საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-140(კ-19) 26 ოქტომბერი, 2021 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე; გოჩა აბუსერიძე
კასატორი _ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო
მოწინააღმდეგე მხარე _ შპს „...“
მესამე პირები - თ. შ-ა, გ. თ-ი
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 17 ოქტომბრის განჩინება
დავის საგანი _ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2016 წლის 24 ივნისს შპს „...“-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, 2013 წლის 25 ოქტომბერს, სესხისა და გირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე, შპს ...-ის სასარგებლოდ გირავნობით დატვირთა პ. თ-ის საკუთრებაში არსებული ავტომანქანა - ....
2016 წლის 6 ივნისს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს ავტომანქანაზე ყადაღისა და მასზე მოვალეთა რეესტრის შეზღუდვის მოხსნის თაობაზე. მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ გააუქმა ავტომობილზე დადებული ყადაღა, ხოლო მოთხოვნა მოვალეთა რეესტრის შეზღუდვის მოხსნის თაობაზე არ დააკმაყოფილა, იმ მოტივით, რომ არ არსებობდა მოვალეთა რეესტრის შეზღუდვის გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
მოსარჩელის განმარტებით, აღსრულების ეროვნული ბიუროს უარი მოვალეთა რეესტრის შეზღუდვის გაუქმებაზე დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა, რამდენადაც ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 401 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, თუ მოვალის მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადების შემდეგ, მაგრამ არა უგვიანეს ამ ქონებაზე იძულებითი აუქციონის საჯაროდ გამოცხადებისა, მოგირავნე ამ ქონებაზე განაცხადებს თავის უფლებას და აღსრულების ეროვნულ ბიუროს წარუდგენს გირავნობის უფლების დამადასტურებელ ამონაწერს შესაბამისი რეესტრიდან, აღსრულების ეროვნული ბიურო ამ ქონებას ყადაღისაგან ათავისუფლებს“. მოსარჩელის მოსაზრებით, აღნიშნული მუხლი არ უნდა იყოს გაგებული ვიწროდ, თითქოს ის მხოლოდ ქონების ყადაღისაგან გათავისუფლებას ეხებოდეს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2016 წლის 9 ივნისის №A16039373-013/001 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 23 დეკემბრის სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა განმარტა, რომ მოსარჩელის მოთხოვნაა: მოპასუხეს - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს დაევალოს გასცეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არ იქნეს გათვალისწინებული მოვალეთა რეესტრის შეზღუდვა გირავნობის საგანზე - ავტომანქანაზე, შემდეგი მახასიათებლებით: სარეგისტრაციო ნომერი - ..., მოდელი - ....
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 23 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება თ. შ-ა, ხოლო ამავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 17 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ცნობილ იქნა გ. თ-ი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილებით შპს „..."-ის სარჩელი დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 17 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი მიუთითებს, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 191 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის მიხედვით, მოვალეთა რეესტრი არის ფულადი მოთხოვნის აღსრულების უზრუნველყოფამდე წარმოებული საშუალება - სისტემატიზებული ელექტრონული ერთობლიობა მონაცემებისა იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა და სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნთა შესახებ, რომელთა მიმართაც აღსრულება დაიწყო 2010 წლის 1 იანვრიდან .... პირი მოვალეთა რეესტრში შეიტანება დაუყოვნებლივ, მას შემდეგ, რაც მის წინააღმდეგ დაიწყება სააღსრულებო წარმოება. ზემოაღნიშნული მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, „რეესტრში რეგისტრაცია არ ათავისუფლებს პირს ფულადი გადახდევინების აღსრულებისაგან“. ხოლო იმავე პუნქტის მეორე წინადადების საფუძველზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ 2009 წლის 28 დეკემბერს გამოცემული №234 ბრძანებით დამტკიცებული მოვალეთა რეესტრის წარმოების წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, პირზე „აღსრულების დასრულებამდე ვრცელდება კანონით დადგენილი უფლებრივი შეზღუდვები“. მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ რეესტრის წარმოების წესის მე-2 მუხლის თანახმად, მოვალეთა რეესტრის წარმოების, მიზანია იძულებითი აღსრულების ღონისძიებების ეფექტურობის ხარისხის გაზრდა, კერძო სამართლებრივი ურთიერთობებისას შესაძლო რისკების შემცირების ხელშეწყობა ..“. მოვალის მოვალეთა რეესტრის შეზღუდვებისაგან გათავისუფლების პირობებში შესაძლოა დაიდოს იმგვარი გარიგებები, რითაც შესაძლებელია მომავალში შეიქმნას აღსრულების განხორციელებისათვის ნაკლებად ხელსაყრელი პირობები. ამავდროულად, კასატორის მოსაზრებით, უნდა აღინიშნოს, რომ აღსრულების ეროვნული ბიურო პასუხისმგებელი ვერ იქნება იმ შესაძლო რისკებზე, რაც შესაძლებელია წარმოიშვას მოვალის მიერ ასეთი გარიგებების დადების შემთხვევაში.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 17 ოქტომბრის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 4 თებერვლის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2016 წლის 25 აპრილის №16033531 ბრძანებით ამავე ბიურომ რესპოდენტის - პ. თ-ის წინააღმდეგ აპლიკანტის - გ. თ-ის 2016 წლის 11 მარტის განცხადების საფუძველზე ჩაატარა №16033531 გამარტივებული წარმოება, ვინაიდან სესხის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით გაფორმებული მორიგების პირობები დაარღვია რესპოდენტმა. მითითებული ბრძანებით, რომელიც დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიექცა, პ. თ-ეს გ. თ-ის მიმართ დაეკისრა დავალიანების გადახდა 35000,00 ლარის ოდენობით.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2016 წლის 25 აპრილის №16033531/157211 წერილით თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღსასრულებლად გადაეგზავნა 2016 წლის 15 აპრილის №16033531 ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ.
შპს „..."-ის წარმომადგენელმა ა. ბ-მა 2016 წლის 6 ივნისს მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულ ბიუროს და განუმარტა, რომ მისი კომპანია წარმოადგენს პირველი რიგის მოგირავნეს პ. თ-ის საკუთრებაში არსებულ ავტომობილზე - ..., სახელმწიფო ნომრით: ..., ტრანსპორტის საიდენტიფიკაციო ნომერი: ... (გირავნობის უფლების წარმოშობის საფუძველი: 2013 წლის 25 ოქტომბრის საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულება №...). შესაბამისად, კომპანია ითხოვდა ავტომობილზე რეგისტრირებული ყადაღის გაუქმებასა და შესაბამისი დოკუმენტის გაცემას, რომლის მიხედვითაც, მოვალეთა რეესტრის შეზღუდვა არ იქნება გათვალისწინებული აღნიშნულ ავტომობილზე.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2016 წლის 9 ივნისის №A16039373-013/001 გადაწყვეტილების თანახმად, შპს „..."-ს წარმომადგენლის ა. ბ-ის 2016 წლის 6 ივნისის განცხადების საფუძველზე, ყადაღა მოეხსნა მოვალის - პ. თ-ის სახელზე რიცხულ ავტომანქანას (სარეგისტრაციო ნომერი - ..., მოდელი - ...), ხოლო მოვალეთა რეესტრის შეზღუდვის მოხსნაზე ეთქვა უარი, იმ საფუძვლით, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-194 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით მოვალეთა რეესტრის შეზღუდვის მოხსნა შესაძლებელია მხოლოდ კრედიტორის თანხმობის საფუძველზე.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს სწორედ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2016 წლის 9 ივნისის №A16039373-013/001 გადაწყვეტილების მოვალეთა რეესტრის შეზღუდვის მოხსნაზე უარის თქმის კანონიერება წარმოადგენს, ვინაიდან, სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარებს სასარჩელო მოთხოვნა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 401 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, არაუზრუნველყოფილი კრედიტორის სასარგებლოდ იძულებითი აღსრულების განხორციელებისას, თუ მოვალის მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადების შემდეგ, მაგრამ არა უგვიანეს ამ ქონებაზე იძულებითი აუქციონის საჯაროდ გამოცხადებისა, მოგირავნე განაცხადებს ამ ქონებაზე თავის უფლებას და აღსრულების ეროვნულ ბიუროს წარუდგენს გირავნობის უფლების დამადასტურებელ ამონაწერს შესაბამისი რეესტრიდან, აღსრულების ეროვნული ბიურო ამ ქონებას ყადაღისაგან ათავისუფლებს. მოგირავნეს გირავნობის საგნიდან აქვს თავისი მოთხოვნის უპირატესი დაკმაყოფილების უფლება (სკ-ის 254.2 მუხლი). უპირატესი დაკმაყოფილების უფლება ძალაში რჩება მოვალის გადახდისუუნარობის შემთხვევაშიც („გადახდისუუნარობის შესახებ“ კანონის 41-ე მუხლი.). საკასაციო სასამართლოს განმარტებით, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 9110 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გამარტივებული წარმოების დროს ყადაღის გაუქმების საფუძვლები არ გულისხმობს გამარტივებული წარმოების განხორციელების ფარგლებში ამავე საკანონმდებლო აქტით დადგენილი ზოგადი წესების უგულებელყოფის შესაძლებლობას, კერძოდ, 401 მუხლით დადგენილი წესის უგულებელყოფას. იმ შემთხვევაში, როდესაც მოვალის ქონებას ადევს ყადაღა და იმავდროულად ნივთზე აღრიცხულია მოვალეთა რეესტრის შეზღუდვა, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 401.7 მუხლით გათვალისწინებული ყადაღის მოხსნის შესახებ მოთხოვნა წარმოადგენს სპეციალურ, საგამონაკლისო და უპირატესი ძალის მოწესრიგებას იმ საერთო წესთან შედარებითაც, რომლის თანახმად ქონების განკარგვა საჭიროებს არაუზრუნველყოფილი კრედიტორის თანხმობას (194.3 მუხლი). საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ მსგავსი თანხმობის საჭიროებას კანონმდებელი ითვალისწინებას იმ შემთხვევებისთვის, რათა რეესტრში რეგისტრირებულმა პირმა მოახდინოს შესაბამისი ქონების განკარგვა. ამდენად, მითითებული მუხლით მესაკუთრის უფლებების დასაცავად, იმავდროულად კრედიტორისა და მოვალის ინტერესების პროპორციულად და თანაბარზომიერად უზრუნველყოფისთვის, კანონმდებელმა მისცა შესაძლებლობა რეესტრში რეგისტრირებულ პირს, თუკი კრედიტორი მისცემს თანხმობას, განკარგოს თავისი ქონება. სადავო შემთხვევა კი ეხება მოგირავნის მიერ კანონმდებლობით მინიჭებული უფლების გაცხადებას, რომლის ფარგლებშიც მას უფლება აქვს დაიკმაყოფილოს მოთხოვნა დაგირავებული ქონების (გირავნობის საგნის) რეალიზაციით. სწორედ ამიტომ, კანონმდებელმა გაითვალისწინა მსგავს შემთხვევაში ქონებაზე სხვა კრედიტორის სასარგებლოდ გავრცელებული ყადაღის მოხსნა, იმავდროულად თუკი ქონებაზე დარჩება მოვალეთა რეესტრის შეზღუდვა, მოგირავნე მაინც ვერ შეძლებს საკუთარი უფლებით სარგებლობას და ქონებაზე ყადაღის მოხსნა კანონმდებლობის მიზნის - გირავნობის უფლებით უზრუნველყოფილი კრედიტორის მიერ კანონმდებლობით მინიჭებული უფლებით სარგებლობის მიღწევის საშუალება ვერ გახდება. შესაბამისად, მოვალეთა რეესტრის შეზღუდვასთან მიმართებით საკანონმდებლო ნორმათა განმარტება უნდა მოხდეს მათი ლოგიკური განმარტებით, კანონმდებლის ნების გათვალისწინებით.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კანონის მიმართ არსებობს სიზუსტის, განჭვრეტადობისა და ხელმისაწვდომობის მოთხოვნები. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2007 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში საქმეზე „მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ“ კანონის განჭვრეტადობისა და ხელმისაწვდომობის აუცილებლობის თაობაზე აღნიშნა: ,,ნორმა უნდა იყოს ნათელი და განსაზღვრულობის მოთხოვნებთან შესაბამისი, ადამიანს უნდა შეეძლოს, ზუსტად გაარკვიოს, თუ რას მოითხოვს მისგან კანონმდებელი და მიუსადაგოს ამ მოთხოვნას თავისი ქცევა. მოთხოვნები კანონმდებლის მიმართ მით უფრო მკაცრია, რაც უფრო ინტენსიურია ჩარევა ადამიანის უფლებებში. საკონსტიტუციო სასამართლომ ხარისხის მიხედვითაც უნდა შეაფასოს სადავო ნორმები. თუ სასამართლო დაადგენს, რომ სადავო ნორმა უხარისხოა, დადგინდება კონკრეტული უფლების დარღვევაც. ხარისხის თვალსაზრისით კანონს წაეყენება გარკვეული მოთხოვნები - ის უნდა იყოს ხელმისაწვდომი, განჭვრეტადი, არ იძლეოდეს ძალაუფლების ბოროტად გამოყენების შესაძლებლობას“.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ იმ პირობებში, როდესაც მოგირავნე იყენებს კანონით მინიჭებულ უფლებას გირავნობის საგნის განკარგვასთან დაკავშირებით, რის საფუძველზეც ამ ნივთს ეხსნება ყადაღა, კანონის ეს მოთხოვნა არ შეიძლება იქნეს გაგებული იმგვარად, რომ მოვალეთა რეესტრის შეზღუდვის მოხსნა დამოკიდებული იყოს მხოლოდ კრედიტორის თანხმობაზე. ამრიგად, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 401 მუხლის მე-7 პუნქტის მოქმედების პირობებში საჭირო არ არის მოვალეთა რეესტრში რეგისტრირებული შეზღუდვისაგან გასათავისუფლებლად კრედიტორის თანხმობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუკი ქონებაზე ერთდროულად რეგისტრირებულია ყადაღა და მოვალეთა რეესტრის შეზღუდვა, მოგირავნის მიერ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 401 მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე მოთხოვნის გაცხადება ვერასდროს მიაღწევს მოგირავნის მიზნის მიღწევას და მისი უფლება დაუცველი დარჩება.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარზე 18.12.2018წ. #18813 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს (ს/კ 205263873) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით,
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 17 ოქტომბრის განჩინება;
3. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს (ს/კ 205263873) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 18.12.2018წ. #18813 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი, ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. სტურუა
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე