საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
საქმე №ბს-928(კს-21) 25 ნოემბერი, 2021 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის
შემდეგი შემადგენლობა:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) - სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - სს ...ი
დავის საგანი - სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 22 აპრილის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სს ...მა 2020 წლის 19 აგვისტოს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიმართ და მოსარჩელემ ამავე სააგენტოს 2020 წლის 16 აპრილის, სს ...ის (ს/კ ...) 2015 წლის 1 თებერვლიდან 2020 წლის 1 თებერვლამდე პერიოდში საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის (კომპონენტი - მშობიარობა და საკეისრო კვეთა) ფარგლებში დაფიქსირებული შემთხვევების შერჩევითი შემოწმების №ს/კ-436-54 აქტის 7.1.1. პუნქტისა და სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს 2020 წლის 16 ივლისის №02/8859 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 24 აგვისტოს განჩინებით მოცემული ადმინისტრაციული საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ახალქალაქის რაიონულ სასამართლოს.
ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილებით სს ...ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სააგენტოს 2020 წლის 16 აპრილის სს ...ის (ს/კ ...) 2015 წლის 1 თებერვლიდან 2020 წლის 1 თებერვლამდე პერიოდში საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის (კომპონენტი - მშობიარობა და საკეისრო კვეთა) ფარგლებში დაფიქსირებული შემთხვევების შერჩევითი შემოწმების №ს/კ-436-54 აქტის 7.1.1. პუნქტი და სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს 2020 წლის 16 ივლისის №02/8859 გადაწყვეტილება. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 22 აპრილის განჩინებით სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად. სააპელაციო პალატამ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე, 369-ე, 474-ე, 390-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილებით მხარეებს განემარტათ მისი გასაჩივრების ვადა და წესი. საქმეში არსებული საფოსტო შეტყობინების ბარათის მიხედვით, ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილება გაეგზავნა სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მის მიერ მითითებულ მისამართზე (თბილისი, ...ის ... N...) და მიმდინარე წლის 16 მარტს ჩაბარდა სპეციალისტს - მ. თ-ს, ამდენად, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო 2021 წლის 17 მარტიდან და დასრულდა იმავე წლის 30 მარტს, 24:00 საათზე (სამშაბათი, სამუშაო დღე), საჩივარი კი წარდგენილ იქნა 2021 წლის 31 მარტს, რაც ვადის დარღვევით მის წარდგენას ადასტურებს.
სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 22 აპრილის განჩინების გაუქმების მოთხოვნით საქართველოს უზენაეს სასამართლოს კერძო საჩივრით მომართა სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ. კერძო საჩივრის ავტორი უარყოფს ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილების 2021 წლის 16 მარტს ჩაბარების ფაქტს და აღნიშნავს, რომ გადაწუყვეტილება ჩაბარდა იმავე წლის 17 მარტს.
კერძო საჩივარი სასამართლოს წარედგინა 2021 წლის 23 ივლისს მაშინ, როცა გასაჩივრების ვადა იწურებოდა მიმდინარე წლის 21 ივლისს. მიუხედავად იმისა, რომ კერძო საჩივარი შედგენილი იყო გასაჩივრების ვადის დარღვევით - 2021 წლის 22 ივლისით, მას თან ერთვოდა კონვერტი, რაზეც დოკუმენტის ფოსტაში ჩაბარების თარიღი არ იკითხებოდა. ამიტომ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით კერძო საჩივარზე დადგინდა ხარვეზი, რითაც კერძო საჩივრის ავტორს დაევალა საქართველოს უზენაესი სასამართლოში წარმოედგინა მტკიცებულება კერძო საჩივრის ფოსტაში ჩაბარების შესახებ.
სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ 2021 წლის 1 ნოემბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოში ხარვეზის გამოსწორების მიზნით განცხადება წარმოადგინა. კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ჩაბარდა არა 2021 წლის 9 ივლისს, არამედ იმავე წლის 12 ივლისს, ხოლო კერძო საჩივარი ფოსტას ნამდვილად მიმდინარე წლის 22 ივლისს ჩააბარა. აღნიშნულის დასადასტურებლად განცხადებას დაურთო შპს „სკს-ს“ №133 რეესტრი, ასევე თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 22 აპრილის განჩინების სააგენტოში რეგსიტრაციის (შტამპზე აღბეჭდილია 2021 წლის 12 ივლისი) დამადასტურებელი დოკუმენტი. აქედან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორი თვლის, რომ არ დაურღვევია კერძო საჩივრის წარდგენისთვის კანონით დადგენილი გასაჩივრების ვადა, რის გამოც კერძო საჩივრის დაკმაყოფილება და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპეროცესო კოდექსის 416-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანის ვადაა 12 დღე, ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ დაიშვება და იგი იწყება მხარისათვის განჩინების გადაცემის მომენტიდან. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. იმავე კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთი, რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, რჩება განუხილველად.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სააპელაციო პალატის 2021 წლის 22 აპრილის განჩინება სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს გაეგზავნა საქმეში მითითებულ მისამართზე და ჩაბარდა 2021 წლის 9 ივლისს (ს.ფ. 241). შესაბამისად, კერძო საჩივრის წარდგენის ვადის დენა დაიწყო 2021 წლის 10 ივლისიდან და ამოიწურა 2021 წლის 21 ივლისს (ოთხშაბათს), ხოლო კერძო საჩივარი ფოსტის მეშვეობით სასამართლოში წარდგენილ იქნა 2021 წლის 22 ივლისს, საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო გზავნილის მხარისთვის ჩაბარების დრო აღინიშნება მის მეორე ეგზემპლარზე და უბრუნდება სასამართლოს. სწორედ აღნიშნული დოკუმენტით დასტურდება გზავნილის მხარისათვის ჩაბარება და შესაბამისად, ამავე დოკუმენტით ხელმძღვანელობს სასამართლო მხარისათვის საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული ვადების ათვლისას. საქმეში დაცული სასამართლო უკუგზავნილზე ჩაბარების თარიღად ვინაიდან მითითებულია 2021 წლის 9 ივლისი (ს.ფ. 241) და მასზე ფიქსირდება შესაბამისი ხელმოწერა, საკასაციო სასამართლო გასაჩივრებისთვის დადგენილი ვადის ათვლისას მართებულად ხელმძღვანელობს ამავე დასტურით.
აღსანიშნავია, რომ კერძო საჩივრის ავტორი კანონით დადგენილი გასაჩივრების ვადის დაცვას აფუძნებს კერძო საჩივარზე თანდართულ სააგენტოში დაფიქსირებულ კანცელარიის შტამპზე მითითებით. აღნიშნული დოკუმენტით გასაჩივრებული განჩინების რეგისტრაცია ფიქსირდება სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოში, სადაც რეგისტრაციის თარიღად მითითებულია განსხვავებული დრო - 2021 წლის 12 ივლისი. საკასაციო პალატა თვლის, რომ აღნიშნული დოკუმენტი წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ჩაბარებული დოკუმენტის ადმინისტრაციულ ორგანოში რეგისტრაციის თარიღს, რომელსაც სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსათვის გზავნილის ჩაბარების დოკუმენტთან შედარებით უპირატესობა არ აქვს. საკასაციო პალატა არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ გასაჩივრების ვადის ათვლა უნდა დაიწყოს დოკუმენტის სააგენტოში რეგისტრაციის მომენტიდან, ვინაიდან საქმეში დაცულ, სააგენტოსთვის განჩინების ჩაბარების დამადასტურებელ უკუგზავნილზე ჩაბარების თარიღად მითითებულია 2021 წლის 9 ივლისი. ამდენად, საკასაციო პალატა ხელმძღვანელობს სასამართლოში დაბრუნებული სააგენტოსთვის გზავნილის ჩაბარების დოკუმენტით. ამასთანავე აღნიშნავს, რომ საპროცესო კანონმდებლობა მნიშვნელობას ანიჭებს გზავნილის ჩაბარებას ორგანიზაციისათვის და არა მიღებული დოკუმენტის ამ ორგანიზაციის მიერ რეგისტრაციის ფაქტს. ამდენად, სააგენტოს კანცელარიის შტამპზე განთავსებული თარიღი კერძო საჩივრის წარმოებაში მიღებისთვის რელევანტური არ არის. ამრიგად, რადგან დასტურდება აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივრის გასაჩივრების 12-დღიანი ვადის დარღვევით სასამართლოში წარდგენა (კერძო საჩივარი მხარის მიერ ფოსტით გაიგზავნა 2021 წლის 22 ივლისს), აღნიშნული გარემოება მისი განუხილველად დატოვების საფუძველს ქმნის.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს ასევე იმ გარემოებაზე, რომ კერძო საჩივრის ავტორი ვერ ადასტურებს ისეთი ობიექტური გარემოების არსებობას, რომელიც შეუძლებელს ხდიდა სასამართლოსათვის დროულად მიმართვას. ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო სააგენტოს თანამშრომლის იზოლაციაში ყოფნის ფაქტი ვერ ადასტურებს სასამართლოში განცხადების/კერძო საჩივრის წარდგენის ობიექტურ შეუძლებლობას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არსებობს ვადის დარღვევით წარდგენის გამო სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 416-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 22 აპრილის განჩინებაზე დატოვებულ იქნეს განუხილველად;
2. სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს (ს.კ. 205035120) დაუბრუნდეს კერძო საჩივარზე 2021 წლის 15 ივლისს №04300 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 50 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ნ. სხირტლაძე