Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 223-აპ 25 სექტემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე),

ი. ბიბილაშვილი,

დ. სულაქველიძე

განიხილა მსჯავრდებულ ზ. ბ-ს კერძო საკასაციო საჩივარი ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 24 ივნისის განჩინებაზე.

აღწერილობითი ნაწილი:

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 24 ივნისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა მსჯავრდებულ ზ. ბ-ს საჩივარი ამავე სასამართლოს სააპელაციო პალატის 2003წ. 1 აპრილის განაჩენის საკასაციო წესით გასაჩივრების ვადის აღდგენაზე.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 1 აპრილის განაჩენით ზ. ბ-ს საქართველოს 1960წ. სსკ-ს 178-ე მუხლის პირველი ნაწილით, ამჟამად მოქმედი სსკ-ს 303-ე მუხლის მე-2 და 260-ე მუხლის პირველი ნაწილებით სასჯელად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.

კერძო საკასაციო საჩივრით მსჯავრდებული ზ. ბ. ითხოვს განაჩენის გასაჩივრების ვადის აღდგენას.

სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერმა პროკურორმა ა. ს-მა კერძო საკასაციო საჩივარს მხარი არ დაუჭირა და მოითხოვა ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 24 ივნისის განჩინების უცვლელად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ განიხილა რა საქმის მასალები, შეამოწმა კერძო საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მოისმინა პროკურორის პოზიცია, თვლის, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 24 ივნისის განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, განაჩენის დადგენისა და საქმის სასამართლოში დაბრუნების შემდეგ, ზ. ბ-მა განცხადებით მიმართა ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატას და ითხოვა მის მიმართ დადგენილი განაჩენის საკასაციო წესით გასაჩივრების ვადის აღდგენა იმ მოტივით, რომ განაჩენის გამოცხადებას იგი არ ესწრებოდა, განაჩენის ასლი კი ჩაბარდა 2003წ. 2 მაისს. სააპელაციო პალატამ მსჯავრდებულის განცხადება არ დააკმაყოფილა იმ მოტივით, რომ მსჯავრდებულმა სასამართლოს ვერ წარუდგინა მტკიცებულებები განაჩენის გასაჩივრების ვადის საპატიო მიზეზით გაცდენის შესახებ.

პალატა თვლის, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 24 ივნისის განჩინება დასაბუთებულია და არ არსებობს მისი გაუქმებისა და კერძო საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

პალატა მხედველობაში იღებს იმ ვითარებას, რომ მსჯავრდებული ზ. ბ. კერძო საკასაციო საჩივარში ვერ მიუთითებს იმ ობიექტურ გარემოებებზე, რომლებიც დაადასტურებს მის მიერ განაჩენის გასაჩივრების ვადის საპატიო მიზეზით გაცდენას.

სარეზოლუციო ნაწილი:

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ს 561-ე, 568-ე მუხლებით, პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 24 ივნისის განჩინება ზ. ბ-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.