Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1003(კს-21) 5 ნოემბერი, 2021 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა დ. ხ-ის კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 24 სექტემბრის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილება; დაინტერესებული პირი - ტ. კ-ი).

2021 წლის 5 ივლისს დ. ხ-მა სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილებისა და ტ. კ-ის მიმართ შსს ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის მიერ 2021 წილს 30 ივნისს დ. ხ-ის მიმართ გამოცემული №011665 შემაკავებელი ორდერის გაუქმების მოთხოვნით.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებით დ. ხ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. ხ-მა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 4 აგვისტოს განჩინებით დ. ხ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება.

დ. ხ-მა 2021 წლის 20 აგვისტოს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა დამატებითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 24 სექტემბრის განჩინებით დ. ხ-ის განცხადება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 4 აგვისტოს განჩინებაზე დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლოს მითითებული განჩინება დ. ხ-მა კერძო საჩივრით გაასაჩივრა.

კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ ისე მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ უმსჯელია მის მიერ დასმულ საკითხზე, კერძოდ, იმ გარემოებაზე, რომ შემაკავებელი ორდერის გამოცემის დროს იგი საქართველოში არ იმყოფებოდა. დ. ხ-ის მოსაზრებით, სასამართლოს მიერ აღნიშნულ გარემოებაზე მსჯელობის შემთხვევაში, მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება და შესაბამისად, საჭირო იყო დამატებითი გადაწყვეტილების მიღება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ განჩინებაზე.

სამოტივაციო ნაწილი

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დ. ხ-ის კერძო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად დაუშვებლობის მოტივით.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII3 თავით მოწესრიგებულია ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთასთან, ძალადობის მსხვერპლთა დაცვასთან და დახმარებასთან დაკავშირებით სამართალწარმოების მიმდინარეობის წესები. მითითებული კოდექსის 2114 მუხლის შესაბამისად, შემაკავებელი ორდერის გაუქმების თაობაზე სარჩელს განიხილავს პირველი ინსტანციის სასამართლო მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ამ კოდექსით დადგენილი წესით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. სასამართლო სარჩელს წარდგენიდან 3 დღის ვადაში განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას შემაკავებელი ორდერის გაუქმების ან ნაწილობრივ გაუქმების ან მის გაუქმებაზე უარის თქმის შესახებ. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში, მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში. საჩივართან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ამ მუხლით დადგენილი წესით იღებს სააპელაციო სასამართლო საჩივრის წარდგენიდან 7 დღის ვადაში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება. შესაბამისად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთასთან, ძალადობის მსხვერპლთა დაცვასთან და დახმარებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული სამართალწარმოება მიმდინარეობს მხოლოდ ორი ინსტანციის სასამართლოში და სრულდება სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვით, საჩივრის წარდგენის შემთხვევაში. სააპელაციო პალატის მიერ მსგავს დავებზე მიღებული გადაწყვეტილება/განჩინება საბოლოოა და საკასაციო სასამართლოს მიერ გადასინჯვას არ ექვემდებარება.

საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლითაც იმპერატიულად განსაზღვრულია, რომ კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. მართალია, ამავე კოდექსის 261-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანაზე უარის თქმის შესახებ სასამართლოს განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა, მაგრამ განსახილველ შემთხვევაში მოთხოვნილია არა სასამართლოს მიერ მიღებული ისეთ გადაწყვეტილებასა თუ განჩინებაზე დამატებითი გადაწყვეტილების მიღება, რომლის კანონიერების შემოწმებაც საკასაციო სასამართლოს შეუძლია, არამედ ორსაფეხურიანი დავის ფარგლებში გამოცემულ განჩინებაზე დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა. ამ შემთხვევაში კი, კერძო საჩივრის წარმოდგენის შესაძლებლობა კანონმდებლობით გათვალისწინებული არ არის. მსგავსი კატეგორიის დავის ფარგლებში მიღებული ნებისმიერი აქტის კანონიერების შემოწმება სრულდება სააპელაციო სასამართლოში საჩივრის განხილვის ეტაპზე. შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლო ვერ შეაფასებს ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთასთან, ძალადობის მსხვერპლთა დაცვასთან და დახმარებასთან დაკავშირებით დავაზე ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ გამოცემული აქტების კანონიერებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ მხარეს სააპელაციო სასამართლოს მიერ განემარტა განჩინების კერძო საჩივრით გასაჩივრების უფლების შესახებ, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დ. ხ-ის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, რამდენადაც მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, საკასაციო სასამართლოს არ გააჩნია კომპეტენცია, შეაფასოს ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთასთან, ძალადობის მსხვერპლთა დაცვასთან და დახმარების თაობაზე, სამართალწარმოების შედეგად სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების/განჩინების კანონიერება.

სარეზოლუციო ნაწილი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, 2114 მუხლებით,

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. დ. ხ-ის კერძო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 24 სექტემბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. სტურუა

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე