Facebook Twitter

ბს-1245(კ-19) 25 ნოემბერი, 2021წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.10.2018წ. განჩინებაზე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „...მა“ 06.12.2016წ. სარჩელით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს და სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული სერვისების ბიუროს თბილისის სამმართველოს საცნობარო განყოფილების მიმართ თბილისის სამმართველოს საცნობარო განყოფილების უფროსის 19.09.2016წ. გადაწყვეტილების, სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორის 10.11.2016წ. გადაწყვეტილების ნაწილობრივ ბათილად ცნობის და სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული სერვისების ბიუროს თბილისის სამმართველოს საცნობარო განყოფილებისათვის ავტომობილებზე: ..., სახ. ნომრით:... და ..., სახ. ნომრით:... გირავნობის მოწმობის გაცემის დავალების მოთხოვნით.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 03.05.2017წ. განჩინებით, სასკ-ის 16.1 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ი. მ-ე, შპს „გრანდი“ და შპს „თი ქეი გრუპი“.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 09.08.2017წ. გადაწყვეტილებით შპს „...ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული სერვისების ბიუროს თბილისის სამმართველოს საცნობარო განყოფილების უფროსის 19.09.2016წ. გადაწყვეტილება, სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორის 10.11.2016წ. გადაწყვეტილების მე-2, მე-3, მე-4 პუნქტები და მოპასუხეს დაევალა მოსარჩელის სახელზე გირავნობის მოწმობის გაცემა ავტომობილებზე: ..., სახ. ნომრით:... და ..., სახ. ნომრით:.... აღნიშნული გადაწყვეტილება სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.10.2018წ. განჩინებით სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 09.08.2017წ. გადაწყვეტილება მოპასუხისათვის მოსარჩელის სახელზე ..., სახ. ნომრით:... ავტომანქანაზე გირავნობის მოწმობის გაცემის დავალების ნაწილში მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის გამო და ამ ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება, დანარჩენ ნაწილში რუსთავის საქალაქო სასამართლოს 09.08.2017წ. გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი. პალატამ აღნიშნა, რომ „სსიპ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გირავნობის რეგისტრაციის, ნასამართლეობის შესახებ ცნობისა და მექანიკურ სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 25.06.2007წ. N892 ბრძანების მე-141 მუხლის მე-4 პუნქტის გ1 ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო არ გასცემს გირავნობის მოწმობას თუ მოთხოვნის მომენტისათვის მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე აღრიცხულია უფლებრივი შეზღუდვა. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის „ჟ1 “ ქვეპუნქტის შესაბამისად, უფლებრივი შეზღუდვა არის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარო უფლებამოსილების განმახორციელებელი პირისაგან, აგრეთვე კანონით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილი პირისაგან ელექტრონული ან/და მატერიალური სახით მიღებული შეტყობინების საფუძველზე რეგისტრირებული/აღრიცხული ინფორმაცია ნივთზე ან არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე დადებული ყადაღის, ნივთის ან არამატერიალური ქონებრივი სიკეთის განკარგვის უფლების შეზღუდვის ან სხვა აკრძალვის შესახებ. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის მე-191 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით მოვალეთა რეესტრი არის ფულადი მოთხოვნის აღსრულების უზრუნველყოფამდე წარმოებული საშუალება – სისტემატიზებული ელექტრონული ერთობლიობა მონაცემებისა იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა და სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნთა შესახებ, რომელთა მიმართაც აღსრულება დაიწყო 2010 წლის 1 იანვრიდან, გარდა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და უზრუნველყოფილი მოთხოვნის მოვალისა. პირი მოვალეთა რეესტრში შეიტანება დაუყოვნებლივ, მას შემდეგ, რაც მის წინააღმდეგ დაიწყება სააღსრულებო წარმოება. ამავე კანონის მე-193 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, რეესტრში რეგისტრაციისთანავე პირს ეზღუდება შესაბამის რეესტრში რეგისტრაციას დაქვემდებარებული უძრავი და მოძრავი ქონების და სხვა არამატერიალური ქონებრივი სიკეთის განკარგვის (უფლებრივად დატვირთვის) უფლება. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 401 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, არაუზრუნველყოფილი კრედიტორის სასარგებლოდ იძულებითი აღსრულების განხორციელებისას, თუ მოვალის მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადების შემდეგ, მაგრამ არა უგვიანეს ამ ქონებაზე იძულებითი აუქციონის საჯაროდ გამოცხადებისა, მოგირავნე განაცხადებს ამ ქონებაზე თავის უფლებას და აღსრულების ეროვნულ ბიუროს წარუდგენს გირავნობის უფლების დამადასტურებელ ამონაწერს შესაბამისი რეესტრიდან, აღსრულების ეროვნული ბიურო ამ ქონებას ყადაღისაგან ათავისუფლებს. სააპელაციო სასამართლომ ზემოაღნიშნულ ნორმათა ანალიზის საფუძველზე განმარტა, რომ მართალია პირის მოვალეთა რეესტრში რეგისტრაცია წარმოშობს ყადაღის დადების აუცილებლობას ამ პირის ნებისმიერ ქონებაზე, თუმცა როგორც „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 401 მუხლი, ისე სამოქალაქო კოდექსის 254-ე მუხლი ორიენტირებულია უზრუნველყოფილი კრედიტორის უფლების უპირატეს დაცვაზე. ამდენად, არაუზრუნველყოფილ და უზრუნველყოფილ კრედიტორებს შორის კონკურენციისას კანონმდებელი პრიორიტეტს ანიჭებს უზრუნველყოფილი კრედიტორის ინტერესს. შესაბამისად, სააპელაციო პალატის მოსაზრებით საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 25.06.2007 წ. N892 ბრძანებისა და სამოქალაქო კოდექსის ნორმებს შორის წარმოქმნილი კოლიზიის დროს გამოყენებულ უნდა იქნეს სისტემური განმარტების მეთოდი და უპირატესობა უნდა მიენიჭოს სამოქალაქო კოდექსის იმ ზოგად ნორმებს, რომლებიც მოგირავნეს აძლევს უფლებას ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მიიღოს გირავნობის მოწმობა. ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ მომსახურების სააგენტოს უარი გირავნობის მოწმობის გაცემაზე იყო არამართლზომიერი. ამასთანავე, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს 02.10.2018 წ. სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა უარი განაცხადა სასარჩელო მოთხოვნაზე ... სახ. №... ავტომობილზე გირავნობის მოწმობის გაცემის დავალების მოთხოვნაზე, ავტომობილის რეალიზაციის გამო, შესაბამისად, სსკ-ის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, აღნიშნულ ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.10.2018წ. განჩინება სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ საკასაციო წესით გაასაჩივრა. კასატორი მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა გამოიყენეს კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინათ. სასამართლომ განიხილა გირავნობის სამართლებრივი ბუნება და მიუთითა მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების უპირატეს უფლებაზე, რაც კასატორის მოსაზრებით არ შეესაბამება განსახილველ სამართლებრივ ურთიერთობას. გირავნობის მოწმობის გაცემის წესს არ ადგენს სამოქალაქო კოდექსი, იგი უთითებს მხოლოდ გირავნობის მოწმობის არსზე და მის გამცემ ორგანოზე. თავად სამოქალაქო კოდექსითვე არის განსაზღვრული (სკ-ის 2581 მუხ.), რომ გირავნობის მოწმობის ფორმა და გაცემის წესი დგინდება შინაგან სქმეთა მინისტრის ბრძანებით. კასატორი თვლის, რომ გირავნობის მოწმობის გაცემაზე უარი არ გამორიცხავს მოსარჩელის მოთხოვნის უპირატესად დაკმაყოფილების შესაძლებლობას. კასატორი აღნიშნავს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 25.06.2007წ. N892 ბრძანებით დამტკიცებული „სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გირავნობის რეგისტრაციის, ნასამართლობის შესახებ ცნობისა და მექანიკურ სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემის წესის“ 141 მუხლის მე-4 პუნქტის „გ1“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გირავნობის მოწმობა არ გაიცემა თუ მოთხოვნის მომენტისთვის მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე აღრიცხულია უფლებრივი შეზღუდვა. ამდენად, კასატორის მოსაზრებით გირავნობის მოწმობის გაცემაზე უარი მართლზომიერია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ რეესტრში რეგისტრირებული სანივთო უფლებით უზრუნველყოფილ პირს უპირატესი სამართლებრივი პირობები გააჩნია არაუზრუნველყოფილ კრედიტორთან შედარებით, მოგირავნეს გირავნობის საგნიდან აქვს თავისი მოთხოვნის უპირატესი დაკმაყოფილების უფლება (სკ-ის 254.2 მუხ.). რეგისტრირებული გირავნობის არსებობისას, მოგირავნის წერილობითი მოთხოვნიდან ორი კვირის ვადაში მოვალის მიერ სამოქალაქო კოდექსის 281-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოგირავნის განცხადების საფუძველზე სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო გასცემს გირავნობის მოწმობას (სკ-ის 2581.1 მუხ.). განსახილველ შემთხვევაში სადავო არ გამხდარა ის გარემოება, რომ არსებობდა შპს „...ის“ სახელზე გირავნობის მოწმობის გაცემის ზოგადი წინაპირობები, მათ შორის სახეზე იყო სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა. მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ გირავნობის მოწმობის გაცემის ერთადერთ დამაბრკოლებელ გარემოებად მიუთითა მოვალის მოვალეთა რეესტრში რეგისტრაციის ფაქტზე. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოვალის რეგისტრაცია მოვალეთა რეესტრში უზრუნველყოფილ კრედიტორს არ ართმევს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 193 მუხლის თანახმად, მოვალეთა რეესტრში რეგისტრაციისთანავე პირს ეზღუდება შესაბამის რეესტრში რეგისტრაციას დაქვემდებარებული უძრავი და მოძრავი ქონების და სხვა არამატერიალური ქონებრივი სიკეთის განკარგვის (უფლებრივად დატვირთვის) უფლება. ამასთანავე, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ 193 მუხლის სათაურია - რეესტრში რეგისტრირებული პირის უფლებების შეზღუდვა. ამდენად, მოვალეთა რეესტრში რეგისტრაციით ხდება მოვალის (და არა მისი კრედიტორების) გარკვეული უფლებების შეზღუდვა, რათა თავიდან იქნეს აცილებული მოვალის მიერ თავისი ქონების აღსრულების ფარგლებიდან გამორიცხვა, საკუთარ ნივთებზე სხვადასხვა ოპერაციების შესრულებით მათზე აღსრულების პროცედურების გავრცელებისთვის ხელის შეშლა. მოვალეთა რეესტრის წარმოების მიზანია იძულებითი აღსრულების ღონისძიებების ეფექტურობის ხარისხის გაზრდა, კერძო სამართლებრივი ურთიერთობებისას შესაძლო რისკების შემცირების ხელშეწყობა და პოტენციურ პარტნიორთა საიმედობის დამატებითი გარანტიების შექმნა (საქართველოს იუსტიციის მინისტრის 28.12.2009წ. N234 ბრძანებით დამტკიცებული „მოვალეთა რეესტრის წარმოების წესის“ მე-2 მუხ.). მოვალეთა რეესტრში რეგისტრაცია არის მოვალის და არა უზრუნველყოფილი კრედიტორის უფლებრივი შეზღუდვის საშუალება.

განსახილველ შემთხვევაში დასტურდება, რომ შპს „...სა“ და მოვალე ი. მ-ეს შორის სესხისა და რეგისტრირებული გირავნობის ხელშეკრულება 04.12.2015წ. გაფორმდა. ამ დროისთვის გირავნობით დატვირთულ ნივთზე - ავტომანქანაზე რაიმე უფლებრივი შეზღუდვა არ ფიქსირდებოდა, ამასთანავე, ი. მ-ე მოვალეთა რეესტრში დარეგისტრირდა 2016 წლის მარტიდან. მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მითითება, რომ სადავო აქტით, გირავნობის მოწმობის გაცემაზე უარის თქმით დაუსაბუთებლად შეიზღუდა უზრუნველყოფილი კრედიტორის უფლებები. გასათვალისწინებელია, რომ იმ ქონებაზე ყადაღის არსებობაც კი, რომლის მიმართაც სანივთო უფლებით უზრუნველყოფილი კრედიტორი მოითხოვს მოთხოვნის დაკმაყოფილებას, არ ხდება ამგვარი მოთხოვნის რეალიზაციის დაბრკოლების წინაპირობა („სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 401.7 მუხ.).

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 25.06.2007წ. N892 ბრძანებით დამტკიცებული „სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გირავნობის რეგისტრაციის, ნასამართლეობის შესახებ ცნობისა და მექანიკურ სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემის წესის“ 141.4 მუხლის მიხედვით, გირავნობის მოწმობა არ გაიცემა, თუ მოთხოვნის მომენტისათვის მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე აღრიცხულია უფლებრივი შეზღუდვა („გ1“ ქვ.პ.). ამდენად, ნორმა უთითებს სატრანსპორტო საშუალებაზე აღრიცხულ უფლებრივ შეზღუდვაზე და არა სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის - მოვალის უფლებრივ შეზღუდვაზე. მოვალის უფლების შეზღუდვის პიროვნული საშუალებები და მოვალის ნივთზე გამოყენებული საშუალებები არ არის იდენტური. უკეთუ არაუზრუნველყოფილი კრედიტორის სასარგებლოდ მოვალის მოვალეთა რეესტრში რეგისტრაცია დააბრკოლებს უზრუნველყოფილი კრედიტორის სასარგებლოდ ქრონოლოგიურად უფრო ადრე წარმოშობილი გირავნობის უფლების რეალიზაციას, მაშინ არაუზრუნველყოფილი კრედიტორი აღმოჩნდება უზრუნველყოფილ კრედიტორთან შედარებით უპირატეს მდგომარეობაში, რაც მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალების გამოყენების დანიშნულებასთან და შინაარსთან შეუსაბამო იქნება. განსახილველ შემთხვევაში, უდავოდ დასტურდება, რომ როგორც გირავნობის ხელშეკრულების დადება, ასევე შპს „...ის“ სასარგებლოდ გირავნობის უფლების რეგისტრაცია განხორციელდა პირის მოვალეთა რეესტრში რეგისტრაციამდე. ამდენად, მოვალეთა რეესტრში რეგისტრაციის გამო შპს „...ისათვის“ გირავნობის მოწმობის გაცემაზე უარის თქმა არ ეფუძნება სათანადო დასაბუთებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2.უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.10.2018წ. განჩინება;

3. სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს (ს.კ. 205190513) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 22.07.2019წ. N21146 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. გოგიაშვილი