საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-712(კ-21) 25 ნოემბერი, 2021 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - ზ. ზ-ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 28 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:ზ. ზ-ემ 2019 წლის 21 მაისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიმართ და მოითხოვა ამავე ცენტრის 2019 წლის 23 აპრილის №MES 5 19 00466398 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ასევე, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისთვის ზ. ზ-ის სახელზე შპს „პ...ის“ მიერ გაცემული ... დიპლომის ნამდვილობის დადასტურების თაობაზე ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილებით ზ. ზ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება საააპელაციო წესით მანვე გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით ზ. ზ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ზ. ზ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
საკასაციო საჩივრის თანახმად, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის რეესტრის სამმართველოს უფროსის 2019 წლის 29 მარტის №MES 19 00374934 წერილის თანახმად, საქართველოს განათლების სამინისტრომ 1992 წლის 3 ივლისს გასცა უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის №01-17- 08/876 ლიცენზია, რომლითაც ნება დაერთო მოქალაქე გ. ჟ-ას რეგისტრაციაში გაეტარებინა თბილისის პედიატრიული ინსტიტუტი, როგორც ფასიანი უმაღლესი სასწავლებელი. ქალაქ თბილისის დიდუბის რაიონის სასამართლოს 1996 წლის 9 თებერვლის დადგენილებით რეგისტრაციაში გატარდა შპს თ...ი. კასატორის მითითებით, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 88-ე მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად, ლიცენზირებული ან კანონით ლიცენზირებულად ჩათვლილი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ, 2005-2006 სასწავლო წლის დაწყებამდე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული, საგანმანათლებლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი აღიარებულია სახელმწიფოს მიერ. 2008 წლის 7 აპრილიდან აღნიშნულ იურიდიულ პირს ეწოდა შპს პ...ი. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 89-ე მუხლის 23-ე და 231 პუნქტების შესაბამისად, აღნიშნულმა იურიდიულმა პირმა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში წარადგინა ჩარიცხულ პირთა სია. ამასთან, შპს „პ...მა“ 2014 წლის 10 ნოემბრის №134 კორესპონდენციით ცენტრს აცნობა, რომ მილევად რეჟიმში საქმიანობას ასრულებდა 2014 წლის 31 დეკემბერს, რის შედეგადაც 2015 წლის იანვრის ბოლოს გაიცემოდა დიპლომები. სწორედ, რომ 2015 წელს გაიცა ზ. ზ-ის სახელზე დიპლომი, მანამდე კი, 2012 წლის 23 ივლისის №88 გადაწყვეტილებით მიენიჭა ბიზნესის მართვის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, საბანკო საქმის სპეციალობით.
კასატორის აღნიშვნით, სახელმწიფოსა და კერძო სასწავლებელს შორის დაურეგულირებელ ურთიერთობას არ უნდა ეწირებოდეს ფიზიკური პირის ინტერესი და კონკურენციის პირობებში დაცული უნდა იქნეს კერძო პირის კანონით დაცული ინტერესი განათლების უფლება, რომელიც მიღებული აქვს ზ. ზ-ეს და რომლის აღიარებაზეც სახელმწიფო უკანონოდ ეუბნება უარს. დასახელებულ გარემოებათა გათვალისწინებით, კასატორი უკანონოდ მიიჩნევს სადავო აქტს, რაც მისი ბათილად ცნობის წინაპირობებს ქმნის.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ზ. ზ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.
საკასაციო პალატა მიუთითებს, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფზე, რაც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, თუმცა იგი არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს შპს „პ...ის“ მიერ მოსარჩელის სახელზე გაცემული ... დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ უარის თქმის კანონიერება. დადგენილია, რომ ზ. ზ-ე არაავტორიზებულ დაწესებულებაში - შპს „პ...ში“ ჩაირიცხა 2008 წლის 10 იანვარს. შპს “ჰ...ის“ 2012 წლის 23 ივლისის №88 გადაწყვეტილებით, ზ. ზ-ეს მიენიჭა ბიზნესის მართვის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი საბანკო საქმის სპეციალობით და 2015 წლის 9 იანვარს გაიცა ... ბაკალავრის დიპლომი.
საქმის მასალებით ასევე დადასტურებულია, რომ მოსარჩელემ 2019 წლის 28 მარტს განცხადებით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს მის სახელზე გაცემული ... ბაკალავრის დიპლომის ნამდვილობის დადასტურების თაობაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების შედეგად, სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 18 ივნისის №MES 0 19 00775309 წერილით ცენტრს ეცნობა, რომ ზ. ზ-ე არ იძებნებოდა ერთიანი ეროვნული გამოცდების მონაწილეებს შორის. აქედან გამომდინარე, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 23 აპრილის №MES 5 19 00466398 გადაწყვეტილებით, ზ. ზ-ეს უარი ეთქვა დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე.
განსახილველ შემთხვევაში, კასატორი მოსარჩელის სახელზე გაცემული დიპლომის ნამდვილობის დადასტურების საფუძვლად უთითებს იმ გარემოებას, რომ ზ. ზ-ის სახელზე გაცემული დიპლომი არის განათლების სამინისტროს მიერ გაცემული. დიპლომს ... ნომერიც მინიჭებული აქვს სახელმწიფოს მიერ. ამდენად, თუ მოწინააღმდეგე მხარე თვლიდა, რომ ზ. ზ-ე სასწავლებელში ჩარუცხული იყო კანონის დარღვევით, მასზე არ უნდა გაეცა განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მოსარჩელის სასწავლებელში ჩარიცხვის დროს მოქმედი რედაქციის 63-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი იყო, რომ სახელმწიფო ცნობდა მხოლოდ აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების და ამ კანონის 661 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ახალდაფუძნებული ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემულ დიპლომს. დასახელებული კანონის მე-2 მუხლის „თ“ პუნქტის მიხედვით აკრედიტაცია არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ან/და საგანმანათლებლო პროგრამის სტატუსის (სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის უფლების) დადგენის პროცედურა. ამ პროცედურას ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრი სახელმწიფოს მიერ განსაზღვრულ მოთხოვნებთან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების (ინსტიტუციური აკრედიტაცია) ან/და საგანმანათლებლო პროგრამის (პროგრამული აკრედიტაცია) შესაბამისობის დადგენით. მითითებული კანონის (იმავე პერიოდში მოქმედი რედაქცია) 66-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გადაწყვეტილებას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკრედიტაციის შესახებ ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის საფუძველზე იღებს განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის საბჭო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკრედიტაციის შესახებ შეიძლება იყოს ოთხი სახის: ა) აკრედიტაციის მინიჭების შესახებ; ბ) აკრედიტაციის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ; გ) აკრედიტაციის პირობით მინიჭების შესახებ; დ) აკრედიტაციის გაუქმების შესახებ. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად კი, აკრედიტაციის პირობით მინიჭების შემთხვევაში ბრძანებაში მითითებული უნდა იყოს აკრედიტაციის მინიჭების პირობის შესრულების წესი. პირობითი აკრედიტაციის მინიჭების შემთხვევაში უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას არ აქვს სტუდენტთა მიღების უფლება.
საკასაციო პალატა ასევე განმარტავს, რომ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 88-ე მუხლის პირველი პუნქტის (2008 წელს მოქმედი რედაქცია) თანახმად, „საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის საბჭოს დებულებისა და პერსონალური შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 20 ივლისის №418 ბრძანებულების შესაბამისად, აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები ჩაითვალა ამ კანონის შესაბამისი ინსტიტუციური აკრედიტაციის მქონედ 2007−2008 სასწავლო წლის დაწყებამდე. სახელმწიფოს მიერ აღიარებულად ჩაითვალა 2007−2008 სასწავლო წლის დაწყებამდე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იმ დაწესებულების სტუდენტებზე გაცემული, საგანმანათლებლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელთაც ზემოაღნიშნული ბრძანებულების შესაბამისად, უარი ეთქვათ აკრედიტაციის მინიჭებაზე. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ საქართველოს განათლების სამინისტროს 1992 წლის 3 ივლისს გაცემული უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის №01-17-08/876 ლიცენზიის შესაბამისად, მოქალაქე გ. ჟ-ას ნება დაერთო, რეგისტრაციაში გაეტარებინა თბილისის პედიატრიული ინსტიტუტი, როგორც ფასიანი უმაღლესი სასწავლებელი. ქალაქ თბილისის დიდუბის რაიონის სასამართლოს 1996 წლის 9 თებერვლის დადგენილებით რეგისტრაციაში გატარდა შპს თ...ი (რეგისტრაციის №2/4-432). „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 88-ე მუხლის 11 პუნქტის შესაბამისად, ლიცენზირებული ან კანონით ლიცენზირებულად ჩათვლილი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ, 2005-2006 სასწავლო წლის დაწყებამდე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული, საგანმანათლებლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი აღიარებულია სახელმწიფოს მიერ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 7 აპრილიდან აღნიშნულ იურიდიულ პირს ეწოდა შპს პ...ი. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 89-ე მუხლის 23-ე და 231 პუნქტების შესაბამისად, აღნიშნულმა იურიდიულმა პირმა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში წარადგინა ჩარიცხულ პირთა სია. ამასთან, შპს პ...მა 2014 წლის 10 ნოემბრის №134 კორესპონდენციით ცენტრს აცნობა, რომ მილევად რეჟიმში საქმიანობას ასრულებდა 2014 წლის 31 დეკემბერს, რის შედეგადაც 2015 წლის იანვრის ბოლოს გაიცემოდა დიპლომები. ამდენად, დასტურდება, რომ შპს „პ...ს“ არ ჰქონდა მინიჭებული აკრედიტაცია, რასაც იმ დროისთვის მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებდა და სასაწავლებელი საქმიანობას ახორციელებდა ლიცენზირებულ/არაავტორიზებულ რეჟიმში. შესაბამისად, დგინდება, რომ მოსარჩელე ზ. ზ-ე სწავლობდა არააკრედიტებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რაც „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მოსარჩელის უნივერსიტეტში ჩარიცხვის დროს მოქმედი რედაქციის 63-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით გამორიცხავდა შპს „პ...ის“ მიერ მოსარჩელის სახელზე გაცემული დიპლომის ცნობას, რამეთუ დასახელებული ნორმით დადგენილი იყო, რომ სახელმწიფო ცნობდა მხოლოდ აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების და ამ კანონის 661 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ახალდაფუძნებული ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემულ დიპლომს, ხოლო შპს „პ...ი“ ზ. ზ-ის სწავლის პერიოდში არ წარმოადგენდა ამგვარ საგანმანათლებლო დაწესებულებას.
გარდა ამისა, გასათვალისწინებელია საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის წესიც. ვინაიდან, საქმის მასალებით არ დასტურდება, ზ. ზ-ის შესაბამის ინსტიტუტში ჩარიცხვა ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე.
ამასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო მიუთითებს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მოსარჩელის უნივერსიტეტში ჩარიცხვის დროს მოქმედი რედაქციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტზე, რომლის თანახმად, აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, აგრეთვე ამ კანონის 661 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ახალდაფუძნებულ ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პროფესიული და აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამით პირველ საფეხურზე სწავლის უფლება ჰქონდა მხოლოდ იმ აბიტურიენტს, რომელმაც გაიარა შესაბამისი ერთიანი ეროვნული გამოცდები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. ამავე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, გამოცდების ეროვნული ცენტრი ადგენდა ეროვნულ გამოცდებგავლილი აბიტურიენტების სიებს, რომლებმაც უფლება მოიპოვეს, ესწავლათ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფაკულტეტზე პროფესიული უმაღლესი განათლების ან აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის პროგრამით, და უგზავნიდა სიებს შესაბამის ფაკულტეტებს, ხოლო მე-10 პუნქტის თანახმად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება და ფაკულტეტი ვალდებული იყო აბიტურიენტები მიეღო მხოლოდ ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული სიის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირებისა. ამრიგად, გარდა იმისა, რომ მოსარჩელე სწავლობდა არააკრედიტებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, მას შესაბამისი წესით არ ჰქონდა მოპოვებული უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის უფლება. კერძოდ, 2008 წლისთვის პროფესიული და აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამით პირველ საფეხურზე სწავლის უფლებას აბიტურიენტები მოიპოვებდნენ ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების შესაბამისად. საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქმეზე დადგენილი გარემოებები ცხადყოფს, რომ მოსარჩელეს არ ჰქონდა მოპოვებული სწავლის უფლება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, იმ პირობებში, როდესაც დადგენილია, რომ მოსარჩელე სწავლობდა არააკრედიტებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში და ამასთანავე, მას შესაბამისი წესით არ ჰქონდა მოპოვებული უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის უფლება - ჩაბარებული არ ჰქონდა ერთიანი ეროვნული გამოცდები, ზ. ზ-ის შპს „პ...ში“ სწავლების პერიოდი, მისთვის 2012 წელს მინიჭებული კვალიფიკაცია და მის სახელზე გაცემული ბაკალავრის დიპლომი არ არის აღიარებული სახელმწიფოს მიერ, რის გამოც განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეს მართებულად ეთქვა უარი დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე.
რაც შეეხება კასატორის მითითებას კანონიერ ნდობასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო მოიხმობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ სამართლებრივ განმარტებებს, რომლის მიხედვით, მსგავსი კატეგორიის საქმეებზე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილება დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ, თავისი სამართლებრივი შედეგებით (პირს ერთმევა პროფესიული მიზნებისათვის დიპლომის გამოყენების უფლება), უთანაბრდება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმებას, შესაბამისად, დიპლომის მიმართ სრული მოცულობით მოქმედებს კანონიერი ნდობის პრინციპი (სუსგ №ბს-516-516(კ-18), 19.07.2018; №ბს-812(კ-18), 04.10.2018; №ბს-987(კ-19), 05.03.2020; №ბს-672(კ-20), 15.10.2020). ამდენად, საკასაციო სასამართლო, ერთი მხრივ, ადასტურებს დიპლომის მიმართ კანონიერი ნდობის არსებობის შესაძლებლობას, თუმცა, მეორე მხრივ, მიუთითებს, რომ კანონიერ ნდობას გამორიცხავს დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება. განსახილველ შემთხვევაში, იმ პირობებში, როდესაც შპს „პ...ში“ სწავლის დაწყების მომენტიდანვე მოსარჩელისათვის ცნობილი უნდა ყოფილიყო, რომ იგი წარმოადგენდა არააკრედიტებულ საგანმანათლებლო დაწესებულებას და ამასთან, თავად მოსარჩელე არ აკმაყოფილებდა კანონის მოთხოვნებს - ჩაბარებული არ ჰქონდა ერთიანი ეროვნული გამოცდები, შესაბამისად, მან სტუდენტის სტატუსი მოიპოვა კანონმდებლობით დადგენილი წესის გვერდის ავლით, რის გამოც საკასაციო სასამართლო ამ კონკრეტულ შემთხვევასთან მიმართებით გამორიცხავს კანონიერი ნდობის ამოქმედების სამართლებრივ საფუძველს. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ინსტიტუციური აკრედიტაციის გავლის გარეშე განხორციელებული საგანმანათლებლო მომსახურეობის შედეგად გაცემულ საგანმანათლებლო დოკუმენტს სახელმწიფო არ სცნობს და არ უკავშირებს იმ სამართლებრივ შედეგებს, რომელიც გამომდინარეობს სახელმწიფოს მხრიდან აღიარებული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტებიდან.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.ზ. ზ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2.უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 28 ოქტომბრის განჩინება;
3.დ. ნ-ეს (ს/ნ ...) დაუბრუნდეს ზ. ზ-ის საკასაციო საჩივარზე 2021 წლის 22 სექტემბერს №... საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ნ. სხირტლაძე