Facebook Twitter

ბს-494(კ-19) 25 ნოემბერი, 2021წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა მ. ხ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.12.2018წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. ხ-მა 10.04.2017წ. სარჩელით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ამავე სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის და გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა დიცის ტერიტორიულ ერთეულში გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის 01.11.2016წ. №00016 სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმის, გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის 02.11.2016წ. №2608-გ/2 წერილის, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის სარეგისტრაციო შეწყვეტის შესახებ 17.01.2017წ. ͏№... გადაწყვეტილების და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ 10.03.2017წ. №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

გორის რაიონული სასამართლოს 15.11.2017წ. გადაწყვეტილებით მ. ხ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა მ. ხ-ის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.12.2018წ. განჩინებით მ. ხ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 15.11.2017წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების 25.08.1995წ. №91 აქტის თანახმად, მ. ხ-ს გორის რაიონში, სოფ. ...ში საკუთრებაში გადაეცა 0,835 ჰა მიწა 5 ნაკვეთად, მათ შორის, ე. წ. „ფერმის ნაკვეთი“ 0,105 ჰა ფართით (მე-5 ნაკვეთი). მითითებული ნაკვეთის მახასიათებლები შემდეგნაირად არის განსაზღვრული: ჩრდილოეთით -..., სამხრეთით -..., დასავლეთით -..., აღმოსავლეთით -.... მ. ხ-მა 07.09.2016წ. განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, წარადგინა საკადასტრო აზომვითი ნახაზი და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია გორში, სოფ. ...ში მდებარე უძრავ ქონებაზე. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 10.10.2016წ. წერილით გორის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის შესახებ. გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის 01.11.2016წ. სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების №00016 ოქმისა და 02.11.2016წ. №2608-გ/2 მიმართვის თანახმად, მ. ხ-ის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის საზღვრებში ექცევა საერთო სარგებლობის საუბნო გზა და დაინტერესებულ პირებს შორის არსებობს უთანხმოება, რის გამოც საკადასტრო აზომვითი ნახაზისა და უფლების დამდგენი დოკუმენტების იდენტურობა ვერ დადგინდა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 09.11.2016წ. №... გადაწყვეტილებით მ. ხ-ს განემარტა, რომ წარსადგენია კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი, ხოლო 10.01.2017წ. №... გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა, წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის დადგენილ ვადაში წარუდგენლობის გამო. 09.02.2017წ. მ. ხ-მა საჩივრით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 10.01.2017წ. №... გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 10.03.2017წ. №... გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ მიუთითა „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, სახელმწიფო პროექტის განხორციელების პროცესში მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე უტყუარად დგინდება მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობა. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ გამგეობა უფლებამოსილი იყო დაედასტურებინა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა. მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების 25.08.1995წ. №91 აქტით დგინდება, რომ მიწის ნაკვეთს ორი მხრიდან ესაზღვრება გზა. გარდა ამისა, გზის არსებობა დგინდება წარმოდგენილი 2000 წლის ორთოფოტოთი. აპელანტი აღნიშნავს, რომ მიღება-ჩაბარების აქტში არასწორი მიმართულებით არის ასახული მოსაზღვრე ობიექტები, ხოლო 2000 წლის ორთოფოტოზე ასახული გზა მისივე მოწყობილია. მოცემულ შემთხვევაში საქმეში დაცულია მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოების საპირისპიროს დამადასტურებელი მტკიცებულებები, მხოლოდ აპელანტის (მოსარჩელის) ზეპირი განმარტება ვერ გახდება ფაქტის დადასტურებულად მიჩნევის საფუძველი. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო უძრავი ქონება მოიცავს გზას, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 107-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ კანონით მუნიციპალიტეტისთვის მიკუთვნებულია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული შემდეგი ქონება: ადგილობრივი მნიშვნელობის გზები და მათი ნაწილები, ქუჩები, მიწისქვეშა და მიწისზედა გადასასვლელები, ტროტუარები, შუქნიშნები, გარე განათების კონსტრუქციები, მოედნები, სკვერები, ბულვარები, შადრევნები, პარკები, მწვანე ნარგავები და ნაპირსამაგრი ნაგებობები, შესაბამისად, კერძო საკუთრებაში ვერ მოხდება გზის რეგისტრაცია. აპელანტი მიუთითებს, რომ ითხოვს რეალურად გადაცემულ მიწის ნაკვეთზე ნაკლები ფართობის უძრავ ქონებას, თუმცა მოცემული სხვაობის ოდენობის გათვალისწინებით ფაქტობრივი ვითარება, რომ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი გზის ნაწილს მოიცავს, არ იცვლება. მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის საზღვრებში ექცევა საერთო სარგებლობის საუბნო გზა, რაც გამორიცხავს გამგეობის აქტების ბათილად ცნობას. ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში წარდგენილი საკადასტრო ნახაზი არ იყო უფლების დამდგენი დოკუმენტით გათვალისწინებული ინფორმაციის იდენტური, ხოლო კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის წარდგენა დადგენილ ვადაში განმცხადებლის მიერ არ მოხდა, არსებობდა სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის საფუძველი. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველიც არ არსებობდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.12.2018წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა მ. ხ-ის მიერ.

კასატორმა აღნიშნა, რომ სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნებოდა იმ გარემოებას, რომ მის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილ მიწის ნაკვეთს ჩრდილოეთიდან ესაზღვრება საუბნო..., აღმოსავლეთიდან - ე.წ...., ხოლო სამხრეთიდან - ...ის შენობა, რაც გამორიცხავდა აზომვითი ნახაზის არასწორად შედგენის შესაძლებლობას, ამასთან, მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტით მას გამოეყო 0,105 ჰა, ხოლო რეგისტრაცია მოითხოვა ნაკლები ოდენობის ფართის მქონე მიწის ნაკვეთზე. მიღება-ჩაბარების აქტში ჩრდილოეთის, სამხრეთის, აღმოსავლეთისა და დასავლეთის მიმართულებების აღრევა არ შეიძლება გახდეს იმის უტყუარი მტკიცებულება, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილ აზომვით ნახაზში ასახული ტერიტორია უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებული ფართის იდენტური არ არის. ასეთ შემთხვევაში გამოვიდოდა, რომ ამჟამად სახელმწიფოს სახელზე რეგისტრირებული ფერმის შენობის ნაწილი მის საკუთრებას წარმოადგენს. ქვედა ინსტანციის სასამართლოები დაეყრდნო მხოლოდ ორთოფოტოებს და სრულიად უსაფუძვლოდ გაიზიარა მერიის პოზიცია იმის შესახებ, რომ სადავო მიწის ფართი საუბნო გზას წარმოადგენს. გორის მუნიციპალიტეტის მერიამ, გარდა ახსნა-განმარტებისა, ვერანაირი მტკიცებულება ვერ წარმოადგინა აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად. 2000წ. ორთოფოტოზე ასახული ფაქტობრივი მდგომარეობა დღეს უკვე აღარ არსებობს და ამასთან, ამ ორთოფოტოზე ასახული ე.წ. „...“ მოწყობილია მის მიერ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებული „ტოპო-25000“ რუკაზე, რომელიც ასახავს 80-90-იანი წლების მდგომარეოას, სადავო მიწის ნაკვეთზე საერთო სარგებლობის გზა არ ფიქსირდება. კასატორის მოსაზრებით არასწორად დადგინდა ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილ მიწის ნაკვეთს დასავლეთის მხრიდან ესაზღვრება მყარი შენობა-ნაგებობა, ვინაიდან ამ შენობა-ნაგებობამდე არის დაახლოებით 3მ სიგანის საერთო სარგებლობის გზა. ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გამყარებულია სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ხ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ 03.06.2016წ. მიღებული იქნა კანონი ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“, რომლის მიზანია სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთების სრულყოფილი უფლებრივი და საკადასტრო მონაცემების შექმნის უზრუნველყოფა, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სპორადული რეგისტრაცია ამ კანონით გათვალისწინებული წესის შესაბამისად. ამ კანონის 16.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განისაზღვრა, რომ სახელმწიფო პროექტის განხორციელების პროცესში მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე უტყუარად დგინდება მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობა (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია). საქმეში დაცული მასალებით 07.09.2016წ. მ. ხ-ის წარმომადგენელმა სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის შიდა ქართლის რეგიონულ ოფისს და 25.08.1995წ. №91 მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე მოითხოვა გორის რაიონში, სოფ. ...ში მდებარე 1042 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია. სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში 20.09.2016წ. საჯარო რეესტრის მიერ მომზადებული სიტუაციური ნახაზით, ორთოფოტოს მიხედვით ნაკვეთი კვეთს გზას. საჯარო რეესტრმა 10.10.2016წ. წერილით მიმართა გორის მუნიციპალიტეტის გამგეობას უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო/აგეგმვით აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადასტურების მოთხოვნით. გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის 02.11.2016წ. №2608-გ/2 წერილისა და ამ წერილზე დართული სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების 01.11.2016წ. №00016 ოქმის თანახმად უფლების დამადასტურებელი დოკუმენტისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნაზაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა ვერ დადგინდა საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზის ნაწილში საუბნო გზის არსებობის გამო. საჯარო რეესტრის შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 09.11.2016წ. გადაწყვეტილებით დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ წარმოსადგენია კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი, ვინაიდან მუნიციპალიტეტის მიერ არ მოხდა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის მიხედვით იდენტურობის დადასტურება. საჯარო რეესტრის შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 10.01.2017წ. გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის/ინფორმაციის წარუდგენლობის გამო, რაც გასაჩივრდა ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 10.03.2017წ. გადაწყვეტილებით მ. ხ-ის წარმომადგენელს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელემ საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა 25.08.1995წ. №91 მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტში ასახულ მე-5 ე.წ. „ფერმის ნაკვეთზე“. ამავე მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად აღნიშნულ მიწის ნაკვეთს ჩრდილოეთიდან ესაზღვრება ..., სამხრეთით -..., აღმოსავლეთით -..., დასავლეთით - ... კასატორი მიუთითებს, რომ მიღება-ჩაბარების აქტში ჩრდილოეთის, სამხრეთის, აღმოსავლეთისა და დასავლეთის მიმართულებები აღრეულია, თუმცა აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე სახის მტკიცებულება საქმის მასალებში წარმოდგენილი არ არის. მითითებული მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, ნაკვეთს ჩრდილოეთით და დასავლეთით უნდა ესაზღვრებოდეს გზა. საქმის მასალებში დაცული ორთოფოტოს (ტ.1, ს.ფ.26) მიხედვით ნაკვეთს ჩრდილოეთით ესაზღვრება გზა, თუმცა დასავლეთით ნაკვეთმა წარმოდგენილ ორთოფოტოზე ასახული გზის ნაწილი მოიცვა. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 107-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ადგილობრივი მნიშვნელობის გზები და მათი ნაწილები, ქუჩები, მიწისქვეშა და მიწისზედა გადასასვლელები, ტროტუარები კანონით მუნიციპალიტეტისთვის მიკუთვნებულ არსებულ ქონებას წარმოადგენს. კასატორი მიუთითებს, რომ აღნიშნული გზა ასახულია 2000 წლით დათარიღებულ ორთოფოტოზე, ხოლო დღეის მდგომარეობით ეს ფაქტობრივი მდგომარეობა აღარ არსებობს. სსკ-ის 102.3 მუხლის თანახმად საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მითითებული ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად მხოლოდ კასატორის ახსნა-განმარტება არ არის საკმარისი, ხოლო აღნიშნულის საწინააღმდეგო გარემოების დამადასტურებელი დოკუმენტი მოსარჩელეს არ წარმოუდგენია. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და ზემოთ მითითებული ნორმატიული მოწესრიგების გათვალისწინებით გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს.

დაუსაბუთებელია კასატორის მითითება იმ გარემოებაზე, რომ მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტით მას გამოეყო 0,105 ჰა, ხოლო რეგისტრაცია მოითხოვა ნაკლები ოდენობის ფართის მქონე მიწის ნაკვეთზე, რაც სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობაზე მიუთითებს. საქმეში დაცული მასალებით მ. ხ-მა საჯარო რეესტრს მიმართა 1042 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით., ანუ მიღება-ჩაბარების აქტში ასახული მე-5 მიწის ნაკვეთის ფართობზე 8 კვ.მ. ფართით ნაკლები ოდენობის მქონე მიწის ნაკვეთზე. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას იმის შესახებ, რომ სხვაობის ოდენობის გათვალისწინებით ფაქტობრივი ვითარება, რომ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი გზის ნაწილს მოიცავს, არ იცვლება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც მ. ხ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. ხ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.12.2018წ. განჩინება;

3. ზ. მ-ს (პირადი №...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 30.04.2019წ. №1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. გოგიაშვილი