Facebook Twitter
საქმე #ბს-465(კ-21) 21 ოქტომბერი, 2021 წელი
ქ. თბილისი


ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
ბიძინა სტურუა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 31 მაისის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.


ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2016 წლის 9 დეკემბერს ა. მ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიმართ.
მოსარჩელემ ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 28 იანვრის #000810 დადგენილებისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 7 ნოემბრის #1-2108 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.
სარჩელის თანახმად, ა. მ-ას საკუთრებაშია უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ...ის ჩიხი #5, ს/კ .... ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ მოსარჩელის მიმართ გაიცა მითითება ობიექტის დემონტაჟისათვის. 2015 წლის 30 ნოემბერს შედგენილ იქნა შემოწმების აქტი. 2016 წლის 28 იანვარს კი, გამოტანილ იქნა დადგენილება, რომლის მიხედვითაც, ა. მ-ას საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...) მიმდებარედ ნიადაგში ჩაბეტონებული იყო ლითონის მილები, მოწყობილი იყო 6-საფეხურიანი კიბე და კაპიტალური კედელი, ბეტონის საძირკველი, მავთულბადის ღობე და ფილაქანი. დადგენილების მიხედვით, ა. მ-ას მიერ ნაწილობრივ იქნა გამოსწორებული სამართალდარღვევა, კერძოდ, დემონტირებულია ლითონის მილები, მავთულბადის ღობე და ფილაქანი, ამასთან, არ არის დემონტირებული ბეტონის საძირკველი, კაპიტალური კედელი და 6-საფეხურიანი კიბე კი, დაფარულია მიწის საფარით. სწორედ მოცემული მოტივით დაჯარიმდა მოსარჩელე.
მოსარჩელე აღნიშნავს, რომ 2015 წლის 12 ნოემბრის მითითების მიღების შემდეგ, დაუყოვნებლივ განახორციელა უნებართვოდ მოწყობილი ლითონის მილების, მავთულბადის ღობისა და ფილაქანის დემონტაჟი, რაც ფაქტობრივად შექმნილი და აღმართული იყო მის მიერ, თუმცა დადგენილებაში მითითებული ბეტონის საძირკველი, კაპიტალური კედელი და 6-საფეხურიანი კიბე არ არის გაკეთებული ა. მ-ას მიერ, არამედ აღნიშნული აშენებულია 2010 წლიდან, როდესაც ხორციელდებოდა პროექტი - „ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე“. სწორედ ამ პროექტის ფარგლებში მომუშავე პერსონალი აწარმოებდა გამაგრებით სამუშაოებს და მათვე ააშენეს საყრდენი კედელი, კიბეები, რომლითაც სარგებლობდნენ რეკონსტრუქციის დროს. პროექტის დასრულების დროისათვის, მშენებლებს დემონტაჟი არ განუხორციელებიათ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 მარტის გადაწყვეტილებით ა. მ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ა. მ-ას ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 7 ნოემბრის #1-2108 ბრძანება; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 28 იანვრის #000810 დადგენილება და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ა. მ-ას მიმართ, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 მარტის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა, რომლებმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 22 მარტის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფლებამონაცვლედ დადგინდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი; ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის სააპელაციო საჩივარი; უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 მარტის გადაწყვეტილების პირველი და მეორე პუნქტები; შეიცვალა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 მარტის გადაწყვეტილების მესამე პუნქტი და მისი შინაარსი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 28 იანვრის #000810 დადგენილება და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციას საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ა. მ-ას მიმართ, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი მიუთითებს „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილების 36-ე მუხლზე. კასატორი აღნიშნავს, რომ უნებართვოდ მიჩნეული სამშნებლო სამუშაოების ნაწილი განხორციელებულია სახელმწიფოს/თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე. ამასთან, საქმეში არ მოიპოვება სამშენებლო სამუშაოების კანონიერად განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
კასატორი მიუთითებს „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 14.2 მუხლზე და აღნიშნავს, რომ სამართალდარღვევის არსებობის შემთხვევაში, პასუხისმგებლობა პირველ რიგში ეკისრება იმ პირს, რომლის ქმედებამაც უშუალოდ გამოიწვია სამშენებო სამართალდარღვევა, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია ასეთი პირის დადგენა, პასუხისმგებლობა ეკისრება მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს/მოსარგებლეს, შენობა-ნაგებობის მესაკუთრეს/მოსარგებლეს. კასატორის მითითებით, მიწის ნაკვეთს, რომელზეც უნებართვო ობიექტია განთავსებული, პირადი სარგებლობისთვის იყენებს მოსარჩელე. კასატორის მოსაზრებით, მოსარჩელეს გააჩნდა სადავო დადგენილებით უნებართვოდ მიჩნეული ობიექტის სამშენებლოდ განვითარების ინტერესი, ასევე, მოსარჩელის მიერ შესაბამისი მტკიცებულებით ვერ დადასტურდა მოცემული სამუშაოების ფონდის მიერ წარმოება, რის გამოც არსებობდა მოსარჩელის სამართალდამრღვევ სუბიექტად მიჩნევისა და შესაბამისად, პასუხისმგებლობის დაკისრების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 4 ივნისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი.


ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინიტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება.
დადგენილია, რომ 2015 წლის 12 ნოემბერს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ ა. მ-ას მიმართ შედგა #00810 მითითება, რომლის თანახმადაც, ქ. თბილისში, ...ის ჩიხი #5-ში, კერძოდ, ა. მ-ას საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის (ს/კ ...) მიმდებარედ უნებართვოდ მოწყობილია ნიადაგში ჩაბეტონებული ლითონის მილები და აღნიშნულ მილებზე მიმაგრებულია მავთულბადის ღობე. ღობის შიგნით ასევე უნებართვოდაა მოწყობილი ბეტონის ექვსსაფეხურიანი კიბე, კაპიტალური კედელი, ბეტონის საძირკველი და ფილაქანი. დარღვევის გამოსასწორებლად ა. მ-ას განესაზღვრა განხორციელებული სამუშაოების კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა ან მისი დემონტაჟი. 2015 წლის 30 ნოემბრის შემოწმების აქტით დგინდება, რომ ა. მ-ამ არ შეასრულა 2015 წლის 12 ნოემბრის მითითებით გათვალისწინებული პირობები.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ინსპექტირების სამმართველოს მთაწმინდის რაიონული განყოფილების მთავარი სპეციალისტის #39 მოხსენებითი ბარათის თანახმად, 2016 წლის 28 იანვარს გადამოწმებულ იქნა ქ. თბილისში, ...ის ჩიხი #5-ში (ს/კ ...) მდებარე ობიექტი, რა დროსაც დადგინდა, რომ ა. მ-ამ გამოასწორა მხოლოდ უნებართვოდ წარმოებული სამუშაოების ნაწილი, კერძოდ, შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე მოწყობილ ლითონის მილებს, ამ მილებზე მიმაგრებულ მავთულბადის ღობესა და ფილაქანს ჩაუტარა დემონტაჟი. რაც შეეხება ბეტონის 6-საფეხურიან კიბეს, კაპიტალურ კედელსა და ბეტონის საძირკველს, მათთან დაკავშირებით არ მომხდარა არც სანებართვო დოკუმენტაციის წარდგენა და არც დემონტაჟი განხორციელებულა - ბეტონის საძირკველი შენარჩუნებულია მითითების გაცემის მომენტისთვის არსებული სახით, ხოლო ბეტონის 6-საფეხურიანი კიბე და ბეტონის კედელი დაფარული იყო მიწის საფარით.
მოცემული დავის ფარგლებში მოსარჩელის მიერ გასაჩივრებულია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 28 იანვრის #000810 დადგენილება, რომლის მიხედვითაც, ა. მ-ა დაჯარიმდა 10 000 ლარით ქ. თბილისში, ...ის ჩიხი #5-ში, ს/კ ...-ის მიმდებარედ შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე სამშენებლო სამუშაოების (მოწყობილია ბეტონის 6-საფეხურიანი კიბე, კაპიტალური კედელი და ბეტონის საძირკველი) განხორციელების ფაქტთან დაკავშირებით. მასვე დაევალა შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების დემონტაჟი და ჯარიმის გადახდა დაჯარიმების შესახებ დადგენილების ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში. ასევე გასაჩივრებულია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 7 ნოემბრის #1-2108 ბრძანება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ა. მ-ას ადმინისტრაციული საჩივარი და ძალაში დარჩა ზემოაღნიშნული დაადგენილება.
სადავო სამართალურთიერთობის დროს მოქმედი „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 44.1 მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, უნებართვო მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის წარმოება მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე, რომელიც იწვევს შენობა-ნაგებობის გაბარიტების ცვლილებას, გამოიწვევს დაჯარიმებას სახელმწიფოს ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე – 10 000 ლარით.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მითითებას, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოცემული სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის განხილვისას, სათანადოდ არ იქნა გამოკვლეული საქმისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე გარემოებები. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მოსარჩელის განმარტებაზე, რომ 2015 წლის 12 ნოემბრის მითითების მიღების შემდეგ, მან დაუყოვნებლივ მოახდინა უნებართვოდ მოწყობილი ლითონის მილების, მავთულბადის ღობისა და ფილაქანის დემონტაჟი, რაც ფაქტობრივად, შექმნილი და აღმართული იყო მის მიერ, თუმცა ბეტონის საძირკველი, კაპიტალური კედელი და 6-საფეხურიანი კიბე არ არის გაკეთებული მის მიერ, არამედ 2010 წლიდან, პროექტის - „ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე“ ფარგლებში მომუშავე პერსონალი აწარმოებდა გამაგრებით სამუშაოებს, მათ ააშენეს საყრდენი კედელი, კიბეები, რომლითაც რეკონსტრუქციის დროს სარგებლობდნენ. პროექტის დასრულების დროისათვის კი, მათ მშენებლებს დემონტაჟი არ განუხორციელებიათ.
საქართველოს უზენაესი სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მითითებას, რომ სადავო აქტით არ არის დასაბუთებული ის გარემოება, თუ რატომ იქნა მიჩნეული უშუალოდ ა. მ-ა შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე სამშენებლო სამუშაოების სამშენებლო სამართალდარღვევის ჩამდენ სუბიექტად. სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში გასათვალისწინებელია საქმეში მტკიცებულების სახით წარმოდგენილი ააიპ „თ...ის“ დირექტორის 2018 წლის 31 იანვრის #01-118 და 2016 წლის 29 სექტემბრის წერილობითი პასუხები, საიდანაც ერთმნიშვნელოვნად არ დგინდება ქალაქ თბილისში, ...ის ჩიხი #5-ში, #...8 საკადასტრო კოდის მიმდებარედ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოები, მათ შორის, ბეტონის ექვსსაფეხურიანი კიბე, კაპიტალური კედელი და ბეტონის საძირკველი, წარმოებულ იქნა თუ არა ა(ა)იპ „თ...ის“ მიერ. შესაბამისად, მოპასუხის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ა. მ-ა წარმოადგენს სამშენებლო სამუშაოების სამშენებლო სამართალდარღვევის ჩამდენ სუბიექტს, არ არის გამყარებული საქმეში წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულებით. მოპასუხეს არ წარმოუდგენია აღნიშნულის დამადასტურებელი სათანადო და უტყუარი მტკიცებულება. დასახელებული გარემოებები კი, ადასტურებს იმას, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ საკითხის გადაწყვეტისას არ გამოიკვლია საქმის მასალები სრულყოფილად, რაც ადასტურებს მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების საჭიროებას.
ამასთან, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში დგინდება, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 28 იანვრის #000810 დადგენილება მიღებულ იქნა კანონის მოთხოვნათა დარღვევით და ის სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი, ასევე მართებულად იქნა ბათილად ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 7 ნოემბრის #1-2108 ბრძანება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ა. მ-ას ადმინისტრაციული საჩივარი.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.


ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.


თავმჯდომარე მ. ვაჩაძე


მოსამართლეები: გ. აბუსერიძე


ბ. სტურუა