Facebook Twitter

ბს-116 (კს-21) 25 ნოემბერი, 2021წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ა. ქ-ი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.01.2021წ. განჩინება

დავის საგანი - სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ა. ქ-მა 20.10.2020წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ "ა. ქ-ის მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე" საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 08.10.2020წ. N1000722649 გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ა. ქ-ისათვის მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 26.11.2020წ. გადაწყვეტილებით ა. ქ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი "ა. ქ-ის მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე" საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 08.10.2020წ. N1000722649 გადაწყვეტილება და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაევალა კანონით დადგენილ ვადაში გადაწყვეტილებაში მითითებული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ა. ქ-ისათვის მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემის განცხადებასთან დაკავშირებით. აღნიშნული გადაწყვეტილება სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.12.2020წ. განჩინებით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სააპელაციო საჩივარზე დადგინდა ხარვეზი, აპელანტს დაევალა 7 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის, დავის საგნის ღირებულების 4%-ის, მაგრამ არანაკლებ 150 ლარის ოდენობით გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარდგენა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.01.2021წ. განჩინებით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითრაების საააგენტოს სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 26.11.2020წ. გადაწყვეტილებაზე დატოვებულ იქნა განუხილველად. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ 28.12.2020წ. განჩინება სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს კანცელარიას 30.12.2020წ. ჩაბარდა. ამდენად, ხარვეზის შევსების ვადის ათვლა დაიწყო 2020 წლის 31 დეკემბრიდან. "უქმე დღეების განსაზღვრის შესახებ" საქართველოს მთავრობის 26.11.2020წ. N698 დადგენილების პირველი მუხლის მიხედვით, საქართველოს ორგანული კანონის "საქართველოს შრომის კოდექსის" 30.3 მუხლის შესაბამისად, 2021 წლის 3 იანვრიდან 6 იანვრის ჩათვლით დღეები და 8 იანვრიდან 15 იანვრის ჩათვლით დღეები განისაზღვრა უქმე დღეებად. მითითებული დადგენილების და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60.2 მუხლის შესაბამისად ხარვეზის შევსების ვადა დასრულდა 18 იანვარს, ორშაბათს, სამუშაო დღეს. აპელანტმა ხარვეზის შევსების თაობაზე განცხადება 20.01.2021წ. ფოსტის მეშვეობით გამოაგზავნა, რომელიც სააპელაციო სასამართლოს კანცელარიაში 21.01.2021წ. დარეგისტრირდა. ამდენად, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ ხარვეზი არ აღმოფხვრილა სააპელაციო სასამართლოს მიერ განჩინებით დადგენილ 7 დღიან ვადაში, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.01.2021წ. განჩინება სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ კერძო საჩივრით გაასაჩივრა.

კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის 26.11.2020წ. N698 დადგენილებისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60.2 მუხლის შესაბამისად, ხარვეზის აღმოფხვრისთვის დადგენილ ბოლო დღეს - 18 იანვარს სააგენტომ ბაჟის ქვითრის დედანი ს...ის მეშვეობით გააგზავნა. იგი ს...ის უფლებამოსილ თანამშრომელს 18.01.2021წ. გადაეცა, რასაც ადასტურებს საჩივარზე თანდართული მტკიცებულება. სააგენტოს მიერ ს...ის უფლებამოსილ თანამშრომელთან 18.01.2021წ. ჩაბარებული წერილი ს...აში დაგვიანებით - 20.01.2021წ. (19 იანვარი - შრომის კოდექსით გათვალისწინებული უქმე დღე) დარეგისტრირდა. ფოსტის მიერ დაშვებული ტექნიკური უსწორობის თაობაზე სააგენტომ შეიტყო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე განჩინების ჩაბარების შემდეგ. ამდენად, კერძო საჩივრის ავტორი თვლის, რომ საჩივარზე თანდართული წერილით (მიღებული რეგისტრირებული წერილობითი კორესპონდენციის შესახებ) ცალსახად დასტურდება სააგენტოს მხრიდან სახელმწიფო ბაჟის ქვითრის დედნის ს...აში 18.01.2021წ, ჩაბარების და სსკ-ის 61.3 მუხლის შესაბამისად განჩინებით დადგენილ ვადაში ხარვეზის აღმოფხვრის ფაქტი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368.5 მუხლზე, რომლის მიხედვით, თუ საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საჩივარი აღარ მიიღება.

საქმის მასალების მიხედვით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.12.2020წ. განჩინებით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სააპელაციო საჩივარზე დადგენილ იქნა ხარვეზი, რომლის შესავსებადაც აპელანტს განესაზღვრა 7 დღიანი ვადა. ზემოაღნიშნული განჩინება სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გაეგზავნა სარჩელში მითითებულ მისამართზე და 30.12.2020წ. ჩაბარდა სააგენტოს კანცელარიას. შესაბამისად, ხარვეზის შევსების ვადის ათვლა დაიწყო 2020 წლის 31 დეკემბრიდან.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს "უქმე დღეების განსაზღვრის შესახებ" საქართველოს მთავრობის 26.11.2020წ. N698 დადგენილების პირველი მუხლზე, რომლის მიხედვით, საქართველოს ორგანული კანონის "საქართველოს შრომის კოდექსის" 30.3 მუხლის შესაბამისად, 2021 წლის 3 იანვრიდან 6 იანვრის ჩათვლით დღეები და 8 იანვრიდან 15 იანვრის ჩათვლით დღეები განისაზღვრა უქმე დღეებად. ამდენად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.12.2020წ. განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა დასრულდა 2021 წლის 18 იანვარს, ორშაბათს, 24 საათზე.

კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი სააგენტომ განჩინებით დადგენილ ვადაში აღმოფხვრა, ბაჟის ქვითრის დედანი ს...ის მეშვეობით 18.01.2021წ. გაიგზავნა სააპელაციო სასამართლოში, რის დასტურადაც კერძო საჩივრის ავტორმა წარმოადგინა 18.01.2021წ. ფოსტისათვის ჩაბარებული კორესპონდენციის სია, რომელსაც ხელს აწერს როგორც სააგენტოს, ისე შპს "ს...ის" წარმომადგენელი. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ წარმოდგენილი წერილობითი კორესპონდენციის N38 სიით დასტურდება, რომ გზავნილი ნომრით N6994 18.01.2021წ. ჩაბარდა შპს "ს...ას", სწორედ ეს რეკვიზიტებია მითითებული საფოსტო კონვერტზე (გზავნილის ნომერი ...), რომლითაც თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ იქნა განცხადება სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის აღმოფხვრის შესახებ, შესაბამის სახელმწიფო ბაჟის ქვითართან ერთად. ამდენად, შპს "ს...ას" N ... გზავნილი 18.01.2021წ. გადაეცა, ხოლო აღნიშნული გზავნილის რეგისტრაცია შპს „ს...ის“ ელექტრონულ სააღრიცხვო პროგრამაში განხორციელდა გზავნილის მიღებიდან მომდევნო სამუშაო დღეს (20.01.2021წ.).

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ დასტურდება სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.12.2020წ. განჩინებით დადგენილ ვადაში ხარვეზის აღმოფხვრა და სახელმწიფო ბაჟის დამადასტურებელი დოკუმენტის სააპელაციო სასამართლოსთვის 18.01.2021წ. წარდგენა. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.01.2021წ. განჩინება და საქმე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების ეტაპიდან ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე, 368-ე, 374-ე, 399-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.01.2021წ. განჩინება და საქმე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების ეტაპიდან ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. გოგიაშვილი