გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 82-კოლ 19 დეკემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ისაევი (თავმჯდომარე),
ი. ბიბილაშვილი,
დ. სულაქველიძე
განიხილა მსჯავრდებულ ც. ჩ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. დ-ს, მსჯავრდებულ ქ. ს-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. კ-ის საკასაციო საჩივრები თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003წ. 29 მაისის განაჩენზე, რომლითაც: ქ. ს. ცნობილია დამნაშავედ საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მეორე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 262-ე მუხლის მეორე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და ერთობლივად განესაზღვრა 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. სასჯელის მოხდა დაეწყო 2002წ. 2 აპრილიდან;
ც. ჩ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მეორე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 262-ე მუხლის მეორე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, მესამე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და ერთობლივად, სსკ-ს 55-ე მუხლის გამოყენებით, შეეფარდა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. სასჯელის მოხდა დაეწყო 2002წ. 2 აპრილიდან.
აღწერილობითი ნაწილი:
განაჩენით დადგინდა შემდეგი: ქ. ს-მა და ც. ჩ-ამ 2002წ. 25 მარტს რუსეთის ფედერაციის ქ. ვლადიკავკაზში, წინასწარი შეთანხმებით, დაუდგენელ ვითარებაში, უკანონოდ შეიძინეს, შეინახეს და საქართველოში უკანონოდ შემოიტანეს განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალება “ჰეროინი”, კერძოდ, ც. ჩ-ს ნაქირავები ბინიდან 1 აპრილს ამოღებულ იქნა 32,76 გრამი “ჰეროინი”.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სახელზე წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მსჯავრდებულ ქ. ს-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ა. კ. ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და ქ. ს-ს უკანონო პატიმრობიდან განთავისუფლებას, ხოლო საქმის _ დამატებით გამოძიებაში დაბრუნებას, მიუთითებს, რომ საქმის მასალებით არ არის დადასტურებული ქ. ს-ს მონაწილეობა ნარკოტიკულ საშუალება “ჰეროინის” შეძენასა და საქართველოში გადმოტანაში.
თვით მსჯავრდებული ქ. ს. საკასაციო საჩივარში მიუთითებს, რომ მას არავითარი შეხება ნარკოტიკულ საშუალება “ჰეროინთან” არ ჰქონია, იგი უკანონოდაა მსჯავრდებული და ითხოვს პატიმრობიდან განთავისუფლებას.
მსჯავრდებულ ც. ჩ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი თ. დ. საკასაციო საჩივრით ითხოვს შეფარდებული სასჯელის შემსუბუქებას, მიუთითებს, რომ ც. ჩ-ს აქვს განსაკუთრებით მძიმე ოჯახური პირობები. ის არის მარტოხელა დედა, ჰყავს ორი შვილი. უფროსი _ ზ. ბ. არის პირველი ჯგუფის ინვალიდი, რომელიც აღრიცხვაზე იმყოფება დიაგნოზით: ცერებრალური დამბლა, აქვს კუნთთა პროგრესული დისტროფია, არ შეუძლია დამოუკიდებლად გადაადგილება და ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, საჭიროებს სისტემატურ მეთვალყურეობასა და მზრუნველობას. ამჟამად მას უვლის არასრულწლოვანი _ 10 წლის ძმა, რომელიც თვითონაც მოსავლელია. მათი ერთადერთი მომვლელი და შემნახავი არის დედა _ ც. ჩ..
პალატის სხდომაზე მსჯავრდებულ ქ. ს-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ხ. ყ-მა ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები. მან აღნიშნა, რომ საქმის მასალებით არაა დადგენილი ქ. ს-ის მონაწილეობა ნარკოტიკულ საშუალება “ჰეროინის” შეძენასა და უკანონოდ საქართველოში შემოტანაში. თვით მსჯავრდებული კატეგორიულად უარყოფს დანაშაულში მონაწილეობას, ხოლო ც. ჩ-ს მიერ მიცემული ჩვენებები ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავია, ამიტომ მისი ჩვენებები სასამართლოს არ უნდა გაეზიარებინა. ადვოკატმა ხ. ყ-მა იშუამდგომლა საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ.
თვით მსჯავრდებულმა ქ. ს-მა აღნიშნა, რომ მას ნარკოტიკული საშუალება “ჰეროინი” არ შეუძენია და არც საქართველოში შემოუტანია. გამოძიების პირველ ეტაპზე მის მიმართ ადგილი ჰქონდა ზემოქმედებას, ამიტომ მისცა აღიარებითი ჩვენება. მან იშუამდგომლა განაჩენის გაუქმებისა და საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნების შესახებ.
ადვოკატმა თ. დ-მა მხარი დაუჭირა მის მიერ წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილების შესახებ.
მსჯავრდებულმა ც. ჩ-მ მოინანია ჩადენილი დანაშაული, მან აღნიშნა, რომ ნარკოტიკული საშუალება “ჰეროინი” ქ. ს.-ს ფულით მასთან ერთად შეიძინა ქ. ვლადიკავკაზში და ერთად შემოიტანეს საქართველოში. ც. ჩ-მ აღნიშნა, რომ აქვს განსაკუთრებით მძიმე ოჯახური პირობები და იშუამდგომლა შეფარდებული სასჯელის შემცირების თაობაზე.
პროკურორმა ბ. გ-მ მიმოიხლა საქმის მასალები, მან კანონიერად მიიჩნია ქ. ს-სა და ც. ჩ-ს მიმართ დანიშნული განაჩენი და იშუამდგომელა მისი უცვლელად დატოვების შესახებ.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრება და თვლის, რომ მოცმულ საქმეზე დადგენილ განაჩენში შეტანილ უნდა იქნეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო: მსჯავრდებულების _ ქ. ს-სა და ც. ჩ-ს მიერ ჩადენილი დანაშაული დადგენილია თვით მსჯავრდებულების მიერ წინასწარი გამოძიების დროს მიცემული აღიარებითი ჩვენებებით, რაც ც. ჩ-მ დაადასტურა საქმის პირველი ინსტანციით და საკასაციო წესით განხილვის დროსაც. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული დადგენილია საქმეზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებით, ჩხრეკვის ოქმით, ამოღებული ნივთიერი დამამტკიცებელი საბუთითა და საქმეში არსებული ერთობლივი მამხილებელი მასალებით.
პალატა აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 566-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო ინსტანციას უფლება არა აქვს, დაადგინოს ახალი ფაქტები ან დამამტკიცებლად არ ჩათვალოს განაჩენსა თუ გასაჩივრებულ სხვა სასამართლო გადაწყვეტილებაში მოყვანილი ფაქტები. მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციით განმხილველმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ფაქტი იმის შესახებ, რომ მსჯავრდებულებმა _ ქ. ს-მა და ც. ჩ-მ ქ. ვლადიკავკაზში უკანონოდ შეიძინეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება “ჰეროინი”, რომელიც ასევე უკანონოდ შემოიტანეს საქართველოში და ინახავდნენ ც. ჩ-ს ნაქირავებ ბინაში. ეს ფაქტი დადგენილად მიაჩნია საკასაციო პალატასაც. პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლო კოლეგიამ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მისცა მათ სწორი სამართლებრივი შეფასება.
ამასთან, პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებებს, რომ მსჯავრდებული ქ. ს. პირველადაა სამართალში, მისი წარსული არაფრით არაა შებღალული, არის ბებია, კმაყოფაზე ჰყავს სამი შვილი და ორი შვილიშვილი, მეუღლე გარდაეცვალა, არის მარტოხელა დედა. პალატა ასევე ითვალისწინებს იმ გარემოებასაც, რომ მსჯავრდებულებს შემოტანილი ნარკოტიკული საშუალება “ჰეროინი” არ გაუსაღებიათ და პოლიციის მუშაკებმა მთლიანად ამოიღეს. ამ გარემოებათა გათვალისწინებით, პალატა მიზანშეწონილად თვლის, საქართველოს სსკ-ს 55-ე მუხლის გამოყენებით, მსჯავრდებულ ქ. ს-ს მიმართ სასაჯელის შემსუბუქებას.
პალატა ასევე თვლის, რომ მსჯავრდებულ ც. ჩ-ს შეფარდებული სასაჯელი უნდა შეუმცირდეს, რადგან მან გულწრფელად აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, არის ქალი, დაავადებულია დიაგნოზით _ ქრონიკული გასტრიტი, ნაღვლის კენჭოვანი დაავადება, ენდრომეტროიზი, კმაყოფაზე ჰყავს ორი შვილი, ერთი მათგანი პირველი ჯგუფის ინვალიდია, რომელსაც დამოუკიდებლად არ შეუძლია გადაადგილება, ხოლო მეორე მცირეწლოვანია, აქვს მძიმე ოჯახური და ეკონომიკური მდგომარეობა, მისი წარსული არაფრითაა შებღალული.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსკ-ს 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ქ. ს-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. კ-ს საკასაციო საჩივრების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს. მსჯავრდებულ ც. ჩ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. დ-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003წ. 29 მაისის განაჩენში შეტანილ იქნეს ცვლილება: მსჯავრდებულ ქ. ს-ს განაჩენით შეფარდებული სასაჯელი _ 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა _ სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით შეუმცირდეს 3 წლითAდა 6 თვით და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულ ც. ჩ-ს განაჩენით შეფარდებული სასჯელი _ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა _ შეუმცირდეს 1 წლით და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.
სხვა ნაწილში განაჩენი დარჩეს უცვლელად.
პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.