საქმე #ბს-632(კ-21) 21 ოქტომბერი, 2021 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
ბიძინა სტურუა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, დ. ქ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 29 აპრილის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2019 წლის 28 ივნისს დ. ქ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა სამტრედიის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების - ხონის მუნიციპალიტეტის მერიისა და ხონის მუნიციპალიტეტის მერიის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, ხონის მუნიციპალიტეტის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ 2019 წლის 17 მაისს მიღებული იქნა #6039 განკარგულება, რომლითაც ძალადაკარგულად გამოცხადდა ხონის მუნიციპალიტეტის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 20 მარტის #36 განკარგულება და ამავე კომისიის 2018 წლის 20 მარტის საკუთრების უფლების მოწმობა #33 თვითნებურად დაკავებული 2 658 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული 180.96 კვ.მ და 53.00 კვ.მ შენობა-ნაგებობაზე მოქალაქე დ. ქ-ესათვის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ. აღნიშნული განკარგულება მოსარჩელეს ჩაბარდა 2019 წლის 28 მაისს. მოპასუხე მხარის მიერ დ. ქ-ის მიმართ გაგზავნილ წერილში მითითებულია, რომ მართალია, საჯარო რეესტრის 2017 წლის 23 მაისს #183356 წერილის საფუძველზე, ხონის მუნიციპალიტეტის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ განიხილა დ. ქ-ის განცხადება, რომლის შემდგომ აღიარებულ იქნა მიწის ნაკვეთი დ. ქ-ის საკუთრებად, თუმცა, ახლად გამოვლენილი გარემოებებიდან გამომდინარე, კომისიის გადაწყვეტილებით ძალადაკარგულად გამოცხადდა ხონის მუნიციპალიტეტის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 20 მარტის #36 განკარგულება და ამავე კომისიის 2018 წლის 20 მარტის საკუთრების უფლების მოწმობა #33. სადავო აქტში აღნიშნულია, რომ გასაჩივრებული 2019 წლის 17 მაისის განკარგულების მიღების საფუძველია 2018 წლის 18 მაისის #39 588 ბრძანებით შექმნილი თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 10 მაისის #4 ოქმისა და მერიის პირველი მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის - გ. მ-ის მოხსენებითი ბარათი.
მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მოპასუხის მიერ მიღებული გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია. ადმინისტრაციული წარმოების პროცესში არასწორად იქნა დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, არასწორი შეფასება მიეცა წერილობით მასალებს. ამასთან, გასაჩივრებული გადაწყვეტილება პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს დ. ქ-ის უფლებასა და ინტერესს.
ამდენად, მოსარჩელემ ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 17 მაისის #6039 განკარგულების, ასევე, ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის #36 განკარგულებისა და #33 საკუთრების უფლების მოწმობის გაუქმების ნაწილში ამავე კომისიის 2019 წლის 10 მაისის სხდომის ოქმის ბათილად ცნობა მოითხოვა.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა ლ. მ-ე.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილებით დ. ქ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. ქ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 29 აპრილის განჩინებით დ. ქ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ კომისიის მიერ მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება ეფუძნებოდა უტყუარ მტკიცებულებებს, რომლის თანახმად, დ. ქ-ის საკუთრებად აღიარებული ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ს მეურნეობაში მდებარე 2658 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მოიცავდა 16.03.2017 წლის #170265496 სამკვიდრო მოწმობით დადგენილ ლ. მ-ის კუთვნილ სამკვიდრო ქონებას - 1 600 კვ.მ მიწის ნაკვეთს შენობა-ნაგებობებთან ერთად. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება, რომ ლ. მ-ის განცხადებაზე დართული მასალები არ ქმნიდა დ. ქ-ის სახელზე 2018 წლის 20 მარტს გაცემული განკარგულების და შესაბამისი საკუთრების მოწმობის ძალადაკარგულად გამოცხადების იურიდიულ საფუძველს. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის კონკრეტულ ურთიერთობაზე გასავრცელებლად სავალდებულო პირობას წარმოადგენს, საკუთრების უფლებით ასაღიარებელი მიწის ნაკვეთი წარმოადგენდეს სახელმწიფოს საკუთრებას და საქმის მასალებით უტყუარად დასტურდებოდეს მისი მართლზომიერად ან თვითნებურად ფლობის ფაქტი, ამასთან, იგი საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ უნდა იყოს განკარგული. გარდა ამისა, დასახელებულ ნორმაში მითითებული ელემენტები არა ალტერნატიული, არამედ კუმულაციური სახით არის რეგლამენტირებული და რომელიმე პირობის დაუდასტურებლობა, გამორიცხავს მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლებით აღიარებასთან დაკავშირებით მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 29 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა დ. ქ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი მიიჩნევს, რომ საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება ის ფაქტი, რომ დ. ქ-ის საკუთრებაში აღიარებული მიწის ნაკვეთი მოიცავს ხონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 1 მარტის გადაწყვეტილებითა და 2017 წლის 16 მარტს ნოტარიუსის მიერ გაცემული სამკვიდრო მოწმობით დადგენილ ლ. მ-ის კუთვნილ სამკვიდრო ქონებას. კასატორი თვლის, რომ ლ. მ-ის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებით არ დგინდებოდა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა.
კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ აღიარების კომისიაში განცხადება წარდგენილ იქნა არაუფლებამოსილი პირის (ნ. კ-ი) მიერ, შესაბამისად ადმინისტრაციული წარმოება კანონის დარღვევით წარიმართა. ამასთან, ხონის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 18 დეკემბრის ბრძანებით დაწყებული მარტივი ადმინისტრაციული წარმოება, კასატორის აზრით, არის ბუნდოვანი და უკანონო, ხონის მუნიციპალიტეტის მერს არ ჰქონდა უფლებამოსილება გამოეცა ბრძანება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე, განკარგულება კი დაეფუძნა, არაუფლებამოსილი პირის - მერიის პირველი მოადგილის - გ. მ-ის მოხსენებით ბარათს. ამასთან, სადავო გადაწყვეტილებები ისე იქნა მიღებული, რომ აქტის გამოცემის თაობაზე დ. ქ-ემ არაფერი იცოდა. გარდა ამისა, კასატორი მიიჩნევს, რომ ხონის მუნიციპალიტეტის მერიას არ ჰქონდა უფლებამოსილება, ემსჯელა სადავო აქტების კანონიერებაზე და ძალადაკარგულად გამოეცხადებინა ისინი, აღნიშნული აქტების კანონიერებას, სარჩელის აღძვრის შემთხვევაში, შეისწავლიდა სასამართლო.
კასატორი აღნიშნავს, რომ ქვედა ინსტანციების სასამართლოებს საქმის განხილვისას არ გაუთვალისწინებიათ, რომ სადავო ნაკვეთი გადაწყვეტილების გამოტანამდე სხვა პირის - დემეტრე ქაროსანიძის სახელზე იყო აღრიცხული, რომელმაც დავის შესახებ არაფერი იცოდა და არ ყოფილა მოწვეული საქმის განხილვაში.
კასატორის მითითებით, 2016 წლის 1 დეკემბრის საარქივო ცნობის შესაბამისად, ჟორა მიქაუტაძის კომლს 1986-1989 წლების ჩანაწერებით პირად საკუთრებაში ერიცხება 1962 წელს აგებული საცხოვრებელი სახლი, საერთო სასარგებლო ფართი - 64 კვ.მ და 198-1988 წლების ჩანაწერებით მიწის ნაკვეთის ფართობი - 0.16 ჰა. 1989-1995 წლების ქონებრივი მონაცემები მიწის ფართობის შესახებ კი მითითებული არ არის. ამდენად, კასატორის მოსაზრებით, აწ უკვე ბათილად ცნობილი საკუთრების უფლების #33 მოწმობით და აღიარების კომისიის #36 განკარგულებით დ. ქ-ის სახელზე საკუთრების უფლებით აღიარებულ იქნა ხონის მუნიციპალიტეტის სოფ. ...ს მეურნეობაში მდებარე 2658 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 180.96 კვ.მ და 53 კვ.მ შენობა-ნაგებობები.
კასატორი მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ გადაწყვეტილება დააფუძნა ისეთ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებსა და არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს, სამოტივაციო ნაწილი ზოგადი და დაუსაბუთებელია და წარმოებისას დაირღვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 92-ე მუხლის მოთხოვნები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 19 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული დ. ქ-ის საკასაციო საჩივარი; კასატორს - დ. ქ-ეს სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის გადახდა მოცემულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე გადაუვადდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დ. ქ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 17 მაისის #6039 განკარგულების, ასევე, ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის #36 განკარგულებისა და #33 საკუთრების უფლების მოწმობის გაუქმების ნაწილში ამავე კომისიის 2019 წლის 10 მაისის სხდომის ოქმის კანონიერება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, თვითნებურად დაკავებული მიწა არის ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საკასაციო სასამართლო, ასევე, მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 51 მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის დასადასტურებლად დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს: ა) მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და მოწმის ჩვენება; ბ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, ხოლო ამ კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, რომელზედაც მითითებული უნდა იყოს მაგისტრალური მილსადენის ადგილმდებარეობა და მაგისტრალურ მილსადენსა და მიწის ნაკვეთს შორის მანძილი; გ) ინფორმაცია საკუთრების უფლების აღიარების საფასურის ოდენობის დასადგენად; დ) დაინტერესებული პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ასლები. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად კი, თუ დაინტერესებული პირის მოთხოვნა საკუთრების უფლების აღიარების შესახებ არ აკმაყოფილებს ამ კანონით განსაზღვრულ პირობებს ან განცხადებისათვის დართული დოკუმენტებით არ დასტურდება თვითნებურად დაკავების ფაქტი კომისია იღებს წერილობით გადაწყვეტილებას საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის თაობაზე.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის #376 დადგენილების მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს სასამართლოს აქტი, ორთოფოტო (აეროფოტოგადაღება), აბონენტად აყვანის დოკუმენტი, გადახდის ქვითარი ან/და სხვა დოკუმენტი.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2018 წლის 16 იანვარს #26789 წერილით კომისიის სახელზე განსახილველად შევიდა დ. ქ-ის დოკუმენტაცია. განხილული დოკუმენტაცია აკმაყოფილებდა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუტრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის #376 დადგენილების მოთხოვნებს. კომისიამ ხმების უმრავლესობით მიიღო გადაწყვეტილება მიწის აღიარების შესახებ, შესაბამისად, საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 20 მარტის #36 განკარგულებითა და საკუთრების უფლების #33 მოწმობით აღიარებულ იქნა დ. ქ-ის საკუთრებად 2658 კვ.მ მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული 180.00 კვ.მ და 53.00 კვ.მ შენობა-ნაგებობა.
2018 წლის 16 ნოემბერს ხონის მუნიციპალიტეტის მერიაში შევიდა მოქალაქე ლ. მ-ის წარმომადგენლის - ნ. კ-ის განცხადება. თანდართული დოკუმენტებით გაირკვა, რომ დ. ქ-ის საკუთრებად აღიარებული მიწის ნაკვეთი მოიცავს ლ. მ-ის საკუთრებაში სასამართლო წესით გადაცემულ სამკვიდრო ქონების ნაწილს, კერძოდ, 1600 კვ.მ მიწის ნაკვეთს ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ს მეურნეობაში, რომელიც მის უძრავ ქონებასთან ერთად მოხვდა დ. ქ-ის საკუთრებაში. ასევე ირკვევა, რომ ლ. მ-ემ მიმართა საჯარო რეესტრს თავისი მიწის რეგისტრაციისათვის. საჯარო რეესტრის მონაცემებით ადგილი ჰქონდა მიწების ნახაზების ზედდების ფაქტს, რაც დასტურდება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 7 სექტემბრის #... გადაწყვეტილებით. ახლადაღმოჩენილ ფაქტიურ გარემოებად იქნა მიჩნეული ის ფაქტი, რომ დ. ქ-ისთვის აღიარებული მიწის ნაკვეთი მოიცავს ლ. მ-ისთვის სასამართლო გადაწყვეტილებით მიკუთვნებულ სამკვიდრო ქონებას, ხოლო ახლად გამოვლენილ გარემოებად - სენაკის სასამართლოს გადაწყვეტილება ლ. მ-ისათვის სამკვიდრო ქონების გადაცემის შესახებ. მტკიცებულებად მხარემ წარადგინა სენაკის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 1 მარტის გადაწყვეტილება იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დადგენაზე, საჯარო რეესტრის გადაწყვეტილება, ნახაზი, საარქივო ცნობები და 2017 წლის 16 მარტს ნოტარიუს გ. გ-ას მიერ გაცემული სამკვიდრო მოწმობა, რომლის თანახმად, ლ. მ-ე არის სოფელ ...ს მეურნეობაში მდებარე სამკვიდრო უძრავი ქონების მესაკუთრე. ამასთან, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 7 სექტემბრის გადაწყვეტილებით დგინდება, რომ ლ. მ-ის განცხადებით მოთხოვნილი სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია ზედდებაშია დ. ქ-ის განცხადებით წარმოებაში მყოფ უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებთან. კომისიამ, როგორც კოლეგიურმა ორგანომ, შესაბამისი პროცედურის დაცვით განიხილა განცხადებაში დასმული საკითხი და მიიღო გადაწყვეტილება მის მიერვე მიღებული გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ. კომისიის თავმჯდომარის 2019 წლის 17 მაისის #6039 განკარგულებით ძალადაკარგულად გამოცხადდა 2018 წლის 20 მარტის #36 განკარგულება დ. ქ-ის განცხადების დაკმაყოფილების შესახებ და #33 საკუთრების უფლების მოწმობა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩააბას დაინტერესებული მხარე მისი მოთხოვნის საფუძველზე, ხოლო კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში ვალდებულია უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი კი განსაზღვრავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა, და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. ამავე კოდექსის 108-ე მუხლის პირველი ნაწილი კი განსაზღვრავს, რომ თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანო აცნობებს ყველა დაინტერესებულ მხარეს ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ და უზრუნველყოფს მათ მონაწილეობას ადმინისტრაციულ წარმოებაში.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ განსახილველ შემთხვევაში, ის ფაქტი, რომ შესაბამისი ბრძანების საფუძველზე დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება ლ. მ-ის წარმომადგენლის - ნ. კ-ის განცხადების საფუძველზე დ. ქ-ისათვის მიწის საკუთრებაში გადაცემის განკარგულებისა და საკუთრების მოწმობის გაცემის ფაქტზე და მერიის მხრიდან მიმდინარეობდა მსჯელობა განცხადებაში დასმულ საკითხებზე, არ ცვლის საქმის არსს, ვინაიდან საქმის მასალებით უდავოდ დგინდება, რომ საბოლოოდ სწორედ აღიარების კომისიამ იმსჯელა ლ. მ-ის განცხადებასთან დაკავშირებით, კომისიის წევრებმა უყარეს კენჭი განცხადებაში დასმული საკითხის გადაწყვეტას, რაც ასახულია კოლეგიური ორგანოს სხდომის ოქმში და შედეგები დადასტურებულია საოქმო გადაწყვეტილებითა და განკარგულებით. ამდენად, სადავო აქტის გამოცემის პროცესში კომისიის მხრიდან არ ჰქონია ადგილი კანონის ისეთ დარღვევას, რომლის არარსებობის პირობებში მიღებული იქნებოდა დ. ქ-ის სასარგებლო გადაწყვეტილება.
საკასაციო პალატა ასევე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ კომისიის მიერ მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება ეფუძნება უტყუარ მტკიცებულებებს, რომლის თანახმად, დ. ქ-ის საკუთრებად აღიარებული ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ს მეურნეობაში მდებარე 2658 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მოიცავდა 2017 წლის 16 მარტის #170265496 სამკვიდრო მოწმობით დადგენილ ლ. მ-ის კუთვნილ სამკვიდრო ქონებას - 1 600 კვ.მ მიწის ნაკვეთს შენობა-ნაგებობებთან ერთად. „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის კონკრეტულ ურთიერთობაზე გასავრცელებლად სავალდებულო პირობას წარმოადგენს საკუთრების უფლება ასაღიარებელი მიწის ნაკვეთი წარმოადგენდეს სახელმწიფოს საკუთრებას და საქმის მასალებით უტყუარად დასტურდებოდეს მისი მართლზომიერად ან თვითნებურად ფლობის ფაქტი. ამასთან, იგი საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ უნდა იყოს განკარგული. გარდა ამისა, დასახელებულ ნორმაში მითითებული ელემენტები არა ალტერნატიული, არამედ კუმულაციური სახით არის რეგლამენტირებული და რომელიმე პირობის დაუდასტურებლობა, გამორიცხავს მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლებით აღიარებასთან დაკავშირებით მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ლ. მ-ის განცხადებაზე დართული მასალები ქმნიდა დ. ქ-ის სახელზე ხონის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ 2018 წლის 20 მარტს გაცემული განკარგულებისა და შესაბამისი საკუთრების მოწმობის ძალადაკარგულად გამოცხადების იურიდიულ საფუძველს, რამდენადაც დ. ქ-ის საკუთრებად აღიარებული უძრავი ქონება წარმოადგენდა არა სახელმწიფო საკუთრებას, არამედ - ლ. მ-ის სამკვიდრო ქონებას, რაც იმთავითვე გამორიცხავდა დასახელებული უძრავი ქონების სხვის საკუთრებად აღიარების შესაძლებლობას.
რაც შეეხება ნ. კ-ის უფლებამოსილების საკითხს, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილია 2018 წლის 16 ნოემბრის განცხადება, რომლითაც ნ. კ-მა მიმართა ხონის მუნიციპალიტეტის მერიას და შეატყობინა, რომ დ. ქ-ის საკუთრებაში აღიარებული მიწის ნაკვეთი მოიცავდა ლ. მ-ის საკუთრებაში სასამართლო წესით გადაცემულ სამკვიდროს ქონების ნაწილს - 1600 კვ.მ მიწის ნაკვეთს, უძრავ ქონებასთან ერთად. აღნიშნულ განცხადებას ერთვის ლ. მ-ის მიერ ნ. კ-ის სახელზე 2018 წლის 17 ოქტომბერს გაცემული #181283225 რწმუნებულება, რომელშიც მითითებულია, რომ ნ. კ-ი „მარწმუნებელს წარმოადგენს ნებისმიერ სახელმწიფო და საზოგადოებრივ დაწესებულებებში, ადმინისტრაციულ ორგანოებში და ა.შ... რწმუნებული უფლებამოსილია შეასრულოს ნებისმიერი მოქმედება, რაც პირდაპირ არ არის მითითებული რწმუნებულებაში, მაგრამ აუცილებელია მარწმუნებლის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად“. აღნიშნული რწმუნებულება ძალაში იყო 2019 წლის 17 ოქტომბრის ჩათვლით, შესაბამისად, განცხადების წარდგენის მომენტისთვის ნ. კ-ს ჰქონდა სათანადო უფლებამოსილება, რომ ლ. მ-ის სახელით განეხორციელებინა შესაბამისი მოქმედებები.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა საკასაციო საჩივრისათვის შეადგენს დავის საგნის ღირებულების 5 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 300 ლარისა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, თუ კასატორს წინასწარ არ აქვს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი საკასაციო საჩივარზე და ასევე მას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გადავადებული აქვს სახელმწიფო ბაჟის გადახდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, მისი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად მიჩნევის შემთხვევაში, მას დაეკისრება გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის 30 პროცენტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორს - დ. ქ-ეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 19 ივლისის განჩინებით სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის გადახდა მოცემულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე გადაუვადდა, კასატორს - დ. ქ-ეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 90 ლარის ოდენობით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დ. ქ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 29 აპრილის განჩინება;
3. კასატორს – დ. ქ-ეს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის – 90 ლარის გადახდა;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა