Facebook Twitter

საქმე #ბს-596(კს-21) 21 ოქტომბერი, 2021 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ლ. გ-ე

დავის საგანი - სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 4 ივნისის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2020 წლის 7 დეკემბერს ლ. გ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელემ „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 9 ნოემბრის #03-2238/ო ბრძანების ბათილად ცნობა და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსათვის მოსარჩელის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონით დადგენილი წესით გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილებით ლ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 9 ნოემბრის #03-2238/ო ბრძანება; სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მოსარჩელე ლ. გ-ის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოცემა დაევალა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 4 ივნისის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილებაზე, დარჩა განუხილველი.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისთვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისთვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების შესაბამისად.

სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-12 მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, რომელთა თანახმად, გასაჩივრების ვადის დინება დაიწყება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროცესის მონაწილე პირს სასამართლო აქტით განემარტა გასაჩივრების შესაძლებლობა, სასამართლო, სადაც შეიძლება გასაჩივრება, მისი ადგილმდებარეობა, გასაჩივრების ვადა და წესი. თუ მხარეს არ ეცნობა გასაჩივრების უფლების შესახებ ან ეცნობა ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული რომელიმე მოთხოვნის დარღვევით, მაშინ გასაჩივრება შეიძლება სასამართლოს აქტის გამოტანიდან ერთი წლის განმავლობაში.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. ამავე კოდექსის მე-60 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით. წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე, ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.

სააპელაციო პალატამ ასევე მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით. წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილებით მხარეებს განემარტათ მისი გასაჩივრების ვადა და წესი. ამასთან, საქმეში არსებული შეტყობინების მიხედვით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრის ავტორს - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 29 აპრილს ჩაბარდა. სააპელაციო პალატამ დადასტურებულად მიიჩნია, რომ მოპასუხე მხარეს გზავნილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად ჩაბარდა.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, დადგენილი იყო, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილება ადრესატს ჩაბარდა 2021 წლის 29 აპრილს. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო 2021 წლის 30 აპრილიდან და დასრულდა 2021 წლის 13 მაისს (ხუთშაბათი, სამუშაო დღე), 24 საათზე. სააპელაციო საჩივარი კი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოში ფოსტის მეშვეობით გაგზავნილ იქნა 2021 წლის 14 მაისს, ხოლო სასამართლო კანცელარიაში რეგისტრირებულ იქნა 2021 წლის 17 მაისს.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ აპელანტის მიერ გაშვებული იყო სააპელაციო საჩივრის სასამართლოში წარდგენის კანონით დადგენილი ვადა (თოთხმეტი დღე), რომლის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება, რის გამოც სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილებაზე უნდა დარჩენილიყო განუხილველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 4 ივნისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღება და კანონით დადგენილი წესით განხილვა მოითხოვა.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 22 აპრილის #3/7726-20 გადაწყვეტილება სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს კანცელარიაში შევიდა 2021 წლის 29 აპრილს, რომელიც იურიდიულ დეპარტამენტს პროგრამულად გადაეწერა ამავე დღის მეორე ნახევარში. მოცემულ საქმეზე სააპელაციო საჩივარი კი სააგენტოს მიერ მომზადდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს გაეგზავნა 2021 წლის 14 მაისს. კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ სააგენტოს კანონით დადგენილი გასაჩივრების ვადა არ გაუშვია და სააპელაციო სასამართლომ არასწორად აითვალა სააგენტოსათვის გადაწყვეტილებით განსაზღვრული გასაჩივრების 14-დღიანი ვადა.

კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე. სააგენტო ყურადღებას ამახვილებს კანონმდებლის ნებაზე და აღნიშნავს, რომ კანონმდებლის მიზანი ამ შემთხვევაში არის ერთადერთი, რომ მხარეს არ გაუუარესოს საპროცესო მდგომარეობა და არ წაართვას კანონით უზრუნველყოფილი გასაჩივრების უფლება, მაშინ, როდესაც ვადის უკანასკნელი დღე უქმე და დასვენების დღეს ემთხვევა. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში, საინტერესოა ის გარემოება, რომ სააპელაციო სასამართლომ სააგენტოსათვის გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო უშუალოდ უქმე დღიდან - 2021 წლის 30 აპრილიდან. შესაბამისად, გასაჩივრების 14-დღიანი ვადიდან პირველი ცამეტი დღე უქმე იყო. მსგავსი მიდგომითა და განმარტებით კი სააპელაციო სასამართლომ სააგენტოს გასაჩივრებისათვის 1 სამუშაო დღე დაუტოვა, რაც, კერძო საჩივრის ავტორის შეფასებით, ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიზანს - გააუმჯობესოს მხარის მდგომარეობა.

კერძო საჩივრის ავტორი ყურადღებას ამახვილებს „უქმე დღეების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 16 აპრილის #175 დადგენილებაზე, რომლის პირველი მუხლის თანახმად, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ 30-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, 2021 წლის 4 მაისიდან 8 მაისის ჩათვლით დღეები და 10-11 მაისი განისაზღვრა უქმე დღეებად. თავის მხრივ, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ 30-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“, „თ“ და „ი“ ქვეპუნქტების თანახმად, კანონით განსაზღვრული უქმე დღეებია: სააღდგომო დღეები - დიდი პარასკევი, დიდი შაბათი, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღე; მიცვალებულთა მოხსენიების დღე - აღდგომის მეორე დღე, ორშაბათი (თარიღები გარდამავალია, ამ შემთხვევაში 30 აპრილი, 1-3 მაისი); 9 მაისი - ფაშიზმზე გამარჯვების დღე და 12 მაისი - ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე, საქართველოს ეკლესიის, როგორც სამოციქულო საყდრის, დამაარსებლის - წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღე - იმედის დღე.

კერძო საჩივრის ავტორი ასევე მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2021 წლის 16 აპრილის #176 დადგენილებაზე, რომლითაც ცვლილება შევიდა „იზოლაციისა და კარანტინის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის #322 დადგენილების მე-7 მუხლის მე-6 პუნქტში და ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „საჯარო დაწესებულება განსაზღვრავს მის დაქვემდებარებაში მყოფ სამსახურებს/მოსამსახურეებს, რომელთა მიმართაც არ გავრცელდება „უქმე დღეების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 16 აპრილის #175 დადგენილება, თუ მათი ფუნქციების შესრულება ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მართვისათვის, სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისა და საზოგადოების ნორმალური ფუნქციონირებისათვის წარმოადგენს გადაუდებელ აუცილებლობას. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 29 აპრილის #03-1729/ო ბრძანებით კი განისაზღვრა იმ პირთა და სამმართველოთა ჩამონათვალი, რომელზეც არ ვრცელდებოდა ზემოაღნიშნული #175 დადგენილება. ამ ჩამონათვალში კი არ არის იურიდიული დეპარტამენტის სასამართლო წარმომადგენლობის სამმართველო, რომელსაც ეხება სასამართლო დოკუმენტაციის მომზადება და სასამართლოსთვის წარდგენა.

კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა საქართველოს მთავრობის მიერ უქმე დღეების განსაზღვრის მიზანი, ასევე, ის გარემოება, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და მობილობის შემცირების მიზნით, სამსახურების უმრავლესობა არ მუშაობდა. სააგენტო არსებულ ვითარებას მიჯნავს ჩვეულებრივი უქმე დღეებისაგან და აღნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში, მთავრობის მიერ უქმე დღეების გამოცხადება ბუნებრივია იშვიათი, საგამონაკლისო და ფორსმაჟორული გარემოებით იყო გამოწვეული. არსებული მდგომარეობა კი უჩვეულოა არა მხოლოდ საქართველოსათვის, არამედ მთელი მსოფლიოსათვის. ამდენად, კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ სასამართლოს გასაჩივრების ვადის ათვლა არ უნდა დაეწყო 30 აპრილიდან. კანონის მსგავსი განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ სააგენტოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის რეალურად მხოლოდ ერთი სამუშაო დღე დაუტოვა, რაც ეწინააღმდგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიზანს.

კერძო საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ დაუშვებელი და ალოგიკურია, გასაჩივრების 14-დღიანი ვადიდან პირველი 13 დღე უქმე იყოს და მხარეს გასაჩივრებისა და სასამართლო დოკუმენტაციის მომზადებისათვის ერთი დღე მიეცეს. ამასთან, სააგენტოს წარმომადგენლებს ვადის ათვლასთან დაკავშირებით სატელეფონო კომუნიკაცია ჰქონდათ მოსამართლეთა შემადგენლობებთან, რომლებიც განმარტავდნენ, რომ პანდემიური მდგომარეობიდან და უქმე დღეებთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის განკარგულებიდან გამომდინარე, ეს უქმე დღეები გასაჩივრებისა და მტკიცებულებების წარდგენის ვადაში არ ჩაითვლებოდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 9 ივლისის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს კერძო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობით მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 4 ივნისის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საკასაციო სასამართლო კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობით მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისთვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების შესაბამისად.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-12 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, გასაჩივრების ვადის დინება დაიწყება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროცესის მონაწილე პირს სასამართლო აქტით განემარტა გასაჩივრების შესაძლებლობა, სასამართლო, სადაც შეიძლება გასაჩივრება, მისი ადგილმდებარეობა, გასაჩივრების ვადა და წესი. თუ მხარეს არ ეცნობა გასაჩივრების უფლების შესახებ ან ეცნობა ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული რომელიმე მოთხოვნის დარღვევით, მაშინ გასაჩივრება შეიძლება სასამართლოს აქტის გამოტანიდან ერთი წლის განმავლობაში.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილების თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. ამავე კოდექსის მე-60 მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, იმ გარემოებაზე მითითებით, რომელიც აუცილებლად უნდა დადგეს, ან დროის მონაკვეთით. უკანასკნელ შემთხვევაში მოქმედება შეიძლება შესრულდეს დროის მთელი მონაკვეთის განმავლობაში. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად კი, თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

საკასაციო სასამართლო კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობით მიუთითებს ამავე კოდექსის 70-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით. წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი (განცხადება, დოკუმენტი), რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობა განმარტავს, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება გარკვეულ ლეგიტიმურ შეზღუდვებს დაექვემდებაროს, ამდენად, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას. იმის გათვალისწინებით, რომ საპროცესო კანონმდებლობა ცალსახად გამორიცხავს გასაჩივრებისთვის დადგენილი საპროცესო ვადის გაგრძელებას ან აღდგენას, სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლების ლეგიტიმური შეზღუდვის ერთ-ერთ სახეს სწორედ, საპროცესო ვადა წარმოადგენს. სამოქალაქო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილი იმპერატიულად ადგენს, რომ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის აღდგენა დაუშვებელია ანუ იმ პირობებშიც კი, თუ საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდება გასაჩივრების უფლებამოსილების მქონე პირის მიერ სასამართლოში საჩივრის საპატიო მიზეზით წარდგენის შეუძლებლობა, კანონი გამორიცხავს დარღვეული საპროცესო ვადის აღდგენის შესაძლებლობას.

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილებით მხარეებს სრულყოფილად განემარტათ მისი გასაჩივრების ვადა და წესი.

საქმეში არსებული შეტყობინების მიხედვით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრის ავტორს - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 29 აპრილს ჩაბარდა. ამდენად, საკასაციო სასამართლო კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობით დადასტურებულად მიიჩნევს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, მოპასუხე მხარისათვის გზავნილის ჩაბარების ფაქტს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობით მიიჩნევს, რომ რამდენადაც თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილება ადრესატს 2021 წლის 29 აპრილს ჩაბარდა, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო 2021 წლის 30 აპრილიდან, რომელიც დასრულდა 2021 წლის 13 მაისს (ხუთშაბათი, სამუშაო დღე), 24 საათზე. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოში ფოსტის მეშვეობით გაგზავნილ იქნა 2021 წლის 14 მაისს, ხოლო სასამართლო კანცელარიაში რეგისტრირებულ იქნა 2021 წლის 17 მაისს.

კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ ვინაიდან სააპელაციო საჩივრის შეტანისთვის განსაზღვრული 14 დღიდან, უქმე და დასვენების დღეების გათვალისწინებით, მხოლოდ ერთი სამუშაო დღე ჰქონდა სააპელაციო საჩივრის მოსამზადებლად, მას გასაჩივრების ვადა არ გაუშვია. აღნიშნულ მოსაზრებას საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობა ვერ გაიზიარებს და კიდევ ერთხელ მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლითაც კანონმდებელმა იმპერატიულად განსაზღვრა ის წესი, რაც უკავშირდება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას. ამ ნორმაში მითითებული სიტყვები - „ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია“ - სწორედაც რომ მიუთითებს მხარის ვალდებულებაზე, კანონით დადგენილ 14 კალენდარულ დღეში მოამზადოს და ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში სააპელაციო/საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით გაასაჩივროს მისთვის არასასურველი გადაწყვეტილება. ამ წესიდან კანონმდებელი რაიმე სახის გამონაკლისს, მათ შორის, კერძო საჩივრის ავტორის მიერ მითითებულ შემთხვევას, არ ითვალისწინებს. მეტიც, საპროცესო კანონმდებლობამ საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განსაზღვრა ზუსტი კალენდარული თარიღით და არა სამუშაო და არასამუშაო დღეების რაოდენობით.

ანალოგიური პრაქტიკაა დადგენილი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის არაერთი გადაწყვეტილებით, მათ შორის, საკასაციო პალატამ ერთ-ერთ საქმეში ქვეყანაში არსებული პანდემიის მოტივით სააპელაციო საჩივრის ერთი დღით გადაცილება არ მიიჩნია საპატიოდ და განმარტა, რომ „სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა კანონით დადგენილ საპროცესო ვადათა კატეგორიას განეკუთვნება და მისი რაიმე, მათ შორის, ობიექტური მიზეზით გაგრძელების შესაძლებლობას მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. შესაბამისად, ვერ იქნება გაზიარებული კერძო საჩივრის ავტორის მითითება ქვეყანაში არსებული პანდემიის გამო სააპელაციო საჩივრის ერთი დღის გადაცილების საპატიოდ მიჩნევის თაობაზე (სუსგ #ას-621-2021, 30.07.2021 წ.).

სასამართლოსადმი მიმართვის უფლების შეზღუდვის შესაძლებლობას, მათ შორის, გასაჩივრების ვადის დაწესებით უშვებს საერთაშორისო პრაქტიკაც. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეზე დაადგინა, რომ სასამართლოს ხელმისაწვდომობაზე უფლება საჭიროებს სახელმწიფოს მხრიდან რეგლამენტაციას, რომელიც შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის, საზოგადოებისა და პირის მოთხოვნილებებისა და რესურსების მიხედვით. საქმეზე „აშინგდეინი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ ევროპულმა სასამართლომ განსაზღვრა უფლების შეზღუდვის ზოგადი ფარგლები. შეზღუდვები შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლს იმ შემთხვევაში, თუ: ა) ემსახურება კანონიერ მიზანს, ბ) დაცულია გონივრული თანაბარზომიერება დაწესებულ შეზღუდვასა და დასახულ მიზანს შორის (Ashingdane v. The United Kingdom, #8225/78, §57, 28 მაისი, 1985 წელი). ამ პირობების დაცვა აუცილებელია, რადგან შეზღუდვები არ უნდა ამცირებდეს პირისათვის ნებადართულ ხელმისაწვდომობას იმ ზღვრამდე, რომ თავად უფლების არსი შეილახოს.

საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობა დამატებით მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო სამართალი ხარვეზიანი სარჩელის/საჩივრის წარდგენის პირობებშიც კი არ ითვალიწინებს მისი განუხილველად დატოვების შესაძლებლობას - ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების მიღებით ფაქტობრივად მხარეს ეძლევა დასაბუთებული და არგუმენტირებული სააპელაციო/საკასაციო საჩივრის წარდგენის უფლება, რა საშუალებაც გასაჩივრების ვადის კანონისმიერად გაგრძლების შესაძლებლობას წარმოადგენს. ამის გარდა, გარკვეულ შემთხვევაში, მაგალითად, როდესაც სასამართლოს სამუშაო საათები დამთავრებულია, მხარემ კი სასამართლოში დოკუმენტის წარდგენა ვერ მოასწრო, მას შეუძლია საპროცესო მოქმედება ფოსტის ან ტელეგრაფის მეშვეობით შეასრულოს, რა უფლებამოსილებაც კერძო საჩივრის ავტორს კონკრეტულ შემთხვევაში არ გამოუყენებია.

საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობა ადასტურებს, რომ „უქმე დღეების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 16 აპრილის #175 დადგენილებიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი 14 დღიდან 13 დღე უქმე დღეს, ხოლო ბოლო, მე-14 დღე სამუშაო დღეს წარმოადგენდა, თუმცა აქვე მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2021 წლის 16 აპრილის #176 დადგენილებაზე, რომლითაც ცვლილება შევიდა „იზოლაციისა და კარანტინის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის #322 დადგენილების მე-7 მუხლის მე-6 პუნქტში და ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „საჯარო დაწესებულება განსაზღვრავს მის დაქვემდებარებაში მყოფ სამსახურებს/მოსამსახურეებს, რომელთა მიმართაც არ გავრცელდება „უქმე დღეების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 16 აპრილის #175 დადგენილება, თუ მათი ფუნქციების შესრულება ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მართვისათვის, სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისა და საზოგადოების ნორმალური ფუნქციონირებისათვის წარმოადგენს გადაუდებელ აუცილებლობას“.

სწორედ ამ სამართლებრივ აქტებზე დაყრდნობით, ადმინისტრაციული ორგანოს პრიორიტეტულობის გათვალიწინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ხელმძღვანელმა 2021 წლის 29 აპრილს მიიღო #03-1729/ო ბრძანება, რომლითაც განისაზღვრა იმ პირთა და სამმართველოთა ჩამონათვალი, რომელზეც არ ვრცელდებოდა ზემოაღნიშნული #175 დადგენილება; კერძოდ, პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, „უქმე დღეების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 16 აპრილის #175 დადგენილება არ გავრცელდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორსა და მოადგილეებზე, ასევე, იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელსა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს თანამშრომლებზე.

საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობა მიუთითებს ამავე სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 18 დეკემბრის #03-472/ო ბრძანებით დამტკიცებული სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების მე-8 მუხლზე, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, იურიდიული დეპარტამენტის ფუნქციები და უფლებამოსილებებია: ა) კომპეტენციის ფარგლებში სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება/შემუშავება და/ან მომზადებაში/შემუშავებაში მონაწილეობა; ბ) სააგენტოში მომზადებული დოკუმენტაციის სამართლებრივი ექსპერტიზა კომპეტენციის ფარგლებში; გ) სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა; დ) სააგენტოს ხელმძღვანელობისა და თანამშრომლებისათვის, სააგენტოსა და თანამშრომელთა სამსახურებრივ კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით იურიდიული კონსულტაციის გაწევა; ე) დევნილთათვის, ეკომიგრანტთათვის და სხვა დაინტერესებულ პირთათვის იურიდიული კონსულტაციის გაწევა კომპეტენციის ფარგლებში; ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სააგენტოს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა სასამართლოში; ზ) სხვა სახელმწიფო ორგანოებიდან შემოსული, ასევე სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ მომზადებული სამართლებრივი აქტების, სხვადასხვა პროგრამებისა და ხელშეკრულებების პროექტებზე სამართლებრივი ხასიათის დასკვნების, შენიშვნებისა და წინადადებების მომზადება; თ) დეპარტამენტისათვის დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად, სახელმწიფო დაწესებულებებიდან და სხვა ორგანიზაციებიდან საჭირო ინფორმაციისა და დოკუმენტაციის გამოთხოვა; ი) კანონმდებლობით დადგენილი წესით, კომპეტენციის ფარგლებში, დევნილთა, ეკომიგრანტთა და სხვა დაინტერესებულ პირთა წერილების, საჩივრების, წინადადებების, განცხადებების, კორესპონდენციის, სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული საჩივრების განხილვა და შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტების პროექტებისა და გადაწვეტილებების მომზადება, შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან შეთანხმება და ხელმძღვანელობისათვის წარდგენა; კ) სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ მომზადებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების ვიზირება, კომპეტენციის ფარგლებში; ლ) სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით შესაბამისი ხელშეკრულებების, შეთანხმებებისა და მემორანდუმების პროექტების მომზადება, შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან შეთანხმება და ხელმძღვანელობისათვის წარდგენა; მ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, იურიდიული დეპარტამენტის შემადგელობაშია სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო და სასამართლო წარმომადგენლობის სამმართველო. სასამართლო წარმომადგენლობის კომპეტენციის ფარგლებს განსაზღვრავს ზემოაღნიშნული დებულების მე-8 მუხლის მე-4 პუნქტი, კერძოდ, სასამართლო წარმომადგენლობის სამმართველო, კომპეტენციის ფარგლებში: ა) წარმოადგენს სააგენტოს ყველა ინსტანციის სასამართლოში შესაბამისი მინდობილობის საფუძველზე; ბ) ამზადებს სასარჩელო განცხადებებს, შესაგებლებს, კერძო საჩივრებს, სააპელაციო და საკასაციო საჩივრებს და აძლევს მათ შესაბამის მსვლელობას, ითხოვს სააღსრულებლო ფურცელს; გ) სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებული სასამართლო დავების ანალიზის საფუძველზე, საჭიროების შემთხვევაში, ამზადებს წინადადებებს უშუალოდ სააგენტოს უფლებამოსილებების მარეგულირებელ სამართლებრივ აქტებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე; დ) განიხილავს სამმართველოში შემოსულ კორესპონდენციას და ახდენს შესაბამის რეაგირებას; ე) ახორციელებს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებსა და დაკისრებულ ამოცანებს; ვ) დევნილთა და ეკომიგრანტთა განცხადებების, სახელმწიფო, მუნიციპალიტეტების და სხვა ორგანიზაციებიდან და დაწესებულებებიდან მიღებული წერილების განხილვას და რეაგირებას, კანონმდებლობის შესაბამისად; ზ) საჭიროების შემთხვევაში, მოქალაქეთა მიღებას და მათთვის კონსულტაციის გაწევას; თ) სააგენტოს დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში, სააგენტოს დირექტორის, კურატორი დირექტორის მოადგილისა და დეპარტამენტის უფროსის სხვა დავალებების შესრულებას.

ზემოაღნიშნულ ნორმათა სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობა განმარტავს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო, დაკისრებული უფლება-მოვალეოებების განსახორციელებლად, ფუნქციონირებს მასში არსებული სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის, მათ შორის, იურიდიული დეპარტამენტის და მასში შემავალი სამმართველოების კოორდინირებული, შეთანხმებული მუშაობით. საჯარო დაწესებულების შეთანხმებულ მუშაობას, მისი გამართულად მუშაობის ინტერესების გათვალისწინებით, გააჩნია არსებითი დატვირთვა, მით უფრო მსოფლიო ჯანმრთელობის ორგანიზაციის (WHO) მიერ 2020 წლის 3 მარტს კორონავირუსის პანდემიად გამოცხადების შედეგად პანდემიური ვითარების გათვალისწინებით, რათა თავიდან იქნეს აცილებული მისი საქმიანობის შეფერხება. COVID-19 ვირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთისა და ინფექციით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების საჭიროებამ განაპირობა „უქმე დღეების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 16 აპრილის #175 დადგენილების მიღება, თუმცა სამუშაო პროცესის ქვეყნის მასშტაბით მასობრივი შეჩერების თავიდან არიდების მიზნით, ამავე დადგენილების გავრცელება შეიზღუდა მთავრობის 2021 წლის 16 აპრილის #176 დადგენილებით და „იზოლაციისა და კარანტინის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის #322 დადგენილების მე-7 მუხლის მე-6 პუნქტში შეტანილი ცვლილებით საჯარო დაწესებულებას დაეკისრა მის დაქვემდებარებაში მყოფი იმ სამსახურების/მოსამსახურეების, განსაზღვრის ვალდებულება, რომელთა მიმართაც არ გავრცელდება „უქმე დღეების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 16 აპრილის #175 დადგენილება, ამავე ნორმით განისაზღვრა შეზღუდვის მიზანი, კერძოდ, უქმე დღეებით ვერ ისარგებლებდნენ ის სამსახურები, რომელთა ფუნქციების შესრულება ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მართვისათვის, სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისა და საზოგადოების ნორმალური ფუნქციონირებისათვის წარმოადგენს გადაუდებელ აუცილებლობას. მოცემულ შემთხვევაში, სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტი, ისევე როგორც სააგენტოს დირექტორი სწორედ რომ აღჭურვილი არიან სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელების ფუნქციით და მათთვის ნორმატიულად განსაზღვრული უფლება-მოვალეობების გათვალისწინებით, სააგენტოს 2021 წლის 29 აპრილის #03-1729/ო ბრძანებით, მათზე არ გავრცელდა უქმე დღეებით სარგებლობის უფლება. მიუხედავად იმისა, რომ მითითებული ბრძანებით ჩამონათვალში არ არის იურიდიული დეპარტამენტის სასამართლო წარმომადგენლობის სამმართველო, რომელიც ამზადებს და სასამართლოს წარუდგენს სასამართლო დოკუმენტაციას, მათ შორის, სააპელაციო საჩივრებს, საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობა მიუთითებს, რომ სააგენტოს დირექტორს, 2019 წლის 21 ოქტომბრის #01-109/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დებულების“ მე-4 მუხლის შესაბამისად, ევალებოდა ფაქტობრივი შედეგის დადგომისაკენ მიმართულ მმართველობით ღონისძიებებთან დაკავშირებით იმგვარი გადაწყვეტილებების მიღება, რაც უზრუნველყოფდა საჯარო დაწესებულების სრულყოფილად ფუნქციონირებას. გარდა ამისა, 2019 წლის 18 დეკემბრის #03-472/ო ბრძანებით დამტკიცებული სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დეპარტამეტს ხელძღვანელობს უფროსი, ხოლო მე-3 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტების მიხედვით, დეპარტამენტის უფროსი დეპარტამენტის უფლებამოსილების ფარგლებში, ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას; პასუხისმგებელია დეპარტამენტისათვის დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე; ახორციელებს ზედამხედველობას და კონტროლს დეპარტამენტის საქმიანობაზე; უზრუნველყოფს დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ შრომის შინაგანაწესის დაცვის კონტროლს; დეპარტამენტის თანამშრომლებს აძლევს მითითებებსა და დავალებებს, ანაწილებს ფუნქციებსა და კორესპონდენციებს; ამავე დებულების მე-8 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული იურიდიული დეპარტამენტის ფუნქცია-მოვალეობების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ აღნიშნული დეპარტამენტი (რომლის ხელძღვანელზეც არ ვრცელდებოდა „უქმე დღეების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 16 აპრილის #175 დადგენილება) არ იყო შეზღუდული განეხორციელებინა სასამართლო დოკუმენტაციის მომზადება. არათუ შეზღუდული, არამედ მითითებული მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მის უშუალო მოვალეობაშია კანონმდებლობით დადგენილი წესით სააგენტოს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა სასამართლოში. წარმომადგენლობაში იგულისხმება როგორც უშუალოდ საქმის განხილვისას პროცესზე მონაწილეობა, ასევე, შესაბამისი დოკუმენტაციის, მათ შორის, სააპელაციო საჩივრისა თუ სხვა საპროცესო დოკუმენტაციის მომზადება და სასამართლოში წარდგენა. ამდენად, საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ კონკრეტული სამსახურის, კერძოდ, სასამართლო წარმომადგენლობის სამმართველოზე „უქმე დღეების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 16 აპრილის #175 დადგენილების გავრცელების გამო, სასამართლოს მხრიდან არალეგიტიმურად შეეზღუდა გასაჩივრების პროცესუალური უფლება. ამასთან, აღსანიშნავია, რომ მხარეს სასამართლოში წარმოადგენდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო და არა ამ სააგენტოში შემავალი რომელიმე საამართველო, შესაბამისად, სააგენტოს გასაჩივრების ვადის პერიოდში მომუშავე იურიდიული დეპარტამენტის მეშვეობით კანონისმიერად ევალებოდა და შეეძლო კიდეც დასაბუთებული სააპელაციო საჩივრის კანონით დადგენილ ვადაში სააპელაციო სასამართლოში წარდგენა, რა უფლებაც უზრუნველყოფილი არ ყოფილა.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობით იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ გაშვებულ იქნა სააპელაციო საჩივრის სასამართლოში წარდგენის კანონით დადგენილი ვადა (თოთხმეტი დღე), რომლის აღდგენა ან გაგრძელება დაუშვებელია, რის გამოც სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილებაზე მართებულად იქნა დატოვებული განუხილველად და საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობა მოკლებულია შესაძლებლობას გაიზიაროს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებები.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობით მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება ეფუძნება სათანადო ფაქტობრივ და სამართლებრივ წინამძღვრებს, რის გამოც სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 4 ივნისის განჩინება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობით იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 4 ივნისის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა