Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-547(გ-21) 29 ოქტომბერი, 2021 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე და 426-ე, 427-ე მუხლების საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 3 სექტემბრის განჩინების ბათილად ცნობისა და საქმისწარმოების განახლების შესახებ.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ვ. გ-ამ 2017 წლის 12 იანვარს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართ და ამავე სამინისტროს 2016 წლის 13 დეკემბრის №3501 ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე, მოპასუხისთვის მოსარჩელის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ვ. გ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სადავო აქტი და მოპასუხეს მოსარჩელის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა. აღნიშნული გადაწყვეტილება სამინისტრომ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 13 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 3 სექტემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი; უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 13 თებერვლის განჩინება.

2020 წლის 8 ივლისს დ. გ-ამ განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და განმარტა, რომ განსახილველ საქმეზე მოსარჩელე - ვ. გ-ას გარდაცვალების გამო თავად წარმოადგენს მისი პირველი რიგის მემკვიდრეს (შვილს). აქედან გამომდინარე, განმცხადებელმა უფლებამონაცვლეობის დადგენა და სააღსრულებო ფურცლის გაცემა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 17 ივლისის განჩინებით განსახილველ საქმეზე მოსარჩელე - ვ. გ-ას უფლებამონაცვლედ დადგინდა დ. გ-ა. ამავე განჩინებით მოპასუხე - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უფლებამონაცვლედ განისაზღვრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო.

2021 წლის 28 აპრილს მოპასუხე - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ (საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უფებამონაცვლე) განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 3 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.

განმცხადებელმა აღნიშნა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში იხილებოდა ვ. გ-ას სარჩელი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის ახალი აქტის გამოცემის მოთხოვნით, რომლითაც მოსარჩელე უზრუნველყოფილი იქნებოდა გრძელვადიანი საცხოვრებლით. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება გასაჩივრდა როგორც სააპელაციო, ისე საკასაციო წესით, თუმცა იგი უცვლელად დარჩა. განმცხადებელი მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განჩინების მიღების დროს, 2018 წლის 3 სექტემბერს, მოსარჩელე ვ. გ-ა გარდაცვლილი იყო (სამკვიდრო მოწმობის მიხედვით, გარდაიცავალა 2018 წლის 23 მარტს), ხოლო მოსარჩელე მხარის წარმომადგენელმა სასამართლოს, სავარაუდოდ, განზრახ დაუმალა აღნიშნული გარემოება და უზენაესმა სასამართლომ უფლებამონაცვლების დადგენის გარეშე იმსჯელა საკასაციო საჩივარზე. ამრიგად, ის გარემოება, რომ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას საქმეში მონაწილე დაინტერესებული მხარე აღარ არსებობდა, გადაწყვეტილებას იმთავითვე ქმნის უკანონოს და ექვემდებარება გაუქმებას.

განმცახდებელმა დამატებით აღნიშნა, რომ წარდგენილი სასრჩელი მიზნად ისახავს დევნილის სტატუსიდან გამომდინარე უფლებების რეალიზაციას. მოთხოვნის უფლება კი პირდაპირ უკავშირდება კონკრეტულ სუბიექტს, მის სტატუსს. სწორედ ამიტომ, მისი გარდაცვალების შემთხვევაში შეუძლებელია იგი ჩაანაცვლოს სხვა პირმა, რადგან მოთხოვნის უფლება წარმოშობლია მოსარჩელის მახასიათებლიდან, სპეციალური სტატუსის ქონიდან და მხოლოდ მოსარჩელეს გადაეცემა საკუთრებაში უძრავი ნივთი. განმცხადებელმა ასევე, მიუთითა, რომ მოსარჩელის გაგარდაცვალების შესახებ მისი შვილის მიერ სააგენტოში 2021 წლის 1 აპრილს წარდგენილი განცხადებიდან შეიტყო. ამდენად, დაცულია სასამართლოსთვის მიმართვის კანონით დადგენილი ერთთვიანი ვადა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 19 მაისის განჩინებით განცხადება განსჯადობით განსახილველად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მიიჩნია, რომ წარდგენილი განცხადება ეხება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების გაუქმებას და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებას იმ საფუძვლით, რომ უზენაესი სასამართლოს მიერ სადავო განჩინების მიღების დროს მოსარჩელე მხარე გარდაცვლილი იყო, განჩინება ისე იქნა გამოტანილი, რომ უფლებამონაცვლეობა არ დადგენილა. ამდენად, განცხადების განხილვაზე უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა და არა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია.

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 424-ე მუხლის პირველ ნაწილზე და აღნიშნა, რომ განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს გადაწყვეტილების (განჩინების) გამომტან სასამართლოში. განცხადებას განიხილავს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო იმ შემთხვევაშიც, როდესაც არსებობს ზემდგომი სასამართლოს განჩინება ამ გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ. სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს განცხადებას გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, თუ იგი მის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას ეხება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, თუ განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ ეხება ერთსა და იმავე საქმეზე რამდენიმე სასამართლო ინსტანციის გადაწყვეტილებას (განჩინებას), მაშინ იგი შეტანილ უნდა იქნეს მათ შორის ყველაზე ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან მოსარჩელის გარდაცვალების ფაქტი დადგა საქმის უზენაეს სასამართლოში განხილვისას, თუმცა აღნიშნულის თაობაზე სასამართლოსთვის ცნობილი არ იყო, საბოლოო განჩინება კი მიღებულ იქნა უფლებამონაცვლეობის დადგენის გარეშე, წარდგენილი განცხადების განხილვაზე უფლებამოსილ სასამართლოს წარმოადგენს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა, ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს განცხადებას, შეამოწმა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების დასაშვებობის წინაპირობები, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ წარმოდგენილი განცხადება განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლის მიხედვით, სასამართლომ თავისი ინიციატივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ. თუ არ არსებობს საქმის დაშვების ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს.

საკასაციომ სასამართლო აღნიშნავს, რომ იმავე კოდექსის 426-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს ერთი თვის განმავლობაში და ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება. ვადის დენა კი იწყება იმ დღიდან, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლების არსებობა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ გასაჩივრების ვადის ათვლის მიზნებისთვის, ასევე მნიშვნელოვანია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ.

სადავო შემთხვევაში დადგენილია, რომ მოცემულ საქმეზე უფლებამონაცვლეობის დადგენის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 17 ივლისის განჩინების შემცველი გზავნილი, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს გაეგზავნა 2020 წლის 30 ივლისს და ჩაბარდა იმავე წლის 3 აგვისტოს (იხ. საქმისწარმოების ელექტრონულ პროგრამაში სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 21 ივნისის განჩინების მე-2 გვერდი (ტ 1. ს.ფ. 312)). შესაბამისად, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმისწარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის კანონით დადგენილი ერთთვიანი ვადის ათვლა დაიწყო 2020 წლის 4 აგვისტოს და დასრულდა 2020 წლის 4 სექტემბერს 24:00 საათზე. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმისწარმოების განახლების შესახებ განცხადება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში შეტანილ იქნა 2021 წლის 27 აპრილს, თითქმის 8 თვის დაგვიანებით. ამასთან, წარმოდგენილ განცხადებას არ ახლავს კანონით დადგენილ ერთთვიან ვადაში სასამართლოში წარმოდგენის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება. განმცხადებლის მითითება იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის - ვ. გ-ას გარდაცვალების შესახებ მისი უფლებამონაცვლის - დ. გ-ას მიერ სააგენტოში მიმართვის დღეს შეიტყო (2021 წლის 1 აპრილს), საფუძველს მოკლებულია, რადგან უფლებამონაცვლის დადგენის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 17 ივლისის განჩინება მას გაცილებით ადრე ჩაბარდა. აღსანიშნავია, რომ მითითებული განჩინებით არა მარტო მოსარჩელის უფლებამონაცვლე დადგინდა, არამედ მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უფლებამონაცვლედ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო განისაზღვრა. ამდენად, სააგენტოსათვის იმთავითვე ცნობილი იყო მოსარჩელის გარდაცვალებისა და უფლებამონაცვლედ მისი შვილის - დ. გ-ას დადგენის თაობაზე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განმცხადებლის მიერ დარღვეულია საქმის წარმოების განახლებისათვის განსაზღვრული კანონმდებლობით დადგენილი განჩინების გასაჩივრების ერთთვიანი ვადა, რაც აღნიშნული განცხადების განუხილველად დატოვების საფუძველს ქმნის.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ წარმოდგენილი განცხადების განუხილველად დატოვების პირობებში, არ არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 3 სექტემბრის №ბს-598-598(კ-18) განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე, 426-ე, 427-ე, 429-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 3 სექტემბრის განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ, დარჩეს განუხილველად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ნ. სხირტლაძე