Facebook Twitter

საქმე #ბს-398(კ-21) 21 ოქტომბერი, 2021 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე

ბიძინა სტურუა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ვ. მ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 23 თებერვლის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2019 წლის 26 ნოემბერს ვ. მ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის მიმართ.

მოსარჩელემ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 800 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მ. ტ-ის (პ/ნ ...) საკუთრებაში #... საკადასტრო კოდით რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2018 წლის 29 აგვისტოს #... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.

სარჩელის თანახმად, ვ. მ-ის მამკვიდრებელს - რ. ტ-ეს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში საკუთრებაში გააჩნდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომლის ნაწილიც მ. ტ-ემ უკანონოდ აღრიცხა თავის სახელზე.

გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 17 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება მ. ტ-ე.

გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 3 იანვრის დროებითი განჩინებით საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, მოცემული დავის დასრულებამდე, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე #... საკადასტრო კოდით მ. ტ-ის სახელზე რიცხული უძრავი ქონების გასხვისების, იპოთეკითა და სხვა უფლებით დატვირთვის რეგისტრაცია აეკრძალა.

გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 22 იანვრის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ თ. მ-ე, გ. ზ. და რ. ტ-ეები.

გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 10 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა; ვ. მ-ის სარჩელი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 800 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მ. ტ-ის (პ/ნ ...) საკუთრებაში #... საკადასტრო კოდით რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2018 წლის 29 აგვისტოს #... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა; გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 3 იანვრის დროებითი განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, მოცემული დავის დასრულებამდე, აეკრძალა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე #... საკადასტრო კოდით მ. ტ-ის სახელზე რიცხული უძრავი ქონების გასხვისების, იპოთეკითა და სხვა უფლებით დატვირთვის რეგისტრაცია.

გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 10 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ. მ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 23 თებერვლის განჩინებით ვ. მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 10 მარტის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 23 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ვ. მ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის მითითებით, დარღვეულია მისი, როგორც მემკვიდრის საქართველოს კონსტიტუციით დაცული და აღიარებული საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება. კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლომ არ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე, 105-ე მუხლები, ასევე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.2 მუხლი.

კასატორის განმარტებით, გასაჩივრებულია მ. ტ-ის საკუთრება სადავო უძრავ ქონებაზე, შესაბამისად, სადავოდ იქნა ქცეული ყველა ის დოკუმენტაცია, რომლის საფუძველზეც, მ. ტ-ემ დაირეგისტრირა საკუთრება. კასატორის მითითებით, სადავო იყო ყველა დოკუმენტაცია, რაც წარდგენილ იქნა საჯარო რეესტრში სადავო საკუთრების რეგისტრაციისას და საბოლოოდ, საკუთრების უფლების შესახებ რეგისტრაცია. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ სადავო უძრავი ქონება წარმოადგენს რ. ტ-ის საკუთრებას.

კასატორის მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლოში მ. ტ-ის მიერ აღიარებულ იქნა, რომ სადავო მიწის ნაკვეთი გახლდათ რ. ტ-ის საკუთრება და საარქივო ცნობით წარმოდგენილი 800 კვ.მ მიწის ნაკვეთი არ არის სადავო ნაკვეთი. კასატორი აღნიშნავს, რომ უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმი არ წარმოადგენს დოკუმენტს, რომელიც უნდა გასაჩივრებულიყო. მხოლოდ აღნიშნულ ოქმზე დაყრდნობით ეთქვა უარი მოსარჩელეს, რომლისთვისაც ძნელია, უსამართლოდ დაკარგოს მამაპაპისეული სახლი, რაც მემკვიდრეობით ეკუთვნის.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 24 მაისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ვ. მ-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ვ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

მოცემული დავის ფარგლებში, მოსარჩელის მიერ გასაჩივრებულია რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2018 წლის 29 აგვისტოს #... გადაწყვეტილება, რომლითაც გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 800 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ ...) აღირიცხა მ. ტ-ის (პ/ნ ...) საკუთრებაში.

ვ. მ-ის სარჩელი ეფუძნება იმ გარემოებას, რომ მ. ტ-ემ უძრავი ქონების დაზუსტებული რეგისტრაციისას საჯარო რეესტრში წარადგინა საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რაც არ შეესაბამება იურიდიულ და ფაქტობრივ მდგომარეობას. მოცემული რეგისტრაციით კი, მის საკუთრებაში მოექცა რ. ტ-ის კუთვნილი მიწის ნაკვეთი. ამდენად, მოცემული დავის ფარგლებში მნიშვნელოვანია იმის დადგენა, მ. ტ-ის სახელზე განხორციელებული სადავო რეგისტრაციით მის საკუთრებაში მოექცა თუ არა ვ. მ-ის მამკვიდრებელ რ. ტ-ის კუთვნილი მიწის ნაკვეთი.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მოცემულ საქმეზე წარმოდგენილ სიტუაციურ ნახაზზე, სადაც ასახულია სისტემური აღწერის დაუზუსტებელი, დაურეგისტრირებელი (ე.წ. ყვითელი ფენა) და მხარეთა მიერ წარდგენილი დაზუსტებული მონაცემები (ე.წ. წითელი ფენა).

გორის მუნიციპალიტეტის მერიის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების #00072 ოქმით კი, დადგენილია მ. ტ-ის მიერ წარდგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზსა და გორის არქივის 2018 წლის 31 მაისის #27/74024 მიმართვაში („საარქივო ცნობაში“) ასახული მიწის ნაკვეთების იდენტურობა, რაც ერთ-ერთ საფუძვლად დაედო უძრავი ნივთის 2018 წლის 29 აგვისტოს მ. ტ-ის საკუთრებაში რეგისტრაციას.

სადავო სამართალურთიერთობის დროს მოქმედი „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის 14.3 მუხლის მიხედვით, საჭიროების შემთხვევაში, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა საპილოტო პროექტის ფარგლებში დგინდება მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. მოცემული ჩანაწერიდან გამომდინარე, გორის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლის #00072 ოქმი წარმოადგენს აღმჭურველი სახის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რაც კანონით დადგენილი წესით გასაჩივრებული და სადავოდ გამხდარი არ არის. შესაბამისად, მასში მოყვანილი გარემოებები ვ. მ-თან მიმართებით უტყუარად და დადასტურებულად უნდა იქნეს მიჩნეული.

ამდენად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საჯარო რეესტრში დაცული, რ. ტ-ის სახელზე არსებული სისტემური აღწერის მონაცემი დაუზუსტებელია, ამასთან, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების #00072 ოქმით დადგინდა მ. ტ-ის მიერ წარდგენილი საკადასტრო აზომვით ნახაზსა და გორის არქივის 2018 წლის 31 მაისის #27/74024 მიმართვაში (,,საარქივო ცნობაში") ასახული მიწის ნაკვეთების იდენტურობა, დაუსაბუთებელია მოსარჩელე ვ. მ-ის მითითება, რომ მ. ტ-ის საკუთრებაში მოექცა მისი მამკვიდრებილის - რ. ტ-ის კუთვნილი მიწის ნაკვეთი. ამასთან, დამატებით აღსანიშნავია, რომ კასატორი არ მიუთითებს ისეთ მტკიცებულებაზე, რომელიც უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმში მითითებული გარემოებების საწინააღმდეგო გარემოებას დაადასტურებდა.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა საკასაციო საჩივრისათვის შეადგენს დავის საგნის ღირებულების 5 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 300 ლარისა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, თუ კასატორს წინასწარ არ აქვს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი საკასაციო საჩივარზე და ასევე მას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გადავადებული აქვს სახელმწიფო ბაჟის გადახდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, მისი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად მიჩნევის შემთხვევაში, მას დაეკისრება გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის 30 პროცენტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორს - ვ. მ-ს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 24 მაისის განჩინებით სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის გადახდა მოცემულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე გადაუვადდა, კასატორს - ვ. მ-ს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 90 ლარის ოდენობით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ვ. მ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 23 თებერვლის განჩინება;

3. კასატორს - ვ. მ-ს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის – 90 ლარის გადახდა;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა