Facebook Twitter

საქმე#ბს-553(კს-21) 28 ოქტომბერი, 2021 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – მ. ბ-ე

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხეები) – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 29 მარტის განჩინება

დავის საგანი - უფლებამონაცვლეობის დადგენა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2019 წლის 15 იანვარს ჯ. ბ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიმართ.

მოსარჩელემ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2018 წლის 18 ოქტომბრის #003869 დადგენილებისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 13 თებერვლის #90 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით ჯ. ბ-ის სარჩელი, მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ჯ. ბ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 21 ნოემბრის განჩინებით ჯ. ბ-ის წარმომადგენლის ნანა მურადაშვილის განცხადება დაკმაყოფილდა; შეჩერდა სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2018 წლის 18 ოქტომბრის #003869 დადგენილების მოქმედება, განსახილველ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 29 მარტის განჩინებით ადმინისტრაციულ საქმეზე აწ გარდაცვლილი ჯ. ბ-ის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა მ. ბ-ე (I რიგის მემკვიდრე, მეუღლე).

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქმეში წარმოდგენილ #... გარდაცვალების მოწმობაზე, რომლითაც დასტურდება, რომ აპელანტი ჯ. ბ-ე (პ/ნ ...) გარდაიცვალა 2020 წლის 20 აპრილს. გარდაცვალების რეგისტრაციის თარიღი: 21 აპრილი, 2020 წელი, აქტის ჩანაწერი - #....

სასამართლოს მითითებით, საქმეში წარმოდგენილია 2020 წლის 21 ოქტომბერს გაცემული სანოტარო აქტი - სამკვიდრო მოწმობა #200852734, რომლის თანახმადაც, მ. ბ-ე არის ჯ. ბ-ის I რიგის მემკვიდრე, მეუღლე, რომელმაც სამკვიდრო მიიღო საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით.

საქმის მასალების შესწავლის შედეგად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, აწ გარდაცვლილი ჯ. ბ-ის უფლებამონაცვლედ უნდა დადგინილიყო მ. ბ-ე.

სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2 მუხლზე, რომლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92.1 მუხლის თანახმად, სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვა) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია პროცესის ყოველ სტადიაზე. ამავე ნორმის მე-2 ნაწილით, უფლებამონაცვლისათვის პროცესში მის დაშვებამდე შესასრულებელი ყველა მოქმედება სავალდებულოა იმ ოდენობით, რაც სავალდებულო იქნებოდა იმ პირისათვის, რომელიც მან შეცვალა, ხოლო მე-4 ნაწილის მიხედვით, უფლებამონაცვლით შეცვლის ან ასეთ შეცვლაზე უარის თქმის შესახებ სასამართლოს განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა. სასამართლომ მიუთითა ამავე კოდექსის 418.1 მუხლზე, რომლის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანა არ შეაჩერებს იმ საპროცესო მოქმედების შესრულებას, რომელიც სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით იყო გათვალისწინებული. ამავე ნორმის მე-2 ნაწილით, სასამართლოს შეუძლია შეაჩეროს ასეთი საპროცესო მოქმედების შესრულება. გასაჩივრებული განჩინებით გათვალისწინებული საპროცესო მოქმედების შესრულების შეჩერება შეუძლია ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების შედეგად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ წინამდებარე საქმეში აწ გარდაცვლილ ჯ. ბ-ის უფლებამონაცვლედ უნდა დადგენილიყო - მ. ბ-ე (I რიგის მემკვიდრე, მეუღლე).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 29 მარტის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მ. ბ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, საქმის წარმოების შეწყვეტა მოითხოვა.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, განსახილველ საქმესთან მიმართებით საქმის წარმოების შეწყვეტის ორი საფუძველი არსებობს.

კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, სამართალდამრღვევი პირი - ჯ. ბ-ე (კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, იმიტომ იყენებს მოცემულ ტერმინს, რომ ადმინისტრაციული ორგანო მიიჩნევს ჯ. ბ-ეს სამართალდამრღვევ პირად, თუმცა მისი მოსაზრებით, იგი არ იყო სამართალდამრღვევი) გარდაიცვალა. შესაბამისად, მის მიმართ აღძრული საქმე უნდა შეწყდეს. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სადავო სამართლებრივი ურთიერთობა დასაშვებად თვლის უფლებამონაცვლეობას, სასამართლომ მხოლოდ ასეთ ვითარებაში უნდა ჩართოს საქმეში უფლებამონაცვლე. კერძო საჩვრის ავტორის მოსაზრებით, მოცემულ სიტუაციაში, აღნიშნული შეუძლებელია, ვინაიდან ადმინისტრაციული ორგანო ჯ. ბ-ეს ედავებოდა უკანონო მშენებლობის წარმოებისათვის, რისთვისაც იქნა იგი დაჯარიმებული. კერძო საჩვრის ავტორის მითითებით, ჯ. ბ-ის ბრალეულობის დადგენის შემთხვევაში, მისი მემკვიდრეები ვერ აგებენ პასუხს. ჯარიმა წამოადგენს პირის ინდივიდუალურ სახდელს, იგივე ინდივიდუალურ სასჯელს, რაც კონკრეტულად იმ პირმა უნდა გადაიხადოს, ვინც სამართალდარღვევა ჩაიდინა. კერძო საჩიივრის ავტორს მიაჩნია, რომ გარდაცვლილი არ იყო სამართალდამრღვევი, მაგრამ რომც ყოფილიყო, ჯარიმის გადახდის ვალდებულება მემკვიდრეობით არ გადადის.

კერძო საჩივრის ავტორი საქმის წარმოების შეწყვეტის მეორე საფუძვლად ასახელებს დავის საგნის არ არსებობას. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, 2020 წლის 2 ივლისს დაიბარეს საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში. მას შემდეგ, რაც გაიგე ჯ. ბ-ის გარდაცვალების ფაქტი, დაავალეს ზოგადი ხასიათის სამკვირდო მოქმობის წარდგენა, კანონით დადგენილ ვადაში. ადმინისტრაციულ ორგანოს ჯერ არ უმსჯელია, მაგრამ ახლო მომავალში იმსჯელებს მ. ბ-ის მიმართ ახალი აქტის გამოცემის შესახებ. ის უძრავი ნივთი, რაც სადავოდ იყო გამხდარი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მხრიდან მიეკუთვნა ჯ. ბ-ეს, ხოლო სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, ქონებას მიიღებს მისი მემკვიდრე, შესაბამისად, აღარ არსებობს დავის საგანიც.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 14 სექტემბრის განჩინებით მ. ბ-ის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ბ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, განსახილველ საქმეზე (მოსარჩელე - ჯ. ბ-ე; მოპასუხეები – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია) გასაჩივრებულია სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2018 წლის 18 ოქტომბრის #003869 დადგენილება, რომლის თანახმადაც, ჯ. ბ-ე დაჯარიმა 10 000 ლარით ქ. თბილისში, ა. გობრონიძის ქუჩაზე, მუხიანის საერთო საცხოვრებლის მიმდებარედ, #... საკადასტრო კოდზე (თვითმმართველი ერთეულის ტერიტორია), შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე კაპიტალური შენობა-ნაგებობისა და მსუბუქი კონსტრუქციის (მავთულბადის) ღობის განთავსებისათვის. ამავე დადგენილებით ჯ. ბ-ეს დაევალა ქ. თბილისში, ა. ...ის ქუჩა ...ის ... ...ის მიმდებარედ, #... საკადასტრო კოდზე შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე აშენებული (განთავსებული) კაპიტალური შენობა-ნაგებობისა და მსუბუქი კონსტრუქციის (მავთულბადის) ღობის დემონტაჟი. მოცემული დავის ფარგლებში ასევე სადავოდაა ქცეული ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 13 თებერვლის #90 ბრძანების კანონიერება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით ჯ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ჯ. ბ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 29 მარტის გასაჩივრებული განჩინებით ადმინისტრაციულ საქმეზე აწ გარდაცვლილი ჯ. ბ-ის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა მ. ბ-ე (I რიგის მემკვიდრე, მეუღლე).

მოცემული დავის ფარგლებში, კერძო საჩივრის ავტორი - მ. ბ-ე მიიჩნევს, რომ არსებობს საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძლები, ვინაიდან განსახილველ საქმესთან მიმართებით დაუშვებელია უფლებამონაცვლეობა, ვინაიდან ჯარიმა წარმოადგენს პირის ინდივიდუალურ სახდელს, ამასთან, აღარ არსებობს დავის საგანი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92.1 მუხლზე, რომლის თანახმად, სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვა) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია პროცესის ყოველ სტადიაზე.

ამავე კოდექსის 272-ე მუხლის „ე“ პუნქტის შესაბამისად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ საქმის ერთ-ერთ მხარედ მყოფი მოქალაქის გარდაცვალების შემდეგ ან იურიდიული პირის ლიკვიდაციისას, სადავო სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, დაუშვებელია უფლებამონაცვლეობა.

თავდაპირველად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25.2 მუხლზე, რომლის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე კოდექსის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სფეროში ამ თავის მოქმედება ვრცელდება სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე, თუ დაუდგენელია მშენებლობის მწარმოებელი პირი.

ზემოაღნიშნული ნორმების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენისათვის პასუხისმგებლობა პირველ რიგში ეკისრება უშუალოდ იმ პირს, ვინც აწარმოა უნებართვო მშენებლობა, ხოლო ასეთი პირის დაუდგენლობის შემთხვევაში - სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს ან მოსარგებლეს.

განსახილველ შემთხვევაში კი დადგენილია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ მოცემული დავის ფარგლებში უნებართვო მშენებლობაზე პასუხისმგებელ პირად მიიჩნია მოსარჩელე ჯ. ბ-ე და სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე გასაჩივრებული დადგენილებაც სწორედ მის მიმართ არის შედგენილი. შესაბამისად, სადავო დადგენილებით ჯარიმა დაკისრებულია სწორედ ჯ. ბ-ისათვის, ასევე, ჯ. ბ-ისათვის არის დავალებული სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე აშენებული (განთავსებული) კაპიტალური შენობა-ნაგებობისა და მსუბუქი კონსტრუქციის (მავთულბადის) ღობის დემონტაჟიც.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 26.5 მუხლზე, რომლის თანახმად, მიწის ნაკვეთის გასხვისების შემთხვევაში დაჯარიმების შესახებ დადგენილება აღსრულდება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, ხოლო დარღვევის გამოსწორების ვალდებულება ეკისრება ახალ მესაკუთრეს.

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, აღსრულება შეწყდება, თუ კრედიტორის ან მოვალის გარდაცვალების შემდეგ გადაწყვეტილებით დადგენილი მოთხოვნები ან მოვალეობები ვერ გადავა გარდაცვლილი პირის უფლებამონაცვლეზე.

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სადავო სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, უნდა შეფასდეს, რამდენად დასაშვებია ჯარიმის დაკისრების ნაწილში უფლებამონაცვლეობა იმ პირობებში, როდესაც უნებართვო მშენებლობაზე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ პასუხისმგებელ პირად განსაზღვრულია გარდაცვლილი პირი - ჯ. ბ-ე. ასევე, შესაფასებელია უფლებამონაცვლეობის საკითხი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე აშენებული (განთავსებული) კაპიტალური შენობა-ნაგებობისა და მსუბუქი კონსტრუქციის (მავთულბადის) ღობის დემონტაჟთან მიმართებით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ჯ. ბ-ის უფლებამონაცვლის - მ. ბ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 29 მარტის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. ბ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 29 მარტის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა