გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 206-აპ 9 სექტემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე),
მ. გოგელია,
ი. ბიბილაშვილი
განიხილა მსჯავრდებულ დ. ა-ს ადვოკატ გ. კ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 30 ივნისის განაჩენზე, რომლითაც ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 6 სექტემბრის განაჩენში დ. ა-ს მიმართ შეტანილ იქნა ცვლილება.
აღწერილობითი ნაწილი:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 6 სექტემბრის განაჩენით დ. ა. ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-ე, 64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალა პირობით 2 წლის გამოსაცდელი ვადით.
აღნიშნულ განაჩენში სახელმწიფო ბრალმდებლის, იმერეთის საოლქო პროკურორის თანაშემწის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ცვლილება იქნა შეტანილი იმ მიმართებით, რომ მსჯავრდებულ დ. ა-ს შეფარდებული სასჯელი _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა _ განესაზღვრა სსკ-ის 63-ე, 64-ე მუხლებით გათვალისწინებული პირობითი მსჯავრის გარეშე, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. დანარჩენ ნაწილში განაჩენი დარჩა უცვლელად.
გასაჩივრებული განაჩენით დ. ა-ს მსჯავრი დაედო ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენასა და შენახვაში, რაც გამოიხატა იმაში, რომ მან გამოძიებით დაუდგენელ ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი’’, რომლის ნაწილიც მოიხმარა, ხოლო დარჩენილი ნაწილი _ 0,35 გრამის ოდენობით 2002წ. 23 აპრილს ქ. ქუთაისში, დავით და კონსტანტინეს ქუჩაზე, პირადი ჩხრეკისას აღმოაჩნდა უკანონოდ შენახული, შარვლის წინა, მარცხენა ჯიბეში და ჩამოერთვა.
საკასაციო საჩივარში ადვოკატი გ. კ. ითხოვს დ. ა-ს მიმართ პირობითი მსჯავრის გამოყენებას მისი მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობისა და პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი სხვა გარემოებების გათვალისწინებით.
საკასაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებული დ. ა. და მისი ადვოკატი ი. მ. მხარს უჭერენ საკასაციო საჩივრის მოთხოვნას.
პროკურორი ბ. გ. ითხოვს განაჩენის უცვლელად დატოვებას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივთა საფუძვლიანობა, მოუსმინა მხარეებს და მიიჩნევს, რომ საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით მსჯავრდებულ დ. ა-ს ბრალეულობა შერაცხულ დანაშაულში დადასტურებულია და ამას არც საკასაციო საჩივარი ხდის სადავოდ.
ამასთან, პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებებს, რომ დ. ა. აღიარებს და გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, კმაყოფაზე ჰყავს ავადმყოფი მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და მოხუცი დედა, თავადაც მძიმედაა დაავადებული _ ამბულატორიულ-ფსიქიატრიული ექსპერტიზისა და კომისიური სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნების მიხედვით დ. ა. დაავადებულია მძიმე სომატური დაავადებით _ ,,ც’’ ჰეპატიტით, ამასთანავე, აღენიშნება თავის ქალას ტრავმის მყარი ნარჩენი მოვლენები, დაქვეითებული აქვს სმენა.
მითითებულის გათვალისწინებით, დ. ა-ს ესაჭიროება მუდმივი საექიმო მეთვალყურეობა, ხანგრძლივი მკურნალობა და მის მიმართ სასჯელის გამკაცრება გამოიწვევს ფსიქიკური მდგომარეობის გაუარესებას და სომატური დაავადების დამძიმებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ დ. ა-ს შეფარდებული სასჯელი _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა _ სსკ-ის 63-ე, 64-ე მუხლების გამოყენებით უნდა ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 3 წელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა სსსკ-ის 561-ე, 568-ე მუხლებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 30 ივნისის განაჩენი შეიცვალოს იმ მიმართებით, რომ დ. ა-ს შეფარდებული სასჯელი _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა _ სსკ-ის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 3 წელი.
პირობით მსჯავრდებულ დ. ა-ს ყოფაქცევაზე კონტროლი განახორციელოს იუსტიციის სამინისტროს პრობაციის ბიურომ საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
დანარჩენ ნაწილში განაჩენი დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.