~
ბს-925(კ-19) 25 ნოემბერი, 2021წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა შპს „...ის“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.02.2019წ. განჩინებაზე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს „...მა“ 29.05.2015წ. სარჩელით მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ახალციხის მუნიციპალიტეტის მიმართ ახალციხის მუნიციპალიტეტის მიერ 12.07.2012წ. 17:00 სთ-ზე გამართული აუქციონის შედეგების: აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი N17 ოქმის და ამ ოქმის საფუძველზე 13.08.2012წ. გაცემული N16 საკუთრების უფლების მოწმობის ბათილად ცნობის, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის, ახალციხის მუნიციპალიტეტის მიერ შპს „...ისთვის“ 1 900 000 ლარის დაბრუნების, მიყენებული ზიანის - 478 333 ლარის და 2015 წლის 12 მაისის შემდგომ ახალციხის მუნიციპალიტეტის მიერ 1 900 000 ლარის გადახდამდე შპს „...ის“ სასარგებლოდ ამ თანხის ყოველწლიური 10%-ის გადახდის დავალების მოთხოვნით. მოგვიანებით მოპასუხეებად მიეთითნენ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო და ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობა.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 31.07.2015წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა შპს „...ის“ მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.02.2019წ. განჩინებით შპს „...ის“ სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 31.07.2015წ. გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ 19.05.2012წ. სისხლის სამართლებრივი წესით დაკავებულ იქნენ დ. მ-ი და ზ. ი-ე, რომლებიც შპს „...ის“ დირექტორები და პარტნიორები იყვნენ. სასამართლოს 20.05.2012წ. განჩინებით მათ შეეფარდათ პატიმრობა, რომელიც მოგვიანებით - 2012 წლის 08 ივნისსა და 07 ივლისს შეცვლილი იქნა გირაოთი. ამასთანავე, სისხლის სამართლებრივი დევნა მიმდინარეობდა 2014 წლის 12 მარტამდე, ვიდრე პროკურატურის დადგენილებით საქმის გამოძიება არ შეწყდა. ამდენად, აუქციონის მიმდინარეობის პერიოდში შპს-ს დირექტორებისა და იმავდროულად საწარმოს პარტნიორების მიმართ მიმდინარეობდა სისხლის სამართლებრივი დევნა. პალატამ აღნიშნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნება მოსარჩელის აზრით საქართველოს პროკურატურის უკანონო ქმედებებს, თუმცა მოცემული ორგანო საქმის განხილვაში ჩართული არ ყოფილა. პალატამ მიიჩნია, რომ საქმის ობიექტური განხილვა, არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევა და საქმის სწორად გადაწყვეტა მნიშვნელოვნად იყო დამოკიდებული საქმეში მესამე პირად საქართველოს მთავარი პროკურატურის მოწვევაზე, რის გამო, სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე რაიონულ სასამართლოს უნდა ემსჯელა საქმეში მისი ჩართვის საჭიროებაზე და ყველა პირის ჩართულობით უზრუნველეყო საკითხის გამოკვლევა და გადაწყვეტა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.02.2019წ. განჩინება შპს „...მა“ საკასაციო წესით გაასაჩივრა. კასატორმა აღნიშნა, რომ შპს „...ი“ და შპს „ს...ი“ იყო ერთ ბიზნეს ჯგუფში გაერთიანებული კომპანიები, რომლის თანამფლობელები იყვნენ ზ. ი-ე და დ. მ-ი. საქმიანობის საგანი იყო ნავთობპროდუქტის იმპორტი, საცალო და საბითუმო რეალიზაცია. შპს „...ის“ საკუთრებაში იყო ავტოგასამართი სადგურების ქსელი, ნავთობპროდუქტების საბითუმო ბაზები, ავტოცისტერნები და სხვა აქტივები. ბიზნეს ჯგუფი წარმატებულად მუშაობდა, იყო მსხვილი გადამხდელი, 2010 წლის მონაცემებით მოგების მოცულობამ შეადგინა 15 000 000 ლარი, ხოლო აქტივების ღირებულება შეფასებული იყო 60 000 000 აშშ დოლარად. 2010 წლის ნოემბერში დ. მ-ი და ზ. ი-ე დაიბარა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა და განუმარტა, რომ უნდა მოეხდინათ ბიზნესის გასხვისება 22 000 000 აშშ დოლარად, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრა თავისუფლების აღკვეთით და იძულებით ბიზნესის უფასოდ დათმობით. კასატორი აღნიშნავს, რომ მუქარა შეფასდა რეალურად, რის გამო ბიზნესი გასხვისდა 22 000 000 აშშ დოლარად თავდაცვის ყოფილ მინისტრთან აფილირებული კომპანიის სახელზე. თანხის გადახდა გაგრძელდა წელიწადნახევარი. მიღებული თანხიდან 3 000 000 აშშ დოლარი გადახდილი იქნა მოგების გადასახადის სახით, ხოლო 14 000 000 აშშ დოლარით დაიფარა ბიზნესის საბანკო სესხები. 19.05.2012წ. სამართალდამცავი ორგანოების მიერ დაკავებულ იქნენ დ. მ-ი და ზ. ი-ე ფულის გათეთრებისა და ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტების დამზადების მოტივით, შეეფარდათ წინასწარი პატიმრობა. პატიმრობის პერიოდში მათ რამდენჯერმე შეხვდა ერთ-ერთი გამომძებელი და შესთავაზა მისივე განმარტებით მაღალი თანამდებობის პირებთან შეთანხმებული პირობები, რომლის თანახმად 6 000 000 ლარის სანაცვლოდ ისინი გათავისუფლდებოდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრა 14-16 წლით პატიმრობით. თავდაპირველი წინააღმდეგობის მიუხედავად საბოლოოდ დ. მ-ი და ზ. ი-ე დათანხმდნენ შეთავაზებულ პირობებს. გამომძიებლის მიერ შეთავაზებული პირობების თანახმად, დ. მ-ს და ზ. ი-ეს უნდა ეღიარებინათ დანაშაული, სს „ლიბერთი ბანკში“ გახსნილ სააღსრულებო ბიუროს უზრუნველყოფის ანგარიშზე შეეტანათ 6 000 000 ლარი, მითითებული თანხიდან 1900000 ლარი გადაერიცხათ რაბათის რეკონსტრუქციის მიზნით ახალციხის ადგილობრივ ბიუჯეტში, განეხორციელებინათ 4 000 000 ლარის ინვესტიცია კურორტ ...ში, დარჩენილი 100 000 ლარი მოხმარდებოდა სავარაუდო ჯარიმასა და საგადასახადო შეთანხმებას, ასევე თანხის სააღსრულებო ბიუროს უზრუნველყოფის ანგარიშზე შეტანისთანავე განთავისუფლდებოდნენ გირაოთი, უზრუნველყოფის ანგარიშიდან თანხის ხარჯვას კი გააკონტროლებდა პროკურატურა, რომელიც შესაბამისი მიმართვებით უზრუნველყოფდა თანხის გადარიცხვას. პროკურატურასთან შეთანხებით პირველ ეტაპზე - 27.06.2012წ. უზრუნველყოფის ანგარიშზე შეტანილ იქნა 990 000 ლარი. მეორე დღესვე - 28.06.2012წ. დ. მ-ს პატიმრობა შეეცვალა გირაოთი - 10 000 ლარით. დ. მ-მა უზრუნველყო 4 000 000 ლარის ოდენობით კრედიტის აღება, რის შემდგომ ზ. ი-ეც გათავისუფლდა გირაოს სანაცვლოდ. პროკურატურის მითითებით ახალციხის ადგილობრივ ბიუჯეტში თანხის ჩარიცხვა უნდა მომხდარიყო ახალციხის მუნიციპალიტეტის, სოფ. ჭვინთაში მდებარე 121 კვ.მ. მიწის ნაკვეთის აუქციონის ფორმით პრივატიზების გზით. კასატორმა ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ჯერ ახალციხის ადგილობრივ ბიუჯეტში უზრუნველყოფილ იქნა 1 900 000 ლარის გადახდა და შემდგომში ჩატარდა აუქციონი. ახალციხის ადგილობრივ ბიუჯეტში თანხის ჩარიცხვა მოხდა რამდენიმე ეტაპად 2012 წლის 29 ივნისს, 04 ივლისს და 05 ივლისს, გადარიცხვების დანიშნულებაში მითითებული იყო „აუქციონის წესით გასაყიდი ქონება“. აუქციონი ჩატარდა 12.07.2012წ., აუქციონზე გატანილი ქონების საწყისი ფასი იყო 8 000 ლარი, ხოლო ბიჯი - 800 ლარი. აუქციონში სხვა მონაწილე არ ყოფილა. ამდენად, ქონება, რომლის შეძენაც შპს „...ს“ შეეძლო 8800 ლარად, შეძენილ იქნა 1 900 000 ლარად. კასატორი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად არ იქნა მოთხოვნილი შპს „...ის“ პარტნიორთა გადაწყვეტილება - კრების ოქმი. აუქციონში მონაწილეობის მისაღებად წარდგენილ განცხადებაზე თანდართული იყო მხოლოდ წესდება, პარტნიორთა კრების გადაწყვეტილების გარეშე. ამასათანავე, მნიშვნელოვანია, რომ შპს „...ის“ წესდების თანახმად, უძრავი ქონების შეძენის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას სჭირდებოდა პარტნიორთა 100 %-ის თანხმობა. აუქციონის ჩატარების დროისთვის შპს „...ს“ ჰყავდა 4 პარტნიორი - შპს „გ...ი“ (94%), დ. მ-ი (2 %), ზ. ი-ე (2%) და ზ. მუჯირი (2%). შპს „...ის“ სახელით აუქციონში მონაწილეობის მისაღებად კონკრეტულ პირზე მინდობილობა გაცემული იქნა ერთპიროვნულად დირექტორის მიერ. ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 12.10.2010წ. N34 და 09.11.2011წ. N30 დადგენილებებში განსაზღვრულია, რომ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელ ოქმს, რომელიც განმკარგავთან რჩება იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი იურიდიული პირია, თან ერთვის წესდება და წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება. შპს-ს მითითების მიუხედავად გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში სასამართლოს აღნიშნულ საკითხებზე არ უმსჯელია. კასატორმა აღნიშნა აგრეთვე, რომ მის მიერ ჩატარებული აუდიტორული შეფასების მიხედვით აუქიცონზე გატანილი ქონების საბაზრო ღირებულება 8000 ლარზე ნაკლები იყო და შეადგენდა 5000 ლარს. აუდიტორის დასკვნაში აღნიშნულია, რომ ობიექტი არის ძველი შენობა, რომელიც მთლიანად ამორტიზირებულია, იგი დგას ხევის პირზე, საძირკველი ამოყვანილია ნათალი ქვით, რომელზეც დაშენებულია ხის ნაგებობა, შენობა დანგრევის პირზეა, არ არის კომუნიკაციები.
კასატორი არ ეთანხმება სასამართლოს მოსაზრებას სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე საქმეში საქართველოს მთავარი პროკურატურის ჩართვის საჭიროების შესახებ, რადგან პროკურატურა არ არის იმ სამართალურთიერთობის მონაწილე, რომლის თაობაზეც სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი, გაურკვეველია რა სახით შეიძლება შეეხოს სასამართლოს მისაღები გადაწყვეტილება მთავარ პროკურატურას. სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც თანხის ანაზღაურების ვალდებულება დაეკისრება ახალციხის მუნიციპალიტეტს და არა მთავარ პროკურატურას.
კასატორი ყურადღებას ამახვილებს აგრეთვე იმ გარემოებაზე, რომ პატიმრობის გამო ახალციხეში გამოცხადებული აუქციონის შესახებ ინფორმაციის მიღების ობიექტური შესაძლებლობა მათ არ ჰქონდათ. აუქციონის შესახებ ინფორმაცია გამოცხადდა ადგილობრივ ტელევიზიაში მიუხედავად იმისა, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 09.11.2011წ. დადგენილებით დამტკიცებული წესის მიხედვით აუქციონის შესახებ ინფორმაცია უნდა გამოქვეყნებულიყო მუნიციპალიტეტის ინტერნეტ გვერდზე, ადგილობრივ ან/და ბეჭდვით გამოცემაში. დადგენილებით არ არის გათვალისწინებული აუქციონის შესახებ ინფორმაციის ტელევიზიით გავრცელების შესაძლებლობა. ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევს, რომ არსებობს გადაწყვეტილების გაუქმების და სარჩელის სრულად დაკმაყოფილების საფუძველი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ შედეგობრივად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ აპელაცია მიზნად ისახავს პირველი ინსტანციის სასამართლოს კანონიერ ძალაში შეუსვლელი გადაწყვეტილების კანონიერებისა და დასაბუთებულობის შემოწმების გზით მხარეთა უფლებების დაცვას. საკასაციო ინსტანციის სასამართლოსაგან განსხვავებით, რომელიც საკასაციო საჩივარს ამოწმებს მხოლოდ სამართლებრივი თვალსაზრისით, სააპელაციო ინსტანციის სასამართლო იკვლევს საქმის როგორც ფაქტობრივ, ისე სამართლებრივ საკითხებს. ის გარემოება, რომ სააპელაციო სასამართლო არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, იმთავითვე არ ქმნის საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში დაბრუნების საფუძველს. სააპელაციო ინსტანციის სასამართლო საქმის გადასინჯვის დროს განიხილავს როგორც ფაქტის, ისე სამართლის საკითხებს, თუმცა არ ახდენს პირველი ინსტანციის სასამართლოს სრულ ჩანაცვლებას. იმ შემთხვევაში, როდესაც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებიდან არ იკვეთება რაიმე სახის ფაქტობრივი გარემოებების კვლევა, ხოლო დავის გადაწყვეტის მიმართ არსებული მიდგომა წმინდად ფორმალურია, გამონაკლის შემთხვევებში სააპელაციო პალატას არ ეზღუდება დავის პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის დაბრუნების შესაძლებლობა, უკეთუ აღნიშნული დავის ობიექტურად სწორად გადაწყვეტის, დავის მონაწილე ყველა პირის ინტერესების უკეთ გათვალისწინების, ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკცებულებების უკეთ გამოკვლევის საჭიროებით არის განპირობებული. ამასთანავე, დავის პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება სათანადოდ უნდა იყოს დასაბუთებული, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის გარემოებათა არასათანადოდ გამოკვლევა ან მიღებული გადაწყვეტილების უსწორობა, იმთავითვე არ ქმნის დავის ხელახლა განსახივლელად დაბრუნების საფუძველს. სააპელაციო პალატა იმ შემთხვევაშია საქმის საქალაქო (რაიონული) სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნებაზე უფლებამოსილი, უკეთუ პირველი ინსტანციის სასამართლოში დავის განხილვის მკვეთრად ფორმალური ხასიათის გამო, მხარეს ფაქტობრივად ერთმევა პირველი ინსტანციის სასამართლო წარმოება. ზოგადი წესის მიხედვით არასრული (შეზღუდული) აპელაციის მოდელი არ გამორიცხავს ადმინისტრაციული სამართალწარმოების ინკვიზიციურ ელემენტებს, შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევში, სააპელაციო სასამართლოს აქვს შესაძლებლობა თავად გამოიტანოს ახალი გადაწყვეტილება, სააპელაციო სასამართლო ერთის მხრივ ამოწმებს პირველი ინსტანციის მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევასთან მიმართებით დარღვევების არსებობას და პირველი ინსტანციის მიერ დადგენილი ფაქტების შესახებ მსჯელობას, ხოლო მეორეს მხრივ თავად იკვლევს და აფასებს საქმეში დაცულ მტკიცებულებებს, რომელიც აუცილებელია საქმის გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევისათვის. საკასაციო პალატა თვლის, რომ ამ კუთხით ერთმანეთისაგან გამიჯვნას საჭიროებს აპელაციის სრული და არასრული (შეზღუდული) მოდელის მახასიათებლები. სრული აპელაციის შემთხვევაში პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებს შორის ზღვარი ფაქტობრივად წაშლილია, რადგან სააპელაციო სასამართლო მოიძიებს და იღებს მხარეთა მიერ წარდგენილ ახალ მტკიცებულებებს, ითვალისწინებს მხარეთა მიერ პირველი ინტანციის სასამართლოში გაუჟღერებელ მოსაზრებებსაც, ადგენს ახალ ფაქტობრივ გარემოებებს, სრულად იმეორებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის გარემოებათა გამოკვლევის მიზნით განხორციელებულ ქმედებებს და ამდენად, მოკლებულია დავის ხელახლა განსახილველად დაბრუნების შესაძლებლობას. აღნიშნულისგან განსხვავებით არასრული (შეზღუდული) აპელაციის შემთხვევაში მართალია სააპელაციო პალატას აქვს ახალი მტკიცებულებების მიღებისა და ახალი ფაქტობრივი გარემოებების დადგენის შესაძლებლობა, თუმცა იგი არ ახდენს საქმის სრულ ხელახალ კვლევას და შემოიფარგლება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციო საჩივრის ფარგლებში შემოწმებით, გადასინჯვით, ამდენად, არასრული აპელაციის შემთხვევაში იკვეთება სხვაობა პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლო წარმოებებს შორის, შესაბამისად, ასეთ დროს სააპელაციო პალატას არ ერთმევა დავის პირველი ინსტანციის სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების შესაძლებლობა, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება შეიცავდეს სათანადო დასაბუთებას დავის სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტის შეუძლებლობის თაობაზე, ამგვარი გარემოებების არსებობა საქმის მასალებითაც უნდა დასტურდებოდეს. უკეთუ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შეიცავს მოსარჩელის ძირითად არგუმენტებზე მსჯელობას და ძირითადი ფაქტობრივი გარემოებების კვლევას, შეფასებას, მაშინ საფუძველი ეცლება მისთვის საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნებას და სააპელაციო პალატა ვალდებულია თავად გამოასწოროს გადაწყვეტილების ხარვეზები. საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნებისას სააპელაციო სასამართლომ უნდა მიუთითოს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გასარკვევ იმ საკითხთა წრეზე, რომლის გარკვევის შესაძლებლობა სააპელაციო სასამართლოს არ გააჩნია.
საქმის მასალების, სარჩელისა და საკასაციო საჩივრის პრეტენზიების, ქვედა ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებების გაცნობის შედეგად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საჭიროების შესახებ. მართებულია სააპელაციო პალატის მოსაზრება, რომ საქმის ობიექტური განხილვა, არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილად დადგენა და საქმის სწორად გადაწყვეტა მნიშვნელოვნად იყო დამოკიდებული საქმეში მესამე პირად საქართველოს მთავარი პროკურატურის მოწვევაზე, რადგან მოსარჩელის არგუმენტაციის თანახმად, სწორედ პროკურატურის მონაწილეობით მიმდინარეობდა აუქციონზე ქონების შეძენის მიზნით განხორციელებული პროცესები. შპს „...ის“ განმარტებით მისი დირექტორებისათვის ბრალის წაყენება, დაკავება, პატიმრობის შეფარდება, პატიმრობისას გარკვეული მოლაპარაკებები, შემდგომში პატიმრობის გირაოთი შეცვლა, უზრუნველყოფის ანგარიშზე თანხების ჩარიცხვა, მათი მუნიციპალიტეტში გადარიცხვა მოსარჩელეთა მოსაზრებით განხორციელდა პროკურატურის მუშაკთა უშუალო ჩართულობით. ამასთანავე, სისხლის სამართლებრივი დევნაც შეწყდა პროკურატურის გადაწყვეტილების შესაბამისად. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არსებობდა საქმეში პროკურატურის მესამე პირად ჩაბმის საფუძველი.
მართალია საქმეში მესამე პირის ჩართვის საჭიროება იმთავითვე არ ქმნის დავის პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველს, თუმცა საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას დავაში მესამე პირის ჩართვა განსახილველი საკითხის კომპლექსურობის გათვალისწინებით, აგრეთვე იმის გათვალისწინებით, რომ სასკ-ის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით ჩაბმული პირი სარგებლობს მხარის უფლებებითა და მოვალეობებით, ვერ უზრუნველყოფდა დავის სათანადო განხილვას, საქმის გარემოებათა სრულყოფილ გამოკვლევას, მტკიცებულებათა სრულ მოძიებასა და შეფასებას, რის გამო, მიზანშეწონილი იყო დავის რაიონული სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ რაიონული სასამართლოს მიერ არასრულად არის დადგენილი საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები, უგულებელყოფილია შპს „...ის“ პარტნიორთა დაკავების ფაქტი, მათ მიმართ მიმდინარე გამოძიება, არ არის გამოკვლეული ახალციხის მუნიციპალიტეტისათვის ნასყიდობის ფასის გადახდის თარიღები და საფუძველი. შეფასებას საჭიროებს აგრეთვე მოსარჩელის არგუმენტები აუქციონის ჩატარების წესის დარღვევასთან, შპს „...ის“ სახელით აუქციონში მონაწილე პირის უფლებამოსილებასთან მიმართებით. მართებულია სააპელაციო პალატის მიერ ყურადღების გამახვილება იმ გარემოებაზე, რომ 19.05.2012წ. სისხლის სამართლებრივი წესით დაკავებულ იქნენ დ. მ-ი და ზ. ი-ე, რომლებიც შპს „...ის“ დირექტორები და პარტნიორები იყვნენ, 20.05.2012წ. მათ შეეფარდათ პატიმრობა, რომელიც მოგვიანებით - 2012 წლის 08 ივნისსა და 07 ივლისს შეცვლილი იქნა გირაოთი, სისხლის სამართლებრივი დევნა მიმდინარეობდა 2014 წლის 12 მარტამდე, ვიდრე პროკურატურის დადგენილებით საქმის გამოძიება არ შეწყდა. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ კონკრეტული პირების მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის არარსებობა, არ გამორიცხავს ჩატარებული აუქციონის კანონიერებაზე მსჯელობის შესაძლებლობას, რადგან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული მმართველობითი საქმიანობის კანონიერების შემოწმება ადმინისტრაციული დავის საგანს შეადგენს. მართალია სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილ, კანონიერ ძალაში მყოფ განაჩენს შეუძლია გამოიწვიოს საქმის გამარტივებული წესით განხილვა, თუმცა ასეთის არ არსებობა არ ნიშნავს სარჩელის აღძვრის შეუძლებლობას, ასეთი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უსათუოდ უარის თქმას.
კასატორის მოთხოვნა სასარჩელო მოთხოვნის საკასაციო პალატის მიერ დაკმაყოფილებაზე მოკლებულია სათანადო დასაბუთებას, რადგან საქმეზე დადგენას საჭიროებს საკითხის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები, ხოლო საკასაციო პალატა ახდენს უკვე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებას, იგი არ არის ფაქტობრივი გარემოებების დამდგენი სასამართლო, მისი მიზნებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა აფასებს მხოლოდ დავის სამართლებრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, საკასაციო საჩივარს არ აქვს წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2.უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.02.2019წ. განჩინება;
3. შპს „...ს“ (ს.კ. ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 14.06.2019წ. N... საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 8000 ლარის 70%, - 5600 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი N300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
გ. გოგიაშვილი