ბს-1254(კ-19) 25 ნოემბერი, 2021წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა შპს „...ის“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 03.10.2019წ. დადგენილებაზე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს „...მა“ 07.11.2018წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისა და შპს „ჯო...ის“ მიმართ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 04.10.2018წ. N80/12 გადაწყვეტილების, შპს „ჯო...ის“ 07.12.2018წ. N2825 დადგენილების და აღურიცხავი წყლის მოხმარების აქტის გაუქმების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 07.11.2018წ. განჩინებით წარდგენილი სარჩელი მიჩნეულ იქნა საჩივრად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.05.2019წ. დადგენილებით შპს „...ის“ საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა შპს „...ის“ მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 03.10.2019წ. დადგენილებით შპს „...ის“ საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული დადგენილება. პალატამ მიუთითა, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 26.11.2008წ. N32 დადგენილებით დამტკიცებული „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ 8.1 მუხლის თანახმად, სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარებაში იგულისხმება სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემაზე მოწყობილობებისა თუ მილსადენის თვითნებურად მიერთება, შეწყვეტილი სასმელი წყლის მიწოდების თვითნებური აღდგენა, სასმელი წყლის მრიცხველის ბრჯენების განზრახ დაზიანება (აღრიცხვის სიზუსტის დარღვევის შემთხვევაში), სასმელი წყლის მრიცხველის ციფრული მაჩვენებლის გაყალბება, სასმელი წყლის დატაცება, მათ შორის, სასმელი წყლის მრიცხველის (აღრიცხვის სისტემის) გვერდის ავლით ან/და მის გარეშე სასმელი წყლის არასანქცირებული მოხმარება; ასევე, ხანძარსაწინააღმდეგო წყალსადენიდან და მისი შემადგენელი ქსელიდან, მოწყობილობებიდან ან/და სხვა სახის ელემენტებიდან სასმელი წყლის არახანძარსაწინააღმდეგო მიზნებისთვის არასანქცირებული მოხმარება. პალატამ აღნიშნა, რომ მითითებული ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, სასმელი წყლის უკანონოდ მომხმარებელი ვალდებულია გადაიხადოს სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარების პერიოდში მის მიერ მოხმარებული სასმელი წყლის ღირებულება. ამასთანავე, „წესების“ 25.9 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარების დაწყების თარიღის და კალენდარული დღის განმავლობაში უკანონოდ მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობის დადგენა, მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობა გამოითვლება ერთთვიანი პერიოდის განმავლობაში მომხმარებლის მუშაობისა და გამოყენებული დანადგარების გამტარუნარიანობისა და შესაძლო დატვირთვის რეჟიმიდან გამომდინარე (სეზონურობის გათვალისწინებით). ამ მეთოდით დარიცხული სასმელი წყლის რაოდენობა არ უნდა იყოს ამ მომხმარებლის მიერ, ნორმალური აღრიცხვის პერიოდში მოხმარებული სასმელი წყლის საშუალო თვიურ რაოდენობაზე ნაკლები. პალატამ მიიჩნია, რომ სწორედ ზემოაღნიშნული გაანგარიშების მიხედვით შეძლო საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ აღურიცხავი წყლის მოხმარების რაიოდენობის შემცირება და წყლის მოხმარების პერიოდად 2 საათის განსაზღვრით დარიცხული 48 472 ლარის შემცირება 12 118,21 ლარამდე.
რაც შეეხება სამართალდარღვევის ფაქტის არსებობას, პალატამ მიუთითა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 26.11.2008წ. N32 დადგენილებით დამტკიცებული „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ 22-ე მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებზე, რომელთა თანახმად, ხანძარსაწინააღმდეგო წყალსადენებისათვის ერთი განშტოების არსებობის შემთხვევაში სავალდებულოა, მოეწყოს შემომვლელი ხაზი, ხოლო პირდაპირ ხაზზე - ურდული ბრჯენით, რომელიც შესაძლებელია გაიხსნას მხოლოდ ხანძრის შემთხვევაში. მისი კვეთი და გამტარუნარიანობა უნდა აკმაყოფილებდეს ხანძრის ჩასაქრობად საჭირო წყლის ხარჯს. ხანძრის ჩასაქრობად დახარჯული წყალი დაერიცხება აბონენტს, ხოლო დამღის ახსნა უნდა ეცნობოს მიმწოდებელს. ამასთან თუ შენობა (ობიექტი) აღჭურვილია გაერთიანებული ხანძარსაწინააღმდეგო წყალმომარაგების სისტემით, მაშინ შემყვანზე, რომელზეც დამონტაჟებულია წყალმზომი, აუცილებლად უნდა მოეწყოს წყალმზომის შემომვლელი ხაზი, დაკეტილი დამღადადებული ურდულით. პალატის მიერ უდავოდ დადგენილ გარემოებად იქნა მიჩნეული, რომ შპს „...ის“ დაკვეთით განხორციელდა ხანძარსაწინააღმდეგო სისტემის ახლებურად მოწყობა, გაფართოება. რეკონსტრუქციის შედეგად წყალმომარაგების ქსელში არსებობს უმრიცხველო განშტოება ურდულით, თუმცა დამღის გარეშე, რაც „წესებთან“ შეუსაბამოა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას წარმოადგენს. პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ შემოვლით ხაზზე აუცილებელია ურდულის დაყენება, რომელიც ჩვეულებრივ დროს უნდა იყოს დაკეტილი და დალუქული, რაც განსახილველ შემთხვევაში დაცული არ ყოფილა. ასევე დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ შპს „...ს“ ურდულზე დამღის დადების მოთხოვნთ შპს „ჯო...ისთვის“ არ მიუმართავს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 03.10.2019წ. დადგენილება წყლის უკანონოდ მოხმარების გამო დაკისრებული თანხის გაუქმებაზე უარის თქმის ნაწილში შპს „...მა“ საკასაციო წესით გაასაჩივრა. კასატორი მიიჩნევს, რომ საქმის გარემოებები არ გამოკვლეულა, არ შეფასებულა სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარების გამო თანხის დარიცხვის საფუძვლიანობა. კასატორი თვლის, რომ უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული პროექტის შესაბამისად შემოვლითი წყლის მილის დამონტაჟება იმთავითვე არ ადასტურებს სამართლადარღვევის ჩადენას, არ დადასტურებულა წყლის დატაცების ფაქტი, რაც შეიძლება გამხდარიყო წყლის უკანონოდ მოხმარების გამო თანხის დაკისრების საფუძველი. „წესების“ 25.9 მუხლი არ ითვალისწინებს საათების რაოდენობის მიხედვით დარიცხვას მომხმარებელი ხელსაწყოების და მუშაობის განრიგის შეუსწავლელად. შპს „ჯო...ს“ თავისი დადგენილებით არ დაუდასტურებია წყლის მოხმარება, მან დაადასტურა მხოლოდ ლეგალურად არსებული შემოვლითი სახანძრო მილგაყვანილობის არსებობა, ამის მიუხედავად სემეკმა დაადგინა წყლის უკანონო მოხმარების ფაქტი. ერთ-ერთ საქმეზე (Nბს-1274(კ-18)) საკასაციო პალატამ აღნიშნა, რომ წყლის უკანონოდ მოხმარების გამო დასარიცხი თანხის განსასაზღვრად უნდა გათვალისწინებულიყო უმრიცხველოდ წყლის მოხმარების პერიოდი და აღნიშნულ პერიოდში იმავე ობიექტზე დამონტაჟებული იმ მრიცხველის ჩვენება, რომელიც სრულად აღრიცხავდა 15 სველი წერტილით მოხმარებული წყლის ოდენობას, დარიცხვა არ იქნა სათანადოდ დასაბუთებულად მიჩნეული, რადგან დარიცხვისას გათვალისწინებული იყო მხოლოდ მილის დიამეტრი. კასატორი მიიჩნევს, რომ მოხმარებული სასმელი წყლის ოდენობის დასადგენად უნდა მოხდეს მოხმარების ხელსაწყოებისა და მოხმარების საჭიროების შესწავლა, მხოლოდ მილის დიამეტრის მიხედვით დარიცხვა არასწორია, რადგან მილი არის წყლის ტრანსპორტირების საშუალება მოხმარების პუნქტამდე - დანადგარებამდე. შპს კეთილსინდისიერად იხდიდა გადასახადებს, მის მიერ გადახდილი იქნა მათ შორის ხანძარსაწინააღმდეგო რეზერვუარების წყლით შევსების საფასური. კასატორი თვლის, რომ გაურკვეველია კომისიის მიერ ყოველდღიური ორსაათიანი მოხმარების მიხედვით დასარიცხი თანხის გაანგარიშების საფუძველი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. საკასაციო პალატა თვლის, რომ საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს აგრეთვე სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით. კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართლადარღვევის თაობაზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, მათ შორის, კოდექსის 149-ე მუხლის (სასმელი წყლის უკანონო მოხმარება და წყალარინების ქსელით უკანონო სარგებლობა) საფუძველზე შედგენილი აქტის კანონიერების საკითხზე სამართალწარმოება მიმდინარეობს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით და ორინსტანციურია, ხოლო წყლის უკანონოდ მოხმარების გამო საფასურის დაკისრების კანონიერება სასარჩელო წარმოებით განსახილველ საკითხთა რიგს განეკუთვნება, რადგან დარიცხვის აქტი არ გამოიცემა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის საფუძველზე ან მის შესაბამისად (სუსგ 07.07.2016წ. Nბს-182-179(კს-15)). ამდენად, საკასაციო პალატის შეფასების საგანი ვერ გახდება კონკრეტული ქმედების ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილ სამართალდარღვევად მიჩნევის, შესაბამისი სახდელის შეფარდების კანონიერება. გასათვალისწინებელია აგრეთვე, რომ საკასაციო საჩივარი წარდგენილია მხოლოდ წყლის უკანონოდ მოხმარების გამო დაკისრებული თანხის გაუქმებაზე უარის თქმის ნაწილში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის არგუმენტები სამართალდარღვევის არარსებობის შესახებ, არ არის რელევანტური, რადგან ძალაშია სასამართლოს დადგენილებები, რომლებითაც კასატორის მიერ სამართალდარღვევის ჩადენა - წყლის უკანონო მოხმარება, დადასტურებულად იქნა მიჩნეული. ამდენად, მიიჩნევა, რომ შპს „...ის“ მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 149-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევა - სასმელი წყლის უკანონო მოხმარება ჩადენილია.
მართალია დასტურდება წყლის უკანონოდ მოხმარება, თუმცა შესაფასებელია დასარიცხი თანხის ოდენობის გაანგარიშების საკითხი. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 26.11.2008წ. N32 დადგენილებით დამტკიცებული „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ 22-ე მუხლის მიხედვით დაშვებულია ხანძარსაწინააღმდეგო შემოვლითი ხაზის არსებობა, თუმცა აღურიცხავი მოხმარების თავიდან აცილების მიზნით აუცილებელია ხაზზე ურდულის მოწყობა შესაბამისი ბრჯენით, რომლის გახსნაც მოხდება მხოლოდ ხანძრის შემთხევაში და დამღის ახსნის შესახებ ეცნობება მიმწოდებელს (მე-5, მე-6 პ.). განსახილველ შემთხვევაში არც კასატორი უარყოფს იმ გარემოებას, რომ მრიცხველთან დაუკავშირებელ ხანძარსაწინააღმდეგო შემოვლით ხაზზე დაყენებული იყო მხოლოდ ურდული, ბრჯენის გარეშე. ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში კომისიაში გამართულ სხდომაზე კასატორის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ არსებობდა დატაცების შესაძლებლობა. მართალია შემოვლითი ხაზი მოწყობილი იყო ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დამტკიცებული პროექტის შესაბამისად, თუმცა ეს არ გამორიცხავდა მილზე ბრჯენის დადების საჭიროებას. შპს „მ...ის“ 01.08.2018წ. წერილში მითითებულია, რომ პროექტის შესაბამისად შემოვლით ხაზზე მოხდა ურდულის დაყენება, რომელიც ჩვეულებრივ დროს უნდა იყოს დაკეტილი და დალუქული. მნიშვნელოვანია, რომ ბრჯენის (ლუქის) არარსებობის პირობებში მხოლოდ ურდული ვერ უზრუნველყოფდა წყლის აღურიცხავი მოხმარების გამორიცხვას.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ შემოვლითი ხაზი დაკავშირებული იყო ხანძარსაწინააღმდეგო რეზერვუარებთან, რომლის ერთხელ წყლით გავსებას 9918,10 ლარის ღირებულების სასმელი წყალი ესაჭიროება. ამასთანავე, ადმინისტრაციული წარმოებისას ჩატარებული სხდომის ფარგლებში მიეთითა, რომ რეზერვუარები კვლავ სავსეა. პალატის მოსაზრებით აღნიშნული გარემოებები მოხმარებული სასმელი წყლის ოდენობის დადგენისადმი ერთგვარად განსხვავებულ მიდგომას განაპირობებს, რადგან წყლის მილთან დაკავშირებულია არა წყლის მომხმარებელი დანადგარები, არამედ დიდი მოცულობის რეზერვუარები, რომელში დაგროვილი წყლის სხვადასხვა დანიშნულებით გამოყენება და შემდგომში კვლავ გავსება არ არის გამორიცხული. ზოგადი წესის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარების დაწყების თარიღის და კალენდარული დღის განმავლობაში უკანონოდ მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობის დადგენა, მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობა გამოითვლება ერთთვიანი პერიოდის განმავლობაში მომხმარებლის მუშაობისა და გამოყენებული დანადგარების გამტარუნარიანობისა და შესაძლო დატვირთვის რეჟიმიდან გამომდინარე („წესების“ 25.9 მუხ.), თუმცა მოცემულ შემთხვევაში უმრიცხველო განშტოებასთან დაკავშირებულია წყლის რეზერვუარები, რომელთა გამტარუნარიანობა ფაქტობრივად წყლის მიმწოდებელი მილის გამტარუნარიანობით განისაზღვრება, რადგან საქმის მასალებით არ დასტურდება შემოვლით მილთან მიერთებული რაიმე სხვა დანადგარის არსებობა, რაც შემოვლითი მილის გამტარუნარიანობას შეზღუდავდა, ასეთ დანადგარებზე არც კასატორი უთითებს. მართალია კასატორი აღნიშნავს, რომ გამოკვლევას საჭიროებდა შემოვლით მილთან მიერთებული დანადგარების გამტარუნარიანობა, თუმცა კონკრეტულად არ ასახელებს ასეთ დანადგარებს. საქმის მასალებით დასტურდება შემოვლით მილზე მხოლოდ დიდი მოცულობის ავზების მიერთების ფაქტი, რომელში დაგროვილი წყლის გამოყენება და შემდგომ მათი ხელახლა გავსება გამორიცხული არ არის, რადგან შემოვლითი, უმრიცხველო ხაზი დამღადაუდებელია და მილის გამტარუნარიანობის ფარგლებში სხვადასხვა საჭიროებისათვის წყლის აღურიცხავი მოხმარება შესაძლებელია.
კასატორის მითითება საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებაზე (Nბს-1274(კ-18)) არ ადასტურებს დივერგენციას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ უზენაესი სასამართლო განიხილავს კონკრეტულ დავას და ამ დავის ფარგლებში აფასებს სამართლებრივ საკითხებს, საკასაციო სასამართლოს განმარტება კაზუალურია. ამდენად, გადაწყვეტილებაში ასახული სამართლებრივი მოსაზრებები განმარტებულ უნდა იქნეს დავაზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით. ამასთანავე, სწორედ არსებითად მსგავსი ფაქტობრივი გარემოებების არსებობისას ენიჭება უზენაესი სასამართლოს სამართლებრივ განმარტებებს კონკრეტული საქმის განხილვისათვის მნიშვნელობა. დივერგენციის საფუძვლით საკასაციო საჩივრის დასაშვებად მიჩნევას მხოლოდ მაშინ აქვს ადგილი, როდესაც არსებითად მსგავსი გარემოებების მქონე დავაში სააპელაციო სასამართლო ნორმის საკასაციო პალატისგან განსხვავებულ განმარტებას ახდენს. ამდენად, უზენაესი სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი შეფასებებით ხელმძღვანელობისას პირველ რიგში უნდა დადგინდეს განხილული და განსახილველი დავების ფაქტობრივ გარემოებებს შორის არსებითი მსგავსება. მოცემულ შემთხვევაში შპს „...ის“ მიერ მითითებული დავისა და განსახილველი დავის ფაქტობრივი გარემოებები მნიშვნელოვნად განსხვავებულია, რადგან კასატორის მიერ მითითებულ დავაში სამართალდამრღვევის არსებული 16 სველი წერტილიდან მრიცხველზე მიერთებული იყო 15 ექსპლუატაციაში მყოფი სველი წერტილი, ამასთანავე, სადავო დარიცხვის შემდგომ, მე-16 სველი წერტილიც მიერთდა მრიცხველზე, შესაბამისად, შესაძლებელი იყო მოხმარებული წყლის საერთო ოდენობის და თვეების მიხედვით ამ მაჩვენებლის ცვლილების დინამიკის დადგენა. 16 სველი წერტილის არსებითი მსგავსების გათვალისწინებით შესაძლებლად იქნა მიჩნეული უმრიცხველო მე-16 სველი წერტილით რეალურად მოხმარებული წყლის ოდენობასთან მიახლოებული მაჩვენებლის დადგენა, რის გამო დარიცხვის მიზნებისათვის მხოლოდ მილის დიამეტრის გათვალისწინება არ იქნა მიჩნეული დასაბუთებულად. განსახილველ დავაში ვითარება მკვეთრად განსხვავებულია: უმრიცხველო, დამღის არ მქონე შემოვლითი ხაზი დაკავშირებულია სპეციფიურ ობიექტთან - ხანძარსაწინააღმდეგო მიზნებისათვის მოწყობილ დიდი მოცულობის რეზერვუარებთან, რომელთა ერთჯერადად გავსებას 9918,10 ლარის ღირებულების სასმელი წყალი ესაჭიროება. რეზერვუარებში ჩამავალი წყლის გამტარი მილის დიამეტრის გარდა, რაიმე სხვა ობიექტურად დადასტურებადი მონაცემი, რომელსაც შპს „ჯო...ი“ დარიცხვისას დაეყრდნობოდა, არ იკვეთება. პალატა ყურადაღებას ამახვილებს აგრეთვე იმ გარემოებაზე, რომ შპს „...ს“ ურდულზე დამღის დადების მოთხოვნით შპს „ჯო...ისთვის“ არ მიუმართავს. კასატორის მითითება ტელეფონის მეშვეობით ასეთი მიმართვის განხორციელების შესახებ, არ დასტურდება. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არსებობდა წყლის უკანონო მოხმარების გამო შპს „...ისთვის“ კონკრეტული თანხის დაკისრების საფუძველი.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ უმრიცხველოდ მოხმარებული წყლის ღირებულება უნდა ასახავდეს საშუალოდ მოხმარებული წყლის ღირებულებას, სამართალდამრღვევისათვის წყლის უკანონო მოხმარების ღირებულება შესაძლოა არ ემთხვეოდეს რეალურად მოხმარებული წყლის საფასურს, რადგან მოხმარება აღურიცხავია, შესაბამისად, უკანონოდ მოხმარებული წყლის საფასურის დამდგენი ზუსტი მონაცემი დამრიცხველ ორგანიზაციას არ აქვს. სწორედ აღნიშნულის გათვალისწინებით, ნორმატიულად დადგენილია უკანონოდ მოხმარებული წყლის ღირებულების განმსაზღვრელი მეთოდები. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით კომისიამ მართებულად იხელმძღვანელა „წესების“ 25.9 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით და მართებულად შეამცირა დღიური 8-საათიანი მოხმარება საშუალო დღიურ 2-საათიან მოხმარებამდე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 03.10.2019წ. დადგენილება;
3. შპს „...ს“ (ს.კ. ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 28.10.2019წ. N1572246955 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 605,90 ლარის 70%, _ 424,13 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
გ. გოგიაშვილი