საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-32(კ-21) 6 დეკემბერი, 2021 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა თ. გ-ის წარმომადგენლის - ზ. მ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 29 ოქტომბრის განჩინებაზე.
თ. გ-ემ 2017 წლის 20 თებერვალს და იმავე წლის 27 მარტს სარჩელებით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონალური რეგისტრაციის მართვის სამსახურის შიდა ქართლის რეგიონული ოფისისა და გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ და სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შემდეგ მოითხოვა: 1) გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 6 იანვრის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების №00002 ოქმის, 2) გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 20 მარტის №მ-186 მიმართვის, 3) გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 241 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და საცხოვრებელი ფართის მ. ბ-ის სახელზე №... საკადასტრო კოდით რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2017 წლის 16 იანვრის №... გადაწყვეტილების - სახლამდე მისასვლელი გზის ნაწილში, 4) გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების №00033 ოქმისა და 5) გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 96 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და არასაცხოვრებელი ფართების მ. ბ-ის სახელზე №... საკადასტრო კოდით რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2017 წლის 6 მარტის №... გადაწყვეტილების - სახლამდე მისასვლელი გზის ნაწილში, ბათილად ცნობა.
გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 21 აგვისტოს განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაერთნენ მ. , ნ. და ზ. ბ-ები.
გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 27 სექტემბრის საოქმო განჩინებით თ. გ-ის სარჩელების გამო სასამართლოს განხილვაში არსებული საქმეები გაერთიანდა ერთ წარმოებად. ამასთან, საქმეში მესამე პირად ჩართული ნოდარ ბიბილაშვილის გარდაცვალების გამო, შეჩერდა საქმის წარმოება მისი უფლებამონაცვლის - გიორგი ბიბილაშვილის უფლებამონაცვლეობის დადგენამდე.
გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 17 ნოემბრის განჩინებით მოსარჩელე თ. გ-ის განცხადების საფუძველზე, რომელსაც ერთვოდა გიორგი ბიბილაშვილის მემკვიდრის ნიკა ბიბილაშვილის სამკვიდრო მოწმობა, განახლდა საქმის წარმოება.
გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 13 დეკემბრის საოქმო განჩინებით გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის უფლებამონაცვბლედ დადგინდა გორის მუნიციპალიტეტის მერია.
გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილებით თ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 6 იანვრის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების №00002 ოქმი მ. ბ-ის მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადასტურების შესახებ, სისტემური რეგისტრაციის მონაცემებით აღნიშნულ საერთო სარგებლობის გზის ნაწილში, ხოლო სარჩელი გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 6 იანვრის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების №00002 ოქმის დარჩენილი ფართის დადასტურების ბათილად ცნობის ნაწილში არ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 20 მარტის №მ-186 აქტი, სისტემური რეგისტრაციის მონაცემებით აღნიშნულ საერთო სარგებლობის გზის ნაწილში, ხოლო სარჩელი გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 20 მარტის №მ-186 მიმართვის სრულად ბათილად ცნობის ნაწილში არ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 241 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და საცხოვრებელი ფართის მ. ბ-ის სახელზე №... საკადასტრო კოდით რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2017 წლის 16 იანვრის №... გადაწყვეტილება სისტემური რეგისტრაციის მონაცემებით აღნიშნულ საერთო სარგებლობის გზის ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების №00033 ოქმი მ. ბ-ის მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადასტურების შესახებ სისტემური რეგისტრაციის მონაცემებით აღნიშნულ საერთო სარგებლობის გზის ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 96 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და არასაცხოვრებელი ფართების მ. ბ-ის სახელზე №... საკადასტრო კოდით რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2017 წლის 6 მარტის №... გადაწყვეტილება სისტემური რეგისტრაციის მონაცემებით აღნიშნულ საერთო სარგებლობის გზის ნაწილში.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მაია და ნუნუ ბიბილაშვილებმა, ასევე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 18 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრეს მაია და ნუნუ ბიბილაშვილებმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით მაია და ნუნუ ბიბილაშვილების საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული. შესაბამისად, უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 18 ივნისის განჩინება.
2021 წლის 1 დეკემბერს საკასაციო სასამართლოს ადმიონისტრაციულ საქმეთა პალატას განცხადებით მომართა თ. გ-ის წარმომადგენელმა - ზ. მ-მა, რომელმაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის შესაბამისად, დამატებითი გადაწყვეტილების მიღებით, მოსარჩელის - თ. გ-ის სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმომადგენლის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის - 700 ლარის ანაზღაურება მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი განცხადების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ თ. გ-ის წარმომადგენლის - ზ. მ-ის განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საკასაციო სასამართლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველ ნაწილზე მითითებით აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით შეუძლია გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება შემდეგ საკითხებზე: ა) იმ მოთხოვნის გამო, რომლის შესახებაც მხარეებმა წარადგინეს მტკიცებულებანი და მისცეს ახსნა-განმარტებანი, გადაწყვეტილება არ გამოტანილა; ბ) სასამართლოს, რომელმაც გადაწყვიტა უფლების საკითხი, არ მიუთითებია გადასახდელი თანხის ოდენობა, გადასაცემი ქონება ან მოქმედება, რომელიც მოპასუხემ უნდა შეასრულოს; გ) სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი. ამრიგად, მითითებული ნორმა ცალსახად მიუთითებს დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობას იმ შემთხვევაში თუ მხარის მიერ სათანადო მტკიცებულების წარდგენასთან ერთად წარდგენილია ახსნა - განმარტება მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურების მოთხოვნის თაობაზე. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს მხარის მიერ წარმოდგენილ საკასაციო შესაგებელზე, რომელსაც მართალია, თან ერთვის 2021 წლის 22 მარტს გაფორმებული №79-2 ხელშეკრულება მომსახურების გაწევის შესახებ და თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, თუმცა წარმოდგენილ საკასაციო შესაგებელში მხარე არ მიუთითებს და არ შუამდგომლობს წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურებაზე. ამდენად, ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო პალატის მოსაზრებით, არ არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 29 ოქტომბრის განჩინებაზე დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის პროცესუალური საჭიროება. საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ განცხადებაში დასმული საკითხი სცილდება განსახილველი დავის ფარგლებს, რადგან საქმის განხილვის ეტაპზე მოთხოვნა არ იყო დაყენებული. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია იმსჯელოს და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება შეაფასოს მხოლოდ საკასაციო საჩივრის ფარგლებში, რომელიც მოცემულ შემთხვევაში მაია და ნუნუ ბიბილაშვილების მიერ იყო წარმოდგენილი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმ პირობებში, როდესაც თ. გ-ის წარმომადგენლის - ზ. მ-ის მიერ საკასაციო შესაგებელში არ არის წარმომადგენლის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება მოთხოვნილი, არ არსებობს წარმოდგენილი განცხადების დაკმაყოფილების სამართლებრივი წინაპირობა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 29 ოქტომბრის საქმე№32(კ-21) განჩინებაზე დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ თ. გ-ის წარმომადგენლის - ზ. მ-ის განცხადება არ დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ნ. სხირტლაძე