ბს-924(კ-19) 25 ნოემბერი, 2021წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა შპს-ს „...ში“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.02.2019წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს-მ „...ში“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. სასარჩელო მოთხოვნებისა და მოპასუხეების დაზუსტების შემდეგ, მოპასუხეებად მიეთითნენ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო. მოსარჩელემ მოითხოვა საავტომობილო გზების დეპარტამენტის სატენდერო კომისიის 27.07.2015წ. N4 ოქმის, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 12.08.2015წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის სატენდერო კომისიისთვის მოსარჩელის გამარჯვების გამოვლენის შემდგომ საკვალიფიკაციო მონაცემების შეფასების ეტაპზე დაბრუნების დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 31.08.2015წ. განჩინებით, სასკ-ის 16.1 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება შპს „ს...ი“. ამავე სასამართლოს 28.10.2015წ. განჩინებით, სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაერთო შპს „სა...ი“.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 15.12.2016წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „...ში“.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.02.2019წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით გამოცხადდა გამარტივებული ელექტრონული ტენდერი, რომელშიც საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სატენდერო კომისიის 16.07.2015წ. №3 ოქმის საფუძველზე გამარჯვებულად გამოცხადდა შპს „...ში“ და გამარჯვებულს დაევალა არაუმეტეს 5 სამუშაო დღის ვადაში საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების, მათ შორის თავისი ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოდან გაცემული, სათანადოდ დამოწმებული ცნობის წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ არ ხორციელდებოდა არარეზიდენტი იურიდიული პირის (სათაო) რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია. აღნიშნული დოკუმენტაციის არასრულად წარდგენის გამო სატენდერო კომისიის 27.07.2015წ. სადავო ოქმით შპს დისკვალიფიცირებულ იქნა ტენდერიდან. პალატამ მიუთითა „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ მე-12 მუხლის მე-15 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაციის სატენდერო განცხადებითა და სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისთანავე, სატენდერო კომისია მიმართავს შესაბამის პრეტენდენტს საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის მოთხოვნით, რისთვისაც განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, მაგრამ არაუმეტეს 5 სამუშაო დღისა. სწორედ აღნიშნული განხორციელდა შპს-ს „...ში“ მიმართ. დადგენილ ვადაში შპს-ს მიერ წარდგენილი იქნა იურიდიულ პირთა ერთიანი სახელმწიფო რეესტრის ამონაწერი როგორც ფილიალის, ისე სათავო ოფისის შესახებ, ლიკვიდაციის ან რეორგანიზაციის პროცესთან დაკავშირებით რაიმე ცნობა წარდგენილი არ ყოფილა, რაც სატენდერო კომისიის მხრიდან შეფასდა დოკუმენტაციის არასრულად წარდგენად და საწარმო დაექვემდებარა დისკვალიფიკაციას. შპს-ს მოსაზრება, რომ მან მოთხოვნილი საკვალიფიკაციო დოკუმენტაცია სრულად წარადგინა, სააპელაციო პალატის მიერ არ იქნა გაზიარებული, რადგან იურიდიულ პირთა ერთიანი სახელმწიფო რეესტრის ამონაწერის საფუძველზე მიჩეულ იქნა, რომ ერთიანი სახელმწიფო რეესტრიდან ამონაწერი საწარმოსთან მიმართებაში ასახავს ცალკეული განაცხადის რეგისტრაციის ფაქტს, თუმცა თავად განაცხადის შინაარსი რეესტრში ასახული არ არის და დაცულია დამოუკიდებლად ქაღალდის თუ ელექტრონული დანართების სახით. ამასთანავე, პალატის მოსაზრებით ჩანაწერი იმის თაობაზე, რომ საწარმო არის მოქმედი, არ იქნა მიჩნეული საწარმოში რეორგანიზაციის თუ ლიკვიდაციის პროცესის მიმდინარეობის გამომრიცხავ საკმარის გარემოებად. პალატამ მიიჩნია, რომ წარდგენილ დოკუმენტაციაში ასახული მონაცემები არ გამორიცხავდა საწარმოში რეორგანიზაციის/ლიკვიდაციის მიმდინარეობის შესაძლებლობას. მოთხოვნილი სატენდერო დოკუმენტაციის ფორმალურობასთან დაკავშირებით პალატამ მიუთითა, რომ აღნიშნული მიეკუთვნებოდა ტენდერის ჩატარების ტექნიკურ და არა სამართლებრივ მხარეს, წარმოადგენდა კომისიის დისკრეციას და ცდებოდა სასამართლოს შეფასების ფარგლებს. პალატამ აღნიშნა აგრეთვე, რომ მოქმედი ნორმატიული მოწესრიგება ტენდერის მოცემულ ეტაპზე არ ითვალისწინებდა ხარვეზის დადგენის ან დამატებითი ვადის განსაზღვრის შესაძლებლობას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.02.2019წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „...ში“.
კასატორმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 07.04.2011წ. N9 ბრძანებით დამტკიცებული „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 11.4 მუხლის თანახმად, გამარტივებული ელექტრონული ტენდერის შემთხვევაში, პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მოთხოვნა ხდება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში, სათანადო დასაბუთების საფუძველზე. სატენდერო კომისიას მსგავსი დასაბუთება არ წარუდგენია, გაურკვეველია ერთდროულად იურიდიულ პირთა რეესტრიდან ამონაწერისა და ლიკვიდაციის/რეორგანიზაციის პროცესის მიმდინარეობის გამომრიცხავი ცნობის წარდგენის მოთხოვნის საჭიროება. კასატორი მიიჩნევს, რომ მის მიერ საკვალიფიკაციო მოთხოვნები სრულად იქნა შესრულებული, რადგან წარადგინა ცნობაზე უფრო მაღალი სტატუსის მქონე დოკუმენტი, კერძოდ, იურიდიულ პირთა რეესტრიდან ამონაწერი, რომელიც შეიცავს სრულ მონაცემებს იურიდიულ პირთან დაკავშირებით, მათ შორის ლიკვიდაციის ან რეორგანიზაციის პროცესის მიმდინარეობის შესახებ. დამატებითი ცნობის მოთხოვნა იყო მხოლოდ ფორმალობა, შესაბამისად, მისი წარუდგენლობა არ უნდა გამხდარიყო შპს-ს დისკვალიფიკაციის საფუძველი. „იურიდიული პირებისა და ინდივიდუალური მეწარმეების სახელმწიფო რეგისტრაციის შესახებ“ რუსეთის ფედერაციის კანონი ადგენს, რომ ლიკვიდაციის/რეორგანიზაციის შესახებ ცნობა გაიცემა სამეწარმეო რეესტრის ამონაწერის საფუძველზე, ამასთანავე, ამონაწერში აისახება ინფორმაცია იურიდიული პირის რეორგანიზაციის თუ ლიკვიდაციის პროცესის მიმდინარების შესახებ. განსახილველ შემთხვევაში გაცემულ ამონაწერში შპს-ს სტატუსად მითითებულია მოქმედი, ამონაწერი არ შეიცავს მონაცემს შპს-ს რეორგანზიაციის ან ლიკვიდაციის მიმდინარეობის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ ასეთი პროცესი არ მიმდინარეობს. ცნობის გაცემა რომც მომხარიყო შპს-ს სახელზე, მასში აისახებოდა სწორედ რეესტრის ამონაწერში დაცული მონაცემები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს-ს „...ში“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქმეზე დადგენილია, რომ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოცხადდა გამარტივებული ელექტრონული ტენდერი გზების შეკეთების სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით. სატენდერო პირობებით დადგინდა შესყიდვაში მონაწილე იურიდიული პირების მიერ გარკვეული საკვალიფიკაციო დოკუმენტების დადგენის საჭიროება. წარსადგენ დოკუმენტებს შორის მიეთითა სამეწარმეო რეესტრიდან ამონაწერი და არარეზიდენტი იურიდიული პირის შემთხვევაში, დამატებით თავისი ქვეყნის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოდან გაცემული, სათანადო წესით დამოწებული ცნობა, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ არ მიმდინარეობს არარეზიდენტი იურიდიული პირის (სათაო) რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია. აღნიშნულ ტენდერში პრეტენდენტის სახით მონაწილეობდა შპს „...ში“. საავტომობილო გზების დეპარტამენტის სატენდერო კომისიის 16.07.2015წ. N3 ოქმით შპს „...ში“ მიჩნეულ იქნა გამარჯვებულად და მიეცა 5 დღის ვადა საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების წარსადგენად, მასვე განემარტა, რომ პრეტენდენტის მიერ საკვალიფიკაციო მონაცემების წარუდგენლობის ან/და ხარვეზის მქონე მონაცემების წარდგენის შემთხვევაში სატენდერო კომისია მოახდენდა მის დისკვალიფიკაციას. მოთხოვნილი საკვალიფიკაციო დოკუმენტებიდან შპს-ს მიერ სატენდერო კომისიას წარედგინა მხოლოდ ამონაწერი, არარეზიდენტი იურიდიული პირის რეორგანიზაციის/ლიკვიდაციის პროცესის მიმდინარეობის გამომრიცხავი ცნობა პრეტენდენტს არ წარუდგენია. კასატორის მოსაზრება, რომ აღნიშნული ცნობის მოთხოვნა იყო დაუსაბუთებელი, ატარებდა მხოლოდ ფორმალურ ხასიათს და ამის გამო მისი წარუდგენლობა არ უნდა გამხდარიყო დისკვალიფიკაციის საფუძველი, არ არის დასაბუთებული. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სატენდერო პირობები ან სატენდერო კომისიის 16.07.2015წ. N3 ოქმის ის ნაწილი, რომლითაც შპს-ს კონკრეტული საკვალიფიკაციო დოკუმენტების წარდგენა დაევალა, არ გასაჩივრებულა, შესაბამისად, განსახილველი დავის ფარგლებში პალატა ვერ იმსჯელებს სატენდერო კომისიის მიერ კონკრეტული საკვალიფიკაციო დოკუმენტაციის მოთხოვნის კანონიერებასთან დაკავშირებით.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 07.04.2011წ. N9 ბრძანებით დამტკიცებული „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის თანახმად, შემსყიდველი ორგანიზაცია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უფლებამოსილია განსაზღვროს მოთხოვნები, რომელთაც უნდა აკმაყოფილებდეს შესყიდვის ობიექტი, პრეტენდენტთა ტექნიკური დოკუმენტაცია და საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები (11.1 მუხ.), საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის მოთხოვნები შეიძლება დაწესებულ იქნეს პრეტენდენტთა მდგომარეობის/საქმიანობის სამართლებრივ მხარესთან დაკავშირებით (სარეგისტრაციო მონაცემები, უფლებრივი შეზღუდვები, არსებული ფინანსური და სხვა სახის ვალდებულებები და სხვ.) (11.4 მუხ.). ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაციის სატენდერო განცხადებითა და სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისთანავე, სატენდერო კომისია მიმართავს შესაბამის პრეტენდენტს საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის მოთხოვნით, რისთვისაც განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, მაგრამ არაუმეტეს 5 სამუშაო დღისა (12.15 მუხ.). თუ პრეტენდენტის მიერ წარდგენილი საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები არ შეესაბამება სატენდერო განცხადებას ან/და სატენდერო დოკუმენტაციას, ან პრეტენდენტი არ წარადგენს საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელ დოკუმენტებს ამ წესის მოთხოვნათა დაცვით იგი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას (13.2 მუხ. „გ“, „ე“ ქვ.პ.). განსახილველ შემთხვევაში კასატორს ძალაში მყოფი სატენდერო პირობებითა და სატენდერო კომისიის 16.07.2015წ. N3 ოქმით დაევალა კონკრეტული საკვალიფიკაციო დოკუმენტაციის წარდგენა, ცხადად მიეთითა, რომ სამეწარმეო რეესტრიდან ამონაწერის გარდა, არარეზიდენტი იურიდიული პირის შემთხვევაში საჭირო იყო დამატებით თავისი ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული, სათანადო წესით დამოწმებული, არარეზიდენტი იურიდიული პირის (სათაო) ლიკვიდაციის/რეორგანიზაციის პროცესის მიმდინარეობის გამომრიცხავი ცნობის წარდგენა. უდავოა, რომ პრეტენდენტის მიერ აღნიშნული მოთხოვნა სრულყოფილად არ იქნა შესრულებული, ლიკვიდაციის/რეორგანიზაციის პროცესის მიმდინარეობის გამომრიცხავი ცნობა არ იქნა წარდგენილი.
კასატორის მოსაზრება, რომ ვინაიდან „იურიდიული პირებისა და ინდივიდუალური მეწარმეების სახელმწიფო რეგისტრაციის შესახებ“ რუსეთის ფედერაციის კანონის მიხედვით, ლიკვიდაციის/რეორგანიზაციის შესახებ ცნობა გაიცემა სამეწარმეო რეესტრის ამონაწერის საფუძველზე და ამონაწერში აისახება ინფორმაცია იურიდიული პირის რეორგანიზაციის თუ ლიკვიდაციის პროცესის მიმდინარების შესახებ, ამიტომ იურიდიულ პირთა რეესტრიდან ამონაწერის წარდგენა საკმარისად უნდა ყოფილიყო მიჩნეული სატენდერო კომისიის მოთხოვნის შესასრულებლად, არ არის დასაბუთებული. საკასაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სახელმწიფო შესყიდვის სრული პროცედურა, ტენდერის გამოცხადებიდან ხელშეკრულების დადების ჩათვლით ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე. მართალია უცხო ქვეყნის იურიდიული პირები არ არიან შეზღუდულნი მონაწილეობა მიიღონ საქართველოში გამოცხადებულ ტენდერებში, თუმცა აღნიშნული არ გულისხმობს შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ყველა იმ ქვეყნის კანონმდებლობის შესწავლისა თუ გამოყენების საჭიროებას, რომელშიც დაფუძნებულნი არიან ტენდერში მონაწილე არარეზიდენტი იურიდიული პირები. სატენდერო პირობები, მათ შორის საკვალიფიკაციო მოთხოვნები, განისაზღვრება ეროვნული კანონმდებლობის საფუძველზე და მის ფარგლებში. უკეთუ არარეზიდენტი იურიდიული პირი გადაწყვეტს საქართველოში ორგანიზებულ ტენდერში მონაწილეობის მიღებას, მან უნდა დააკმაყოფილოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული სატენდერო პირობები, მათ შორის საკვალიფიკაციო მოთხოვნები. შესაბამისად, კასატორის მითითება თავის წარმოშობის ქვეყანაში მოქმედ ნორმატიულ მოწესრიგებაზე, არ არის რელევანტური. გასათვალისწინებელია აგრეთვე, რომ კასატორი გაფრთხილებული იყო არასრულყოფილი, ხარვეზიანი საკვალიფიკაციო დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში მოსალოდნელი დისკვალიფიკაციის შესახებ. აღნიშნულის მიუხედავად მან არასრული საკვალიფიკაციო დოკუმენტაცია წარადგინა ისე, რომ არ დაუსაბუთებია სატენდერო კომისიის მიერ მოთხოვნილი ცნობის წარდგენის საჭიროების გამომრიცხავი გარემოებები. შპს-ს მიერ ატვირთული დოკუმენტაცია არ შეიცავდა იურიდიული პირის წარმოშობის ქვეყნის სპეციალურ ნორმატიულ მოწესრიგებაზე მითითებას, ასეთი ნორმატიული მოწესრიგების სათანადო წესით დამოწმებულ, ქართულ ენაზე თარგმანს. პრეტენდენტს არ მიუღია რაიმე ზომა შემსყიდველ ორგანიზაციაში არასრულად წარდგენილი საკვალიფიკაციო დოკუმენტაციის საკმარისობის სათანადოდ დასასაბუთებლად, ხოლო წარდგენილი დოკუმენტაცია - იურიდიულ პირთა რეესტრიდან ამონაწერი არ შეიცავდა არარეზიდენტი იურიდიული პირის ლიკვიდაციის/რეორგანიზაციის პროცესის მიმდინარეობის გამომრიცხავ გარემოებებზე მითითებას. მართებულია სააპელაციო პალატის მოსაზრება, რომ იურიდიული პირის „მოქმედი“ სტატუსი იმთავითვე არ გამორიცხავდა მის მიმართ რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის პროცესის მიმდინარეობას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამო შპს-ს „...ში“ საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს-ს „...ში“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.02.2019წ. განჩინება;
3. რ. რ-ს (პ.ნ....) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 13.09.2019წ. №0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ქ.ცინცაძე
გ. გოგიაშვილი