Facebook Twitter

ბს-440(კ-19) 25 ნოემბერი, 2021წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ნ. ლ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.11.2018წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. ლ-მა 15.09.2016წ. სარჩელით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურის, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გორის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს 04.09.2006წ. №727 მიმართვის, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 29.11.2011წ. №1-3/1183 ბრძანების პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის, 01.08.2013წ. №1/1-639, 14.02.2014წ. №1/1-272 და 08.09.2014წ. №1/1-1968 ბრძანებების, სოფლის მეურნეობის მინისტრის 16.01.2015წ. №2-11 ბრძანების, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურის 04.09.2006წ. №... სარეგისტრაციო ჩანაწერის, რეგისტრაციის შესახებ 19.09.2014წ. №..., 29.01.2015წ. №... და 18.03.2015წ. ... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა. მოსარჩელემ 06.12.2016წ. წარმოადგინა დაზუსტებული სარჩელი და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურის ნაცვლად მოპასუხედ დაასახელა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისი.

დავის რაიონულ სასამართლოში განხილვისას, სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაება მ. გ-ე, გ. ბ-ა და ნ. გ-ი.

გორის რაიონული სასამართლოს 10.01.2018წ. განჩინებით განსახილველ დავაში მოპასუხედ ჩაება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

გორის რაიონულ სასამართლოს 22.11.2018წ. გადაწყვეტილებით ნ. ლ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ნ. ლ-ის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.11.2018წ. განჩინებით ნ. ლ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 01.02.2018წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ გორის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 19.12.1958წ. გადაწყვეტილებით გორის წყალთა მეურნეობის სასისტემო სამმართველოს ნება დაერთო გორში, ...ის ქუჩაზე (ამჟამად ...ის ქუჩა) მდებარე თავის ბალანსზე რიცხულ ადმინისტრაციულ სახლზე დაეშენებინა მეორე სართული მუშა-მოსამსახურეთა საცხოვრებელი ბინების მოსაწყობად. მშენებლობის დასრულების შემდგომ ბინები სარგებლობაში გადაეცა 4 პირს, მათ შორის ნ. ლ-ს. 1997 წელს ბინის მოსარგებლეებთან გაფორმდა პრივატიზების ხელშეკრულებები, რომელთა საფუძველზეც ინდივიდუალურ სარგებლობაში, ხოლო შემდეგ საკუთრებაში ნ. გ-ს გადაეცა შენობის მეორე სართულზე მდებარე 56,45 კვ.მ. ფართის მქონე სამოთახიანი № 1 ბინა, ნ. ლ-ს - შენობის მეორე სართულზე მდებარე 56,5 კვ.მ. ფართის მქონე ოროთახიანი № 2 ბინა, გ. ბ-ას - შენობის მეორე სართულზე მდებარე 64 კვ.მ. ფართის მქონე ოროთახიანი № 3 ბინა და მ. გ-ეს - შენობის მეორე სართულზე მდებარე 47 კვ.მ. ფართის მქონე ერთოთახიანი № 4 ბინა. გორის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 19.12.1958წ. გადაწყვეტილებით და 1997 წელს გაფორმებული პრივატიზების ხელშეკრულებებით დგინდება, რომ აღნიშნული შენობა მთლიანად, როგორც პირველი, ასევე მეორე სართული ირიცხებოდა გორის მელიორაციისა და წყალთა მეურნეობის საწარმოო სამმართველოს ბალანსზე და მითითებული ოთხი ფიზიკური პირის ინდივიდუალურ სარგებლობაში, ხოლო შემდეგ ფიზიკურ პირებს საკუთრებაში გადაეცათ მხოლოდ ზემოთ აღნიშნული ფართები. საკადასტრო აზომვითი ნახაზების გათვალისწინებით შენობის მეორე სართულზე მდებარე 71,8 კვ.მ. ფართი არ გადასცემიათ მუშა-მოსამსახურეებს ინდივიდუალურ სარგებლობაში. აღნიშნული ფართი მდებარეობს დასავლეთ მხარეს, მას ,,შუაზე ყოფს" მისასვლელი კიბე, საიდანაც 29,9 კვ.მ. ესაზღვრება ნ. ლ-ის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებულ ფართს. ამ საკადასტრო მონაცემების ვიზუალური აღქმით ნათელია, რომ მეორე სართულის ეს ნაწილი, ანუ 71,8 კვ.მ. ფართი არ იყო განკუთვნილი იქ მცხოვრები მუშა-მოსამსახურეების საერთო სარგებლობისათვის და არ გამოიყენებოდა საცხოვრებელი პირობების დამხმარე მიზნებისათვის. ეს ფართი სრულიად იზოლირებულია მუშა-მოსამსახურეთათვის საცხოვრებლად გადაცემული ფართებისაგან და აქვს თავის დამოუკიდებელი მისასვლელი. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აღნიშნული შენობა მთლიანად ირიცხებოდა გორის მელიორაციისა და წყალთა მეურნეობის საწარმოო სამმართველოს ბალანსზე და შენობის ეს ნაწილი წარმოადგენდა მისი ინდივიდუალური სარგებლობის ფართს, რის გამოც ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას (საერთო საკუთრებას) არ წარმოადგენს, ასევე №2 სამეურნეო შენობა-ნაგებობა გორის წყალთა მეურნეობის სასისტემო სამმართველოს ინდივიდუალური სარგებლობის ობიექტს წარმოადგენდა, რასაც სამმართველო გამოიყენებდა საწარმოო დანიშნულებით და იგი არ განეკუთვნებოდა მრავალბინიან სახლს, მასთან დაკავშირებულ მომსახურე საინჟინრო ქსელების, მოწყობილობა-დანადგარების, შენობა-ნაგებობებისა და კეთილმოწყობის ობიექტების ერთობლიობას და იმყოფებოდა სამმართველოს ინდივიდუალურ სარგებლობაში. ამდენად, აღნიშნული შენობაც მთლიანად ირიცხებოდა გორის მელიორაციისა და წყალთა მეურნეობის საწარმოო სამმართველოს ბალანსზე და წარმოადგენდა მისი ინდივიდუალური სარგებლობის ფართს, რის გამოც ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებად (საერთო საკუთრებად) ვერ ჩაითვლება. სადავო ურთიერთობის მარეგულირებელი კანონმდებლობით დადგენილი წესის თანახმად, რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების სახით ხორციელდება იმ უფლებათა აღრიცხვა მონაცემთა რეესტრში, რომელიც უკვე შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე არის წარმოშობილი. უფლების რეგისტრაციისთვის აუცილებელია სარეგისტრაციო დოკუმენტის - უფლების დამდგენი სამართლებრივი აქტის არსებობა, რომელიც წარმოშობს პირის უფლებას სარეგისტრაციო ობიექტზე, შესაბამისად, საჯარო რეესტრში ხორციელდება უკვე მოპოვებული უფლების აღრიცხვა/რეგისტრაცია. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის უფლება სადავო ობიექტზე არ დასტურდება და განხორციელებული რეგისტრაციები ზიანის მომტანი ვერ იქნება მოსარჩელისთვის. სადავო ობიექტზე დასტურდება სახელმწიფოს ინდივიდუალური საკუთრების უფლება, იგი წარმოადგენდა მისი ინდივიდუალური სარგებლობის ფართს, რის გამოც ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებად (საერთო საკუთრებად) ვერ ჩაითვლება. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სადავო ქონების სახელმწიფოს სახელზე რეგისტრაციით და შემდგომ შპს „...ის“ საკუთრებაში გადაცემით კანონის მოთხოვნები ნ. ლ-თან მიმართებაში არ დარღვეულა, რის გამოც არ არსებობს სადავო აქტების ბათილად ცნობის რაიმე საფუძველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.11.2018წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ნ. ლ-ის მიერ.

კასატორმა აღნიშნა, რომ გორში, ...ის ქ. №52-ში მდებარე შენობა-ნაგებობა წარმოადგენს მრავალერთეულიან შენობა-ნაგებობას, რომელსაც ჰყავს 5 თანამესაკუთრე. გორის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 19.12.1958წ. გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით გორის წყალთა მეურნეობის სასისტემო სამმართველომ ამ მიწის ნაკვეთზე განთავსებული საწარმოო დანიშნულების სამეურნეო ნაგებობა, ამჟამად №2 შენობა, გამოათავისუფლა. გამოთავისუფლებულ შენობაში №1 შენობაში მცხოვრებმა ოთხმა ოჯახმა მოაწყო ავტოფარეხები. №1 შენობა-ნაგებობაში არსებულ საცხოვრებელ ფართებზე გაფორმდა პრივატიზაციის ხელშეკრულებები. ის პირები, ვისთანაც გაფორმდა პრივარიზაციის ხელშეკრულებები, ინდივიდუალურ საკუთრებაში თითოეული მათგანისათვის გარკვეული საცხოვრებელი ფართის გადაცემით, ავტომატურად გახდნენ საერთო საკუთრებაში არსებული ქონების პროპორციული წილის მესაკუთრეებიც.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ლ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ 11.07.2007წ. კანონი არეგულირებს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების მართვასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საკუთრების ფორმებს, აგრეთვე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წარმოშობის ძირითად სამართლებრივ პირობებს (პირველი მუხ.). კანონის ამოქმედებისთანავე - 2007 წლის პირველი აგვისტოდან, დაფუძნებულად ჩაითვალა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ისეთ მრავალბინიან სახლში, რომელიც განთავსებულია ერთ მიწის ნაკვეთზე და რომელშიც მდებარეობს ორზე მეტი ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ბინა (11.1 მუხ.). საქმეში დაცული მასალებით გორში, ...ის (ყოფილი ...ის) ქ. №52-ში მდებარე უძრავ ნივთზე რეგისტირებულია ორზე მეტი ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ბინა, ამდენად, სადავო 29.9 კვ.მ. ფართი მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში მდებარეობს. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ კანონის თანახმად, ერთმანეთისაგან იმიჯნება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საკუთრების ფორმები, კანონი ითვალისწინებს მრავალბინიან სახლში, როგორც ინდივიდუალური, ასევე საერთო საკუთრების ობიექტების არსებობას. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრის ინდივიდუალურ საკუთრებად მიიჩნევა ცალკეულ პირთა საკუთრებაში არსებული ბინა, აგრეთვე წევრის მფლობელობაში არსებული მრავალბინიანი სახლის სამეურნეო სათავსები (სარდაფები, სხვენები და ა.შ.) (4.1 მუხ.), ხოლო საერთო ქონებას მიეკუთვნება მრავალბინიანი სახლის მზიდი და შემომზღუდავი არამზიდი (ფასადის) კონსტრუქციები: საძირკვლები, კარკასი, კედლები, საერთო სარგებლობის აივნები, სახლის ვესტიბიულები, სადარბაზოები, დერეფნები, კიბის უჯრედები, სარდაფები, სხვენები და ა. შ., უკეთუ ისინი არ არიან ინდივიდუალურ საკუთრებაში (5.4 მუხ. „გ“, „დ“ ქვ.პ.). განსახილველ შემთხვევაში დგინდება, რომ გორის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 19.12.1958წ. გადაწყვეტილების თანახმად, 15.12.1958წ. აღმასკომს მიმართა გორის წყალთა მეურნეობის სასისტემო სამმართველომ ...ის ქუჩაზე მდებარე მის ადმინისტრაციულ შენობაზე მუშა-მოსამსახურეთა საცხოვრებელი ბინების დაშენების მოთხოვნით. მითითებული გადაწყვეტილებით სამმართველოს მიეცა ...ის ქუჩაზე მდებარე შენობაზე მეორე სართულის დაშენების ნებართვა, სამმართველოს უვადო სარგებლობაში დაურჩა 1000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, აიკრძალა ტერიტორიაზე სამშენებლო მექანიზმების განთავსება და საწარმოო დანიშნულების სამეურნეო ნაგებობათა მშენებლობა, ხოლო ამ დანიშნულების არსებული ნაგებობანი უნდა გადატანილიყო ქალაქის სამრეწველო რაიონში. 20.03.1997წ. პრივატიზაციის ხელშეკრულება დაიდო გორის მელიორაციისა და წყალთა მეურნეობის საწარმოო სამმართველოს საბინაო საექსპელოატაციო ორგანიზაციის წარმომადგენელს და ნ. ლ-ს შორის, რომლითაც ნ. ლ-ს უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცა გორის მელიორაციისა და წყალთა მეურნეობის საწარმოო სამმართველოს კუთვნილი ქ. გორში, ...ის ქ. №52-ში მდებარე ორითახიანი საცხოვრებელი ბინა №2, ასევე პრივატიზაციის ხელშეკრულებები გაფორმდა სამ პირთან (ნ. გ-ი, მ. გ-ე და გ. ბ-ა). საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას იმის შესახებ, რომ საქმეში დაცული აზომვითი ნახაზების გათვალისწინებით შენობის მეორე სართულზე მდებარე 71,8 კვ.მ. ფართი, რომელიც მოიცავს სადავო 29,9კვ.მ. ფართს, მუშა-მოსამსახურეებს არ გადასცემიათ ინდივიდუალურ სარგებლობაში. აღნიშნული ფართი (29.9 კვ.მ.) ესაზღვრება ნ. ლ-ის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ფართი. მეორე სართულის ეს ნაწილი, ანუ 71,8 კვ.მ. ფართი არ იყო განკუთვნილი იქ მცხოვრები მუშა-მოსამსახურეების საერთო სარგებლობისათვის და არ გამოიყენებოდა საცხოვრებელი პირობების დამხმარე მიზნებისათვის. ეს ფართი სრულიად იზოლირებულია მუშა-მოსამსახურეთათვის საცხოვრებლად გადაცემული ფართებისაგან და აქვს თავის დამოუკიდებელი მისასვლელი. „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ კანონის თანახმად ამხანაგობის საერთო ქონების შემადგენლობაში შეიძლება შედიოდეს მრავალბინიან სახლთან დაკავშირებული მხოლოდ ისეთი მომსახურე საინჟინრო ქსელების, მოწყობილობა-დანადგარების, შენობა-ნაგებობებისა და კეთილმოწყობის ობიექტების ერთობლიობა, რომელიც არ იმყოფება ინდივიდუალურ საკუთრებაში. განსახილველ შემთხვევაში საქმეში დაცული მასალებით არ დგინდება, როგორც სადავო 29,9 კვ.მ. ფართზე, ასევე №2 შენობა-ნაგებობაზე, რომელშიც მოსარჩელის განმარტებით ავტოფარეხებია მოწყობილი, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საერთო საკუთრების რეჟიმის გავრცელების კანონით გათვალისწინებული საფუძველი, რის გამოც კასატორის მითითება სადავო უძრავი ნივთის საერთო საკუთრებაში არსებობასა და მის პროპორციულ წილზე საკუთრების უფლების შესახებ დაუსაბუთებელია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ნ. ლ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. ლ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.11.2018წ. განჩინება;

3. ზ. მ-ს (პირადი №...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 19.06.2019წ. №... საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. გოგიაშვილი