საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
საქმე №ბს-891(კს-21) 24 ნოემბერი, 2021 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) - გ. ბ-ე
მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) - საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, სახელმწიფო რწმუნებული, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 8 ივლისის განჩინება
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 3 სექტემბრის განჩინებით გ. ბ-ის სარჩელი მოპასუხეების - მთავრობის ადმინისტრაციის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო რწმუნებულის, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ, ზიანის ანაზღაურების თაობაზე, არ იქნა მიღებული სასამართლოს წარმოებაში. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა გ. ბ-ემ და მოითხოვა მისი გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 13 ნოემბრის განჩინებით გ. ბ-ის კერძო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი, ხოლო ამავე სასამართლოს 2021 წლის 29 აპრილის განჩინებით გ. ბ-ის კერძო საჩივარი დარჩა განუხილველად, ხარვეზის დადგენილ ვადაში გამოუსწორებლობის გამო.
გ. ბ-ემ 2021 წლის 11 ივნისს განცახდებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და ამავე სასამართლოს 2021 წლის 29 აპრილის განჩინების განმარტება მოითხოვა, მისი ბუნდოვანებიდან გამომდინარე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 8 ივლისის განჩინებით გ. ბ-ის შუამდგომლობა/განცხადება განჩინების განმარტების თაობაზე არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 8 ივლისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა გ. ბ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ბ-ის კერძო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო.
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო ნორმა, რომელიც არეგულირებს სასამართლო წარმოების დროს წარმოშობილ ურთიერთობას, სასამართლო იყენებს საპროცესო სამართლის იმ ნორმას, რომელიც აწესრიგებს მსგავს ურთიერთობას (კანონის ანალოგია). საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
ასევე მნიშვნელოვანია დასახელებული კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ხოლო 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით გ. ბ-ის კერძო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი, კერძოდ, კერძო საჩივრის ავტორს დაევალა ხარვეზის შესახებ განჩინებების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის-50 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარმოდგენა. ამასთან, მხარეს განემარტა, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში კერძო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 15 ოქტომბრის განჩინება გ. ბ-ეს გაეგზავნა საქმეში მის მიერვე მითითებულ მისამართზე (ჭიათურა, სოფელი პერევისა) და 2021 წლის 22 ოქტომბერს ჩაბარდა პირადად. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული ხარვეზის შევსების 7-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2021 წლის 23 ოქტომბრიდან და ამოიწურა 2021 წლის 29 ოქტომბერს, 24 საათზე (პარასკევი). მიუხედავად ამისა, კერძო საჩივრის ავტორმა მისთვის მიცემულ ვადაში არ შეავსო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით დადგენილი ხარვეზი. ამასთან, მას საკასაციო სასამართლოსთვის კანონით დადგენილ ვადაში აღნიშნული ხარვეზის შევსებისთვის დადგენილი ვადის გაგრძელების თხოვნით არ მოუმართავს, რაც წარმოდგენილი კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობაა.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ გ. ბ-ემ 2021 წლის 1 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოში ელექტრონული წესით გააგნზავნა განცხადება კერძო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შევსებისთვის განსაზღვრული ვადის 5 დღით გაგრძელების თაობაზე. აღნიშნული განცხადება სააპელაციო სასამართლომ გადმოაგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში, თუმცა სააპელაციო სასამართლში განცხადების შეტანის დროსაც კი (2021 წლის 1 ნოემბერს) უკვე გასული იყო ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინებით განსაზღვრული ხარვეზის გამოსწორების 7-დღიანი ვადა. ამასთან, დასახელებული განცხადებაც შედგენილი და ხელმოწერილია ვადის დარღვევით - 2021 წლის 1 ნოემბრით მაშინ, როცა ხარვეზის გამოსწორების ვადა იწურებოდა მიმდინარე წლის 29 ოქტომბერს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გ. ბ-ის კერძო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. ბ-ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 8 ივლისის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ნ. სხირტლაძე