Facebook Twitter

საქმე #ბს-436(კ-20) 28 ოქტომბერი, 2021 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ბიძინა სტურუა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა შპს „...ის“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 5 სექტემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2018 წლის 29 მარტს შპს „...მა“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელემ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2015 წლის 4 ივნისის #045-15-156/0 ბრძანებით შექმნილი „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ პირობების შესრულების კონტროლის შედეგებზე მომწოდებლის მხრიდან წარმოდგენილი ადმინისტრაციული საჩივრების განმხილველი სათათბირო ორგანოს (კომისიის) 2018 წლის 5 მარტის #05/03/2018 საოქმო გადაწყვეტილებისა (შპს „...ის“ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ) და შპს „...ისათვის“ ჯარიმის სახით 642 060.20 ლარის გადახდის დაკისრების თაობაზე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 22 ნოემბრის შპს „...ის“ მიერ, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გეგმიური ამბოლატორიული მომსახურების მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე თანხმობის ფორმის (მკაცრი აღრიცხვის ბლანკი) შევსების მდგომარეობისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 1 ივნისის #04/35167 წერილით მოთხოვნილი დოკუმენტაციის #2017/22/04 თემატური შემოწმების აქტის ბათილად ცნობა მოითხოვა.

სარჩელის თანახმად, 2017 წლის 22 ნოემბერს სოციალური მომსახურების სააგენტომ გამოსცა შპს „...ის“ მიერ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის „გეგმიური ამბულატორიული მომსახურების“ მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე თანხმობის ფორმის შევსების მდგომარეობისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 1 ივნისის #04/35167 წერილით მოთხოვნილი დოკუმენტაციის თემატური შემოწმების აქტი, რომლითაც შპს-ს დაეკისრა ჯარიმა 642 060.20 ლარის ოდენობით. 2017 წლის 22 ნოემბრის თემატური შემოწმების აქტი მოსარჩელის მიერ გასაჩივრდა სსიპ სოციალური დაცვის სააგენტოში. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2015 წლის 4 ივნისის #045-156/ო ბრძანებით შექმნილი საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის პირობების შესრულების კონტროლის შედეგებზე მიმწოდებლის მხრიდან წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრების განმხილველი სათათბირო ორგანოს (კომისია) მიერ 2018 წლის 5 მარტს მიღებულ იქნა #05/03/2018 საოქმო გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 30 იანვრის განჩინებით შპს „...ის“ სარჩელი გადაეგზავნა განსჯად ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით შპს „...ის“ მე-2 სასარჩელო მოთხოვნაზე - ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 22 ნოემბრის შპს „...ის“ მიერ, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გეგმიური ამბოლატორიული მომსახურების მისაღებად რეგისტრირებულ 5 მოსარგებლეზე თანხმობის ფორმის (მკაცრი აღრიცხვის ბლანკი) შევსების მდგომარეობისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 1 ივნისის #04/35167 წერილით მოთხოვნილი დოკუმენტაციის #2017/22/04 თემატური შემოწმების აქტი, რომლითაც შპს „...ს“ დაეკისრა ჯარიმის სახით 642 060.20 ლარის გადახდა - ამ ნაწილში სარჩელის დაუშვებლობის გამო შეწყდა საქმის წარმოება.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 23 მაისის გადაწყვეტილებით შპს „...ის“ (ს/კ ...) სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2015 წლის 4 ივნისის #045-15-156/0 ბრძანებით შექმნილი „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ პირობების შესრულების კონტროლის შედეგებზე მომწოდებლის მხრიდან წარმოდგენილი ადმინისტრაციული საჩივრების განმხილველი სათათბირო ორგანოს (კომისიის) 2018 წლის 5 მარტის #05/03/2018 საოქმო გადაწყვეტილება - შპს „...ის“ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და ადმინისტრაციულ ორგანოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი აქტის გამოცემა დაევალა.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 23 მაისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 23 მაისის გადაწყვეტილებაზე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში შეგებებული სააპელაციო საჩივარი წარადგინა შპს „...მა“, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 5 სექტემბრის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და შპს „...ის“ სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 23 მაისის გადაწყვეტილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 5 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „...მა“, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის მოსაზრებით, მართალია, სასამართლომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით ბათილად ცნო გასაჩივრებული გადაწყვეტილება, თუმცა მას თავადვე არსებითაც უნდა გადაეწყვიტა დავა. კასატორი მიუთითებს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 ოქტომბრის განჩინებაზე, რომლითაც სასამართლომ სოციალური მომსახურების სააგენტოს 22.11.2017წ. თემატური შემოწმების აქტი არ მიიჩნია ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად, ვინაიდან ის ვერ წარმოშობდა ცალმხრივად შესასრულებლად სავალდებულო ძალის მქონე უშუალო სამართლებრივ შედეგს. ადმინისტრაციულ ორგანოს კი, სრულყოფილად არ გამოუკვლევია საქმის გარემოებები.

ადმინისტრაციული საჩივრების განმხილველმა სათათბირო ორგანომ ისე მიიღო გადაწყვეტილება შპს-ს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ, რომ არ უმსჯელია მისი აღსრულების მექანიზმზე და არ გაუთვალისწინებია, რომ თანხის დაკისრების საკითხი სასამართლო დავის საგანია და სოციალური მომსახურების სააგენტოს 22.11.2017წ. თემატური შემოწმების აქტი არ წარმოადგენდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. შესაბამისად, მოცემული დავის ფარგლებში გასაჩივრებული გადაწყვეტილების ამგვარი სახით ძალაში შესვლის შემთხვევაში, ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა იმსჯელოს შპს „...ის“ იმ ადმინისტრაციული საჩივრის ბათილად ცნობაზე, რომლითაც ითხოვდნენ თემატური შემოწმების აქტის ბათილად ცნობას. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული აქტი არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რა დოკუმენტის კანონიერებაზე უნდა იმსჯელოს სოციალური მომსახურების სააგენტომ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 7 აგვისტოს განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 26 ივლისის განჩინებით ადმინისტრაციულ საქმეზე #ბს-436(კ-20), შპს „...ის“ საკასაციო საჩივრის გამო პროცესუალური მოწინააღმდეგის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 5 სექტემბრის განჩინებაზე, მოსამართლე გოჩა აბუსერიძემ განაცხადა თვითაცილება.

ადმინისტრაციული საქმე #ბს-436(კ-20) საკასაციო სასამართლოს მოსამართლეებზე განაწილდა შემთხვევითი განაწილების პრინციპით საქმეთა ელექტრონული განაწილების სისტემის მეშვეობით. მოცემული საქმე 2021 წლის 13 სექტემბერს დაეწერა მოსამართლე მ. ვაჩაძეს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინიტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება.

მოცემულ შემთხვევაში სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოს“ მიერ განხორციელდა შპს „...ის“ მიერ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გეგმიური ამბოლატორიული მომსახურების მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე თანხმობის ფორმის (მკაცრი აღრიცხვის ბლანკი) შევსების მდგომარეობის შესახებ და სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 1 ივნისის #04/35167 წერილით მოთხოვნილი დოკუმენტაციის თემატური შემოწმება, რაზეც 2017 წლის 22 ნოემბერს შედგა #2017/22/04 აქტი. შემოწმების შედეგად დაფიქსირდა ცალკეულ ბენეფიციართა რეგისტრაციისას არსებული დარღვევები, მათ შორის, დასარეგისტრირებელი კონტიგენტების აღრევა, სამედიცინო დოკუმენტებში გარკვეულ ბენეფიციართა პირადობის მოწმობების არარსებობა, თანხმობის ფორმებში მონაცემების ჩასწორება, ხოლო ცალკეულ შემთხვევებში, ფორმების მოუძიებლობა. სწორედ მოცემულ დარღვევებთან დაკავშირებით, შპს „...ს“ დაეკისრა ჯარიმის სახით 642 060,20 ლარის გადახდა.

დადგენილია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2015 წლის 4 ივნისის #045-156/ო ბრძანებით შექმნილი საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის პირობების შესრულების კონტროლის შედეგებზე მიმწოდებლის მხრიდან წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრების განმხილველი სათათბირო ორგანოს (კომისია) 2018 წლის 5 მარტის #05/03/2018 საოქმო გადაწყვეტილებით შპს „...ს“ უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებრვლის #36 დადგენილების მე-20 მუხლით განსაზღვრულია პროგრამებში მონაწილე სუბიექტების უფლება-მოვალეობები. მოცემული მუხლის მე-5 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია პროგრამის მონიტორინგის განხორციელებისას მოთხოვნისთანავე, ხოლო ზედამხედველობის სხვა ეტაპებზე არა უგვიანეს სამი სამუშაო დღისა, უზრუნველყოს უფლებამოსილი პირის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის (მ.შ. საჭიროების შემთხვევაში, სამედიცინო და ფინანსური დოკუმენტაციის ასლები) მიწოდება.

მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით არ დგინდება და ვერც ადმინისტრაციული ორგანოს წამომადგენელი უთითებს შემმოწმებლების მიერ ხარვეზის დადგენის პროცედურების დაცვაზე, ასევე იმ გარემოებაზე, მოსარგებლეებმა მიმწოდებლისგან მიიღეს თუ არა სამედიცინო მომსახურება. მიუხედავად ამ და სხვა საკითხებისა, რაც მხარეს მითითებული ჰქონდა ადმინისტრაციულ საჩივარში, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმისათვის მნიშვნელობის გარემოებების შეფასებისა და გამოკვლევის გარეშე მიღებულ იქნა სადავო გადაწყვეტილება შპს „...ის“ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატას, რომ დარღვევის ფორმალურ ნიშნებზე მითითებით მოსარჩელის დაჯარიმება, როგორც შემზღუდველი ღონისძიება, უნდა იყოს ქმედების თანაზომიერი და ემსახურებოდეს სამართლებრივი სახელმწიფოს კონსტიტუციურ პრინციპს. შესაბამისად, სადავო საკითხისადმი ფორმალური მიდგომა და დასაბუთებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გარეშე მოსარჩელის დაჯარიმება ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას არ არის სათანადოდ გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, რაც ადასტურებს მოცემულ შემთხვევაში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების საჭიროებას.

ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას იმ გარემოებაზე, რომ მართალია, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ #2017/22/04 თემატური შემოწმების აქტი არ მიიჩნია ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად, თუმცა სასამართლო მოცემულ საქმეზე დავის საგნიდან გამომდინარე არ არის შეზღუდული ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული წარმოების ფარგლებში კვლავ იმსჯელოს მოცემულ საკითხზე. „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებრვლის #36 დადგენილება გაწეული სამედიცინო მომსახურების შესაბამისობის დადგენისა და მიმწოდებელ დაწესებულებაში პროგრამული შემთხვევის სამედიცინო დოკუმენტაციის შემოწმების მიზნით ითვალისწინებს კონტროლისა და რევიზიის პროცედურებს, რასთან დაკავშირებითაც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიიღება კონტროლის ან რევიზიის აქტი, რაც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისათვის დადგენილ მოთხოვნებს და მოიცავდეს მითითებას საჯარიმო სანქციების გადახდისა და აღსრულების პირობებზე (151 და მე-16 მუხლები).

ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში, საქართველოს მთავრობის 2019 წლის 10 ოქტომბრის #487 დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის #36 დადგენილებით დამტკიცებული საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მე-3 მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 17 აგვისტოს #509 დადგენილების მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების საფუძველზე, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლეებს წარმოადგენენ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო და სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან შპს „...ის“ საკასაციო საჩივარზე 03.08.2020წ. საგადახდო დავალებით ვახტანგ ბეგაძის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, შპს „...ს“ (ს/კ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 5 სექტემბრის განჩინება;

3. შპს „...ს“ (ს/კ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 03.08.2020წ. საგადახდო დავალებით ვახტანგ ბეგაძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ბ. სტურუა