საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-610(კ-20) 25 ნოემბერი, 2021 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის
შემდეგი შემადგენლობა:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - ფ. ი-ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
დავის საგანი - ფულადი კომპენსაციის ანაზღაურება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 17 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:
ფ. ი-ემ 2016 წლის 14 აპრილს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ და მოპასუხისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ, მისი მეუღლის - ლ. კ-ის სამსახურებრივი მოვალეობის დროს გარდაცვალების გამო, 46 430 ლარის - მათ შორის 21530 ლარი 10 წლის ხელფასისა და 2490 ლარი მკურნალობის ხარჯის სახით, ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 მარტის გადაწყვეტილებით ფ. ი-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით მანვე გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით ფატმან იაკობძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 მარტის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ფ. ი-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ძირითად საფუძვლად მიუთითა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ 2004 წლის 2 ნოემბერს გაცემული ინფორმაცია, რომ ლ. კ-ის გარდაცვალება არ ჩაითვლება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მომხდარ გარემოებად და 2015 წლის 29 ივნისს გაცემული აქტი, რომლის საფუძველზეც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ადასტურებს ლ. კ-ის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაცვალების ფაქტს. განჩინებაში ასევე მიეთითა, რომ მოსარჩელის მიერ აღნიშნული აქტი სადავოდ არ გამხდარა.
საკასაციო საჩივრის თანახმად, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა შეფასება არ მისცეს საქმეზე წარდგენილ მთელ რიგ დოკუმენტებს, რომლებიც ადასტურებდნენ ლ. კ-ის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაცვალების ფაქტს. აქედან გამომდინარე, ფ. ი-ემ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 24 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ფ. ი-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ფ. ი-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.
საკასაციო პალატა მიუთითებს, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფზე, რაც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, თუმცა იგი არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო პალატის მითითებით, მოცემულ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს მოსარჩელისთვის, მისი მეუღლის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაცვალების გამო ფულადი კომპენსაციის ანაზღაურებაზე უარის თქმის კანონიერება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის როგორც სადავო პერიოდში (31-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები), ასევე, დღეს მოქმედი რედაქცით (50-ე მუხლი) სოციალური უზრუნველყოფის განარტია გათვალისწინებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის ოჯახის მიმართ, თუკი თანამშრომელი გარდაიცვლება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს. სწორედ აღნიშნული ფაქტის დადგენა განაპირობებს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა ოჯახის წევრებზე სოციალური გარანტიის - კომპენსაციის გაცემას.
აღსანიშნავია, რომ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11 პუნქტით იმპერატიულად არის განსაზღვრული იმ შემთხვევათა ჩამონათვალი, რომლებიც ექცევა მითითებული ნორმის რეგულაციაში და ასეთი შემთხვევებია: პოლიციელის გარდაცვალება „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პრევენციული ღონისძიების განხორციელებისას, სამართალდარღვევის აღკვეთისას, დამნაშავის შეპყრობისას, დამნაშავეობასთან ბრძოლისას, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისას ან/და საბრძოლო მოქმედებების დროს შეტაკებისას, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით თავდასხმისას, ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან/და ქონების გადარჩენისას. ამასთან, იმისათვის, რომ გარდაცვლილი პოლიციელის ოჯახის წევრზე გავრცელდეს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი რეჟიმი, მნიშვნელოვანია დადგინდეს ორი გარემოება: პოლიციელის გარდაცვალება დაკავშირებული უნდა იყოს ამ ნორმით გათვალისწინებულ ერთ-ერთ შემთხვევასთან და იგი უშუალოდ ამ შემთხვევის შედეგს უნდა წარმოადგენდეს.
მოცემულ საკითხთან მიმართებით საკასაციო სასამართლო მნიშვნელოვნად მიიჩნევს მიუთითოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ 2018 წლის 12 აპრილის №ბს-942-938(კ-17) გადაწყვეტილებაში გაკეთებულ განმარტებაზე, რომლის თანახმად, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევა გულისხმობს ობიექტური საფრთხის არსებობის პირობებში, უშუალოდ პოლიციური ღონისძიებების განხორციელების პროცესში, პოლიციელის დაღუპვის ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების შემთხვევას. ობიექტური საფრთხე იმ შემთხვევაში არის სახეზე, როდესაც არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისათვის, რომ საქმის გარემოებები ან მოვლენების შეუფერხებელი განვითარება გამოიწვევს „პოლიციის შესახებ“ კანონით დაცული სიკეთისთვის ზიანის მიყენებას. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული პუნქტის სუბიექტად მიჩნევისათვის სავალდებულოა უშუალოდ მიზეზობრივი კავშირის დადგენა ამ მუხლში ჩამოთვლილ ქმედებასა და პოლიციელის გარდაცვალებას შორის. გარდაცვალება სწორედ უშუალოდ პოლიციელის პროფესიული საქმიანობის განხორციელებას უნდა მოჰყვეს შედეგად.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელის მეუღლე - ლ. კ-ე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჭიათურის შინაგან საქმეთა საქალაქო განყოფილების უფროსის 2002 წლის 21 ივლისის ბრძანებით მიევლინა ქალაქ თბილისში ფსიქიურად დაავადებულის გადასაყვანად. ამავე წლის 22 ივლისს, თბილისიდან ჭიათურის მიმართულებით საკუთარი ავტომანქანით მოძრავი ლ. კ-ე შეეჯახა საპირისპირო მიმართულებით მოძრავ ავტომანქანას. შეჯახების შედეგად მიღებული დაზიანების გამო ლ. კ-ე გარდაიცვალა 2002 წლის 2 აგვისტოს. ქარელის რაიონული პროკურატურის მიერ 2002 წლის 4 სექტემბერს გამოიცა დადგენილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ. დადგენილებაში მიეთითა, რომ ლ. კ-ე ნასვამ მდგომარეობაში მართავდა სატრანსპორტო საშუალებას. დადგენილება გასაჩივრდა ლ. კ-ის მეუღლის ფ. ი-ის მიერ ქარელის რაიონულ სასამართლოში და შემდგომ საქართველოს უზენაეს სასამართლოში, რომლის 2005 წლის 11 იანვრის განჩინებით 2002 წლის 4 სექტებრის დადგენილება გაუქმდა. 2005 წლის 20 მაისს, კვლავ დაიწყო გამოძიება ზემოაღნიშნულ ფაქტზე, რაც პროკურორის 2006 წლის 15 ივნისის დადგენილებით შეწყდა ლ. კ-ის გარდაცვალების გამო. დადგენილება გასაჩივრდა სასამართლოში, სადაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 21 სექტემბრის დადგენილებით ძალაში დარჩა წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ დადგენილება. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 7 მაისის დადგენილებით საქმეზე გამოძიება განახლდა, ხოლო ხაშურის რაიონული პროკურატურის 2014 წლის 22 ოქტომბრის დადგენილებით სისხლის სამართლის საქმეზე შეწყდა გამოძიება ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო. დადგენილებაში აღინიშნა, რომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის გზით არ იქნა გამოკვლეული ლ. კ-ის სისხლი ალკოჰოლური თრობის თაობაზე. ამასთანავე, აღინიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთებოდა სხვა პირის ბრალეულობა, ხოლო გარდაცვლილი პიროვნება თავად მართავდა ავტომობილს, რომლის მოძრაობის საპირისპირო ხაზზე გადასვლასაც მოჰყვა ავტოსაგზაო შემთხვევა.
გარდა ზემოაღნიშნულისა, საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქმეზე წარმოდგენილ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ 2004 წლის 2 ნოემბერს გაცემულ ინფორმაციას, რომელშიც აღნიშნულია, რომ ლ. კ-ის გარდაცვალება არ ჩაითვლება სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს მომხდარ გარემოებად, ვინაიდან იგი კუთვნილ ავტომანქანას მართავდა ნასვამ მდგომარეობაში, გადავიდა საწინააღმდეგო გზის სავალ ნაწილზე და შეეჯახა ბორჯომიდან თბილისისკენ მიმავალ ავტომანქანა „ფოლკსვაგენ ჯეტას“. ლ. კ-ე გარდაიცვალა მის მიერ საგზაო წესების კანონის მოთხოვნათა დაცვის უგულებელყოფის შედეგად. საქმეში, ასევე, დაცულია იმავე გენერალური ინსპექციის მიერ 2015 წლის 29 ივნისს გაცემული აქტი, რომლის საფუძველზეც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ადასტურებს ლ. კ-ის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაცვალების ფაქტს.
საქმეზე დადასტურებული გარემოებების შეფასების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში ლ. კ-ე გარდაიცვალა ავტოსატრანსპორტო საშუალების წესების დარღვევის შედეგად მომხდარი ავტოავარიის შედეგად. ამასთან, სახეზე არ არის ობიექტური საფრთხის არსებობის პირობებში, უშუალოდ სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელების დროს გარდაცვალება, რაც ვერ მიიჩნევა „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევად და კომპენსაციის დაკისრების წინაპირობად.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ფ. ი-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 17 ოქტომბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ნ. სხირტლაძე