საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-697(კ-21) 30 ნოემბერი, 2021 წელითბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ს. მ-ი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 10 ივნისის განჩინება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:ს. მ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, იგი არის ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე. 2018 წლიდან ცხოვრობს საქართველოში მეუღლესთან ერთად. საქართველოში, თბილისსა და ბათუმში ფლობს ორ უძრავ ქონებას. ორჯერ მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დროებითი ბინადრობის ნებართვის გაცემის მოთხოვნით და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ორივეჯერ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა.
სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2020 წლის 2 მარტის №1000702958 გადაწყვეტილებით კვლავ დაკმაყოფილდა მოსარჩელის 2020 წლის 3 თებერვლის განცხადება და მას საქართველოში მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა გაუგრძელდა 2021 წლის 4 მარტამდე.
2020 წლის 5 მარტის №1000702958/5 გადაწყვეტილებით მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ გაურკვეველი მიზეზების გამო, ,,უცხოელთა დ მოქალაქეობის არ მქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონი 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ძალადაკარგულად ცნო სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2020 წლის 2 მარტის №1000702958 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ს. მ-ისათვის საქართველოში მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ. მოსარჩელე აღნიშნულ გადაწყვეტილებას კატეგორიულად არ ეთანხმება, რადგან არ არის ნასამართლევი, არც შემჩნეულია რაიმე კანონსაწინააღმდეგო საქმიანობაში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2020 წლის 5 მარტის №1000702958/5 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ს. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2020 წლის 5 მარტის №1000702958/5 გადაწყვეტილება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 10 ივნისის განჩინებით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 10 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ.
კასატორის განმარტებით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ბინადრობის ნებართვა არის საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად ყოფნის უფლება, ხოლო ბინადრობის ნებართვის მოწმობა – იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტი, რომელიც ეხმარება უცხო ქვეყნის მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე პირს ჩაებას სხვადასხვა სახის სამართლებრივ ურთიერთობებში, ისარგებლოს საბანკო, სადაზღვევო, სამედიცინო და სხვა, მსგავსი ტიპის მომსახურებით. შესაბამისად, სახელმწიფო, გასცემს რა ბინადრობის მოწმობას უცხოელზე, იღებს ვალდებულებას უზრუნველყოს მისი უფლებების და თავისუფლებების დაცვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე. ეს გულისხმობს გარკვეული პრივილეგიების მინიჭებას კონკრეტული პირისათვის დროის იმ მონაკვეთში, რა პერიოდშიც უცხოელი კანონიერად იმყოფება საქართველოში.
საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გადაწყვეტილება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ვ" ქვეპუნქტის შესაბამისად, წარმოადგენს აღმჭურველ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების უფლება აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე" ქვეპუნქტით დადგენილი წესით კი ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის ძალადაკარგულად გამოაცხადოს კანონის შესაბამისად გამოცემული აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, გარდა იმ შემთხვევისა, თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოება, აგრეთვე შესაბამისი სამეცნიერო-ტექნიკური აღმოჩენა ან გამოგონება, რაც ადმინისტრაციულ ორგანოს ართმევს შესაძლებლობას გამოსცეს ასეთი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და ადმინისტრაციული აქტის მოქმედებამ შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ინტერესებს.
,,საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის მე-15 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, სააგენტო უფლებამოსილია, შეუწყვიტოს უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა, თუ მისთვის ცნობილი გახდება ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" საქართველოს კანონის 21–ე მუხლით განსაზღვრული საქართველოში ყოფნის ვადის შეწყვეტის საფუძვლების არსებობის შესახებ.
კასატორის მითითებით, სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ძალადაკარგულად იქნა ცნობილი სწორედ ზემოაღნიშნული კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ" ქვეპუნქტის საფუძველზე. სააგენტომ 2020 წლის 4 მარტის N SSG 2 20 00035546 წერილი მიიღო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან.
,,კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, კონტრდაზვერვითი საქმიანობა გასაიდუმლოებულია. ამ საქმიანობის ამსახველი დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას. „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად, საქართველოში კონტრდაზვერვით საქმიანობას ახორციელებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტი. შესაბამისად, სააგენტო დაეყრდნო ამ კომპეტენტური ორგანოს მიერ წარმოდგენილ დასკვნას და უპირატესობა მიანიჭა საჯარო ინტერესს, მაშინ როდესაც საკითხი ეხებოდა სახელმწიფო უსაფრთხოებას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 13 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში სადავოა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოსარჩელისთვის მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების კანონიერება.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ უცხოელთა საქართველოში შემოსვლის, ყოფნის, ტრანზიტით გავლისა და საქართველოდან გასვლის სამართლებრივ საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებსა და მოვალეობებს არეგულირებს საქართველოს კანონი „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“, რომლის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე საქართველოში ბინადრობის ნებართვას გასცემს სააგენტო. ამასთან, ბინადრობის ნებართვის მოპოვების საფუძვლებისა და მიზნების გათვალისწინებით, საქართველოში გაიცემა რამდენიმე სახის ბინადრობის ნებართვა, მათ შორის, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის ერთ-ერთი სახეა მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა. ამასთან, ვინაიდან ბინადრობის ნებართვის გაცემით უცხოელი მოიპოვებს საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორიაზე სხვადასხვა სახის სამართლებრივ ურთიერთობაში ჩაბმის შესაძლებლობას, ხოლო სახელმწიფო კისრულობს მისი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას საქართველოს ტერიტორიაზე, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლით დეტალურად და ამომწურავად არის გაწერილი საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები. ხოლო ამავე კანონის 21-ე მუხლში რეგლამენტირებულია საქართველოში ყოფნის ვადის შეწყვეტის საფუძვლები, ერთი-ერთი მათგანია ამავე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფუძველი, რომლის შესაბამისად, უცხოელს საქართველოში ყოფნის ვადა შეიძლება შეუწყდეს, თუ იგი ახორციელებს საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებულ „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესზე“ განსაზღვრულია უცხოელისათვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის წესი და პირობები. მითითებული წესის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვა ავტომატურად უქმდება მისი მოქმედების ვადის ამოწურვისას. სააგენტო უფლებამოსილია, შეუწყვიტოს უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა, თუ მისთვის ცნობილი გახდება კანონის 21-ე მუხლით განსაზღვრული საქართველოში ყოფნის ვადის შეწყვეტის საფუძვლების არსებობის შესახებ. უცხოელისთვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის ვადის შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია მიეწოდება შესაბამის სახელმწიფო უწყებებს ელექტრონული ან წერილობითი ფორმით. სახელმწიფო ორგანოები და იურიდიული და/ან ფიზიკური პირები ვალდებულნი არიან, სააგენტოს აცნობონ უცხოელისთვის საქართველოში ყოფნის ვადის შეწყვეტის საფუძვლების შესახებ. სახელმწიფო ორგანო, რომლისგანაც სერვისების განვითარების სააგენტოს შეუძლია, მიიღოს ინფორმაცია უცხოელის მიერ ქვეყნისა და საზოგადოებისთვის საფრთხის შექმნის თაობაზე, არის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტი, რომელიც, „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლიდან გამომდინარე, ეწევა ქვეყანაში ერთიანი კონტრდაზვერვითი საქმიანობის ორგანიზაციასა და სპეციალური სამსახურების საქმიანობის კოორდინაციას.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ს. მ-ი არის ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე. საქართველოს შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის 2020 წლის 4 თებერვლის ამონაწერის თანახმად, ს. მ-ის შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება. ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს მიერ 2020 წლის 8 იანვარს გაცემული №1511/2/74530 ცნობის თანახმად, ს. მ-ი არ არის ნასამართლევი ირანში.
სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 5 აპრილის №1000598513 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ს. მ-ის 2018 წლის 13 მარტის განცხადება და ს. მ-ს მიეცა საქართველოში მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა 2019 წლის 12 აპრილამდე.
სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 12 მარტის №1000654414 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ს. მ-ის 2019 წლის 11 თებერვლის განცხადება და მას საქართველოში მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა გაუგრძელდა 2020 წლის 13 მარტამდე.
სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2020 წლის 2 მარტის №1000702958 გადაწყვეტილებით კვლავ დაკმაყოფილდა ს. მ-ის 2020 წლის 3 თებერვლის განცხადება და მას საქართველოში მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა გაუგრძელდა 2021 წლის 4 მარტამდე.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2020 წლის 4 მარტის №SSG 2 20 00035546 წერილით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ეცნობა, რომ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტების გათვალისწინებით, ს. მ-ს უნდა შეუწყდეს მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა.
სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2020 წლის 5 მარტის №1000702958/5 გადაწყვეტილებით ძალადაკარგულად გამოცხადდა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2020 წლის 2 მარტის №1000702958 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ს. მ-ის საქართველოში მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ უცხოელისათვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის მინიჭების საკითხის გადაწყვეტა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. ამავე კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. ამდენად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი იმპერატიულად მოითხოვს, დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების დროს დაცული იყოს საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპი, რომლის შინაარსი მდგომარეობს საჯარო და კერძო ინტერესების თანაზომიერ გაწონასწორებასა და მათ მართლზომიერ დაბალანსებაში.
საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის განმარტებას იმის თაობაზე, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გადაწყვეტილება საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ წარმოადგენს აღმჭურველ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და განმარტავს, რომ მხოლოდ აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო არის უფლებამოსილი, თავისი ინიციატივით გადაამოწმოს მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების საკითხი მისი კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომ, რაც თავის მხრივ, მმართველობის კანონიერების პრინციპის უზრუნველყოფას ემსახურება. იმ შემთხვევაში, თუ აქტი აღმჭურველი ხასიათისაა, მისი კანონიერების გადამოწმებისას აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეაფასოს აქტის ადრესატის კანონიერი ნდობის უფლება, როგორც ეს გათვალისწინებულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-4-მე-7 ნაწილებით.
აქტის გამომცემმა ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამოარკვიოს: მიუხედავად აქტის უკანონობისა, ექცევა თუ არა იგი ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60I მუხლის მე-4 ნაწილის პირველი წინადადებით განსაზღვრულ კატეგორიაში, რადგან გატარებული მმართველობითი ღონისძიების სტაბილურობის და პირის კანონიერი ნდობის დაცვის უზრუნველსაყოფად კანონმდებელი განსაკუთრებული სამართლებრივი დაცვის ობიექტად აცხადებს თვით კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და ადგენს მისი გაბათილების დაუშვებლობის სტანდარტს, პირის კანონიერი ნდობის არსებობის პირობებში.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, თუ აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განხორციელდა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება, ანუ ადრესატმა დახარჯა ის ფინანსური შემოსავლები (უმუშევრობის დახმარება, სტიპენდია, ერთჯერადი სოციალური დახმარებები და ა.შ.), რომელიც მან მიიღო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე და რომლის უკან დაბრუნება შეუძლებელია, ან მისი ამოღების შედეგად მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება ამ სიკეთეს, არ შეიძლება ასეთი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილად გამოცხადდეს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით და ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციის ფარგლებში, უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, ვინაიდან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას, ხოლო ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. აღნიშნული ნორმების სტრუქტურული შინაარსი გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან გადაწყვეტილებების მიღებისას, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში იმ სამართლებრივი და ფაქტობრივი წინამძღვრების მითითების ასახვის ვალდებულებას, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი.
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების და 2021 წლის 20 სექტემბრის მიმართვით საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილი ინფორმაციის გაცნობის შედეგად, რომელიც „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლიდან გამომდინარე, სახელმწიფო საიდუმლოებას წარმოადგენს და მხარეებისთვის ხელმისაწვდომი არ არის, მიიჩნევს, რომ არ დასტურდება ის გარემოებები, რომლის თანახმად, მოსარჩელე შესაძლოა წარმოადგენდეს საფრთხეს საქართველოს უსაფრთხოებისათვის. ამასთან, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ შეიცავს დასაბუთებას თუ რა დამატებითი მასალები გამოითხოვა, შეისწავლა და რის საფუძველზე მიიღო ადმინისტრაციულმა ორგანომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც რამდენჯერმე იყო გაგრძელებული მოსარჩელის სახელზე გაცემული მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის ვადა. ამასთან საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტაციით დასტურდება, რომ ბინადრობის მაძიებელ პირს საქართველოში გააჩნია უძრავი ქონება და ასევე, ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს მიერ გაცემული ცნობის თანახმად, არ არის ნასამართლევი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასკვნას და მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე გადაწყვეტილების დაფუძნება მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარზე 03.08.2021წ. №12592 საგადახდო მოთხოვნით გადახდილია სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (ს/კ 202307404) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 10 ივნისის განჩინება;
3. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (ს/კ 202307404) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 03.08.2021წ. №12592 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. სტურუა
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე