Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე Nბს-317(კ-21) 12 ოქტომბერი, 2021 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ქადაგიძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ლ. ბ-ე

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 11 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

2020 წლის 22 მაისს ლ. ბ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართ. სარჩელისა და მოპასუხის დაზუსტების შემდეგ, ლ. ბ-ემ მოითხოვა ეკომიგრანტი ოჯახის საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 20 ივნისის N04/33573 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 30 მარტის №03/5082 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, ლ. ბ-ის ეკომიგრანტი ოჯახის საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის შესახებ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილებით ლ. ბ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 20 ივნისის N04/33573 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 30 მარტის №03/5082 გადაწყვეტილება; სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელე ლ. ბ-ის ოჯახთან დაკავშირებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 11 თებერვლის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილება.

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს დასკვნა 2019 წელს მოსარჩელის მუდმივად ცხოვრების ადგილის დაუდასტურებლობისა და სტიქიური მოვლენების გამო იძულებით არდატოვების თაობაზე, ვერ გახდებოდა მოსარჩელის ოჯახისთვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი. მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარმოუდგენია მტკიცებულებები, რომლებიც ეჭვქვეშ დააყენებდა ან გააბათილებდა საქმეზე დადგენილ ფაქტებს და მათ სამართლებრივ შეფასებებს. სახელმწიფოს მიერ ნგრევადი ობიექტიდან მოქალაქეთა განსახლება და საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფა მოქალაქეთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვას ემსახურებოდა. მოცემულ შემთხვევაში, ლ. ბ-ის ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართზე მდებარე შენობა არის ნგრევადი ობიექტი. ამასთან, მოსარჩელეს საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ქონება და სხვა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არ გააჩნდა. ადმინისტრაციული ორგანო არ უნდა შემოფარგლულიყო მხოლოდ ერთჯერადი შემოწმებით და უნდა შეესწავლა მოსარჩელის როგორც ამჟამინდელი, ისე განაცხადის შევსებისას არსებული ფაქტობრივი მდგომარეობა, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც სადავო ობიექტი არის ნგრევადი და შესაძლებელია, მასში მცხოვრებ პირს საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით მოუწიოს ასეთი საცხოვრებლის დატოვება და დროებით სხვაგან საცხოვრებლად გადასვლა. ადმინისტრაციულმა ორგანომ, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში შეფასება უნდა მიცეს იმ გარემოებასაც, თუ რამდენად შესაძლებელია ნგრევად შენობაში პირთა ცხოვრება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 11 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.

კასატორი მიუთითებს საქმეზე დადგენილ ფატობრივ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ სადავო ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების შედეგად ვერ დადასტურდა თერჯოლის მუნიციპალიტეტ სოფელ ...ში მოსარჩელის მუდმივად ცხოვრების ფაქტი. აღნიშნული გარემოების დადასტურების მიზნით, მოსარჩელე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლო პროცესზე დაიკითხნენ მოწმეები, თუმცა მოწმეთა მიერ მიცემული ჩვენებები ურთიერთგამომრიცხავი იყო და წინააღმდეგობაში მოდიოდა თავად მოსარჩელის მიერ სასამართლოსთვის თავის საცხოვრებელ ადგილთან დაკავშირებით მიწოდებულ ინფორმაციასთან. მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმებიდან გამომდინარე, ოჯახის ეკომიგრანტად მიჩნევისათვის, აუცილებელია სტიქიის შედეგად დაზიანებულ სახლში მუდმივად ცხოვრების ფაქტის არსებობა, რაც მოცემულ შემთხვევაში არ დასტურდება. მნიშვნელოვანია, რომ მუდმივ საცხოვრებელ ადგილად ითვლება ძირითადი საცხოვრებელი ადგილი, პირის ძირითადი, უმთავრესი ადგილსამყოფელი. პირის მუდმივი საცხოვრებლის არსიდან გამომდინარეობს, რომ პირი იქ არა დროებით, არამედ მუდმივად უნდა იმყოფებოდეს. თუ რეგისტრაციის ადგილს პირი საკუთარი სურვილით ირჩევს, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის არჩევისათვის სავალდებულოა პირის ნებას თან ახლდეს ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტი. მოცემულ შემთხვევაში, მხოლოდ ის გარემოება, რომ მოსარჩელის ოჯახს სოფელ ...ში საკუთრებაში გააჩნია საცხოვრებელი სახლი, არ ქმნის საცხოვრებლით უზრუნველყოფის წინაპირობას. კასატორი ასევე მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ სადავო საკითხის მომწესრიგებელ ნორმაში სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი ფართის არსებობა არის ერთ-ერთი და არა ერთადერთი პირობა პირის ეკომიგრანტად მიჩნევისათვის. ნორმაში არსებული წინაპირობები კუმულაციურად უნდა იყოს სახეზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 23 აპრილის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს; კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს. საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახის (ეკომიგრანტის) განსახლებისა და საცხოვრებელი სახლის კანონმდებლობის საფუძველზე საკუთრებაში გადაცემის წესს არეგულირებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის N779 ბრძანებით დამტკიცებული „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურა” (დანართი N1). აღნიშნული დანართის პირველი მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახად (ეკომიგრანტად) ითვლება ოჯახი, რომლის საკუთრებაში არსებული (რაც უნდა დასტურდებოდეს საჯარო რეესტრის ამონაწერით) საცხოვრებელი სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია ან დაზიანებულია (საცხოვრებლად უვარგისია) და არ ექვემდებარება აღდგენას ან/და სახლი არ არის დანგრეული, მაგრამ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სტიქიური მოვლენები საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებ ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და მათ საკუთრებაში არსებულ ქონებას მეწყერის, ღვარცოფის, კლდეზვავის, ქვათაცვენის, მდინარეების ნაპირების გარეცხვის, თოვლის ზვავის, ჯდენადი გრუნტის გამო, გარდა მიწისძვრისა და ვულკანისა. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული საცხოვრებელი სახლის საკუთრებაში არსებობა (რაც უნდა დასტურდებოდეს საჯარო რეესტრის ამონაწერით) სავალდებულო მოთხოვნას წარმოადგენს 2021 წლის 1 იანვრიდან.

მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ ზემოაღნიშნული ნორმატიული აქტით განსაზღვრული უფლების რეალიზების მიზნით, ლ. ბ-ემ 2016 წელს შეავსო განაცხადი და მოითხოვა სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალების გამო, მისი ეკომიგრანტი ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფა. შესაბამისი კრიტერიუმებით შეფასების შედეგად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ ლ. ბ-ის ეკომიგრანტ ოჯახს ჯამურად მიანიჭა 18 ქულა. საქმეში წარმოდგენილი 2019 წლის 21 თებერვლის გადამოწმების ოქმით, ასევე 2019 წლის პირველი მარტის ადგილზე გამოცხადებისა და გასაუბრების ოქმით დასტურდება, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ წარმოების ფარგლებში 2019 წლის მდგომარეობით შეისწავლა მოსარჩელის ოჯახის დაზიანებულ სახლში ცხოვრების ფაქტი. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული (ეკომიგრანტი) ოჯახების განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის 2019 წლის 27, 28, 29, 30, 31 მაისის და 3 ივნისის N5 ოქმით მიღებული გადაწყვეტილებით ლ. ბ-ის განცხადება საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ არ დაკმაყოფილდა.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გეოლოგიის დეპარტამენტის 2019 წლის 5 სექტემბრის დასკვნით დგინდება, რომ ლ. ბ-ის ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი მდებარეობს ერთ მთლიან ძველმეწყრულ ფერდზე. მასზე არის მრავლობითი დაზიანებები დიდი ზომის გამჭოლი ნაპრალების სახით და საცხოვრებელი სახლი ავარიულ მდგომარეობაშია. მიუხედავად იმისა, რომ საცხოვრებელი სახლი თავის დროზე იქნა გამაგრებული, ბოლო პერიოდში აშკარად მოიმატა დეფორმაციის ხარისხმა, რაც გამოწვეულია ფერდობზე მიმდინარე ახლად გააქტიურებული მეწყრული პროცესებით. უბნის გართულებული გეოდინამიკური მდგომარეობის და სახლის ავარიულობის გათვალისწინებით, საცხოვრებელ სახლზე რაიმე სახის დამატებითი გამაგრებითი სამუშაოების ჩატარება შედეგის მომცემი არ იქნება, რის გამო, საჭიროა ლ. ბ-ის ოჯახის გეოლოგიურად მდგრად ადგილზე გადაყვანა. სახლს მიენიჭა დაზიანების პირველი კატეგორია.

საკასაციო პალატა მართებულად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ რამდენადაც სახელმწიფოს მხრიდან ნგრევადი ობიექტიდან მოქალაქეთა განსახლება და საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფა მოქალაქეთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზანს ემსახურება, სადავო საკითხის გადაწყვეტისას ადმინისტრაციული ორგანო არ უნდა შემოფარგლულიყო მხოლოდ 2019 წლის მდგომარეობით მოსარჩელის ოჯახის დაზიანებულ სახლში ცხოვრების ფაქტის არსებობის შემოწმებით. შემოწმებას ასევე უნდა დაქვემდებარებოდა მოსარჩელის მიერ შესაბამისი განაცხადის შევსებისას არსებული ფაქტობრივი მდგომარეობა. მით უფრო იმ პირობებში, როდესაც სადავო ობიექტი ნგრევადია და შესაძლებელია, მასში მცხოვრებ პირს საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით მოუწიოს ასეთი საცხოვრებლის დროებით დატოვება. საგულისხმოა, რომ ადმინისტრაციული ორგანო ადასტურებს სოფელ ...ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ცხოვრების საფრთხის შემცველობას, ამასთანავე, მოპასუხე მხარეს სარწმუნო მტკიცებულებებით არ გაუბათილებია საქმეზე მოწმეთა სახით დაკითხულ პირთა განმარტებები, რომლებიც სოფელ ...ში მოსარჩელის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის არსებობას ადასტურებენ და საცხოვრებელი სახლის პერიოდულად დატოვების მიზეზად იმ გარემოებაზე მიუთითებენ, რომ სახლი დანგრევის პირას არის, საშიშია საცხოვრებლად.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს სასამართლოს მხრიდან საქმის გარემოებების გამოკვლევისა და სადავო საკითხის არსებითად გადაწყვეტის შეუძლებლობა. კონკრეტული გარემოებების გამოკვლევა და შეფასება შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას უნდა წარმოადგენდეს. „..საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს იმ შემთხვევაში, როცა სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება. მათი დადგენა მხოლოდ ადმინისტრაციულ ორგანოს შეუძლია მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილებიდან გამომდინარე ან აღნიშნული საკითხი მის დისკრეციას განეკუთვნება. შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სასამართლოს მიერ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება..“ (სუს 13.12.2018წ. Nბს-681-681(კ-18) გადაწყვეტილება). საკასაციო პალატა თვლის, რომ განსახილველ დავასთან მიმართებაში, გამოსაკვლევი საკითხის სპეციფიკურობიდან გამომდინარე, სასამართლო წესით ვერ მოხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლების საფუძველზე სასამართლოსათვის მინიჭებული შესაძლებლობა - გამოიკვლიოს ფაქტობრივი გარემოებები, არ ნიშნავს სასამართლოს უფლებას/ვალდებულებას ჩაანაცვლოს ადმინისტრაციული ორგანო და თავად განახორციელოს ადმინისტრაციული წარმოება. ადმინისტრაციული წარმოება არის მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის გამოყენების ანუ გადაწყვეტილების მიღების ორგანიზებული პროცესი, რომლის დროსაც ადმინისტრაციული ორგანო ასრულებს კანონით მასზე დაკისრებულ ამოცანებს და აწესრიგებს სამართალურთიერთობის მონაწილეების უფლება-მოვალეობებს. ადმინისტრაციული წარმოება მოიცავს რამდენიმე ეტაპს, მათ შორის, ინფორმაციის მოპოვებას, გადაწყვეტილების მომზადებას და გადაწყვეტილების მიღებას. აღნიშნული ემსახურება ადმინისტრაციულ ორგანოს კანონით დაკისრებული ძირითადი ფუნქციის შესრულებას.

საქმის გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატის აზრით, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სწორად მიუთითეს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის საფუძველზეც, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები და მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა საქმის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 11 თებერვლის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ნ. ქადაგიძე

ბ. სტურუა