გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 213-დად 23 სექტემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: თ. ლალიაშვილი (თავმჯდომარე),
მ. გოგელია,
დ. სულაქველიძე
განიხილა ბ. ხ-ს კერძო საკასაციო საჩივარი ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის სასამართლოს 2003წ. 13 ივნისის დადგენილებაზე, რომლითაც ბ. ხ-ს შეეფარდა სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიება, დისპანსერული ფსიქიატრიული მკურნალობა ქ. თბილისის ფსიქო-ნევროლოგიურ დისპანსერში.
აღწერილობითი ნაწილი:
1999წ. 24 დეკემბერს ქ. თბილისის გლდანის რაიონის საგამოძიებო განყოფილებაში ბ. ხ-ს მიმართ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე სსკ-ს 228-ე მუხლის მეორე ნაწილით. ჩატარებული გამოძიებით დადგინდა შემდეგი:
1999წ. 2 ნოემბერს ქ. თბილისში, ... საერთო საცხოვრებლის პირველ სართულზე მცხოვრებ ბ. ხ-ს საცხოვრებელი ფართის გამო კამათი მოუვიდა ბ. ვ-სთან. ბ. ხ-მა ბ. ვ. გამოაგდო ოთახიდან და დაუწყო ლანძღვა-გინება. ხმაურზე შეიკრიბნენ მეზობლები, რომლებიც მოუწოდებდნენ ბ. ხ-ს, შეეწყვიტა ლანძღვა-გინება, მაგრამ მან იქ შეკრებილ მოქალაქეებსაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მომხდარი ფაქტის გამო მეზობლებმა გამოიძახეს პოლიცია. პოლიციის მოსვლის შემდეგ ბ. ხ. კვლავ აგრძელებდა უცენზურო სიტყვებით ლანძღვას. ბ. ხ-ს მოქმედება გაგრძელდა დაახლოებით 4 საათს.
1999წ. 11 დეკემბერს გლდანის მ/რ-ნის XI საერთო საცხოვრებელში, განცხადების საფუძველზე, გამოცხადდა გლდანის შს სამმართველოს უბნის ინსპექტორი ლ. მ., რათა გაერკვია ბ. ვ-სა და ბ. ხ-ს შორის უთანხმოების მიზეზი. ლ. მ-მ ბ. ხ-ს უთხრა, რომ საერთო საცხოვრებლის მობინადრეებისათვის მშვიდი ცხოვრების საშუალება მიეცა. ბ. ხ-მა უცენზურო სიტყვებით დაუწყო ლანძღვა-გინება მას და იქ შეკრებილ სხვა მოქალაქეებსაც. ბ. ხ. ასევე უცენზურო სიტყვებით იხსენებდა გლდანის შს სამმართველოსა და პროკურატურის ხელმძღვანელობას. ბ. ხ-ს მხრიდან ხულიგნური მოქმედება გაგრძელდა დაახლოებით 25 წუთი.
1999წ. 13 დეკემბერს, დაახლოებით 14 საათზე, თ. ქ. მეზობელ მ. მ-სთან ერთად იმყოფებოდა ... საერთო საცხოვრებლის ეზოში. მასთან მივიდა ბ. ხ. და დაუწყო ლანძღვა-გინება. როცა ამ უკანასკნელმა უთხრა, თუ რა უნდოდა მისგან, ბ. ხ-მა მიაყენა მას ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შედეგადაც თ. ქ-მა მიიღოO სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად. საცხოვრებელი სახლის დერეფანში შეიკრიბნენ იქ მცხოვრებნი, რომელთა თანდასწრებით ბ. ხ. განაგრძობდა უცენზურო სიტყვებით ლანძღვას და ცდილობდა თ. ქ-სათვის ჩაერტყა ხის ნაჭერი, მაგრამ თ. ქ-მა წაართვა იგი. ბ. ხ-ს მოქმედება გაგრძელდა დაახლოებით 30 წუთი.
ზემოაღნიშნული ქმედებისათვის ბ. ხ-ს წარედგინა ბრალდება სსკ 228-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 228-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 112-ე მუხლის მე-2 ნაწილით. გამოძიების პროცესში დადგინდა, რომ დანაშაულის ჩადენის დროს ბ. ხ. იმყოფებოდა შეურაცხად მდგომარეობაში და საჭიროებს სამედიცინო ხასიათის იძულებით მკურნალობას. საქმე დადგენილებით ბ. ხ-ს მიმართ სამედიცინო იძულებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ გაიგზავნა სასამართლოში.
გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2000წ. 5 ივნისის დადგენილებით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ ბ. ხ-მა მართლსაწინააღმდეგო ქმედება ჩაიდინა შეურაცხად მდგომარეობაში და მას შეუფარდა გაძლიერებული მეთვალყურეობის ქვეშ იძულებითი მკურნალობა ქუტირის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2000წ. 25 აგვისტოს განჩინებით გაუქმდა გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2000წ. 5 ივნისის დადგენილება და საქმე ხელახლა განსახილევალდ დაუბრუნდა გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოს. ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2003წ. 13 ივნისის დადგენილებით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ ბ. ხ-მა მართლსაწინააღმდეგო ქმედება ჩაიდინა შეურაცხად მდგომარეობაში და მას შეუფარდა იძულებითი მკურნალობა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ქ. თბილისის ფსიქო-ნევროლოგიურ დისპანსერში.
კასატორი ბ. ხ. საკასაციო საჩივრით ითხოვს აღნიშნული დადგენილების გაუქმებას. კასატორის განმარტებით, იგი არ არის შეურაცხადი და თუ ჩხუბობს, ეს გამოწვეულია მისდამი მეზობლების არასამართლიანი დამოკიდებულებით.
ბ. ხ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატი თ. გ. ითხოვს დადგენილების გაუქმებას იმ საფუძვლით, რომ სასამართლოში ბ. ხ-ს საქმის განხილვისას ადგილი ჰქონდა საპროცესო კანონის არსებით დარღვევას. ადვოკატის განმარტებით, სასამართლომ ისე დაადგინა ბ. ხ-ს მიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა, რომ არ ჩაუტარებია სრულყოფილი სასამართლო გამოძიება. ადვოკატის მითითებით, სასამართლო სხდომაზე სასამართლოს არ დაუკითხავს არც დაზარალებულები და არც მოწმეები, არც საქმის მასალები არ გამოქვეყნებულა.
დაზარალებულმა ბ. ვ-მ მხარი არ დაუჭირა კერძო საკასაციო საჩივარს და ითხოვა დადგენილების უცვლელად დატოვება.
პროკურორმა ე. ქ-მ მხარი არ დაუჭირა კერძო საკასაციო საჩივარს და მოითხოვა დადგენილების უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ მოუსმინა მხარეებს, კასატორ ბ. ხ-ს, მისი ინტერესების წარმომადგენელ, ადვოკატ თ. გ-ს, პროკურორ ე. ქ-ს, დაზარალებულ ბ. ვ-ს, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიიჩნია, რომ კერძო საკასაციო საჩივრი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: როგორც საქმის მასალებით არის დადგენილი, გლდანი-ნაძალადევის რაიონულმა სასამართლომ ბ. ხ-ს მიმართ სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების შესახებ დადგენილების სასამართლო სხდომაზე განხილვისას სასამართლო სხდომის მოსამზადებელ ნაწილზე საპროცესო კოდექსის 447-ე მუხლის საფუძველზე დაადგინა, რომ საქმე განიხილებოდა დაზარალებულებისა და მოწმეთა მონაწილეობის გარეშე. რაიონულმა სასამართლომ სასამართლო სხდომაზე დაკითხა მხოლოდ ექსპერტი და დაზარალებულთა და მოწმეთა დაკითხვის გარეშე დადგენილად მიიჩნია, რომ ბ. ხ-მა ჩაიდინა მართლსაწინააღმდეგო ქმედება. როგორც საქმის მასალებით არის დადგენილი, სასამართლოს მოწმეები სხდომაზე არ გამოუძახია. საქმეში არსებობს უწყებები, რომლითაც დაზარალებულები არიან გამოძახებულნი, მაგრამ ამ უწყებათა მიხედვით გამოძახების უწყება უშუალოდ ჩაბარდა მხოლოდ ერთ დაზარალებულს. საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ სასამართლომ სსსკ-ს 447-ე მუხლის საფუძველზე იმსჯელა დაზარალებულთა და მოწმეთა გამოუცხადებლობის შედეგებზე (აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს მხოლოდ დაზარალებულის გამოუცხადებლობის შედეგებს). პალატა თვლის, რომ რაიონულმა სასამართლომ საქმის განხილვისას დაარღვია სისხლის სამართლის პროცესის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრინციპი _ სისხლის სამართალწარმოების უშუალობის პრინციპი, რაც გათვალისწინებულია სსსკ-ს 20-ე და 440-ე მუხლებში და რომლის თანახმადაც, საქმის განხილვისას პირველი ინსტანციის სასამართლომ უნდა უზრუნველყოს მტკიცებულებათა უშუალო გამოკვლევა დაზარალებულის, მოწმეების, ნივთმტკიცების დათვალიერების გზით. პირველი ინსტანციის სასამართლო ვალდებული იყო, სასამართლო სხდომაზე უშუალოდ დაეკითხა როგორც დაზარალებულები, ასევე მოწმეები, რაც რაიონულმა სასამართლომ არ გააკეთა. მართალია, სხდომის ოქმის
შესაბამისად სხდომაზე გამოქვეყნდა საქმის მასალები, მაგრამ ოქმიდან არ ჩანს, უშუალოდ რა მასალები იქნა გამოქვეყნებული და როგორ მოხდა მათი გამოკვლევა. საპროცეო კოდექსის 481-ე მუხლით დადგენილია, თუ რა შემთხვევაში ხდება მოწმის ჩვენების საჯაროდ წაკითხვა, სადაც ერთ-ერთ მიზეზად დასახელებულია მოწმის საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობა. საქმის მასალების მიხედვით კი არათუ გამოკვლეული იყო, რა მიზეზით არ გამოცხადდა მოწმე, არამედ მათ გამოძახების უწყებაც არ ჩაბარებიათ. სსსკ-ს 674-ე მუხლის თანახმად, სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ დადგენილების განხილვისას სასამართლო განხილვა ტარდება 457-ე-516-ე მუხლებით დადგენილი წესით, ე. ი. სასამართლო გამოძიება ტარდება სრული მოცულობით, რაც რაიონულ სასამართლოს არ გაუკეთებია. ზემოთ მითითებულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ რაიონულმა სასამართლომ საქმის განხილვისას დაარღვია საპროცესო კანონის არსებითი მოთხოვნები, რის გამოც დადგენილება ბ. ხ-ს მიმართ სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე რაიონულ სასამართლოს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ს 561-ე მუხლის ,,ბ,, ქვეპუნქტით, 562-ე, 568-ე, 679-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
კერძო საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის სასამართლოს 2003წ. 13 ივნისის დადგენილება, რომლითაც ბ. ხ-ს შეეფარდა სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე რაინულ სასამართლოს.