საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ
საქმე #ბს-1167(3კ-20) 2 დეკემბერი, 2021 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები _ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური (მოპასუხეები), შპს „...ე“ (მესამე პირი)
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შპს „ს...ო“
მესამე პირი - პ. თ-ე (გ. (გ.) თ-ის უფლებამონაცვლე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება
დავის საგანი _ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2016 წლის 4 ივლისს შპს „ს...ომ“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიმართ.
მოსარჩელემ „არქიტექტურული პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე“ სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 28 სექტემბრის #2212250 ბრძანებისა და მასზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 21 ივნისის #1-1074 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 8 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება შპს „...ე“.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 აპრილის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება გულიზა თავხელიძე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს „ს...ოს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს შპს „ს...ომ“ და გულიზა თავხელიძემ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით გულიზა თავხელიძისა და შპს „ს...ოს“ დირექტორის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 21 ივნისის #1-1074 ბრძანება; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 28 სექტემბრის #2212250 ბრძანება და ადმინისტრაციულ ორგანოს საქმის გარემოებების ყოველმხრივ და სრულყოფილად გამოკლევის შემდეგ, სადავო საკითხთან დაკავშირებით, ახალი აქტის გამოცემა დაევალა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა და შპს „...ემ“, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 6 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურისა და შპს „...ის“ საკასაციო საჩივრები; დასაშვებობის შემოწმება დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 25 მარტის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურისა და შპს „...ის“ საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხის განხილვა დადგინდა მხარეთა დასწრებით, 2021 წლის 15 ივლისს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 15 ივლისის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურისა და შპს „...ის“ საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დასაშვებად და საქმის განხილვა დადგინდა მხარეთა დასწრებით, 2021 წლის 30 სექტემბერს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 30 სექტემბრის განჩინებით გ. (გ.) თ-ის უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა პ. თ-ე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 2 დეკემბრის სასამართლო სხდომაზე გამოირკვა, რომ მხარეთა შორის მიღწეულ იქნა მორიგება, რის გამოც მოსარჩელის - შპს „ს...ოს“ მიერ წარმოდგენილ იქნა განცხადება, ხელმოწერილი დირექტორის - მეგი თავხელიძის მიერ, რომლითაც მოსარჩელე მხარემ უარი განაცხადა აღნიშნულ საქმეში შპს „ს...ოს“ მიერ წარდგენილ ყველა მოთხოვნაზე და საქმის წარმოების შეწყვეტა მოითხოვა, რასაც ასევე დაეთანხმა საქმეში მესამე პირად ჩაბმული პ. თ-ე. ამდენად, საქმის წარმოების შეწყვეტის საკითხის გადასაწყვეტად საქმე გადაინიშნა იმავე დღეს, ზეპირი განხილვის გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი განცხადება სარჩელზე უარის თქმის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ და მიიჩნევს, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რომლის თანახმად, სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია დისპოზიციურობის პრინციპზე, რის შესაბამისადაც მხარე უფლებამოსილია თავისი შეხედულებისამებრ განკარგოს თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქმის წარმოება წყდება, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 2 დეკემბრის სასამართლო სხდომაზე გამოირკვა, რომ მხარეთა შორის მიღწეულ იქნა მორიგება, რის გამოც მოსარჩელის - შპს „ს...ოს“ მიერ წარმოდგენილ იქნა განცხადება, ხელმოწერილი დირექტორის - მეგი თავხელიძის მიერ, რომლითაც მოსარჩელე მხარემ უარი განაცხადა აღნიშნულ საქმეში შპს „ს...ოს“ მიერ წარდგენილ ყველა მოთხოვნაზე და საქმის წარმოების შეწყვეტა მოითხოვა, რასაც ასევე დაეთანხმა საქმეში მესამე პირად ჩაბმული პ. თ-ე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „ს...ოს“ განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს და უნდა შეწყდეს მის სარჩელზე მიმდინარე სამართალწარმოება. ამასთანავე, საკასაციო სასამართლო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მხარეებს განუმარტავს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შემდეგ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ დაიშვება.
ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან, საქმის არსებით განხილვამდე მხარეები მორიგდნენ და შპს „ს...ომ“ სარჩელზე უარი განაცხადა, ამდენად, კასატორებს - სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს და შპს „...ეს“ სრულად უნდა დაუბრუნდეთ მათ მიერ საკასაციო საჩივრებზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-3 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით, 49-ე მუხლით, 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ს...ოს“ განცხადება სარჩელზე უარის თქმის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე დაკმაყოფილდეს;
2. შპს „ს...ოს“ მიერ სარჩელზე უარის თქმის გამო, შეწყდეს საქმის წარმოება;
3. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება;
4. მხარეებს განემარტოს, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ დაიშვება;
5. შპს „...ეს“ (ს/კ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე თ. ი-ის (შპს „ე...“) მიერ 11.08.2020წ. საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი #300773150;
6. სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს (ს/კ 205270053) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 14.08.2020წ. #00942 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი #300773150;
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა