ბს-1330(კ-19) 25 ნოემბერი, 2021წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა თ. ბ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.05.2019წ. განჩინებაზე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თ. ბ-მა 29.09.2018წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის მიმართ და სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შემდეგ მოითხოვა თ. ბ-ის თანამდებობისან გათავისუფლების და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ სსიპ საქართველოს შსს აკადემიის რექტორის 02.04.2018წ. ბრძანების, თ. ბ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 03.05.2018წ. აქტისა და თ. ბ-ის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ სსიპ საქართველოს შსს აკადემიის რექტორის 03.08.2018წ. ბრძანების ბათილად ცნობა, ამასთანავე თ. ბ-ის სსიპ საქართველოს შსს აკადემიის პროფესიული მომზადების სამმართველოს ... ...სა და ...ის ...ის ... ...ის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ სსიპ საქართველოს შსს აკადემიისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, თ. ბ-ისთვის 2018 წლის 02 აპრილიდან სამსახურში აღდგენამდე პერიოდის შრომით სტაჟად და სპეციალური წოდებით ნამსახურებ პერიოდად ჩათვლის სსიპ საქართველოს შსს აკადემიისთვის დავალება, თ. ბ-ის სასარგებლოდ სსიპ საქართველოს შსს აკადემიისთვის 2018 წლის 02 ივნისიდან სამსახურში აღდგენამდე მიუღებელი იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურების დავალება, სსიპ საქართველოს შსს აკადემიისთვის ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე 2017 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 01 აპრილამდე გადახდილი საცხოვრებელი ფართის ქირის თანხის 5900 ლარის ოდენობით გადახდის დავალება და თ. ბ-ისთვის 2015 წლის 01 ივლისიდან 2015 წლის 02 ნოემბრამდე ნამსახურები პერიოდის სპეციალური წოდებით ნამსახურებ პერიოდად ჩათვლის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 06.12.2018წ. გადაწყვეტილებით თ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. ბ-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.05.2019წ. განჩინებით თ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 06.12.2018წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სამართლებრივი შეფასებები. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა საქართველოს შს მინისტრის 31.12.2013წ. N995 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში გავლის წესის“ 34.1 მუხლზე, რომლის თანახმად ...ი, სამხედრო მოსამსახურე, საჯარო მოხელე და სამოქალაქო პირი უფლებამოსილი პირის ბრძანებით შეიძლება განთავისუფლდეს თანამდებობიდან და აყვანილ იქნეს კადრების განკარგულებაში არაუმეტეს 4 თვის ვადით პირადი განცხადების (პატაკის) საფუძველზე, შტატების შემცირებისას ან რეოგრანიზაციის დროს, რასაც თან სდევს შტატების შემცირება, ან სტრუქტურული ქვედანაყოფის ლიკვიდაციის დროს. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ თ. ბ-ი წარმოადგენდა ...ს, ვინაიდან მას მინიჭებული ჰქონდა სპეციალური წოდება “... ...ი“, ამასთანავე დადგენილად მიიჩნია, რომ თ. ბ-ი განთავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და კადრების განკარგულებაში იქნა აყვანილი სსიპ საქართველოს შსს აკადემიის რექტორის 02.04.2018წ. ბრძანებით. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა საქართველოს შს მინისტრის 24.12.2013წ. N975 ბრძანებით დამტკიცებულ „სსიპ საქართველოს შსს აკადემიის წესდებაზე“, რომლის თანახმად რექტორი არის აკადემიის მართვის უმაღლესი თანამდებობის პირი, რომელიც ხელმძღვანელობს აკადემიას და თავისი კომპეტენციის ფარგლებში კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად ნიშნავს და ათავისუფლებს აკადემიის თანამშრომლებს, ხოლო პოლიციის თანამშრომლებს ითხოვს შინაგან საქმეთა ორგანოებიდან, ამასთანავე სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს აკადემიის სტრუქტურას, საშტატო განრიგს და განსაზღვრავს სახელფასო ფონდს. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა საქმეში დაცულ მტკიცებულებაზე, რომლის თანახმად სსიპ საქართველოს შსს აკადემიის რექტორმა 02.04.2018წ. ბრძანებით სსიპ საქართველოს შსს აკადემიის სტრუქტურასა და საშტატო განრიგში განახორციელა ცვლილება, კერძოდ სპეციალური მომზადების საშტატო ნუსხა შემცირდა ერთი საშტატო ერთეულით - ...ის ... ... (თანამდებობა, რომელსაც განთავისუფლებამდე იკავებდა მოსარჩელე). სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ რექტორი წარმოადგენდა უმაღლესი თანამდებობის პირს, რომელსაც შესაბამისი საფუძვლის არსებობის პირობებში შეეძლო სსიპ საქართველოს შსს აკადემიაში ...ის თანამშრომლის დანიშვნა-განთავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების მიღება. „პოლიციის შესახებ“ და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონების შესაბამისად, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ უფლებამოსილ პირს საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე შეეძლო მიეღო გადაწყვეტილება რეორგანიზაციის თაობაზე, ამასთანავე შტატების შემცირება თავის მხრივ წარმოადგენდა რეოგრანიზაციას. ვინაიდან სსიპ საქართველოს შსს აკადემიის სტრუქტურულ ერთეულში მოსარჩელის მიერ განთავისუფლებამდე დაკავებული საშტატო ერთეული მიიჩნია გაუქმებულად, სააპელაციო პაალტამ აღნიშნა, რომ არსებობდა თ. ბ-ის დაკავებული თანამდებობიდან განთავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი. ამასთანავე აღინიშნა, რომ განხორციელებული რეორგანიზაციის კანონიერების შემოწმების ინდიკატორს წარმოადგენდა იმ თანამდებობების და მისი ფუნქციების დადგენა და შედარება, რომელიც არსებობდა რეორგანიზაციამდე, რომელიც წარმოიქმნა რეორგანიზაციის შემდეგ და თ. ბ-ის მიერ აღდგენამოთხოვნილი თანამდებობა. საქმეში დაცული სსიპ საქართველოს შსს აკადემიის მომსახურეთა სამსახურეობრივი რეგლამენტის შეფასების შედეგად, პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ თ. ბ-ი რეოგრანიზაციამდე იკავებდა ...ის ...ის ... ..., ...ის ...ის თანამდებობას, რომელიც ეხებოდა ... ...ის ...ის თანამშრომელთა მომზადებასა და გადამზადებას. ამასთანავე, პროფესიული მომზადების სამმართველოში სწავლების ადმინისტრირების და მონიტორინგის განყოფილების ... ...ის თანამდებობა (გაუქმებული თანამდებობის შემდეგ შექმნილი) მოიცავდა ტექნიკური ხასიათის ფუნქციებს - ორგანიზებასა და მონიტორინგს, ხოლო ... ...სა და ...ის ...ის ... ...ის ფუნქციები მიმართული იყო ...თა გადამზადებისკენ. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველ შემთხვევაში ფუნქციები არსობრივად იყო შეცვლილი, ... ...ის შემთხვევაში მას დაევალა ტექნიკური ხასიათის ფუნქციები, ხოლო ...ის მოადგილის შემთხვევაში აღნიშნული ტექნიკური ხასიათის ფუნქციები წარმოადგენდა არა მისთვის დამახასიათებელ და იმანენტური ბუნების მქონეს, არამედ იყო დამატებითი ხასიათის მატარებელი. სააპელაციო პალატამ ამასთანავე აღინიშნა, რომ დამატებითი ფუნქციის სხვა თანამდებობაში ასახვა არ ნიშნავდა გაუქმებული თანამდებობის ფუნქციურად შენარჩუნებას. განსახილველ შემთხვევაში მთავარ და მნიშვნელოვან გარემოებას წარმოადგენდა ძირითადი, კონკრეტული თანამდებობისთვის ორგანულად და არსობრივად დამახასიათებელი ფუნქციების შენარჩუნება, აღნიშნულს კი სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სადავო სამართალურთიერთობის დროს ადგილი არ ჰქონია. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ შენარჩუნდა მხოლოდ მეორეხარისხოვანი ფუნქციები. რაც შეეხება ... ...სა და ...ის ...ის ... ...ის თანამდებობას, პალატამ აღნიშნა, რომ მოსარჩელეს განთავისუფლებამდე კანონმდებლობით დაკისრებული ჰქონდა ... ...ის ...ის თანამშრომელთა გადამზადება, ხოლო ... ...სა და ...ის ...ის ... ...ისი მოვალეობა, უპირველესად, მიმართული იყო ...თა გადამზადებისკენ, შესაბამისად მათი ფუნქციები მიიჩნია არსობრივად განსხვავებულად, რამდენადაც სახელმწიფო უსაფრთხოების თანამშრომლებისა და პოლიციის თანამშრომელთა გადამზადება საჭიროებს პირისათვის სხვადასხვა უნარ-ჩვევების ქონას, სხვა სასწავლო ლიტერატურის მოძიებას, დამუშავებასა და მსმენელთათვის შეთავაზებას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ თ. ბ-ის დაკავებული თანამდებობიდან განთავისუფლება და კადრების განკარგულებაში აყვანა იყო კანონიერი, ისევე როგორც კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდის ვადის გასვლის გამო მისი საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნა. სააპელაციო პალატამ ამასთანავე მიიჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 03.05.2018წ. გადაწყვეტილება იყო კანონიერი, ვინაიდან სამინისტროს მიერ მართებულად განემარტა მხარეს, რომ არ წარმოადგენდა ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს, ხოლო უფლების დასაცავად უნდა მიემართა სასამართლოსთვის.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ კანონმდებლობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მოსამსახურის აღდგენას ცალსახად უკავშირებს მისი დათხოვნის/გათავისუფლების უკანონობას, ხოლო განაცდური ხელფასის ანაზღაურებასა და განაცდური პერიოდის უწყვეტ სტაჟში ჩათვლას - დაწესებულების მიერ მოხელის სამსახურში აღდგენას და მიიჩნია, რომ აღნიშნულს განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონდა. შესაბამისად, გამომდინარე იმ გარემოებიდან, რომ სასამართლომ თ. ბ-ის სამსახურიდან დათხოვნასთან დაკავშირებით სადავოდ გამხდარი გადაწყვეტილებები (ბრძანებები) ბათილად არ ცნო, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობდა თ. ბ-ის თანამდებობაზე აღდგენის, მისთვის განაცდური ხელფასის ანაზღაურების და კონკრეტული პერიოდის შრომით სტაჟში ჩათვლის დავალების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი.
თ. ბ-ის ერთ-ერთ სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით, რომელიც წარმოადგენს 2015 წლის 01 ივლისიდან 2015 წლის 02 ნოემბრამდე ნამსახურებ პერიოდის სპეციალური წოდებით ნამსახურებ პერიოდად ჩათვლას, სააპელაციო პაალტამ აღნიშნა, რომ თ. ბ-ი 01.07.2015წ. კონკრეტულ თანამდებობაზე დაინიშნა, როგორც სამოქალაქო პირი, მას შემდეგ რაც მან გაიარა პირის ...ად მისაღები სპეციალური კონკურსი, 02.11.2015წ. დაინიშნა სპეციალური წოდებით. შესაბამისად მიიჩნია, რომ თ. ბ-ისთვის ცნობილი იყო სამოქალაქო პირის სტატუსით ვაკანტურ თანამდებობაზე 01.07.2015წ. დანიშვნა და აღნიშნა, რომ 2015 წლის 01 ივლისიდან 2015 წლის 02 ნოემბრამდე ნამსახურები პერიოდი არ უნდა ჩათვლოდა სპეციალური წოდებით ნამუშევარ სტაჟში.
რაც შეეხება თ. ბ-ის მოთხოვნას ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე 2017 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 01 აპრილამდე პერიოდში მის მიერ გადახდილი საცხოვრებელი ფართის ქირის თანხის - 5900 ლარის ოდენობით მოპასუხე სსიპ საქართველოს შსს აკადემიისთვის დაკისრებას, საქართველოს შს მინისტრის 31.12.2013წ. N998 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შსს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მოსამსახურეთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის განსაზღვრის წესის“ თანახმად, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სსიპ შსს აკადემიის მოსამსახურეების საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფა წარმოადგენდა არა დამსაქმებლის ვალდებულებას, არამედ მის უფლებამოსილებას. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა საქმეში დაცულ მტკიცებულებებზე რომელთა თანახმად, სსიპ საქართველოს შსს აკადემიის მიერ 2017 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით აკადემიის არცერთი მოსამსახურისთვის ბინის დაქირავება ან/და სხვა სახის საცხოვრებელი ფართით დროებით ან მუდმივი სარგებლობა არ განხორციელებულა, შესაბამისად სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობდა მოპასუხისთვის ხსენებული ვალდებულების დაკისრების სამართლებრივი საფუძველი. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.05.2019წ. განჩინება თ. ბ-მა საკასაციო წესით გაასაჩივრა.
კასატორი აღნიშნავს, რომ საქმის განხილვის არც ერთ ეტაპზე არ დადგენილა, რომ მოსარჩელის ფუნქცია, კერძოდ დაზვერვასა და კონტრდაზვერვაში ლექციების კითხვა, შეითავსა სხვა რომელიმე შტატზე მყოფმა პირმა. ამასთანავე აღნიშნავს, რომ რექტორი არ იყო ის უფლებამოსილი პირი, რომლის პრეროგატივას წარმოადგენდა რეორგანიზაცია, აღნიშნულ ცვლილებაზე უფლებამოსილი ორგანო კასატორის მოსაზრებით, არის აკადემიური საბჭო.
სააპელაციო პალატამ მართებულად მიიჩნია რეოგრანიზაციის კანონიერების შეფასების საკითხი, მაგრამ მიუხედავად აღნიშნულისა, შეფასების მიღმა დატოვა საკითხი თუ რატომ არ სჭირდებოდა ქვეყანას ... ...ის ...ის თანამშრომელთა გადამზადება. კასატორის მოსაზრებით აღნიშნული საკითხის მართებული შეფასება საქმეზე სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღებას განაპირობებს.
კასატორი არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ ...ის ...ის ... ..., ...ის ...ისა და პროფესიული მომზადების სამმართველოს ... ...სა და ...ის ...ის ... ...ის თანამდებობათა ფუნქციური მსგავსების უარყოფას და აღნიშნავს, რომ ასეთი მსგავსების არ არსებობის მიუხედავად, მოსარჩელის სამსახურიდან არამართლზომიერად განთავისუფლებისას მიზანშეწონილი იქნებოდა მისი უფლებრივი რესტიტუციის, მათ შორის ფულადი კომპენსაციის, გამოყენება.
კასატორს მიაჩნია, რომ რეოგრანიზაციის მართლზომიერების შემოწმებისას სააპელაციო პალატას უნდა შეემოწმებინა რეორგანიზაციის საჭიროების საკითხი. თ. ბ-ი აღნიშნავს, რომ განთავისუფლებამდელი და აღდგენამოთხოვნილი შტატები ფუნქციურად იდენტურია და მისი საცხოვრებლით უზრუნველყოფა წარმოადგენდა სსიპ საქართველოს შსს აკადემიის ვალდებულებას, ვინაიდან კასატორის ბინით უზრუნველყოფა ხდებოდა სსიპ საქართველოს შსს აკადემიის რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, რომელიც არ გაუქმებულა და შესაბამისად მიიჩნევს, რომ არსებობდა სადავო პერიოდში საცხოვრებლის დაქირავების ფორმალური საფუძველი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. მითითებული მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ განჩინება შეამოწმა საკასაციო საჩივრის ფარგლებში, რის შედეგადაც მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო პრეტენზია უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.
საქმეში დაცული სსიპ საქართველოს შსს აკადემიის რექტორის 02.04.2018წ. ბრძანებით თ. ბ-ი რეორგანიზაციის საფუძველზე განთავისუფლდა თანამდებობიდან და აყვანილ იქნა კადრების განკარგულებაში. საქართველოს შს მინისტრის 24.12.2013წ. N975 ბრძანებით დამტკიცებული „სსიპ საქართველოს შსს აკადემიის წესდების“ მე-10 მუხლის თანახმად რექტორი არის აკადემიის მართვის უმაღლესი თანამდებობის პირი, რომელიც კომპეტენციის ფარგლებში კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად ნიშნავს და ათავისუფლებს აკადემიის თანამშრომლებს, ხოლო პოლიციის თანამშრომლებს ითხოვს შინაგან საქმეთა ორგანოებიდან, ამასთანავე სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს აკადემიის სტრუქტურას, საშტატო განრიგს და განსაზღვრავს სახელფასო ფონდს. ამავე წესდების მე-11 მუხლის თანახმად საბჭო არის აკადემიის მართვის კოლეგიური ორგანო, რომლის ფუნქციებიდან ერთ-ერთს წარმოადგენს აკადემიის სტრუქტურის ცვლილების პროექტის შემუშავება და შემდგომ აკადემიის რექტორისთვის წარდგენა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ზემოხსენებული წესდების თანახმად, მართალია საბჭო შეიმუშავებს აკადემიის სტრუქტურის ცვლილების პროექტს და შემდეგ წარუდგენს მას რექტორს, მაგრამ საშტატო განრიგის დამტკიცება, რაც განხორციელდა სადავო სამართალურთიერთობის დროს, პირდაპირაა რექტორის, როგორც უმაღლესი თანამდებობის პირის ფუნქციებში გაწერილი, რომლის განხორციელება სამინისტროსთან შეთანხმებით მხოლოდ მის უფლებამოსილებას წარმოადგენს. საქართველოს შს მინისტრის 31.12.2013წ. N995 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის“ 34-ე მუხლის თანახმად ...ი, სამხედრო მოსამსახურე, საჯარო მოხელე და სამოქალაქო პირი უფლებამოსილი პირის ბრძანებით შეიძლება გათავისუფლდეს თანამდებობიდან და აყვანილ იქნეს კადრების განკარგულებაში არა უმეტეს 4 თვის ვადით. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სსიპ საქართველოს შსს აკადემიის რექტორი წარმოადგენს უფლებამოსილ პირს, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით შეუძლია საშტატო განრიგში ცვლილების შეტანა, ისევე როგორც თანამდებობიდან განთავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის და კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის შემდგომ პირის საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებიდან განთავისუფლება.
რეორგანიზაციის აუცილებლობის საკითხის შეფასებასთან დაკავშირებით საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ორგანოთა შექმნა, მათ შორის ფუნქციების განაწილება წარმოადგენს ხელისუფლების დისკრეციის სფეროს, ორგანოთა გაუქმება, ინოვაციური სიახლეები არ იწვევენ სახელმწიფო ფუნქციების და ამოცანების მთლიანად გაუქმებას, შესაბამისად სახელმწიფოს პასუხისმგებლობის გაუქმებას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ რეორგანიზაციის ფაქტი თავისთავად არ ქმნის სამსახურიდან განთავისუფლების საფუძველს. განთავისუფლება დასაშვებია რეორგანიზაციისას, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება. საქმეში დაცული მტკიცებულებების თანახმად ირკვევა, რომ სსიპ საქართველოს შსს აკადემიის რექტორის 02.04.2018წ. ბრძანებით ადგილი ჰქონდა საშტატო განრიგში ცვლილების შეტანას, რომლის თანახმად გაუქმდა კასატორის მიერ განთავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობა, ამასთანავე სააპელაციო პალატის მიერ შეფასდა კასატორის მიერ განთავისუფლებამდე დაკავებული, განთავისუფლების შემდეგ შექმნილი და აღდგენამოთხოვნილი თანამდებობების ფუნქციები, რის შედეგად მათ შორის ფუნქციათა არსებითი მსგავსება არ დადგინდა. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სსიპ საქართველოს შსს აკადემიის რექტორის მიერ 02.04.2018წ. ბრძანებით განხორციელებულ ცვლილებას თან სდევდა შტატების შემცირება, რეორგანიზაციის შედეგად თანამდებობათა ფუნქციური ცვლილება წამრმოადგენდა იმ ხარისხის ცვლილებას, რომელმაც გამოიწვია არსებითად და რადიკალურად განსხვავებული ფუნქციების დამატება. საკასაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ კასატორი განთავისუფლებამდე ახორციელებდა სახელმწიფო უსაფრთხოების თანამშრომელთა გადამზადებას, ხოლო ... ...სა და ...ის ...ის ... ...ის (აღდგენამოთხოვნილი) თანამდებობა მიმართულია პოლიციის თანამშრომელთა გადამზადებისკენ, „... ...ის ...ის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ... ...ის ...ი თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სახელმწიფო უსაფრთხოებას, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად კი, საქართველოს პოლიცია მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს პრევენციულ და სამართალდარღვევაზე რეაგირების ღონისძიებებს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის ფარგლებში, ყოველივე აღნიშნული თვალსაჩინოს ხდის ამ ორ თანამდებობას შორის განსხვავებას, მათ შორის სხვადასხვა უნარების ქონის საჭიროებას, ვინაიდან პოლიციის თანამშრომელი და სახელმწიფო უსაფრთხოების თანამშრომლის ფუნქციები არსებითი განსხვავების მქონენი არიან, რაც მოითხოვს მათი კვალიფიკაციის ამაღლების დროს სხვადასხვა სასწავლო ლიტერატურის მოძიებას, დამუშავებას და მსმენელთათვის შეთავაზებას. ამასთანავე საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციის დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება მუშაკის სამსახურებრივ მოთხოვნებთან შესაბამისობის სხვადასხვა კრიტერიუმით შეფასება, თითოეული მუშაკის პროფესიონალიზმის, შრომითი უნარ-ჩვევების, კომპეტენტურობის, მიღებული განათლების, კარიერული ზრდის პერსპექტივის, კრეატიულობის, პირადი თვისებების, თანამშრომლობის უნარის, კოლეგიალობის, რეპუტაციის, სხვა გარემოებების გათვალისწინება და კონკრეტული შემთხვევისთვის სათანადო გადაწყვეტილების მიღება. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ განთავისუფლებამდე დაკავებული, კერძოდ ...ის ...ის ... ..., ...ის ...ის თანამდებობა რეორგანიზაციის შედეგად გაუქმდა, ხოლო განთავისუფლების შემდეგ შექმნილი და აღდგენამოთხოვნილი თანამდებობები ერთმანეთისგან არსებითად განსხვავებულია და გარდა ამისა, კასატორის კვალიფიკაციის აღნიშნულ მოთხოვნებთან შესაბამისობის სხვადასხვა კრიტერიუმით შეფასება არ წარმოადგენს სასამართლოს კომპეტენციას.
საქართველოს შს მინისტრის 31.12.2013წ. N995 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის“ 34-ე მუხლის თანახმად ...ი, სამხედრო მოსამსახურე, საჯარო მოხელე და სამოქალაქო პირი უფლებამოსილი პირის ბრძანებით შეიძლება გათავისფულდეს თანამდებობიდან და აყვანილ იქნეს კადრების განკარგულებაში არა უმეტეს 4 თვის ვადით, მათ შორის შტატების შემცირებისას ან რეოგრანიზაციის დროს, რასაც თან სდევს შტატების შემცირება. კადრების განკარგულებაში აყვანილი ...ი, სამხედრო მოსამსახურე, საჯარო მოხელე და სამოქალაქო პირი კადრების განკარგულებაში აყვანის დღიდან ითვლება სამსახურიდან შესაძლო დათხოვნის შესახებ გაფრთხილებულად. კადრების განკარგულებაში აყვანა გულისხმობს ამ მუხლით გათვალისწინებული პირების თანამდებობიდან განთავისუფლებასა და მათი საშტატო ერთეულის გაუქმებას/შემცირებას. ამავე წესის 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სამინისტროს მოსამსახურე შეიძლება დათხოვნილ/თანამდებობიდან განთავისუფლებული იქნეს კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო, ამასთანავე სამინისტროს მოსამსახურის დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი ან საამისოდ უფლებამოსილი პირი. საქმეში დაცული მტკიცებულების თანახმად, სსიპ საქართველოს შსს აკადემიის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 03.08.2018წ. ბრძანებით კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის ამოწურვის გამო, კადრების განკარგულებაში მყოფი, სსიპ საქართველოს შსს აკადემიის სპეციალური მომზადების ...ის ...ის ... ..., ...ის ...ი თ. ბ-ი დათხოვნილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსიპ საქართველოს შსს აკადემიის რექტორი წარმოადგენს უფლებამოსილ პირს, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით შეუძლია კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის შემდგომ კასატორის განთავისუფლება.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესახებ თ. ბ-ის მოთხოვნა დაკმაყოფილდებოდა, უკეთუ სასამართლო მიიჩნევდა, რომ იგი სამსახურიდან დათხოვნილ/განთავისუფლებული იქნებოდა უკანონოდ, სამსახურში აღდგენას მოჰყვებოდა განაცდური ხელფასის ანაზღაურება და განაცდური პერიოდის უწყვეტ სტაჟში ჩათვლა. ვინაიდან თ. ბ-ის ჯერ თანამდებობიდან, ხოლო კადრების განკარგულებაში ვადის გასვლის გამო საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებიდან განთავისუფლება იყო კანონიერი, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
კასატორის მოსაზრებით სსიპ საქართველოს შსს აკადემია იყო არა უფლებამოსილი, არამედ ვალდებული უზრუნველეყო იგი საცხოვრებელი ფართით, ვინაიდან „ბინის დაქირავების შესახებ“ სსიპ საქართველოს აკადემიის 24.07.2015წ. N486 ბრძანების თანახმად, სსიპ საქართველოს შსს აკადემიის ადმინისტრაციის საფინანსო სამსახურს დაევალა აკადემიის ...ის ...ის ... ..., ...ის ...ის თ. ბ-ისთვის საცხოვრებელი ბინის დაქირავება. საცხოვრებელი ბინის ქირის ოდენობა განისაზღვრებოდა აკადემიასა და ბინის გამქირავებელთან გაფორმებული ხელშეკრულებით. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს საქმეში დაცულ მტკიცებულებებზე, კერძოდ, 31.08.2015წ. მიღება-ჩაბარების აქტზე, რომლის თანახმად დგინდება, რომ სსიპ საქართველოს შსს აკადემიამ თ. ბ-ი უზრუნველყო საცხოვრებელი ბინით 2015 წლის 01 აგვისტოდან 2015 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით, ხოლო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ 31.12.2015წ. ხელშეკრულების თანახმად, 31.12.2015წ. ხელშეკრულება გაფორმდა ერთი მხრივ, სსიპ საქართველოს შსს აკადემიასა და მეორე მხრივ, ფიზიკურ პირს შორის, ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა სსიპ საქართველოს შსს აკადემიის მიერ უძრავი ქონების დაქირავება თ. ბ-ისთვის. საქმის მასალებით დასტურდება, რომ 2016 წლის 31 დეკემბრის შემდგომ სსიპ საქართველოს შსს აკადემიას თ. ბ-ისთვის ბინის დაქირავების შესახებ ხელშეკრულება არ დაუდია, ამდენად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსიპ საქართველოს შსს აკადემიის მიერ ხელშეკრულების გაფორმებით და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებით, თავის მხრივ შესრულდა 24.07.2015წ. ბრძანებით ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ, თ. ბ-ი უზრუნველყოფილ იქნა საცხოვრებელი ბინით. ამასთანავე, ვინაიდან ახალი ბრძანება თ. ბ-ის საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ არ გამოცემულა, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს თ. ბ-ის მოთხოვნის 2017 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 01 აპრილამდე გადახდილი საცხოვრებელი ფართის ქირის თანხის - 5900 ლარის ოდენობით სსიპ საქართველოს შსს აკადემიისთვის გადახდის დავალების სამართლებრივი საფუძველი.
რაც შეეხება კასატორის მოსაზრებას 2015 წლის 01 ივლისიდან 2015 წლის 02 ნოემბრამდე თ. ბ-ისთვის სპეციალური წოდებით ნამსახურებ სტაჟში ჩათვლას, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს საქმეში დაცულ სსიპ საქართველოს შსს აკადემიის 01.07.2015წ. ბრძანებაზე, რომლის თანახმად კასატორი 01.07.2015წ. დაინიშნა თანამდებობაზე, ხოლო აღნიშნულის შემდგომ თ. ბ-მა მონაწილეობა მიიღო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში პირის ...ად მისაღებ სპეციალურ კონკურსში, აღნიშნულ კონკურსში გამარჯვების, ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმებისა და ნორმატივების ჩაბარების შემდგომ თ. ბ-ი 02.11.2015წ. ნოემბერს გადაინიშნა იმავე თანამდებობაზე, კერძოდ აკადემიის ...ის ...ის ... ..., ...ის ...ის თანამდებობაზე, როგორც სპეციალური წოდების მქონე პირი, ხოლო დაკავებული თანამდებობიდან განთავისუფლდა, როგორც სამოქალაქო პირი. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორის მიერ სპეციალურ კონკურსში მონაწილეობის მიღება გულისხმობს თ. ბ-ის ცოდნას, რომ იგი 2015 წლის 01 ივლისიდან სსიპ საქართველოს შსს აკადემიაში თანამდებობაზე დასაქმებული იყო, როგორც სამოქალაქო პირი, შესაბამისად არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ მისთვის უცნობი იყო 01.07.2015წ. თანამდებობაზე სამოქალაქო პირის სტატუსით დანიშვნის შესახებ, ამდენად საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს კასატორისთვის 20015 წლის 01 ივლისიდან 2015 წლის 02 ნოემბრამდე ნამსახურები პერიოდის სპეციალური წოდებით ნამუშევარ სტაჟში ჩათვლის სამართლებრივი საფუძველი.
სასკ-ის მე-9 მუხლის, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ კანონის 5.1 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. სსკ-ის 55.3 მუხლის თანახმად, სასამართლო ხარჯის ორივე მხარის გათავისუფლების შემთხვევაში ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს. ვინაიდან სადავო სამართალურთიერთობა ეხება სოციალურ საკითხებს და ზემოხსენებული ნორმატიული აქტებიდან გამომდინარე, მხარეებს არ ეკისრებათ სახელმწიფო ბაჟის გადახდა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც თ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ. ბ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.05.2019წ. განჩინება;
3. შ. ი-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე 31.07.2019წ. N0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 100% - 300 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
გ. გოგიაშვილი