Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

საქმე №ბს-968(კ-21) 29 ოქტომბერი, 2021 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია

პროცესუალური მოწინააღმდეგე - შპს „...ი“

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილება

დავის საგანი - თანხის დაკისრება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ 2020 წლის 12 ოქტომბერს სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე შპს „...ის“ მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სასარგებლოდ დასუფთავების მოსაკრებლის - 3653.70 ლარის გადასახდელად დაკისრება.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილებით ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე შპს „...ს“ (ს/ნ...) ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სასარგებლოდ დაეკისრა 184.5 ლარის გადახდა; აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „...მა“.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილებით შპს „...ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას გაეგზავნა 2021 წლის 29 ივნისს. საფოსტო შეტყობინების მიხედვით, გზავნილი 2021 წლის 30 ივნისს ჩაჰბარდა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მთავარ სპეციალისტს, რაც დასტურდება გზავნილზე აღნიშნული ხელმოწერით (ს.ფ. 175).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელმა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება, ხოლო ამავე კოდექსის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იმ გარემოების გათვალისწინებით, თუ ვის მიერ არის განსაზღვრული საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა (სასამართლოს თუ კანონისმიერი), განასხვავებენ კანონის და სასამართლოს მიერ დადგენილ საპროცესო ვადებს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის. საპროცესო კოდექსი ასევე განსაზღვრავს კანონისმიერ ვადაში მოქმედების შეუსრულებლობის შედეგებს, კერძოდ, თუ მხარემ კანონისმიერ ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს, ხოლო ამავე კოდექსის 74-ე მუხლის შესაბამისად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალების მიხედვით დგინდება, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილება ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას გაეგზავნა საქმის მასალებში მითითებულ მისამართზე. აღნიშნული გზავნილი მერიის უფლებამოსილ წარმომადგენელს - მთავარ სპეციალისტს ჩაჰბარდა 2021 წლის 30 ივნისს (ს.ფ. 175), შესაბამისად, საკასაციო საჩივრის წარდგენის ვადის დენა დაიწყო 2021 წლის 1 ივლისს და ამოიწურა 2021 წლის 21 ივლისს (ოთხშაბათი) 24:00 საათზე, ხოლო ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინა 2021 წლის 22 ივლისს (ს.ფ. 177).

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზაირებს კასატორის მოსაზრებას საკასაციო საჩივრის დადგენილ ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს შენობის ფოიეში განთავსებულ მოქალაქეთა/მხარეთა განცხადებებისათვის განკუთვნილ სპეციალურ ყუთში მოთავსების შესახებ და მიუთითებს ამავე სასამართლოს კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღების განყოფილების უფროსის - ქ. ა-ის და მოქალაქეთა მისაღების სპეციალისტის - ნ. ვ-ის მიერ 2021 წლის 21 ივლისს შედგენილ აქტზე, რომლის თანახმად, მოქალაქეთა/მხარეთა განცხადებებისათვის განკუთვნილი სპეციალური ყუთის გახსნისას, მასში მოთავსებული იყო 7 განცხადება. აღნიშნულ განცხადებებში არ იყო ქ. ქუთაისის მერიის საკასაციო საჩივარი. ზემოაღნიშნული პირების მიერ 2021 წლის 22 ივლისს შედგენილი აქტის მიხედვით დასტურდება, რომ ქ. ქუთაისის მერიის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მდებარე მოქალაქეთა/მხარეთა განცხადებებისათვის განკუთვნილ სპეციალურ ყუთში განთავსდა 2021 წლის 22 ივლისს.

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებული საკასაციო საჩივრის შეტანის 21-დღიანი ვადა, რაც მისი საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60, 396-ე, 397-ე და 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილებაზე, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა