Facebook Twitter

საქმე #ბს-436(კ-21) 21 ოქტომბერი, 2021 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე

ბიძინა სტურუა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 27 ნოემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2019 წლის 19 სექტემბერს მ. ბ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, მის სახელზე გაცემული #332 დაბადების მოწმობის თანახმად, იგი დაბადებულია ქ. თბილისში 1962 წლის 1 მაისს, თუმცა პირადობის ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის მიმართვის დროს, მისთვის ცნობილი გახდა, რომ მოსარჩელის სახელზე არსებობდა სხვა ჩანაწერიც, რომელშიც მისი დაბადების ადგილად მითითებული იყო ხონის რაიონი. მოსარჩელემ 2019 წლის 11 ივლისს სამოქალაქო რეესტრის სამსახურში შეიტანა განცხადება და მოითხოვა იმ ჩანაწერის ბათილად ცნობა, სადაც მისი დაბადების ადგილად ხონის რაიონი იყო მითითებული.

მოსარჩელე აღნიშნავს, რომ 2019 წლის 12 ივნისს სამოქალაქო რეესტრის სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც ბათილად ცნო არა ის ჩანაწერი, რომელშიც დაბადების ადგილას ხონი იყო მითითებული, არამედ დაბადების მოწმობა #332, რომელშიც დაბადების ადგილად მითითებული იყო ქ. თბილისი, საფუძვლად კი მიეთითა ის გარემოება, რომ მოსარჩელის განცხადებით მოთხოვნილი იყო იმ ჩანაწერის ბათილად ცნობა, სადაც დაბადების ადგილად მითითებული იყო ქალაქი თბილისი. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მართალია, განცხადებაზე მისი ხელმოწერა ფიქსირდებოდა, თუმცა განცხადება დაბეჭდილი იყო ოპერატორის მიერ, რომელსაც აერია მოსარჩელის მოთხოვნა, თავად მოსარჩელემ კი განცხადებას ხელი წაკითხვის გარეშე მოაწერა.

ზემოხსენებული გაადაწყვეტილება მოსარჩელემ ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა, თუმცა სამოქალაქო რეესტრის 2019 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილებით მას უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე იმ დასაბუთებით, რომ მოსარჩელის დაბადების აქტის ჩანაწერში დაბადების ადგილის გრაფაში ფიქსირდებოდა ხონის რაიონი, აქტის ჩანაწერი რეგისტრირებული იყო ხონის მმაჩის მიერ, დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობა, დაბადების რეგისტრაციისას გაცემული დაბადების მოწმობა წარდგენილი არ იყო. ამასთან, გადაწყვეტილებაში აღინიშნა, რომ სამოქალაქო აქტის ჩანაწერსა და სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობაში მითითებული მონაცემების შეუსაბამობის შემთხვევაში, საწინააღმდეგოს დადგენამდე, ნამდვილად მიიჩნევა დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში მითითებული მონაცემები.

მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ისე მიიღო გადაწყვეტილება, რომ იგი არ მიუწვევია სხდომაზე და სრულყოფილად არ გამოუკვლევია საქმის გარემოებები. ამდენად, მან მიღებული გადაწყვეტილება 2019 წლის 9 აგვისტოს გაასაჩივრა სახელწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში, სადაც მას მოთხოვნის დაზუსტების მიზნით დაუდგინდა ხარვეზი და მის შესავსებად განესაზღვრა 7 დღის ვადა. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ შეტყობინება ჩაბარდა მის შვილს - ი. გ-ეს, თავად კი იმყოფებოდა სოფელში და არ ჰქონდა შვილთან დაკავშირების შესაძლებლობა. შესაბამისად, მოსარჩელეს წერილი არ ჩაბარებია მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო. მიუხედავად ამისა, 2019 წლის 30 აგვისტოს გამოტანილ იქნა გადაწყვეტილება მისი საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ზემოხსენებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები მას უშუალო ზიანს აყენებს, რის გამოც ისინი უკანონოა და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.

ამდენად, მოსარჩელემ მ. ბ-ის მიმართ ნაძალადევის მმაჩის განყოფილების მიერ 1965 წლის 21 ოქტომბერს რეგისტრირებული #332 დაბადების აქტის ჩანაწერის ბათილად ცნობის თაობაზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2019 წლის 12 ივლისის #001119123007 გადაწყვეტილებისა და მ. ბ-ის 2019 წლის 9 აგვისტოს #165807 ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 30 აგვისტოს #01/250840/გ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურისათვის მოსარჩელის დაბადების ადგილად ხონის რაიონის მითითებით არსებული ხონის რაიონის ...-...ის ს/ს 1962 წლის 1 ივნისის დაბადების აქტის #9 ჩანაწერის ბათილად ცნობის თაობაზე ახალი ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ. ბ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილება #01/250840/გ მ. ბ-ის 2019წლის 9 აგვისტოს #165807 ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაევალა მ. ბ-ის მიერ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2019 წლის 12 ივლისის #001119123007 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე მოთხოვნით, 2019 წლის 9 აგვისტოს წარდგენილი #165807 ადმინისტრაციული საჩივრის არსებითი განხილვა კანონით დადგენილი წესით; დანარჩენი მოთხოვნის ნაწილში მ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 27 ნოემბრის განჩინებით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე მ. ბ-ის მიმართ არსებობდა დაბადების სამოქალაქო აქტების ორი ჩანაწერი, კერძოდ, ნაძალადევის მმაჩის განყოფილების მიერ 1965 წლის 21 ოქტომბერს რეგისტრირებული #332 დაბადების აქტის ჩანაწერი, რომლის მიხედვით, მ. ბ-ი დაბადებულია 1962 წლის 1 მაისს ქალაქ თბილისში, ხოლო მეორე ჩანაწერის მიხედვით, ხონის რაიონის სოფელ ... ...ის ს/ს მიერ 1962 წლის 1 ივნისს რეგისტრირებული #9 დაბადების აქტში ფიქსირდება შემდეგი მონაცემები: მ. ბ-ი, დაბადებული 1962 წლის 2 მაისს ხონის რაიონის სოფელ ...ში. მითითებული გარემოებიდან გამომდინარე, მ. ბ-მა 2019 წლის 11 ივლისს განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს, აცნობა მის სახელზე რეგისტრირებული ორი ჩანაწერის არსებობის თაობაზე და მეორედ რეგისტრირებული #332 აქტის ბათილად ცნობა და აქტიურად #9 აქტის დატოვება მოითხოვა. აღნიშნული განცხადების საფუძველზე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2019 წლის 12 ივლისის #001119123007 გადაწყვეტილებით, ბათილად იქნა ცნობილი თბილისის ნაძალადევის მმაჩის განყოფილების მიერ მ. ბ-ის მიმართ 1965 წლის 21 ოქტომბერს რეგისტრირებული #332 დაბადების აქტის ჩანაწერი, რაც 2019 წლის 9 აგვისტოს გასაჩივრებული იქნა მ. ბ-ის მიერ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის გზით. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 30 აგვისტოს #01/250840/გ გადაწყვეტილებით კი, მ. ბ-ის 2019 წლის 9 აგვისტოს #165807 ადმინისტრაციული საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ მ. ბ-ს არ წარუდგენია ისეთი დოკუმენტი ან/და ინფორმაცია, რომელიც მიუთითებდა მისი დარღვეული უფლების შესახებ.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მ. ბ-ის მიერ 2019 წლის 11 ივლისს წარდგენილი განცხადებით იგი მოითხოვდა მის მიმართ თბილისის ნაძალადევის მმაჩის განყოფილების მიერ 1965 წლის 21 ოქტომბერს რეგისტრირებული #332 დაბადების აქტის ჩანაწერის ბათილად ცნობას, აღნიშნულ გარემოებას, მოსარჩელე სადავოდ ხდიდა მის მიერ წარდგენილი 2019 წლის 9 აგვისტოს #165807 ადმინისტრაციულ საჩივარში და უთითებდა, რომ განცხადების შევსება მოხდა არა უშუალოდ მისი - არამედ იუსტიციის სახლის ოპერატორის მიერ, რომელმაც არასწორად გაიგო მისი მოთხოვნა, ვინაიდან იგი რეალურად ითხოვდა დაბადების აქტის #332 ჩანაწერის ძალაში დატოვებას და დაბადების სამოქალაქო აქტის #9 ჩანაწერის ბათილად ცნობას. აღნიშნულის გაუთვალისწინებლად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 2019 წლის 30 აგვისტოს ისე მიიღო #01/250840/გ გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე, რომ არ გაითვალისწინა მოსარჩელის მითითება ხარვეზით წარდგენილ მოთხოვნასთან და მის უზუსტობასთან დაკავშირებით. ამდენად, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არ ჰქონდა წინასწარი გამოკვლევის გარეშე უარი ეთქვა საჩივრის ავტორისთვის მის უფლებამოსილებაში შემავალი საკითხის განხილვაზე იმ საფუძვლით, რომ იგი უსაფუძვლო იყო. იმ პირობებშიც კი, თუ მხარე ასაჩივრებდა მისი განცხადების დაკმაყოფილების თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს არსებითად უნდა შეეფასებინა და გადაეწყვიტა სადავო საკითხი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 27 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტსა და 181-ე მუხლის პირველ ნაწილზე და აღნიშნავს, რომ 2019 წლის 11 ივლისის #001219123007 განცხადებაზე (რომლითაც მოთხოვნილი იყო ქ. თბილისში, ნაძალადევის რაიონში 1965 წლის 21 ოქტომბერს რეგისტრირებული დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერის #332 ბათილად ცნობა და 1962 წლის პირველ ივნისს ხონის რაიონის სოფელ ...-...ის მიერ რეგისტრირებული დაბადების სამოქალაქო აქტის #9 ჩანაწერის ძალაში დატოვება) ფიქსირდება მ. ბ-ის ხელმოწერა. აქედან გამომდინარე, მოთხოვნის დასაზუსტებლად ადმინისტრაციული საჩივრის ავტორს განესაზღვრა ვადა - წერილის ჩაბარებიდან 7 სამუშაო დღე. მიუხედავად აღნიშნული განმარტებისა, 2019 წლის 14 აგვისტოს #01/236639 წერილის საფუძველზე 2019 წლის 20 აგვისტოს მ. ბ-მა წარადგინა წინა მოთხოვნის იდენტური წერილობითი მოთხოვნა. საჩივრის ავტორი დარღვეული უფლების შესახებ კვლავ აღნიშნავდა, რომ იუსტიციის ოპერატორმა არასწორად გაიგო მისი მოთხოვნა, ვინაიდან სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურისაგან მ. ბ-ი ითხოვდა დაბადების სამოქალაქო აქტის #332 ჩანაწერის ძალაში დატოვებას და დაბადების სამოქალაქო აქტის #9 ჩანაწერის ბათილად ცნობას. ხელმოწერის დროს მან დააზუსტა ოპერატორთან, ნამდვილად იყო თუ არა მისი მოთხოვნა განცხადებაში მითითებული ისე, როგორც თავად განუმარტა, რაც ოპერატორმა დაუდასტურა, თუმცა როგორც საჩივრის ავტორი მიიჩნევდა - არასწორად.

კასატორი მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, არ იკვეთება ოპერატორის უნებლიე შეცდომა. მოსარჩელე ვალდებული იყო, თავად წაეკითხა განცხადების შინაარსი და ისე მოეწერა ხელი განცხადებაზე. ამასთან, სააგენტოს 2019 წლის 14 აგვისტოს #01/236639 წერილით განმცხადებელს განემარტა ადმინისტრაციულ საჩივარზე ხარვეზის დადგენასთან დაკავშირებით და მიეცა დრო აღნიშნულის გამოსასწორებლად.

კასატორი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილებზე და აღნიშნავს, რომ მ. ბ-ს დადგენილ ვადაში არ წარმოუდგენია ისეთი დოკუმენტი და/ან ინფორმაცია, რომელიც მიუთითებდა მისი დარღვეული უფლების შესახებ. შესაბამისად, სააგენტო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე მოსარჩელის კანონიერი მოლოდინი ლეგიტიმური იყო.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 28 მაისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილი სარჩელით მოთხოვნილია მ. ბ-ის მიმართ ნაძალადევის მმაჩის განყოფილების მიერ 1965 წლის 21 ოქტომბერს რეგისტრირებული #332 დაბადების აქტის ჩანაწერის ბათილად ცნობის თაობაზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2019 წლის 12 ივლისის #001119123007 გადაწყვეტილებისა და მ. ბ-ის 2019 წლის 9 აგვისტოს #165807 ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 30 აგვისტოს #01/250840/გ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურისათვის მოსარჩელის დაბადების ადგილად ხონის რაიონის მითითებით არსებული ხონის რაიონის ...-...ის ს/ს 1962 წლის 1 ივნისის დაბადების აქტის #9 ჩანაწერის ბათილად ცნობის თაობაზე ახალი ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლზე, რომლის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს სამოქალაქო აქტების სახეებს, მათი რეგისტრაციის, სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების, დამატების შეტანის, სამოქალაქო აქტის ხელახალი რეგისტრაციის, დაბადებისა და გარდაცვალების სამოქალაქო აქტების ჩანაწერების ბათილად ცნობის, დაბადებისა და გარდაცვალების რეგისტრაციის, აგრეთვე პირის გარკვეულ დროსა და ვითარებაში დაბადებისა და გარდაცვალების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენის, სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის ძირითად პირობებს და სამოქალაქო აქტების სფეროში უფლებამოსილ ორგანოებს. ამავე მუხლის 76-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების ან/და დამატების შეტანის საფუძველია უფლებამოსილი პირის განცხადება და ამ კანონის 78-ე–80-ე მუხლებით გათვალისწინებული შესაბამისი გარემოების არსებობა. ხსენებული კანონის 87-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით კი განსაზღვრულია, რომ დაბადებისა და გარდაცვალების სამოქალაქო აქტების ჩანაწერებს ბათილად ცნობს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ის ორგანო, რომელმაც განახორციელა შესაბამისი სამოქალაქო აქტის რეგისტრაცია, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო სამოქალაქო აქტის ჩანაწერს ბათილად ცნობს დაინტერესებული პირის განცხადებით ან საკუთარი ინიციატივით.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 179-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული საჩივარი შედგენილი უნდა იყოს წერილობით და უპასუხებდეს ამ კოდექსის მოთხოვნებს. ამავე კოდექსის 181-182-ე მუხლები კი თავის მხრივ განსაზღვრავენ იმ მოთხოვნებს, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს ადმინისტრაციული საჩივარი და ადმინისტრაციული საჩივრის მიღებაზე ან განხილვაზე უარის თქმის საფუძვლებს. საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს ამავე კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმაცია. ამავე მუხლის მე-5 ნაწილი კი განსაზღვრავს, რომ თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარადგენს შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.

განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე მ. ბ-ის მიმართ არსებობდა დაბადების სამოქალაქო აქტების ორი ჩანაწერი, კერძოდ, ნაძალადევის მმაჩის განყოფილების მიერ 1965 წლის 21 ოქტომბერს რეგისტრირებული #332 დაბადების აქტის ჩანაწერი, რომლის მიხედვით, მ. ბ-ი დაბადებულია 1962 წლის 1 მაისს ქალაქ თბილისში და ხონის რაიონის სოფელ ... ...ის ს/ს მიერ ... წლის ... ივნისს რეგისტრირებული #9 დაბადების აქტი, რომლის მიხედვით მოსარჩელე დაიბადა ... წლის ... მაისს ხონის რაიონის სოფელ ...ში. მ. ბ-მა 2019 წლის 11 ივლისს განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს, აცნობა მის სახელზე რეგისტრირებული ორი ჩანაწერის არსებობის თაობაზე და მეორედ რეგისტრირებული #332 აქტის ბათილად ცნობა და აქტიურად #9 აქტის დატოვება მოითხოვა. აღნიშნული განცხადების საფუძველზე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2019 წლის 12 ივლისის #001119123007 გადაწყვეტილებით, ბათილად იქნა ცნობილი თბილისის ნაძალადევის მმაჩის განყოფილების მიერ მ. ბ-ის მიმართ 1965 წლის 21 ოქტომბერს რეგისტრირებული #332 დაბადების აქტის ჩანაწერი, რაც 2019 წლის 9 აგვისტოს გასაჩივრებულ იქნა მ. ბ-ის მიერ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის გზით.

ამასთან, დადგენილია, რომ მ. ბ-მა ადმინისტრაციული საჩივრით მოითხოვა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2019 წლის 12 ივლისის #001119123007 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ამავე გადაწყვეტილებით ბათილად ცნობილი დაბადების სამოქალაქო აქტის #332 ჩანაწერის აღდგენა, რომელიც რეგისტრირებულია ქ. თბილისში, ნაძალადევის რაიონში 1965 წლის 21 ოქტომბერს. გარდა ამისა, საჩივრის ავტორი ასევე მოითხოვდა 1962 წლის 1 ივნისს ხონის რაიონის სოფელ ... ...ის მიერ რეგისტრირებული დაბადების სამოქალაქო აქტის #9 ჩანაწერის ბათილად ცნობას. როგორც თავდაპირველად, ასევე, ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის საფუძვლად, მოსარჩელე უთითებდა ტექნიკური ხარვეზის (შეცდომის) არსებობაზე, კერძოდ, აღნიშნავდა, რომ იუსტიციის სახლის ოპერატორმა არასწორად გაიგო მისი მოთხოვნა. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 14 აგვისტოს #01/236639 წერილით, მ. ბ-ს ეცნობა, რომ მისი საჩივარი იყო ბუნდოვანი და არ პასუხობდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 181-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის მოთხოვნას, რომელიც ითვალისწინებს ადმინისტრაციულ საჩივარში მკაფიო მოთხოვნის არსებობას, ხოლო იმისათვის, რომ სააგენტოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვასთან დაკავშირებით დაეწყო ადმინისტრაციული წარმოება, მნიშვნელოვანი იყო დაეზუსტებინა მოთხოვნა და მიეთითებინა დარღვეული უფლების შესახებ. შედეგად, 2019 წლის 20 აგვისტოს, მ. ბ-მა ხარვეზის შევსების მიზნით წარადგინა წინა მოთხოვნის იდენტური #172059 წერილობითი მოთხოვნა და მიუთითა, რომ განცხადების შევსება მოხდა არა უშუალოდ მისი, არამედ იუსტიციის სახლის ოპერატორის მიერ, რომელმაც არასწორად გაიგო მისი მოთხოვნა, ვინაიდან იგი რეალურად ითხოვდა დაბადების აქტის #332 ჩანაწერის ძალაში დატოვებას და დაბადების სამოქალაქო აქტის #9 ჩანაწერის ბათილად ცნობას. აღნიშნულის გაუთვალისწინებლად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 2019 წლის 30 აგვისტოს მიიღო #01/250840/გ გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე, იმ საფუძვლით, რომ მ. ბ-ს არ წარუდგენია ისეთი დოკუმენტი და/ან ინფორმაცია, რომელიც მიუთითებდა მისი დარღვეული უფლების შესახებ.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. ბ-ის მიერ წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სათანადოდ არ იქნა გამოკვლეული და შეფასებული საქმისათვის განმსაზღვრელი არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და საჩივარი არსებითი შეფასების გარეშე დატოვებული იქნა განუხილველად. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ისე მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ გაითვალისწინა მოსარჩელის მითითება ხარვეზით წარდგენილ მოთხოვნასა და მის უზუსტობასთან დაკავშირებით.

საკასაციო პალატა ასევე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ვალდებული იყო სრულყოფილად შეესწავლა მოსარჩელის მიერ 2019 წლის 9 აგვისტოს წარდგენილი #165807 ადმინისტრაციული საჩივარი, შეემოწმებინა მისი ფორმალური და შემდგომ მატერიალური საფუძვლიანობა, სრულად გამოეყენებინა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლება-მოვალეობები, ვინაიდან ადმინისტრაციულ საჩივარზე ადმინისტრაციული ორგანოს მსჯელობა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებას წარმოადგენდა, ხოლო ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე მოსარჩელის კანონიერი მოლოდინი ლეგიტიმური იყო.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარზე 20.04.2021წ. #05700 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (ს/კ 202307404) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 27 ნოემბრის განჩინება;

3. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (ს/კ 202307404) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 20.04.2021წ. #05700 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა