამსახურის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ 2017 წლის 17 იანვრის #3049658 ბრძანების მიღებისას არ იქნა გათვალისწინებული ის გარემოება, რომ მიწის ნაკვეთი, რომელზეც შეთანხმდა ლ. დ-ის მიერ პირველი კლასის ობიექტი, გზის მოხრეშვის სამუშაოების განხორციელება, 1992 წლის 6 ოქტომბრის #94 მიღება-ჩაბარების აქტით გადაეცა რუსუდან დავითის ასულ ქ-ს, რომელიც 1999 წლის 5 მარტის მიწის ნაკვეთის ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, გასხვისდა ა. ჭ-ეზე.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საბურთალოს რაიონის გამგეობის 2018 წლის 7 ივლისის #31-011818837 გადაწყვეტილებაზე, რომლითაც სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეცნობა, რომ ა. ჭ-ის მიერ წარდგენილი, მიწის ნაკვეთის ნასყიდობის ხელშეკრულებით (დადებული 1999 წლის 5 მარტს რუსუდან ქ-სა და ა. ჭ-ეს შორის) გათვალისწინებული და შპს „G...-ის“ მიერ მომზადებული 29.12.2017წ. აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთები იდენტურია.
ამასთან, საქმის მასალებში არ დასტურდება ის გარემოება, რომ მიწის ნაკვეთზე ვრცელდება ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრების უფლება. ამდენად, გაუგებარია, რა გარემოებაზე დაყრდნობით მიიჩნია ადმინისტრაციულმა ორგანომ #... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მიმდებარედ არსებული ტერიტორია ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიად.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას არ არის სათანადოდ გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, რაც ადასტურებს მოცემულ შემთხვევაში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების საჭიროებას.
ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოს მიერ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 17 იანვრის #3049658 გადაწყვეტილება, სახეზეა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 5 ივნისის #697 ბრძანების კანონშეუსაბამობა, რის გამოც ის მართებულად იქნა ბათილად ცნობილი.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ლ. დ-ის საკასაციო საჩივარზე 01.04.2021წ. საგადასახადო დავალებით ალიკო დადიანის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ლ. დ-ს (პ/ნ 1...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ. დ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 26 ოქტომბრის განჩინება;
3. ლ. დ-ს (პ/ნ 1...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ალიკო დადიანის მიერ 01.04.2021წ. საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა