Facebook Twitter

საქმე #ბს-440(კ-21) 21 ოქტომბერი, 2021 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე

ბიძინა სტურუა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ ...ის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 29 იანვრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2020 წლის 6 აპრილს კ. მ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა ...ის საქალაქო სასამართლოს მოპასუხის - ქალაქ ...ის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, მან მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით მიმართა ქალაქ ...ის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, რომელმაც 2019 წლის 2 აგვისტოს #203 მას უარი უთხრა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. ამის შემდგომ, 2020 წლის 25 თებერვალს, მოსარჩელემ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის საფუძველზე, კვლავ მიმართა აღიარების კომისიას და მოითხოვა ქ. ...ში, ...ის ქ. N...-ის მიმდებარე ტერიტორიაზე მის მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარება, თუმცა 2020 წლის 9 მარტის #18 განკარგულებით მას კვლავ უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. მოსარჩელის მითითებით, მისი საკუთრების უფლება რეგისტრირებულია 2002 წლიდან, სალეგალიზაციო ობიექტის ორთოფოტო 2000 წლის მდგომარეობით და ფოტოსურათები ადასტურებს, რომ ...ის ქუჩა ... და ...თან შემაერთებელი გზა არ ყოფილა. სადავო განკარგულების მიღებისას კომისიას აღნიშნულის კვლევა არ ჩაუტარებია.

მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ორივე განკარგულება არის კანონსაწინააღმდეგო და დისკრიმინაციული. ამასთან, იგი მიუთითებს, რომ ...ის საქალაქო სასამართლოში მის მიმართ იხილება ორი საქმე, რომლებიც შეეხება ჭიშკრის უკანონოდ მშენებლობისა და მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისთვის მოსარჩელის ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად მიჩნევის კანონიერებას.

ამდენად, მოსარჩელემ ქალაქ ...ის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2020 წლის 9 მარტის #18 და 2019 წლის 2 აგვისტოს #203 განკარგულებების ბათილად ცნობა და ახალი ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

...ის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 13 აპრილის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.

...ის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 9 სექტემბრის გადაწყვეტილებით კ. მ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ ...ის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2020 წლის 9 მარტის #18 და 2019 წლის 2 აგვისტოს #203 განკარგულებები და ადმინისტრაციულ ორგანოს საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდგომ ახალი აქტის გამოცემა დაევალა.

...ის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 23 სექტემბრის დამატებითი გადაწყვეტილებით ქალაქ ...ის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას კ. მ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 300 (სამასი) ლარის გადახდა იურიდიული მომსახურების ხარჯის ასანაზღაურებლად.

...ის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 9 სექტემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ ...ის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.

...ის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 23 სექტემბრის დამატებითი გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ ...ის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით საადვოკატო მომსახურების საფასურის გადახდაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 29 იანვრის განჩინებით ქალაქ ...ის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ...ის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 9 სექტემბრის გადაწყვეტილება, 2020 წლის 23 სექტემბრის დამატებითი გადაწყვეტილება და 2020 წლის 9 ივლისის განჩინება.

ამასთან, თბილისის სააპელაციო სასამართლოში 2021 წლის 29 იანვარს გამართულ სასამართლო სხდომაზე ქალაქ ...ის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ დააზუსტა სააპელაციო მოთხოვნა და ზემოხსენებულ გადაწყვეტილებებთან ერთად, დამატებით ...ის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 9 ივლისის განჩინების გაუქმება მოითხოვა, რომლითაც გასაჩივრებულ 2019 წლის 2 აგვისტოს #203 განკარგულებაზე საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ მოპასუხე მხარის შუამდგომლობა დაუშვებლობის მოტივით არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქალაქ ...ის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 2 აგვისტოს #203 განკარგულებით კ. მ-ს უარი ეთქვა თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე (მდებარე ქ...., ...ის ქ. N..., ფართობი - 760.22 კვ.მ) საკუთრების უფლების აღიარებაზე იმ საფუძვლით, რომ საჯარო რეესტრის მასალებით დგინდებოდა, რომ სალეგალიზაციო ობიექტი კეტავდა ქუჩას და ქმნიდა ჩიხს. კ. მ-ის მიერ განმეორებითი განცხადების წარდგენის წინაპირობა და საფუძველი გახდა ისეთი სამართლებრივი მდგომარეობის ცვლილება და ახლად აღმოჩენილი ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც განმცხადებლის განმარტებით, შეეძლო მისთვის ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა გამოეწვია. უფრო კონკრეტულად, სამართლებრივი მდგომარეობის ცვლილების კუთხით მიეთითა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონში 2020 წლის 1 იანვრიდან განხორციელებული ცვლილებები, ხოლო ახალ ფაქტობრივ გარემოებად ქალაქ ...ის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 11 სექტემბრის #13558-02 ბრძანებაში დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, რომ ქ. ...ში, ...ის ქ. N... არ უკავშირდებოდა ...ს ქუჩას და იგი წარმოადგენდა ჩიხს.

ქალაქ ...ის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2020 წლის 9 მარტის #18 განკარგულებით კ. მ-ს უარი ეთქვა 2020 წლის 26 თებერვლის #1823/02 განცხადების დაკმაყოფილებაზე იმ საფუძვლით, რომ წარდგენილი მასალების საფუძველზე, ასევე ზეპირ მოსმენაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დგინდებოდა, რომ ზემოხსენებულ განცხადებაში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენდნენ ახლად აღმოჩენილ ან გამოვლენილ გარემოებებს, რომელიც გახდებოდა 2019 წლის 2 აგვისტოს #203 განკარგულების გადახედვის საფუძველი.

საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ კ. მ-ის განცხადებების განხილვის დროისათვის გამოიკვეთა სხვადახვა ფაქტობრივი გარემოება, ერთ შემთხვევაში საუბარია, რომ მიწის ნაკვეთი არის ჩიხი, რომელიც არ უკავშირდება ...ს ქუჩას, ხოლო მეორე შემთხვევაში პირიქით, სალეგალიზაციო ობიექტი კეტავს არსებულ ქუჩას. ამდენად, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სადავო მიწის ნაკვეთის სტატუსთან დაკავშირებით არსებობს ორი ურთიერთგამომრიცხავი მოსაზრება. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში, მხარე ითხოვდა საკუთრების უფლების აღიარებას სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ უკანონოდ დაკავებულ მიწის ნაკვეთზე. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა დაედგინა, ხომ არ იყო სახეზე „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის, ასევე 2016 წლის 28 ივლისის #376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესით“ გათვალისწინებული საკუთრების უფლების აღიარების გამომრიცხავი გარემოებები.

აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ კომისიის გასაჩივრებული გადაწყვეტილება ემყარებოდა არასაკმარის და არამყარ მტკიცებულებებს, რომლებიც მოკლებული იყო დამაჯერებლობის ხარისხს, შესაბამისად, ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ უზრუნველყო მიღებული გადაწყვეტილების მაღალ მტკიცებულებით სტანდარტზე დაფუძნება.

ადვოკატის ხარჯების ანაზღაურებასთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატამ მიუთითა 2020 წლის 15 თებერვლის სანოტარო წესით დამოწმებულ რწმუნებულებასა და საქმეში წარმოდგენილ საადვოკატო მომსახურების საფასურის 2500 ლარის ოდენობით გადახდის დამადასტურებელ ქვითარზე და წარმომადგენლის ჩართულობისა და წარმომადგენლობის ინტენსივობის, სარჩელის აღძვრის შემდგომ პირველ ინსტანციაში დავის მიმდინარეობის ხანგრძლივობისა და დავის გადაწყვეტის შედეგის გათვალისწინებით მიიჩნია, რომ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ მართებულად დაეკისრა ადვოკატის ხარჯის ანაზღაურება.

ამასთან, სააპელაციო პალატამ დაუშვებლობის მოტივით საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე შუმდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ...ის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 9 ივლისის განჩინებაზე მსჯელობისას, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52.2 მუხლის, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-12 მუხლისა და კანონის ანალოგიის საფუძველზე მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართლებულად გაავრცელა გასაჩივრების ერთწლიანი ხანდაზმულობის ვადა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 29 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ ...ის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველ ნაწილზე და განმარტავს, რომ როგორც ადმინისტრაციულ ორგანოში ზეპირი მოსმენისას წარმოების მასალების განხილვის დროს, ასევე, სასამართლოში დადგენილ იქნა, რომ სალეგალიზაციო ობიექტი განთავსებული იყო საზოგადოებრივი სარგებლობის მიწის ნაკვეთზე, რომელიც ...ს ქუჩას აკავშირებდა ...ს ქუჩასთან. კასატორის მითითებით, აღნიშნული გარემოება, დადასტურდა როგორც პირველ ინსტანციაში საჯარო რეესტრის წარმომადგენლის განმარტებით, ასევე ...ის ქუჩის მაცხოვრებელთა განცხადებებით, რომლითაც ითხოვდნენ უკანონოდ მოწყობილი ჭიშკრის დემონტაჟს, რაც მეორე ინსტანციაში სადავოდ არ გაუხდია მოპასუხის წარმომადგენელს, შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენდა საერთო სარგებლობის მიწის ნაკვეთის ლეგალიზება. კასატორი აღნიშნავს, რომ შესაბამის სამართლებრივ აქტშიც მითითებულია იმის თაობაზე, რომ სალეგალიზაციო ობიექტით ჩაკეტილია ქუჩა და ქმნის ჩიხს, რომელიც არ აკმაყოფილებს სახანძრო უსაფრთხოების ნორმებს. ამდენად, ადმინისტრაციულმა ორგანომ არ მიიჩნია მიზანშეწონილად საერთო სარგებლობის ფართის ლეგალიზება.

კასატორი აღნიშნავს, რომ საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან და დადგენილ გარემოებებთან დაკავშირებით ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სასამართლო წარმოებისას წარდგენილ იქნა მტკიცებულებები, რომლებიც შესაძლებლობას იძლეოდა საქმის არსებითად გადაწყვეტისთვის, შესაბამისად, სასამართლოს არ უნდა დაებრუნებინა საქმე და უნდა მიეღო გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.

კასატორი მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 11 სექტემბრის #13558-02 ბრძანებასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ ხსენებული ბრძანება ემყარებოდა იმ დროისთვის არსებულ ფაქტობრივ გარემოებას, რომელიც ადგილის დათვალიერებით განისაზღვრა, ხოლო კომისიამ იმსჯელა ჩიხის მოწყობის სამართლებრივი საფუძვლებით, ვინაიდან, წარმოდგენილი იყო თავად მაცხოვრებელთა განცხადებები, რომლებიც სადავოდ ხდიდნენ მოსარჩელის მიერ თვითნებურად ჩიხის მოწყობას 2000 წლის მდგომარეობით და მიუთითებდნენ, რომ წვიმის დროს ქუჩა წყლით იტბორებოდა და ვინაიდან, მოსარჩელეს გადაკეტილი ჰქონდა ბუნებრივი სანიაღვრე გზა, ითხოვდნენ სადავო მიწის ნაკვეთზე სანიაღვრე ჭის მოწყობას, რის შემდეგაც ადმინისტრაციულმა ორგანომ გაითვალისწინა მოსახლეობის ინტერესი.

ამასთან, კასატორის განმარტებით, სალეგალიზაციო ობიექტის ამსახველ 2000 წლის ორთოფოტოსთან დაკავშირებით საჯარო რეესტრის წარმომადგენელი მიუთითებს, რომ 1982 წლის მდგომარეობით ტოპოგრაფიული რუკებით დგინდება, რომ სალეგალიზაციო ობიექტი გახსნილია, ჩიხი არ არის, ხოლო 2000 წლის მდგომარეობით გზა ისეა გადაკეტილი, რომ გასასვლელი არ იზღუდება. ამდენად, ადმინისტრაციულმა ორგანომ აღნიშნული საკითხიც გამოიკვლია.

კასატორი ასევე მიიჩნევს, რომ დაუსაბუთებელია ადვოკატის მომსახურების გაწევისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხისათვის 300 ლარის დაკისრება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 28 მაისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ ...ის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ ...ის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები.

განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილი სარჩელით მოთხოვნილია ქალაქ ...ის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2020 წლის 9 მარტის #18 და 2019 წლის 2 აგვისტოს #203 განკარგულებების ბათილად ცნობა და ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, თვითნებურად დაკავებული მიწა არის ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუქნტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საზოგადოებრივი სარგებლობის მიწის ნაკვეთი (მოედანი, ქუჩა, გასასვლელი, გზა, ტროტუარი, სანაპირო), დასასვენებელი ადგილი (პარკი, ტყე-პარკი, სკვერი, ხეივანი), დენდროლოგიური პარკი და ბოტანიკური ბაღი. ამავე კანონის მე-51 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად კი, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვისას გათვალისწინებული უნდა იქნეს მოთხოვნის სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების პირობებთან შესაბამისობა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის #376 დადგენილების მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს სასამართლოს აქტი, ორთოფოტო (აეროფოტოგადაღება), აბონენტად აყვანის დოკუმენტი, გადახდის ქვითარი ან/და სხვა დოკუმენტი.

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ქალაქ ...ის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 2 აგვისტოს #203 განკარგულებით კ. მ-ს უარი ეთქვა თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე (მდებარე ქ. ...ი, ...ის ქ. N..., ფართობი 760,22 კვ.მ) საკუთრების უფლების აღიარებაზე იმ საფუძვლით, რომ საჯარო რეესტრის მასალებით დგინდებოდა, რომ სალეგალიზაციო ობიექტი კეტავდა ქუჩას და ქმნიდა ჩიხს. ასევე მიეთითა, რომ ნაკვეთის გადაცემის შემთხვევაში, სპეციალური აღჭურვილობის მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაადგილებას შეექმნებოდა პრობლემები „საქართველოს ტერიტორიაზე სამშენებლო სფეროს მარეგულირებელი ტექნიკური რეგლამენტების აღიარებისა და სამოქმედოდ დაშვების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის #52 დადგენილების მოთხოვნების შესაბამისად.

კ. მ-ის მიერ განმეორებითი განცხადების წინაპირობა და საფუძველი გახდა ისეთი სამართლებრივი მდგომარეობის ცვლილება და ახლად აღმოჩენილი ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც, განმცხადებლის განმარტებით, შეეძლო მისთვის ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა გამოეწვია. უფრო კონკრეტულად, სამართლებრივი მდგომარეობის ცვლილების კუთხით, განცხადებაში მიეთითა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონში 2020 წლის 1 იანვრიდან განხორციელებული ცვლილებები, ხოლო ახალ ფაქტობრივ გარემოებად ქალაქ ...ის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 11 სექტემბრის #13558-02 ბრძანებაში დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, რომ ქ. ...ში, ...ის ქუჩა #3 არ უკავშირდება ...ს ქუჩას, და იგი წარმოადგენს ჩიხს. ქალაქ ...ის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2020 წლის 9 მარტის #18 განკარგულებით კ. მ-ს უარი ეთქვა 2020 წლის 26 თებერვლის #1823/02 განცხადების დაკმაყოფილებაზე იმ საფუძვლით, რომ წარდგენილი მასალების საფუძველზე, ასევე ზეპირ მოსმენაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დგინდებოდა, რომ ზემოხსენებულ განცხადებაში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენდნენ ახლად აღმოჩენილ ან გამოვლენილ გარემოებებს, რომელიც გახდებოდა 2019 წლის 2 აგვისტოს #203 განკარგულების გადახედვის საფუძველი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, განცხადება იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის თაობაზედაც არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი განცხადების, აგრეთვე საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, შეიძლება წარდგენილი იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ, ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებს განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.

საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის #376 დადგენილების მე-19 მუხლზე, რომლის შესაბამისად, განცხადება იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის თაობაზეც არსებობს კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების ან საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ, შეიძლება ხელახლა წარდგენილ იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო განცხადების განუხილველად დატოვებას ან საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმას, შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებს დაინტერესებული პირისათვის უფრო ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას იმის თაობაზე, რომ საქმეში არსებული მთელი რიგი მტკიცებულებები წინააღმდეგობაში მოდის კომისიის გასაჩივრებულ გადაწყვეტილებასთან და მიუთითებს იმაზე, რომ საკითხი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ იქნა სათანადოდ გამოკვლეული და შესწავლილი. ქალაქ ...ის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 11 სექტემბრის #13558-02 ბრძანებით, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად იქნა მიჩნეული, რომ ქალაქ ...ში, ...ის ქუჩა #3 არ უკავშირდებოდა ...ს ქუჩას, იგი წარმოადგენდა ჩიხს. აქედან გამომდინარე, კ. მ-ის განცხადებების განხილვის დროისათვის იკვეთება სხვადახვა ფაქტობრივი გარემოება, ერთ შემთხვევაში საუბარია, რომ მიწის ნაკვეთი არის ჩიხი, რომელიც არ უკავშირდება ...ს ქუჩას, ხოლო, მეორე შემთხვევაში, პირიქით, სალეგალიზაციო ობიექტი კეტავს არსებულ ქუჩას. საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციების სასამართლოების მსჯელობას, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში ადმინისტრაციულ ორგანოს არ მოუწვევია დაინტერესებული პირი - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, სპეციალისტი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, არ გამოუთხოვია და შეუმოწმებია საჯარო რეესტრში დაცული ინფორმაცია, ორთოფოტო სალეგალიზაციო მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით. ასევე ის, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლის განმარტებით, 1960 წლის 10 000 მაშტაბიანი ტოპოგრაფიული რუკით, სადავო სალეგალიზაციო ობიექტი გახსნილია და ჩიხი არ არის, 1982 წლის მდგომარეობით 2000 მაშტაბიანი ტოპოგრაფიული რუკებით სალეგალიზაციო ობიექტზე დატანილია ჩიხი.

საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას იმის თაობაზე, რომ კანონით დაწესებულია მთელი რიგი შეზღუდვები, რომლებიც პირდაპირ გამორიცხავს სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესაძლებლობას, აღნიშნული გარემოება კი კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ კომისიის მიერ საკითხი ზედაპირულად იქნა შესწავლილი. როგორც უკვე აღინიშნა, სადავო მიწის ნაკვეთის სტატუსთან დაკავშირებით არსებობს ორი ურთიერთგამომრიცხავი მოსაზრება, ამასთან, განსახილველ შემთხვევაში, მხარე ითხოვდა საკუთრების უფლების აღიარებას სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ უკანონოდ დაკავებულ მიწის ნაკვეთზე. შესაბამისად, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა დაედგინა, ხომ არ იყო სახეზე „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის, ასევე 2016 წლის 28 ივლისის #376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესით“ გათვალისწინებული საკუთრების უფლების აღიარების გამომრიცხავი გარემოებები.

ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ ქალაქ ...ის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ სათანადოთ ვერ იქნა დადგენილი ის ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო კ. მ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას. კერძოდ, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სათანადოდ არ დასაბუთებულა, რომ განსახილველ შემთხვევაში არსებული მდგომარეობა არ შეცვლილა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ, რაც შესაძლებელს გახდიდა ადმინისტრაციულ ორგანოს მიერ მეორე განცხადების არსებითად განხილვას.

შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ აღიარების კომისიას არ გამოუკვლევია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რასაც შეეძლო გავლენა მოეხდინა შედეგზე. შესაბამისად, სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების საფუძვლები.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2000 ლარამდე ოდენობით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეში არსებულ 2020 წლის 15 თებერვლის სანოტარო წესით დამოწმებულ რწმუნებულებასა და საადვოკატო მომსახურების საფასურის 2500 ლარის ოდენობით გადახდის დამადასტურებელ ქვითარზე, ასევე, ითვალისწინებს საქმის სირთულეს, დავის ხანგრძლივობას, წარმომადგენლობითი ფუნქციის განხორციელების ინტენსივობას, წარმომადგენლის ჩართულობას და მიიჩნევს, რომ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ მართებულად დაეკისრა საადვოკატო მომსახურებისათვის გაწეული ხარჯი 300 ლარის ოდენობით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქალაქ ...ის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 29 იანვრის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა