Facebook Twitter
საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით


საქმე №ბს-289(გ-21) 19 ოქტომბერი, 2021 წელი
ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის, 26-ე მუხლის მე–3 ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა ლ. ა-ის სარჩელთან დაკავშირებით დავა განსჯადობის თაობაზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატასა და სამოქალაქო საქმეთა პალატას შორის.


ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2020 წლის 9 მარტს ლ. ა-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ იუსტიციის სახლის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ,,ლ. ა-ისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის შეფარდების შესახებ“ სსიპ იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის 2019 წლის 23 დეკემბრის №1094/ს ბრძანების, ,,ლ. ა-ის გათავისუფლების შესახებ“ სსიპ იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2020 წლის 7თებერვლის №87/კ ბრძანების ბათილად ცნობა და სსიპ იუსტიციის სახლის ფილიალის ქუთაისის ...ის ...ის ...ის პოზიციაზე აღდგენა ან მოპასუხისათვის კომპენსაციის სახით 100 000 ლარის ანაზღაურების დაკისრება. მოსარჩელემ, ასევე მოითხოვა მოპასუხე სსიპ იუსტიციის სახლს ლ. ა-ის სასარგებლოდ დაკისრებოდა ყოველთვიურად 2500 ლარის ოდენობით (დაუბეგრავი) იძულებითი განაცდურის ანაზღაურება გათავისუფლებიდან - 2020 წლის 10 თებერვლიდან სამსახურში აღდგენამდე (სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე).

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ლ. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2020 წლის 7 თებერვლის №87/კ ბრძანება ,,ლ. ა-ის გათავისუფლების შესახებ“. ლ. ა-ე აღდგენილ იქნა სსიპ იუსტიციის სახლის ფილიალის ქუთაისის ...ის ...ის ...ის თანამდებობაზე. სსიპ იუსტიციის სახლს მოსარჩელე ლ. ა-ის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2020 წლის 10 თებერვლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე თვეში 2500 ლარის (დაუბეგრავი) ოდენობით. ლ. ა-ის მოთხოვნა, 2019 წლის 23 დეკემბრის №1094/ს ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ, არ დაკმაყოფილდა; სსიპ იუსტიციის სახლს ლ. ა-ის სასარგებლოდ, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ, დაეკისრა 100 ლარის გადახდა. სსიპ იუსტიციის სახლს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა 605.60 ლარის ოდენობით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ იუსტიციის სახლმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 12 თებერვლის განჩინებით სსიპ იუსტიციის სახლის სააპელაციო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსჯადობით განსახილველად გადაეცა უფლებამოსილ სასამართლოს - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

სამოქალაქო საქმეთა პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლზე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1 მუხლზე და განმარტა, რომ განსჯადობის საკითხის გადაწყვეტისას სასამართლოს მიერ უნდა შეფასდეს დავის არსი, სადავო ურთიერთობის ხასიათი, ქმედების შინაარსი და სხვა. ამდენად, პირველ რიგში. სასამართლომ სამართლებრივად უნდა შეაფასოს სასარჩელო მოთხოვნები და ისე იმსჯელოს განსჯადობის საკითხთან დაკავშირებით.

კონკრეტულ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნებია: 1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის 2019 წლის 23 ნოემბრის N1094/ს ბრძანება ,,ლ. ა-ისთვის სასტიკი საყვედურის გამოცხადების შესახებ“; 2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2020 წლის 7 თებერვლის №87/კ ბრძანება ,,ლ. ა-ის გათავისუფლების შესახებ“; 3. ლ. ა-ე აღდგენილ იქნეს სსიპ იუსტიციის სახლის ფილიალის ქუთაისის ...ის ...ის ...ის თანამდებობაზე; 3. სსიპ იუსტიციის სახლს დაეკისროს თვეში 2500 ლარის ოდენობით იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2020 წლის 10 თებერვლიდან მის სამსახურში აღდგენამდე.

,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო სამსახურად განიხილება სახელმწიფო სამსახურში საქმიანობა (გარდა ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირების მიერ განხორციელებული საქმიანობისა), მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) საქმიანობა, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობა (გარდა კულტურულ, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევით, სასპორტო და რელიგიურ, წევრობაზე დაფუძნებულ და ამ კანონითა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კატეგორიის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობისა). საჯარო სამსახურად ითვლება აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის სათათბირო ორგანოების აპარატებში, საქართველოს ეროვნული ბანკის აპარატში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აპარატში, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატში, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში, საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატში, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატში, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საარჩევნო კომისიების აპარატებში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში საქმიანობა.

სამოქალაქო პალატის განმარტებით, საჯარო სამსახურის კანონმდებლობის რეფორმირების შედეგად, 1997 წლის 31 ოქტომბერს მიღებული კანონი ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ ძალადაკარგულად გამოცხადდა და 2017 წლის 1 ივლისიდან ძალაში შევიდა ახალი კანონი იმავე სახელწოდებით, თუმცა არსებითად და პრინციპების დონეზე განსხვავებული ცნებებითა და ინსტიტუტებით, რომლითაც აგრეთვე შეიცვალა სახელმწიფოს ხედვა საჯარო სამსახურის ცნებასთან მიმართებით, გაფართოვდა მისი შინაარსი და განსხვავებით მანამდე მოქმედი კანონისა, რომელიც საჯარო სამართლის იურიდიულ პირში მუშაობას არ განიხილავდა საჯარო სამსახურად, კანონმდებელმა ერთმნიშვნელოვნად მიუთითა, რომ ამიერიდან, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობა განიხილება საჯარო სამსახურად, გარდა კანონით დაშვებული გამონაკლისებისა. ასეთ გამონაკლისებს კი წარმოადგენს კულტურულ, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევით, სასპორტო, რელიგიურ და წევრობაზე დაფუძნებული სსიპ-ებში ან „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კატეგორიის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობა.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 მარტის N227 დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დაფუძნდა საჯარო სამართლის იურიდიული პირი იუსტიციის სახლი, ამავე დადგენილების მესამე პუნქტის თანახმად, ახლად შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი იუსტიციის სახლი განისაზღვრა საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 2 აგვისტოს N661 ბრძანებულებით შექმნილი სსიპ იუსტიციის სახლის სამართალმემკვიდრედ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 25 ივლისის N85 ბრძანების მე-5 მუხლით განისაზღვრა იუსტიციის სახლის სტრუქტურა, რომლის თანახმადაც, იუსტიციის სახლი მასზე დაკისრებული ფუნქციების შესრულებას უზრუნველყოფს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების (ფილიალებისა და საზოგადოებრივი ცენტრების) მეშვეობით. ამრიგად, ამავე ბრძანებით ერთმნიშვნელოვნად განისაზღვრა, რომ ფილიალი წარმოადგენს იუსტიციის სახლის ტერიტორიულ ორგანოს. ამავე ბრძანების მე-5 მუხლის მესამე პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტით კი განისაზღვრა, რომ ქუთაისის იუსტიციის სახლი წარმოადგენს იუსტიციის სახლის ფილიალს, ე.ი. ტერიტორიულ ორგანოს.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 25 ივლისის N85 ბრძანების 26-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ფილიალს ხელმძღვანელობს მენეჯერი, რომელსაც "საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესით, მინისტრთან შეთანხმებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აღმასრულებელი დირექტორი. ამრიგად, იუსტიციის სახლის ფილიალის, ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი არის ფილიალის მენეჯერი.

სააპელაციო პალატის განმარტებით, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირების შესახებ“ საქართველოს კანონის 103-ე მუხლის პირველ პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის (გარდა კულტურული, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევითი, სასპორტო ან რელიგიური საქმიანობის განმახორციელებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირისა) ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელსა და მის მოადგილეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით თანამდებობებზე ნიშნავს შესაბამისი უფლებამოსილი პირი. ამავე კანონის 103-ე მუხლის მესამე პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი/მისი მოადგილე თავისუფლდება თანამდებობიდან, თუ ჯეროვნად ვერ ახორციელებდა მისთვის კანონით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით, საჯარო სამართლის იურიდიული პირის წესდებით (დებულებით) ან შინაგანაწესით განსაზღვრულ უფლებამოსილებას, ან თუ ჩაიდინა დისციპლინური გადაცდომა, რომლისთვისაც თანამდებობიდან გათავისუფლებაა გათვალისწინებული. ციტირებული მუხლის მეოთხე პუნქტი კი ერთმნიშვნელოვნად განსაზღვრავს, რომ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საჯარო სამართლის იურიდიული პირის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელს/მის მოადგილეს თანამდებობიდან ათავისუფლებს შესაბამისი უფლებამოსილი თანამდებობის პირი დასაბუთებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. ეს აქტი შეიძლება ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით გასაჩივრდეს სასამართლოში.

აღნიშნულიდან გამომდინარე სახელმწიფო ქონების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - იუსტიციის სახლის (რომელიც, თავის მხრივ, კულტურული, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევითი, სასპორტო ან რელიგიური საქმიანობის განმახორციელებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი არ არის) ფილიალი მისი ტერიტორიული ორგანოა, რომელსაც ხელმძღვანელობს მენეჯერი. თავის მხრივ, ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის (მოცემულ შემთხვევაში, ფილიალის მენეჯერის) თანამდებობაზე დანიშვნა-განთავისუფლების შესახებ უფლებამოსილი პირის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია, რომლის კანონიერებაც, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალწარმოების გზით განსახილველ საკითხს წარმოადგენს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატის განმარტებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 17 დეკემბრის Nბს-4-4(გ-15) განჩინებით დადგენილი პრაქტიკა ვერ იქონიებს გავლენას წინამდებარე დავაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა არ დაეთანხმა სამოქალაქო საქმეთა პალატას დავის ადმინისტრაციული წესით განხილვის თაობაზე და 2021 წლის 25 მარტის განჩინებით სსიპ იუსტიციის სახლის სააპელაციო საჩივარი განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად გადმოუგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ განსახილველ საქმეზე დავის საგანს წარმოადგენს ,,ლ. ა-ისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის შეფარდების შესახებ" სსიპ იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის 2019 წლის 23 დეკემბრის №1094/ს ბრძანების ბათილად ცნობა, ,,ლ. ა-ის გათავისუფლების შესახებ" სსიპ იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2020 წლის 7 თებერვლის №87/კ ბრძანების ბათილად ცნობა; ლ. ა-ის სსიპ იუსტიციის სახლის ფილიალის ქუთაისის ...ის ...ის ...ის პოზიციაზე აღდგენა ან 100 000 ლარის ოდენობით (გადასახადების ჩათვლით) კომპენსაციის გადახდის მოპასუხისათვის დაკისრება. ასევე სადავოა მოპასუხე სსიპ იუსტიციის სახლისათვის ლ. ა-ის სასარგებლოდ ყოველთვიურად 2500 ლარის (დაუბეგრავი) ოდენობით იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრება (გათავისუფლებიდან - 2020 წლის 10 თებერვლიდან სამსახურში აღდგენამდე (სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე).

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განმარტებით, კანონმდებელმა ადმინისტრაციული სამართალწარმოებით საქმის განხილვის ძირითად ელემენტად განსაზღვრა დავის საგანი, რომელიც წარმოშობილია იმ სამართალურთიერთობიდან, რომელიც საჯარო, კონკრეტულად, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობითაა მოწესრიგებული.

სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 12 თებერვლის განჩინების საფუძვლად მითითებულ ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,გ" ქვეპუნქტზე, სამოქალაქო საქმეთა პალატის შესაბამის განმარტებაზე. კერძოდ, სამოქალაქო საქმეთა პალატა მიუთითებს, რომ ,,საჯარო სამსახურის კანონმდებლობის რეფორმირების შედეგად, 1997 წლის 31 ოქტომბერს მიღებული კანონი ,,საჯარო სამსახურის შესახებ" ძალადაკარგულად გამოცხადდა და 2017 წლის 1 ივლისიდან ძალაში შევიდა ახალი კანონი იმავე სახელწოდებით, თუმცა არსებითად და პრინციპების დონეზე განსხვავებული ცნებებითა და ინსტიტუტებით, რომლითაც აგრეთვე შეიცვალა სახელმწიფოს ხედვა საჯარო სამსახურის ცნებასთან მიმართებით, გაფართოვდა მისი შინაარსი და განსხვავებით მანამდე მოქმედი კანონისა, რომელიც საჯარო სამართლის იურიდიულ პირში მუშაობას არ განიხილავდა საჯარო სამსახურად, კანონმდებელმა ერთმნიშვნელოვნად მიუთითა, რომ ამიერიდან, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობა განიხილება საჯარო სამსახურად, გარდა კანონით დაშვებული გამონაკლისებისა. ასეთ გამონაკლისებს კი წარმოადგენს კულტურულ, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევით, სასპორტო, რელიგიურ და წევრობაზე დაფუძნებული სსიპ-ებში ან „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კატეგორიის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობა."

აღნიშნულთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ, მიუთითა ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 1261 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, გარდამავალ პერიოდად ჩაითვალა 2017 წლის 1 ივლისიდან 2021 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდი. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, გარდამავალ პერიოდში საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე (გარდა კულტურული, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევითი, სასპორტო, რელიგიური და წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა) არ ვრცელდება ამ კანონის (გარდა ამ კანონის 34-ე მუხლის მე-6 პუნქტისა, 35-ე, 36-ე და 39-ე–43-ე მუხლებისა) მოქმედება. აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ამჟამად მოქმედი ,,საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის ის ნორმები, რომლებიც მითითებულია ადმინისტრაციული წესით საქმის განხილვის დასადასტურებლად, ამ ეტაპზე ვერ იქნება ადმინისტრაციული სასამართლოსათვის საქმის დაქვემდებარების სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან მითითებული ნორმების მოქმედება კონკრეტულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის სსიპ იუსტიციის სახლის მიმართ 2021 წლის 31 დეკემბრამდე გადავადებულია. იმავე გარემოების გათვალისწინებით, პალატა არ იზიარებს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსაზრებას საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 17 დეკემბრის Nბს4-4(გ-15) განჩინების წინამდებარე დავის მიმართ გათვალისწინების დაუშვებლობის თაობაზე.

სააპელაციო პალატამ ასევე მიიჩნია, რომ სამოქალაქო საქმეთა პალატის მითითება ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ" საქართველოს კანონის 103-ე მუხლის მესამე პუნქტზე, არ ქმნის აგრეთვე წინამდებარე დავის ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განხილვის სამართლებრივ საფუძველს. მითითებული ნორმა ადგენს, რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელს თანამდებობიდან ათავისუფლებს შესაბამისი უფლებამოსილი თანამდებობის პირი დასაბუთებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი (ზაკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტი). განსახილველ შემთხვევაში დასტურდება, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 1261 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე ადმინისტრაციული კანონმდებლობის შესაბამისად და ამ ნორმების გათვალისწინებით სსიპ იუსტიციის სახლის ხელმძღვანელი 2022 წლის პირველ იანვრამდე ვერ იხელმძღვანელებს ,,საჯარო სამსახურის შესახებ" რიგი ნორმებით და ვერ გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ამგვარი შეფასების მართებულობას ადასტურებს სადავო აქტიც. კერძოდ, სსიპ იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2020 წლის 7 თებერვლის N87/კ ბრძანება ,,ლ. ა-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ მიღებულია საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს შრომის კოდექსის" 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ" და ,,თ" ქვეპუნქტების საფუძველზე. ბრძანების მიღების სამართლებრივი საფუძველია აგრეთვე საქართველოს იუსტიციის მინისტრის 25.07.15წ. N85 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ იუსტიციის სახლის დებულების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ" და ,,მ" ქვეპუნქტები, 26-ე მუხლის პირველი პუნქტი, სსიპ იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის მ/შ 29.12.2017წ. N875/ს ბრძანებით დამტკიცებული შინაგანაწესის 32-ე მუხლის ,,თ" და ,,ი" ქვეპუნქტები, 41-ე მუხლის ,,ა", ,,ბ", ,,მ" და ,,ნ" ქვეპუნქტები, 42-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ" ქვეპუნქტი და 55-ე მუხლის პირველი პუნქტი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ განსახილველი დავა წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველ შრომის ურთიერთობებიდან წარმოშობილ დავას, რაც დასტურდება დამატებით, აგრეთვე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებით.


ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ და სამოქალაქო საქმეთა პალატების განჩინებების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ სსიპ იუსტიციის სახლის სააპელაციო საჩივარი განსჯადობით განსახილველად თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას უნდა დაექვემდებაროს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე.

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია კანონიერ სასამართლოზე ადამიანის უფლებას სამართლიანი სასამართლოს ძირითადი უფლების შემადგენელ ნაწილად მოიაზრებს (მე-6 მუხ.). კანონიერი სასამართლოს უფლება კი სასამართლოს განსჯადობის ზუსტ განსაზღვრას მოითხოვს.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ, არსებითად სწორად განსაზღვრა მოცემული დავის განსჯადობის საკითხი და მართებულად მიიჩნია საქმე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განსჯად სამოქალაქო დავად.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლი ცალსახად ადგენს სარჩელის წარდგენის ვალდებულებას განსჯად სასამართლოში. მითითებული ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია, განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. ამასთან, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეს.

განსახილველ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ორ სხვადასხვა პალატას შორის დავა საგნობრივ განსჯადობასთან დაკავშირებით არის წარმოშობილი. ამდენად, დასადგენია, მოცემული საქმე წარმოადგენს ადმინისტრაციული თუ სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველ დავას.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლი განსაზღვრავს ადმინისტრაციული წესით სასამართლოთა განსჯად საქმეებს, კერძოდ, აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ) ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ) აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონმდებელმა ადმინისტრაციული სამართალწარმოებით საქმის განხილვის ძირითად ელემენტად განსაზღვრა დავის საგანი, რომელიც წარმოშობილია იმ სამართალურთიერთობიდან, რომელიც საჯარო, კონკრეტულად, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობითაა მოწესრიგებული.

კონკრეტულ შემთხვევაში საგნობრივ განსჯადობასთან დაკავშირებით დავის დაწყება განაპირობა იმ გარემოებამ, რომ 1997 წლის 31 ოქტომბერს მიღებული კანონი ,,საჯარო სამსახურის შესახებ" ძალადაკარგულად გამოცხადდა და 2017 წლის 1 ივლისიდან ძალაში შევიდა ახალი ,,საჯარო სამსახურის შესახებ" კანონი არსებითად და პრინციპების დონეზე განსხვავებული ცნებებითა და ინსტიტუტებით, რომლითაც გაფართოვდა მისი შინაარსი და განსხვავებით მანამდე მოქმედი კანონისა, რომელიც საჯარო სამართლის იურიდიულ პირში მუშაობას არ განიხილავდა საჯარო სამსახურად, კანონმდებელმა ერთმნიშვნელოვნად მიუთითა, რომ კანონის ამოქმედებიდან, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობა განიხილება საჯარო სამსახურად, გარდა კანონით დაშვებული გამონაკლისებისა. ასეთ გამონაკლისებს კი წარმოადგენს კულტურულ, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევით, სასპორტო, რელიგიურ და წევრობაზე დაფუძნებული სსიპ-ებში ან „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კატეგორიის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობა. იმავდროულად, ახალი ,,საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის გარდამავალი დებულებების თავში, კერძოდ, 1261 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ იქნა, რომ გარდამავალ პერიოდად ჩაითვალა 2017 წლის 1 ივლისიდან 2021 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდი, ხოლო საჯარო დაწესებულებაში შრომითი გასამრჯელოს დადგენისა და წახალისების მიზნებისთვის – 2017 წლის 1 ივლისიდან 2017 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდი, გარდა ამ მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, გარდამავალ პერიოდში საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე (გარდა კულტურული, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევითი, სასპორტო, რელიგიური და წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა) არ ვრცელდება ამ კანონის (გარდა ამ კანონის 34-ე მუხლის მე-6 პუნქტისა, 35-ე, 36-ე და 39-ე–43-ე მუხლებისა) მოქმედება. ამ პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში შრომით საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები (გარდა „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საკითხებისა) წესრიგდება საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილი წესით. აღნიშნული მუხლების ანალიზიდან გამომდინარე, ამჟამად მოქმედი ,,საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის ის ნორმები, რომლითაც საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობა მიიჩნევა საჯარო სამსახურად, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს განსჯადობის წესის შეცვლა, არ ამოქმედებულა. მისი მოქმედება გადავადებულია 2021 წლის 31 დეკემბრამდე.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სადავო აქტები გამოცემულია ,,საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის 1261 მუხლის ამოქმედებამდე, კერძოდ, 2021 წლის 31 დეკემბრამდე, შესაბამისად, დავის განმხილველმა სასამართლომ სარჩელის საფუძვლიანობის შეფასებისას უნდა იხელმძღვანელოს ,,საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის 1261 მუხლის ამოქმედებამდე არსებული ნორმატიული აქტების რედაქციით. ამდენად, სადავო სამართალურთიერთობების წარმოშობის პერიოდში მოქმედი საკანონმდებლო სივრცის საფუძველზე უნდა გადაწყდეს დავის სასამართლო განსჯადობის საკითხიც.

განსახილველ საქმეზე დავის საგანს წარმოადგენს ,,ლ. ა-ისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის შეფარდების შესახებ" სსიპ იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის 2019 წლის 23 დეკემბრის №1094/ს ბრძანების ბათილად ცნობა, ,,ლ. ა-ის გათავისუფლების შესახებ" სსიპ იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2020 წლის 7 თებერვლის №87/კ ბრძანების ბათილად ცნობა; ლ. ა-ის სსიპ იუსტიციის სახლის ფილიალის ქუთაისის ...ის ...ის ...ის პოზიციაზე აღდგენა ან 100 000 ლარის ოდენობით (გადასახადების ჩათვლით) კომპენსაციის გადახდის მოპასუხისათვის დაკისრება. ასევე სადავოა მოპასუხე სსიპ იუსტიციის სახლისათვის ლ. ა-ის სასარგებლოდ ყოველთვიურად 2500 ლარის (დაუბეგრავი) ოდენობით იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრება (გათავისუფლებიდან - 2020 წლის 10 თებერვლიდან სამსახურში აღდგენამდე (სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე).

საკასაციო სასამართლო განსჯადობის წესის გადაწყვეტისას ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ იუსტიციის სახლის ფილიალის, ქუთაისის ...ის ...ის ...ი ლ. ა-ე სამსახურიდან გათავისუფლდა საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს შრომის კოდექსის“ 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ“ და ,,თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 26 ივლისის N85 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ იუსტიციის სახლის დებულების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ" და ,,მ" ქვეპუნქტების, 26-ე მუხლის პირველი პუნქტის, სსიპ იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის მ/შ 2017 წლის 29 დეკემბრის N875/ს ბრძანებით დამტკიცებული შინაგანაწესის 32-ე მუხლის ,,თ" და ,,ი" ქვეპუნქტების, 41-ე მუხლის ,,ა", ,,ბ", ,,მ" და ,,ნ" ქვეპუნქტების, 42-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ" ქვეპუნქტისა და 55-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სადავო ბრძანების გამოცემის დროს მოქმედი ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სსიპ-ში დასაქმებული პირი არ მიიჩნეოდა საჯარო მოხელედ. ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის თანახმად, საჯარო სამსახური არის საქმიანობა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში (1.1 მუხ.), სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულება არის სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულება (2.1 მუხ.). ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ კანონის შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი არის მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს თავის საქმიანობას. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 მარტის N227 დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დაფუძნდა საჯარო სამართლის იურიდიული პირი იუსტიციის სახლი, ამავე დადგენილების მესამე პუნქტის თანახმად, ახლად შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი იუსტიციის სახლი განისაზღვრა საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 2 აგვისტოს N661 ბრძანებულებით შექმნილი სსიპ იუსტიციის სახლის სამართალმემკვიდრედ. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 25 ივლისის N85 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - იუსტიციის სახლის დებულების დამტკიცების შესახებ“ დებულების პირველი მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, იუსტიციის სახლს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი. ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტში მოცემული სახელმწიფო დაწესებულებების ჩამონათვალი, რომლებშიც საქმიანობა საჯარო სამსახურად ჩაითვლება, არ შეიცავს მითითებას საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე. ლ. ა-ე არ წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს და შესაბამისად, მასზე ვერ გავრცელდებოდა ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი. ამასთან, ლ. ა-ის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის იუსტიციის სახლის ფილიალის, ქუთაისის ...ის ...ის ...ის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლად მითითებულია საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ“ და ,,თ“ ქვეპუნქტები, რაც დამატებით ადასტურებს ლ. ა-ესთან კერძო-სამართლებრივი შრომითი ურთიერთობის არსებობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ვერ იქნება მიჩნეული ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად, რადგან იგი გამოცემულია კერძო-სამართლებრივი კანონმდებლობის საფუძველზე. მხოლოდ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფორმალური რეკვიზიტების ქონა და დასახელება, სათანადო შინაარსობრივი დატვირთვის გარეშე, დოკუმენტს ვერ აქცევს ადმინისტრაციულ აქტად. დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ ბრძანების ფორმით გამოცემული ყველა გადაწყვეტილება ავტომატურად არ უნდა გაუთანაბრდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, მსგავს შემთხვევებში ყურადღება უნდა მიექცეს გადაწყვეტილების გამოტანის საფუძვლებს, მის შინაარსს (იხ. სუსგ 21.09.2017წ. Nბს-893-885(გ-16)). განსახილველ საქმეში სსიპ იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2020 წლის 7 თებერვლის №87/კ ბრძანებაში ასახულია ორგანოს ნება კერძო-სამართლებრივი შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ, რაც გადაწყვეტილებას, მხოლოდ ბრძანების ფორმით გამოცემის გამო, ვერ აქცევს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად. აღნიშნულიდან გამომდინარე ლ. ა-ის გათავისუფლების კანონიერება უნდა შემოწმდეს სამოქალაქო სასამართლო წარმოების ფარგლებში.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო სამართალურთიერთობა არ გამომდინარეობს ადმინისტრაციული (საჯარო) სამართლის კანონმდებლობიდან. შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსაზრებას, რომ დავა განსჯადობით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის ქვემდებარეა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 26-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე მუხლებით,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ იუსტიციის სახლის სააპელაციო საჩივარი მოწინააღმდეგე მხარის ლ. ა-ის მიმართ განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.



თავმჯდომარე: ბ. სტურუა


მოსამართლეები: მ. ვაჩაძე


გ. აბუსერიძე