Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-573(კ-21) 29 ოქტომბერი, 2021 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები (მოპასუხეები) - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახური

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ი. ლ-ი

მესამე პირები - ზ. ლ-ი, ნ. ლ-ი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 8 აპრილის განჩინება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, დაბადების სააქტო ჩანაწერის შესწორების დავალება

კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

ი. ლ-მა 2019 წლის 2 აგვისტოს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და ამავე სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა: ი. ლ-ის დაბადების სააქტო ჩანაწერის პირველ და მეორე ეგზემპლარში ცვლილების შეტანაზე უარის თქმის შესახებ თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2019 წლის 25 აპრილის №001219064042 გადაწყვეტილებისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 4 ივლისის №01/199747/გ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; ასევე, თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურისათვის ი. ლ-ის №79 დაბადების სააქტო ჩანაწერის პირველ და მეორე ეგზემპლარში შესწორების შეტანის დავალება, კერძოდ ბავშვის სახელი „...“-ს მაგიერ „...“-ს მითითება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ი. ლ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2019 წლის 25 აპრილის №001219064042 გადაწყვეტილება „ი. ლ-ის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 4 ივლისის №01/199747/გ გადაწყვეტილება „საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“; ამავე გადაწყვეტილებით განისაზღვრა, რომ უნდა შესწორდეს ი. ლ-ის დაბადების №79 სააქტო ჩანაწერის პირველი და მეორე ეგზემპლარი და მათში დაფიქსირდეს შემდეგი მონაცემი: ბავშვის სახელი „...“ შესწორდეს სახელით - „...“. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ და ამავე სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 8 აპრილის განჩინებით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და ამავე სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილება; აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ და ამავე სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურმა, რომელთაც სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

კასატორები მიიჩნევენ, რომ საქმის სააპელაციო წესით განხილვისას დაირღვა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, რამაც გამორიცხა საქმეზე ჭეშმარიტების დადგენა. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ი. ლ-ის დაბადების აქტის №79 ჩანაწერის საფუძველზე 1961 წლის 10 აგვისტოს განმეორებით გაცემულ დაბადების მოწმობაში იგივე სახელი ფიქსირდება, რაც თელავის რაიონის ყარაჯალის სოფელ ახატელის კოლმეორნეთა მეურნეობის ძირითად საწარმოო მაჩვენებლების 1945-1957 წლების საკომლო წიგნებში მამის - კოლი. ლ-ის ოჯახში, თუმცა მამის ოჯახიდან ცალკე ოჯახად/კომლად გამოყოფის შემდეგ თელავის რაიონის სოფელ ...ის 1986-2006 წლების საკომლო წიგნებში ოჯახის უფროსად უკვე მითითებულია ... კოლიას ძე ლ-ი. აღსანიშნავია, რომ .../... ლ-ის სკოლაში სწავლის პერიოდის დამადასტურებელი დოკუმენტები არ იძებნება, ხოლო 1963 წლიდან (რაც .../... ლ-ს 18 წელი შეუსრულდა) გაცემულ დოკუმენტებში, მათ შორის ატესტატში, შრომის წიგნაკში, სამხედრო ბილეთში, მართვის მოწმობაში, ქორწინების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში, შვილების დაბადების შესახებ დოკუმენტებში, პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტსა და პასპორტებში მითითებულია ... ლ-ი. აღნიშნულმა ფაქტობრივმა გარემოებებმა სააპელაციო სასამართლოს მისცა საფუძველი, დაესკვნა, რომ დაბადების აქტის ჩანაწერი შეიძლება არ ასახავდეს პირის მაიდენტიფიცირებელ უტყუარ ინფორმაციას და მასში სახელი არასწორად იყოს მითითებული.

კასატორები ზემოაღნიშნულ მსჯელობას არ იზიარებენ და მიუთითებენ „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 79-ე მუხლზე, რომლის თანახმად: სამოქალაქო აქტის ჩანაწერში შესწორების შეტანის ერთ-ერთი საფუძველია სამოქალაქო აქტის ჩანაწერის რეგისტრაციისას დაშვებული შეცდომის აღმოჩენა. ამასთან, სახელმწიფომ იმპერატიულად განსაზღვრა დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერის უპირატესობა სხვა დოკუმენტებთან მიმართებით მანამ, სანამ საწინააღმდეგო არ დადგინდება. პირის მიმართ გამოცემული ყველა შემდეგი დოკუმენტი შესაბამისობაში უნდა იყოს დაბადების აქტის ჩანაწერის - როგორც პირის მიმართ შედგენილ პირველად დოკუმენტთან. განსახილველი დავის ფარგლებში კი, არც ერთი მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ ი. ლ-ის დაბადების სააქტო ჩანაწერში შეცდომით იყო მითითებული ბავშვის სახელი. ამდენად, არ არსებობს აღნიშნული აქტის ჩანაწერში სამოქალაქო აქტების კანონის 78-ე და 79-ე მუხლის გათვალისწინებული შესწორებისა ან ცვლილების შეტანის საფუძველი.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და ამავე სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო, პირველ ყოვლისა, აღნიშნავს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, თუმცა აღნიშნული არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ §71; ყუფარაძე საქართველოს წინააღმდეგ §76; Van de Hurk v. Netherlands, §61, Garcia Ruiz v. Spain [GC] §26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], §81). მოცემული დათქმის გათვალისწინებით, განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს „...“ ლ-ის დაბადების სააქტო ჩანაწერის პირველ და მეორე ეგზემპლარში შესწორების შეტანაზე უარის თქმის შესახებ გამოცემული აქტებისა და ადმინისტრაციული ორგანოსთვის შესწორების დავალების კანონიერება.

საკასაციო პალატა მიუთითებს „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 76-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის მიხედვით სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების ან დამატების შეტანის საფუძველია უფლებამოსილი პირის განცხადება და ამ კანონის 78-ე და მე-80 მუხლებით გათვალისწინებული შესაბამისი გარემოების არსებობა. სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების ან დამატების შეტანის შესახებ განცხადებით სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსთვის მიმართვის უფლებას, ზემოაღნიშნული კანონის 77-ე მუხლის პირველი პუნქტი ანიჭებს პირს, რომლის მიმართაც შედგენილია შესაბამისი სამოქალაქო აქტის ჩანაწერი, ამავე მუხლის მე-2 ნაწილი კი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირის მშობელს/მშვილებელს – შვილის/ნაშვილების მიმართ რეგისტრირებულ სამოქალაქო აქტის ჩანაწერში საკუთარი მონაცემების ნაწილში, ხოლო დასახელებული მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აქვს უფლება სამოქალაქო აქტში შესწორების შეტანაზე განცხადებით მიმართოს შესაბამის ორგანოს, თუ პირი გარდაცვლილია. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ... ლ-ი გარდაიცვალა 2017 წლის 28 ოქტომბერს. აღნიშნულთან დაკავშირებით 2017 წლის 9 ნოემბერს გაიცა №29177002269 გარდაცვალების მოწმობა. სამოქალაქო აქტის ჩანაწერის რეგისტრაციისას დაშვებული შეცდომის აღმოჩენა კი „სამოქალაქო აქტების შესახებ“ კანონის 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, წარმოადგენს სამოქალაქო აქტის ჩანაწერში შესწორების შეტანის საფუძველს. ამრიგად, კანონმდებლობა დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე, შესაძლებლად მიიჩნევს სამოქალაქო აქტის ჩანაწერში შესწორების და დამატების შეტანას, იმ შემთხვევაში თუ დადასტურებულია სამოქალაქო აქტის ჩანაწერის რეგისტრაციისას შეცდომის დაშვება.

განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან მოსარჩელის მამის - ი. ლ-ის მიმართ შედგენილია დაბადების სააქტო ჩანაწერი, ხოლო ეს უკანასკნელი გარდაცვლილია, შესაბამისად მოსარჩელე - ი. ლ-ი წარმოადგენს „სამოქალაქო აქტების შესახებ“ კანონის 77-ე მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ განცხადების შეტანაზე უფლებამოსილ პირს.

საკასაციო სასამართლო თავდაპირველად მიუთითებს საქმეზე დადაგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში №79 სააქტო ჩანაწერსა და მის საფუძველზე 1961 წლის 10 აგვისტოს, განმეორებით გაცემულ დაბადების მოწმობაში დაფიქსირდა ი. ლ-ის დაბადების ფაქტი. ი. ლ-ის სახელი, ასევე, დაფიქსირებულია თელავის რაიონის, ყარაჯალის სოფელ ახატელის კოლმეურნეთა მეურნეობის ძირითად საწარმოო მაჩვენებლების 1945-1957 წლების საკომლო წიგნებში, მამის კოლი. ლ-ის ოჯახში, თუმცა მამის ოჯახიდან ცალკე ოჯახად/კომლად გამოყოფის შემდეგ, კერძოდ, თელავის რაიონის სოფელ ...ის 1986-2006 წლების საკომლო წიგნებში ოჯახის უფროსად მითითებულია ... კოლიას ძე ლ-ი. საგულისხმოა ისიც, რომ .../... ლ-ის სკოლაში სწავლის პერიოდის დამადასტურებელი დოკუმენტები არ იძებნება, ხოლო 1963 წლიდან გაცემულ დოკუმენტებში, მათ შორის, ატესტატში, შრომის წიგნაკში, სამხედრო ბილეთში, მართვის მოწმობაში, ქორწინების სააქტო ჩანაწერში, შვილების დაბადების მოწმობებში, საქართველოს და რუსეთის სახელმწიფო ორგანოების მიერ გაცემულ პირის მაიდენტიფიცირებელ დოკუმენტებში - პირადობის დამადასტურებელ მოწმობასა და პასპორტებში მითითებულია ... ლ-ი. აქედან გამომდინარე, ი. ლ-ი მითითებულია მხოლოდ დაბადების სააქტო ჩანაწერში, მის საფუძველზე გაცემულ დაბადების მოწმობაში და მამასთან ერთ ოჯახად ცხოვრების პერიოდში გაცემულ საკომლო წიგნში, ხოლო ყველა სხვა დოკუმენტში, რომელიც 1963 წლიდან გაიცა და რომლის მოძიებაც შესაძლებელი იყო, მათ შორის, თავად მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემულ დოკუმენტებში, დაფიქსირებულია ... ლ-ი. საკასაციო სასამართლო საქმეზე წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალსიწინებით, იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ დაბადების №79 სააქტო ჩანაწერი პირის მაიდენტიფიცირებელ მონაცემებთან დაკავშირებით, შესაძლოა, არ ასახავდეს უტყუარ ინფორმაციას და მასში სახელი არასწორად იყოს მითითებული, მიუხედავად იმისა, რომ გარკვევით იკითხება სახელი „...“. ის გარემოება, რომ სახელი არის გადახაზვის გარეშე, ავტომატურად არ გულისხმობს აქტის სისწორეს. აღნიშნული გარემოებები კი საკასაციო პალატის აზრით, „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დაბადების აქტის ჩანაწერში შესწორების შეტანის საფუძველია. ამრიგად, საკასაციო პალატა სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებთან დაკავშირებით, იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ არ არსებობდა დაბადების სააქტო ჩანაწერში მოთხოვნილი შესწორების განხორციელებაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი და №79 სააქტო ჩანაწერის პირველ და მეორე ეგზემპლარში უნდა განხორცილდეს შესაბამისი ცვლილება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და ამავე სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 8 აპრილის განჩინება;

3. კასატორს - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (ს/ნ 202307404) დაუბრუნდეს 2021 წლის 18 მაისს №07228 საგადახდო მოთხოვნით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ნ. სხირტლაძე