საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე Nბს-1113(კ-20) 19 ოქტომბერი, 2021 წელიქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო
პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - ე. ა. ჰ. ა-ვ-ი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 28 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივის აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ იე. ა. ჰ. ა-ვ-იმ 2019 წლის 23 აგვისტოს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ და მოითხოვა ე. ა. ჰ. ა-ვ-ის მიერ 2019 წლის 10 იანვარს სსიპ სახელმწიფო სერვისების სააგენტოში წარდგენილ N1000648658 განცხადებაზე, სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაევალა მოსარჩელე ე. ა. ჰ. ა-ვ-ის მიერ, სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით, 2019 წლის 10 იანვარს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში წარდგენილ N1000648658 განცხადებაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 28 თებერვლის განჩინებით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 28 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ. კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
კასატორის განმარტებით, მოსარჩელე ითხოვს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, თუმცა, რეალურად, სახეზე არ არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის განხილვის შედეგი - სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილება ან ამავე სახის ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილება. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს მხარის მოლოდინი კონკრეტულ დროში გამოიცეს მის მიმართ შესაბამისი გადაწყვეტილება, მნიშვნელოვანია აღინიშნოს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება დაასაბუთოს მიღებული გადაწყვეტილება, მან უნდა ახსნას, განმარტოს, დაასაბუთოს, თუ რატომ, რა ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო ამგვარი გადაწყვეტილება. აღნიშნული ვალდებულება ატარებს ფუნდამენტურ ხასიათს და არ შეიძლება მისი უგულვებელყოფა, ვინაიდან მხარის ინტერესშიც შედის მიიღოს ამომწურავად დასაბუთებული გადაწყვეტილება. ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ეს იმპერატიული დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა-გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა. კანონმდებელი იმდენად არსებით და აქტის კანონიერების განმსაზღვრელ ფუნქციას ანიჭებს საქმის გარემოებათა გამოკვლევას, რომ იმპერატიულად კრძალავს, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაუდოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ (საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილები). აღსანიშნავია, რომ კონკრეტულ საქმეზე კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტაციების წარდგენა არ არის საკმარისი საფუძველი ბინადრობის მოწმობის გაცემისათვის. შესაბამისი დოკუმენტაციის სრულად წარდგენის შემთხვევაშიც კი, მხარეს შეიძლება უარი ეთქვას ბინადრობის ნებართვის გაცემაზე, თუკი არსებობს უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული უარის თქმის საფუძვლები, შესაბამისად, საკითხი მოითხოვს ობიექტურ და სრულ შესწავლა-გამოკვლევას, საიდანაც უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა. აქედან გამომდინარე, ერთი მხრივ, არსებობს მხარის კანონიერი მოლოდინი, ადმინისტრაციულმა ორგანომ კონკრეტულ ვადაში განიხილოს საკითხი, ხოლო, მეორე მხრივ, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა, რომელიც უნდა ეფუძნებოდეს ყოველმხრივ და სრულად გამოკვლეულ ფაქტობრივ გარემოებებს. სააგენტომ არ გამოსცა შესაბამისი გადაწყვეტილება, რადგან საკითხი მოითხოვს დამატებით გამოკვლევასა და შეფასებას, რათა გამოიცეს დასაბუთებული გადაწყვეტილება. დასაბუთება აუცილებელია განმცხადებლისთვისაც, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება და დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში. ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის დასაბუთებული, იგი უნდა გაუქმდეს და სრულად უნდა ეთქვას უარი მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ისაკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ არ მიიღო სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე, ე. ა. ჰ. ა-ვ-ის მიერ 2019 წლის 10 იანვარს სააგენტოში წარდგენილ N1000648658 განცხადებასთან დაკავშირებით შემაჯამებელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, შესაბამისად, სასამართლოს მიერ უნდა შეფასდეს ადმინისტრაციული ორგანოს ქმედების კანონიერება.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბინადრობის ნებართვა არის საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად ყოფნის საფუძველი, რისი მიღების შემდეგაც, ამავე კანონის მე-20 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, გაიცემა შესაბამისი ბინადრობის მოწმობა. აღნიშნული იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტი უცხო ქვეყნის მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე პირს საშუალებას აძლევს ჩაებას სხვადასხვა სახის სამართლებრივ ურთიერთობებში, ისარგებლოს სამედიცინო, სადაზღვევო თუ საბანკო და სხვა მსგავსი ტიპის მომსახურებით. შესაბამისად, სახელმწიფო მისი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში წყვეტს იკისროს თუ არა ვალდებულებები კონკრეტული უცხოელის მიმართ. ბინადრობის მოწმობის გაცემით სახელმწიფო იღებს ვალდებულებას უზრუნველყოს უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე მისი საქართველოში კანონიერად ყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ უცხოელისათვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის მინიჭების საკითხის გადაწყვეტა უნდა მოხდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალური, უცხოელისა და სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით. საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უფლებამოსილი ორგანოს - სააგენტოს (კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტი) მიერ კანონით დადგენილი მოთხოვნების სრული დაცვით და საფუძვლიანად უნდა იქნეს შესწავლილი და გამოკვლეული თითოეული ფაქტი ბინადრობის ნებართვის მინიჭებასთან დაკავშირებით და მხოლოდ ამის შემდეგ, სათანადო მტკიცებულებებზე დაყრდნობით, მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება საკითხის დადებითად ან უარყოფითად გადაწყვეტის შესახებ.
„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის თანახმად, ბინადრობის ნებართვის მოპოვების საფუძვლებისა და მიზნების გათვალისწინებით, საქართველოში გაიცემა რამდენიმე სახის ბინადრობის ნებართვა, მათ შორის, ამავე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს სასწავლო ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა საქართველოში ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის მიზნით. საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლებს ითვალისწინებს მითითებული კანონის მე-18 მუხლი, რომლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუ არსებობს უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად მისი საქართველოში ცხოვრების მიზანშეუწონლობის შესახებ, ხოლო „გ“ ქვეპუნქტი უარის თქმის საფუძვლად ადგენს ისეთი საქმიანობის განხორციელების დადასტურებას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს.
„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-10 ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხი განიხილება და წყდება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის N520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღების ან მისი მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით, უცხოელი განცხადებით მიმართავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, ხოლო სასწავლო ბინადრობის ნებართვის მოპოვების საკითხის განხილვისათვის საჭირო საბუთების ნუსხა მოცემულია ამავე დებულების მე-6 მუხლში. აღნიშნული „წესის“ მე-13 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად საჭირო ყველა დოკუმენტი წარდგენილი უნდა იქნეს განცხადებასთან ერთად. სააგენტო უფლებამოსილია, ადმინისტრაციული წარმოების ნებისმიერ ეტაპზე, დამატებით მოითხოვოს იმ დოკუმენტების წარდგენა, რომლებიც ასაბუთებენ ამ წესით გათვალისწინებულ ცალკეულ ფაქტებსა და გარემოებებს (საკითხის განხილვისა და გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი გარემოების დადგენისათვის). უცხოელს ასევე შეუძლია სააგენტოში საკითხის განხილვის პროცესში, თავისი ინიციატივით, წარადგინოს საკითხის განხილვისათვის საჭირო დამატებითი დოკუმენტები. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მისაღებად ან მისი მოქმედების ვადის გასაგრძელებლად, განცხადების განხილვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს სააგენტოსათვის საჭირო დოკუმენტაციის სრულად წარდგენიდან 30 დღეს. ამასთან, ადმინისტრაციული ორგანოსათვის, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან მასზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს განცხადების წარდგენიდან ერთთვიან ვადას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დადგენისათვის აუცილებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოსაცემად კანონმდებლობით გათვალისწინებულზე მეტი ვადა, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისას გამოაქვს გადაწყვეტილება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადის განსაზღვრის შესახებ, რომელიც მე-4 ნაწილის თანახმად, არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს. ამგვარად, მოქმედი კანონმდებლობა უცხოელისათვის ბინადრობის ნებართვის მინიჭების საკითხის გადასაწყვეტად სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ადმინისტრაციული წარმოებისთვის უწესებს კონკრეტულ ვადას და ავალდებულებს მის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხი გამოიკვლიოს და წარდგენილი თუ მის მიერ დამატებით მოძიებული დოკუმენტაციის საფუძველზე, მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. იმ შემთხვევაში თუ საკითხი საჭიროებს დამატებით გარემოებების დადგენას, აუცილებელია ადმინისტრაციულმა ორგანომ წარმოების დაწყებისას განსაზღვროს კონკრეტული ვადა საკითხის გადასაწყვეტად. საკასაციო პალატა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლზე მითითებით განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო მის უფლებამოსილებას ახორციელებს კანონის საფუძველზე, რაც გულისხმობს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებისა და გადაწყვეტილების მიღების სავალდებულო პრინციპი ემსახურება სწორედ საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რადგან ადმინისტრაციული ორგანოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება უნდა შეესაბამებოდეს საქმის ფაქტობრივი გარემოებების ობიექტურ შესწავლა-გამოკვლევას, თუმცა საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის დანაწესიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანო თავისი ფუნქციების განხორციელებისას არ სარგებლობს განუსაზღვრელი ვადით და შეზღუდულია როგორც კანონიერების პრინციპით, ასევე, გადაწყვეტილების მიღებისთვის განსაზღვრული ვადით, რომლის გაზრდაც, შესაბამისი პირობების არსებობისას, შესაძლებელია სამ თვემდე. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმით, რომ ადრესატისათვის გახდეს ცნობილი მისი შემდგომი უფლებრივი მდგომარეობა. გარდა ამისა, უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში, ისარგებლოს გასაჩივრების უფლებით და მიეცეს შესაძლებლობა დაუპირისპირდეს ორგანოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რაც, თავის მხრივ, ადმინისტრაციული ორგანოს ავალდებულებს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებას. დასაბუთებული აქტის გამოცემა აადვილებს საჩივრის ან სარჩელის განმხილველი ორგანოების მიერ მისი კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების პროცესს.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ერაყის რესპუბლიკის მოქალაქე - ე. ა. ჰ. ა-ვ-იმ (დაბ: ... წელს; პ/ნ ...) 2019 წლის 10 იანვარს განცხადებით მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, წარუდგინა შპს ,,...ის“ მიერ გაცემული ცნობა და მოითხოვა საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემა (ს.ფ. 57- 60). 2019 წლის 17 იანვარს, ე. ა. ჰ. ა-ვ-მა სააგენტოს წარუდგინა დამატებითი დოკუმენტები, მათ შორის, შპს ,,...ის“ მიერ გაცემული ცნობა და ერაყის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული ნასამართლობის საერთაშორისო ცნობა (ს.ფ. 34-37. ს.ფ. 42-48). 2019 წლის 2 აგვისტოს ე. ა. ჰ. ა-ვ-იმ კვლავ მიმართა განცხადებით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და ითხოვა მის მიერ 2019 წლის 10 იანვარს წარდგენილ N1000648658 განცხადებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება. დადგენილია, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ე. ა. ჰ. ა-ვ-ის 2019 წლის 10 იანვრის N1000648658 განცხადების საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, განცხადებაზე ხარვეზის დადგენის, განცხადების განუხილველად დატოვების, სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება არ მიუღია.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ვინაიდან „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე საქართველოში ბინადრობის ნებართვას გასცემს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, ადმინისტრაციულ ორგანოს, მოსარჩელის 2019 წლის 10 იანვრის განცხადებასთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის N520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ მე-13 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ 30 - დღიან ვადაში უნდა მიეღო გადაწყვეტილება, რაც მოცემულ შემთხვევაში არ განხორცილდა იმ საფუძვლით, რომ საკითხი მოითხოვდა დამატებით გამოკვლევასა და შეფასებას, რათა გამოცემულიყო დასაბუთებული გადაწყვეტილება. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დადგენისათვის მოპასუხეს ესაჭიროებოდა კანონმდებლობით გათვალისწინებულზე მეტი ვადა, ადმინისტრაციულ ორგანოს ამის თაობაზე უნდა მიეღო გადაწყვეტილება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადის განსაზღვრის შესახებ, რომელიც ასევე არ არის განუსაზღვრელი და შეადგენს არა უმეტეს 3 თვეს. ამგვარი გადაწყვეტილება საქმეზე წარმოდგენილი არ არის, ამდენად, ადმინისტრაციული ორგანოს ზემოაღნიშნული მოსაზრება მოკლებულია ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს. შესაბამისად, ამ პირობებში სახეზეა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დაკისრებული მოვალეობების შეუსრულებლობა, რითაც დაირღვა მმართველობის განხორციელების კანონიერების პრინციპი, აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ სახეზეა 2019 წლის 10 იანვარს წარდგენილ N1000648658 განცხადებაზე, მოსარჩელის სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების წინაპირობები.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ იძლევა საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, ამდენად, საკასაციო პალატა საკასაციო საჩივარს მიიჩნევს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ისაკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 28 თებერვლის განჩინება;
3. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (ს/ნ 202307404) დაუბრუნდეს 20.08.2020წ. №39398 საგადახდო მოთხოვნით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა