საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-889(კ-20) 19 ოქტომბერი, 2021 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახური
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ნ. ჩ-ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 7 ნოემბრის განჩინება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2019 წლის 21 მარტს ნ. ჩ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, 25 წელზე მეტია მუშაობდა საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2019 წლის 22 თებერვლის N662 ბრძანებით გათავისუფლდა სამსახურიდან მიმდინარე სტრუქტურული ცვლილებების საფუძველზე.
მოსარჩელის მოსაზრებით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ სადავო ბრძანების გამოცემისას დაირღვა ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ, ,,ნ. ჩ-ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის, 2019 წლის 22 თებერვლის №662 ბრძანების ბათილად ცნობა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის ნ. ჩ-ის ... ...ის ...ის ...ის ... ...ის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება და გათავისუფლების დღიდან სამსახურში აღდგენის დღემდე პერიოდში ნ. ჩ-ის სასარგებლოდ იძულებით განაცდურის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილებით ნ. ჩ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ,,ნ. ჩ-ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2019 წლის 22 თებერვლის №662 ბრძანება და მოპასუხეს - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს დაევალა, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელე ნ. ჩ-თან დაკავშირებით, კანონით დადგენილ ვადაში; სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 7 ნოემბრის განჩინებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ მიუთითა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საჯარო სამსახური არის სახელმწიფო სამსახურში საქმიანობა (გარდა ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირების მიერ განხორციელებული საქმიანობისა), მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) საქმიანობა, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობა (გარდა კულტურულ, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევით, სასპორტო და რელიგიურ, წევრობაზე დაფუძნებულ და ამ კანონითა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კატეგორიის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობისა). მითითებული კანონის 102-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საჯარო სამსახურის ინტერესებიდან გამომდინარე, სისტემური, ეფექტიანი მმართველობის უზრუნველყოფის მიზნით შესაძლებელია საჯარო დაწესებულების რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმა. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 110-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მოხელე შესაძლებელია სამსახურიდან გათავისუფლდეს საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებასთან დაკავშირებით, თუ მოხელის ამ კანონის 52-ე მუხლით გათვალისწინებული მობილობა შეუძლებელია. ამრიგად, საჯარო სამსახურში თანამდებობიდან გათავისუფლების ერთ-ერთი საფუძველი რეორგანიზაციის შედეგად შესაბამისი საშტატო ერთეულის (თანამდებობის) შემცირებაა, რაც თავის მხრივ, გულისხმობს აღნიშნული საშტატო ერთეულის ფუნქციურად სრულად გაუქმებას.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2019 წლის 16 თებერვლის ბრძანებით დამტკიცებული საშტატო ნუსხის მიხედვით, ... ...ის ...ის სამმართველოში განისაზღვრა 9 საშტატო ერთეული, მათ შორის, სამსახურის უფროსი - 1 საშტატო ერთეული, ... ...ის ... ...ისი - 6 საშტატო ერთეული და მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - 2 საშტატო ერთეული, ხოლო რეორგანიზაციამდე დამტკიცებული საშტატო ნუსხის მიხედვით, ... ...ის ...ის სამსახურში არსებობდა 25 საშტატო ერთეული, რომელთაგან ერთ - ერთზე დანიშნული იყო ნ. ჩ-ი. რეორგანიზაციის შედეგად ჯამში 16 ერთეულით შემცირდა ... ...ის ...ის სამსახურის საშტატო ერთეულები. მხარეების მიერ სადავოდ არ გამხდარა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ნ. ჩ-ის მიერ გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობა, ... ...ის სხვა საშტატო ერთეულები და რეორგანიზაციის შედეგად სამინისტროში შექმნილი ზემოთ მითითებული საშტატო ერთეულები (... ...ს ... ...ის) ფუნქციურად ერთი და იმავე შინაარსის იყო, რაც ამ საშტატო ერთეულზე დასაქმებული პირების არსებითად თანაბარ სამართლებრივ მდგომარეობაში ყოფნას განაპირობებდა.
სააპელაციო პალატამ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში მიმდინარე რეორგანიზაციის ფარგლებში ჩატარებული სახელმწიფო (ქართული) ენის მართლწერის ტესტში მოსარჩელის შეფასებამ შეადგინა 53 ქულა (მაქსიმალური ქულა - 80), ზოგადი უნარების ტესტში - 47 ქულა (მაქსიმალური ქულა - 80), საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების ცოდნის განმსაზღვრელ ტესტში - 21 ქულა (მაქსიმალური ქულა - 30). ასევე დადგენილია, რომ ... ...ის ...ის სამმართველოში განსაზღვრულ 9 საშტატო ერთეულზე შერჩეული პირების ტესტირების შედეგების თანახმად, მოსარჩელის მიერ მიღებული ტესტირების ჯამური შედეგი აღემატება საშტატო ერთეულზე დასაქმებული ოთხი პირის ტესტირების შედეგს. ასევე 2019 წლის 19 თებერვლის გასაუბრების ოქმის თანახმად, გასაუბრებაზე დაბარებულ იქნა 20 მოსამსახურე. გასაუბრებაზე გამოცხადდა ყველა დაბარებული პირი. ... ...ის ...ის სამსახურის მოსამსახურეებს გასაუბრების მსვლელობისას დაუსვეს საქმიანობასთან დაკავშირებული კითხვები, როგორც ოქმიდან ირკვევა, მიუხედავად ნ. ჩ-ის ხანგრძლივი სამუშაო სტაჟისა, კითხვებზე პასუხები არ იყო არგუმენტირებული და დამაკმაყოფილებელი.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტება, რომ რეორგანიზაციის შედეგად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2019 წლის 16 თებერვლის ბრძანებით დამტკიცებული საშტატო ნუსხის მიხედვით, ... ...ის ...ის სამმართველოში განისაზღვრა 9 საშტატო ერთეული, მათ შორის, ... ...ის ... ...ისი - 6 საშტატო ერთეული და მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - 2 საშტატო ერთეული, რაც იმას ნიშნავს, რომ ... ...ის ...ის სამსახურში განსაზღვრულ წამყვანი სპეციალისტის 12 საშტატო ერთეულსა და უფროსი სპეციალისტის 12 საშტატო ერთეულზე დასაქმებულ პირებს შორის წარმოიქმნა კონკურენცია ახლად შექმნილ 8 საშტატო ერთეულზე შერჩევის მიზნით. ამასთან, შერჩევის დისკრეციული უფლებამოსილება ჰქონდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურს.
სააპელაციო პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს განმარტება, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. დაუშვებელია ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების კანონიერების მტკიცება მხოლოდ დისკრეციული უფლებამოსილების არსებობაზე მითითებით. მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების შეფასებისას გამოსარკვევია არა მარტო ის, ჰქონდა თუ არა ადმინისტრაციულ ორგანოს კონკრეტული საკითხის გადასაწყვეტად დისკრეციული უფლებამოსილება, არამედ ის, თუ როგორ განახორციელა მან აღნიშნული უფლებამოსილება. სასამართლოს კონსტიტუციურ ვალდებულებას წარმოადგენს გააკონტროლოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული დისკრეციული უფლებამოსილების კანონიერება. ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების კანონიერების დადგენა კი უპირველესად მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებიდან ხდება შესაძლებელი.
ამასთან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტება, რომ სადავო ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტში არ არის ასახული გარემოებები, რომლითაც მოპასუხემ - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა იხელმძღვანელა მოსარჩელე ნ. ჩ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების დროს, კერძოდ, არ არის მითითებული და დასაბუთებული, თუ რა კრიტერიუმების (კვალიფიკაცია და ა.შ) გათვალისწინებით მიანიჭა სხვა პირს უპირატესობა ზემოთ აღნიშნულ ... ...ის ...ის სამმართველოში საშტატო ერთეულზე დანიშვნის დროს და რატომ უთხრა მას უარი მოცემულ საშტატო ერთეულზე დანიშვნაზე იმ პირობებში, როდესაც, როგორც ზემოთ აღინიშნა, ... ...ის ...ის სამმართველოში არსებული საშტატო ერთეული დატვირთულია არსებითად იმავე ფუნქციებით, რომელსაც ნ. ჩ-ი მის მიერ დაკავებულ საშტატო ერთეულზე მუშაობისას ახორციელებდა, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც ... ...ის ...ის სამმართველოში განსაზღვრულ 9 საშტატო ერთეულზე შერჩეული პირების ტესტირების შედეგებით, მოსარჩელის მიერ მიღებული ჯამური შედეგი აღემატება საშტატო ერთეულზე დასაქმებული ოთხი პირის ტესტირების შედეგს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 7 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, ნ. ჩ-ი მუშაობდა სპეციალური პენიტენციური სამსახურის ... ...ის ...ის ...ის ... ...ის თანამდებობაზე. სამსახურში განხორციელებულმა რეორგანიზაციამ გამოიწვია სპეციალური პენიტენციური სამსახურის ახალი საშტატო რიცხოვნობის დამტკიცება. განხორციელებული ცვლილებების თანახმად, რეორგანიზებულ ... ...ის ...ის სამსახურში, რასაც მოჰყვა შტატების შემცირება, ადმინისტრაციულ დეპარტამენტში შეიქმნა ... ...ის ...ის სამმართველო, რომელიც ნაცვლად 25 საშტატო ერთეულისა განისაზღვრა 9 საშტატო ერთეულით.
კასატორის მითითებით, სადავო გადაწყვეტილებაში სასამართლო აქცენტს აკეთებს ტესტირების შედეგებზე, როდესაც სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში თანამშრომლების გათავისუფლების მიზეზს წარმოადგენდა მიმდინარე რეორგანიზაცია, რომელსაც თან ახლდა შტატების შემცირება, სასამართლო მსჯელობისას ეყრდნობა იმ ფაქტს, რომ ნ. ჩ-ის მიერ ტესტირებაში დაფიქსირებული ჯამური შედეგი აღემატება სხვა ოთხი თანამშრომლის ჯამურ შედეგს, სასამართლო, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში აქცენტს აკეთებს თანამშრომელთა მიერ ტესტირებაში მიღებულ ჯამურ შედეგებზე, გადაწყვეტილებაში არ არის საუბარი თანამშრომლებთან ჩატარებულ გასაუბრებაზე, სადაც მოსარჩელემ, მიუხედავად მისი ხანგრძლივი სამუშაო სტაჟისა, საქმიანობასთან დაკავშირებულ კითხვებს ვერ გასცა არგუმენტირებული და დამაკმაყოფილებელი პასუხები.
„სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურე შეიძლება სამსახურიდან დათხოვნილ/გათავისუფლებულ იქნეს სამსახურის, სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფის/ერთეულის, პენიტენციური დაწესებულების ლიკვიდაციის ან შტატების შემცირების გამო.
საჯარო სამსახურის ინტერესებიდან გამომდინარე, სისტემური, ეფექტიანი მმართველობის უზრუნველყოფის მიზნით, შესაძლებელია განხორციელდეს საჯარო დაწესებულების რეორგანიზაცია. საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის გამო განსახორციელებელი ღონისძიებების გეგმის შინაარსს განსაზღვრავს თითოეული საჯარო დაწესებულება თავისი სპეციფიკისა და რეორგანიზაციის მიზნიდან გამომდინარე. ნ. ჩ-ის სამსახურიდან გათავისუფლება განაპირობა სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში განხორციელებულმა სტრუქტურულმა რეორგანიზაციამ, რომელიც უშუალოდ შეეხო მანამდე მის მიერ დაკავებულ თანამდებობას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის განმარტებით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2019 წლის 21 თებერვლის N662 ბრძანება სრულად შეესაბამება კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს და არ არსებობს მისი ბათილობის ფაქტობრივი თუ სამართლებრივი საფუძვლები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 3 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს სამსახურში ჩატარებული რეორგანიზაციისა და მის მიერ დაკავებული საშტატო ერთეულის შემცირების საფუძვლით, ნ. ჩ-ის სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერება.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს საჯარო მოსამსახურის სტატუსს, პროფესიული საჯარო მოხელის დასაქმებისა და სამსახურის გავლის პირობებს, საჯარო სამსახურის მართვის საკითხებს, აწესრიგებს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საჯარო მოსამსახურეთა სამოხელეო სამართლებრივ ურთიერთობებს. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 4.3 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის მიხედვით, თუ სპეციალური კანონმდებლობით ან მის საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომელზეც.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 102-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საჯარო სამსახურის ინტერესებიდან გამომდინარე, სისტემური, ეფექტიანი მმართველობის უზრუნველყოფის მიზნით შესაძლებელია საჯარო დაწესებულების რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმა. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 110-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მოხელე შესაძლებელია სამსახურიდან გათავისუფლდეს საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებასთან დაკავშირებით, თუ მოხელის ამ კანონის 52-ე მუხლით გათვალისწინებული მობილობა შეუძლებელია. ამრიგად, საჯარო სამსახურში, თანამდებობიდან გათავისუფლების ერთ - ერთი საფუძველი რეორგანიზაციის შედეგად შესაბამისი საშტატო ერთეულის (თანამდებობის) შემცირებაა, რაც თავის მხრივ, გულისხმობს აღნიშნული საშტატო ერთეულის ფუნქციურად სრულად გაუქმებას.
საკასაციო სასამართლოს მიერ არაერთგზის განიმარტა, რომ საშტატო ერთეულისათვის სახელწოდების შეცვლა არ ადასტურებს მის გაუქმებას. საშტატო ერთეული გაუქმებულად ითვლება, როცა ფუნქციური დატვირთვით აღარ არსებობს ამგვარი შტატი, ახალი საშტატო ერთეულით განისაზღვრა სხვა უფლება - მოვალეობები, ან/და ამგვარი საშტატო ერთეულის დასაკავებლად სხვა კრიტერიუმები უნდა იქნეს დაკმაყოფილებული პირის მიერ და ა.შ. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ რეორგანიზაციის შედეგად შეიძლება ადმინისტრაციული ორგანოს სტრუქტურა შეიცვალოს, გაიყოს და კონკრეტული სამსახურები განსხვავებულად ჩამოყალიბდეს, მაგრამ მოხელის მიერ დაკავებული შტატი არსებითად უცვლელად დარჩეს, ანუ იყოს იმავე იერარქიულ საფეხურზე, თუნდაც სხვა უწყების დაქვემდებარებაში და ითვალისწინებდეს იმავე უფლება - მოვალეობების შესრულებას (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინსტრაციული საქმეთა პალატის 2015 წლის 8 დეკემბრის განჩინება №ბს- 449-442(კ-15)).
რეორგანიზაცია შტატების შემცირებით საკანონმდებლო რეგულაციის დონეზე იძლევა თანამშრომლის სამსახურიდან დათხოვნის საფუძველს. შტატების შემცირების გამო მოხელის სამსახურიდან დათხოვნა უკავშირდება მუშაკთა უნარ-ჩვევების შეფასების უფლებამოსილებას, რაც ადმინისტრაციულ ორგანოს უქმნის დისკრეციის, შეფასების თავისუფლების ფართო არეალს. „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონი დაწესებულებაში შტატების შემცირების შემთხვევაში, ადმინისტრაციას ანიჭებს დისკრეციას, მოახდინოს თანამშრომელთა პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შრომის დისციპლინის და ა.შ ადეკვატური, ობიექტური შეფასება და მიიღოს შესაბამისი მოტივირებული გადაწყვეტილება. ამასთან, საკასაციო პალატამ საქმეზე Nბს-342-331(კ-10) 2010 წლის 20 ოქტომბერს მიღებულ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გამოცემული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტთან დაკავშირებით სასამართლოს შეუძლია იმსჯელოს სადავო აქტის კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის საკითხზე ანუ მის კანონიერებაზე, დავის გადაწყვეტისას სასამართლო ხელმძღვანელობს კანონმდებლობის მოთხოვნებით და არა მიზანშეწონილობის მოსაზრებებით, უკანასკნელს არა აქვს პრიორიტეტული მნიშვნელობა კანონმდებლობის ნორმატიული მოთხოვნების დაცვასთან. სასამართლო ვერ იმსჯელებს სადავო გადაწყვეტილების მიზანშეწონილობის ასპექტებზე, აქტის მიზანშეწონილობის გადამოწმება სცილდება სასამართლო კონტროლის ფარგლებს, რაც ხელისუფლების დანაწილების კონსტიტუციური პრინციპით არის განპირობებული, სასამართლო ვერ იქცევა ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოდ და თავად ვერ განახორციელებს დისკრეციულ უფლებამოსილებას, ვერ შეცვლის ადმინისტრაციულ მიხედულებას სასამართლოს მიხედულებით.
საკასაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ რეორგანიზაციის შედეგად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2019 წლის 16 თებერვლის ბრძანებით დამტკიცებული საშტატო ნუსხის მიხედვით, ... ...ის ...ის სამმართველოში განისაზღვრა 9 საშტატო ერთეული, მათ შორის, ... ...ის ... ...ისის - 6 საშტატო ერთეული და მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის - 2 საშტატო ერთეული, ე.ი. ... ...ის ...ის სამსახურში განსაზღვრულ, წამყვანი სპეციალისტის - 12 საშტატო ერთეულსა და უფროსი სპეციალისტის - 12 საშტატო ერთეულზე დასაქმებულ პირებს შორის წარმოიქმნა კონკურენცია ახლად შექმნილ 8 საშტატო ერთეულზე შერჩევის მიზნით. მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ ნ. ჩ-ის მიერ გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობა, წამყვანი სპეციალისტის სხვა საშტატო ერთეულები და რეორგანიზაციის შედეგად სამინისტროში შექმნილი ზემოთ მითითებული საშტატო ერთეულები (... ...ის ... ...ისის) ფუნქციურად არსებითად ერთი და იმავე შინაარსისა იყო, რაც ამ საშტატო ერთეულზე დასაქმებულ პირების არსებითად თანაბარ სამართლებრივ მდგომარეობაში ყოფნას განაპირობებდა. ამასთან, შერჩევის დისკრეციული უფლებამოსილება ჰქონდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციურ სამსახურს.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. ამავე კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. ამდენად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი იმპერატიულად მოითხოვს, დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების დროს დაცული იყოს საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპი, რომლის შინაარსი მდგომარეობს საჯარო და კერძო ინტერესების თანაზომიერ გაწონასწორებასა და მათ მართლზომიერ დაბალანსებაში.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით და ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციის ფარგლებში, უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, ვინაიდან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას, ხოლო ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. აღნიშნული ნორმების სტრუქტურული შინაარსი გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან გადაწყვეტილებების მიღებისას, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში იმ სამართლებრივი და ფაქტობრივი წინამძღვრების მითითების ასახვის ვალდებულებას, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. ამგვარად, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში გამოცემული უფლების მზღუდავი სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს იმგვარ დასაბუთებას, რომ მხარისათვის ნათელი და განჭვრეტადი იყოს, რა მოტივით და რა საფუძვლით იქნა იგი განთავისუფლებული სამსახურიდან, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მკაფიოდ უნდა იყოს დასაბუთებული შტატების შემცირების საფუძველზე, კონკრეტული მოხელის გათავისუფლების აუცილებლობა და სხვა მოხელეებისათვის უპირატესობის მინიჭების საჭიროება. მით უფრო იმ პირობებში, როდესაც რესურსების მართვის სამმართველოში არსებული საშტატო ერთეული დატვირთულია არსებითად იმავე ფუნქციებით, რომელსაც ნ. ჩ-ი მის მიერ დაკავებულ საშტატო ერთეულზე მუშაობისას ახორციელებდა, ამასთან, ... ...ის ...ის სამმართველოში განსაზღვრულ 9 საშტატო ერთეულზე შერჩეული პირების ტესტირების შედეგებით, ტესტირებაში მოსარჩელის მიერ მიღებული ჯამური შედეგი აღემატება საშტატო ერთეულზე დასაქმებული ოთხი პირის ტესტირების შედეგს.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, მართალია სამსახურში მიმდინარე რეორგანიზაციის დროს შექმნილი საშტატო ერთეულებზე მოხელეთა დანიშვნა დაკავშირებულია ადმინისტრაციული ორგანოს ან შესაბამისი თანამდებობის პირის დისკრეციას მიკუთვნებულ ისეთი გადაწყვეტილების მიღებასთან, რომელშიც, სასამართლო, თავისთავად, არ არის უფლებამოსილი, ჩაერიოს არჩევანის თავისუფლებაში, თუმცა აღნიშნული უპირობოდ არ მოიაზრებს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დისკრეციის ფარგლებში წერილობითი სახით გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების გარეშე მიღებას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ არსებობდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების საფუძველი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა. შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის
საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 7 ნოემბრის განჩინება.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. სტურუა
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე