Facebook Twitter

№ბს-519(2კს-21) 25 ნოემბერი, 2021 წელი

ქ.თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მესამე პირი (სასკ 16.2)) - ე. ე-ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - სს ,,...ი“

მოპასუხე - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიურო

მესამე პირები (სასკ 16.2) - შპს „ლ...ი“, დ. ა-ი;

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 10 მარტის განჩინება

დავის საგანი - სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2017 წლის 22 ნოემბერს სს ,,...მა“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხე - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართ.

მოსარჩელემ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროსათვის, კანონით დადგენილ ვადაში, ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული იძულებითი სააღსრულებო მოქმედებების განხორციელების დავალება (თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 10 სექტემბერს გაცემული №...სააღსრულებო ფურცლის აღსრულების მიზნით, მათ შორის, იძულებითი აუქციონის გამოცხადება იპოთეკით და გირავნობით დატვირთულ შემდეგ ქონებებზე: ა) ე. ე-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მდებარე, ქ. თბილისი, ...ის ქუჩა ..., ბინა 17, ს/კ ...; ბ) ე. ე-ის საკუთრებაში არსებულიუძრავი ქონების მდებარე, ქ. თბილისი, ...ის ქუჩა ..., ბინა 18, ს/კ ...; გ) დ. ა-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მდებარე, ქ. თბილისი, ...ის ქუჩა ..., ს/კ ...; დ) 2009 წლის 13 მაისის გირავნობის ხელშეკრულებით №593791-1 გირავნობით დატვირთული შპს ,,ლ...ის“ საკუთრებაში არსებული სასაქონლო მარაგები (ტელევიზორები, მუსიკალური ცენტრები, კომპიუტერები, ფოტოაპარატები, მუსიკალური ტექნიკა და სხვა)) და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროსთვის სს ,,...ის“ სასარგებლოდ ზიანის - აღსასრულებელი მოთხოვნის ოდენობის - 923, 397. 40 აშშ დოლარის და გაწეული ხარჯის - 60, 563.81 წლიური 8.6 %-ის ოდენობით, 2016 წლის 27 ოქტომბრიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს 10.09.2012 წელს გაცემული №...სააღსრულებო ფურცელში მითითებული ყველა ქონების აუქციონის მეშვეობით რეალიზაციამდე, ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ე. ე-ი, შპს „ლ...ი“ და დ. ა-ი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 08 დეკემბრის გადაწყვეტილებით სს ,,...ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს დაევალა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2012 წლის 10 სექტემბერს გაცემული №... სააღსრულებო ფურცლის იძულებითი აღსრულება შემდეგ ნაწილში: დავალიანების დაფარვის მიზნით სესხის უზრუნველსაყოფად გირავნობით დატვირთული შემდეგი ქონების - 2009 წლის 13 მაისის გირავნობის ხელშეკრულებით №593791-1 გირავნობით დატვირთული შპს „ლ...ის“ საკუთრებაში არსებული სასაქონლო მარაგების (ტელევიზორები, მუსიკალური ცენტრები, კომპიუტერები, ტოფოაპარატები, მუსიკალური ტექნიკის და სხვა) სარეალიზაციოდ მიქცევა; დანარჩენ ნაწილში სს „...ს“ უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 08 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ე. ე-მა, შპს ,,ლ...მა“, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიურომ და სს ,,...მა“.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 10 მარტის განჩინებით ე. ე-ის და შპს ,,ლ...ის“ სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 08 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველი.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 11 თებერვლის განჩინებით აპელანტებს დაუდგინდათ ხარვეზი და დაევალათ სასამართლოსთვის წარმოედგინათ დასაბუთებული სააპელაციო საჩივარი, სააპელაციო საჩივრის ასლები და მტკიცებულება სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებასთან დაკავშირებით ან სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის ოდენობით გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი. განჩინების ასლი კანონით დადგენილი წესით გაეგზავნა სააპელაციო საჩივრის ავტორების წარმომადგენელს მ. ჯ-ას და ჩაბარდა პირადად - 2021 წლის 18 თებერვალს.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 11 თებერვლის განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების ვადის ათვლა დაიწყო 2021 წლის 19 თებერვლიდან და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დასრულდა 25 თებერვალს, ხუთშაბათს, სამუშაო დღეს. ხოლო აპელანტების წარმომადგენელმა მ. ჯ-ამ ხარვეზის შევსების თაობაზე განცხადება სასამართლოში წარადგინა 2021 წლის 01 მარტს, სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელ 2021 წლის 27 თებერვლის ქვითართან ერთად.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარემ არ შეასრულა საპროცესო მოვალეობა სასამართლოს მიერ საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის დადგენილ 7 დღიან ვადაში. ამასთან, აპელანტებს განცხადებაში არ მიუთითებიათ ხარვეზის შესახებ განჩინებით დადგენილი ვადის გაშვების საპატიო მიზეზი, რის საფუძველზეც სააპელაციო სასამართლომ საჩივარი განუხილველად დატოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 10 მარტის განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე კერძო საჩივრით გაასაჩივრა ე. ე-მა.

კერძო საჩივრის ავტორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და მიუთითებს, რომ 2021 წლის 25 თებერვლის მდგომარეობით ქვეყანაში არსებული სატრანსპორტო გადაადგილების შეზღუდვის გამო, მან დროულად ვერ მოახერხა სახელმწიფო ბაჟის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა სასამართლოში. ამდენად მას უკანონოდ მიაჩნია სააპელაციო საჩივრის მიღებაზე უარის თქმა, იმ საფუძვლით, რომ დოკუმენტაცია 2 დღის დაგვიანებით წარადგინა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 08 ივლისის განჩინებით ე. ე-ის კერძო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული და მისი განხილვა დაინიშნა ზეპირი მოსმენის გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ე. ე-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ ხდის მის მიერ წარდგენილი სააპელაციო საჩივრის, დადგენილი ხარვეზის დროულად შეუვსებლობის საფუძვლით განუხილველად დატოვებას.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოსათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამავე მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო. საპროცესო ვადის ხანგრძლივობის განსაზღვრისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს იმ საპროცესო მოქმედების შესრულების შესაძლებლობა, რისთვისაც ეს ვადა დაინიშნა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 11 თებერვლის განჩინებით აპელანტს - ე. ე-ს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი და განემარტა, რომ ხარვეზის დადგენილ ვადაში (7 დღე) შეუვსებლობის შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი. განჩინების ასლი კანონით დადგენილი წესით გაეგზავნა სააპელაციო საჩივრის ავტორის წარმომადგენელს მ. ჯ-ას და ჩაბარდა პირადად - 2021 წლის 18 თებერვალს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამდენად, კერძო საჩივრის ავტორს ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადის ათვლა დაეწყო - 19 თებერვლიდან და დასრულდა 25 თებერვალს. ხოლო, განცხადება ხარვეზის შევსების თაობაზე სასამართლოში წარადგინა 2021 წლის 01 მარტს. განცხადებას თან ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის 2021 წლის 27 თებერვალს გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 65-ე მუხლზე, რომლის მიხედვითაც, საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება აღადგინოს, თუ ცნობს, რომ საპროცესო მოქმედება საპატიო მიზეზით არ შესრულდა. საპატიო მიზეზად ჩაითვლება ამ კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული გარემოებები, კერძოდ, მითითებული ნორმის თანახმად, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ამრიგად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული საპროცესო ვადა შეიძლება აღდგეს, თუ მხარე დაადასტურებს კანონმდებლობით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობას - მხარის ბრალის გარეშე ხსენებულ ვადაში კონკრეტული ქმედების განხორციელების ობიექტურ შეუძლებლობას.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ კერძო საჩივრის ავტორისათვის დადგენილი ხარვეზის გამოსწორებისათვის განსაზღვრული პერიოდისთვის (17.02.2021 წ. – 25.02.2021 წ.) საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებით დამტკიცებული „იზოლაციისა და კარანტინის წესებით“, მიმოსვლასთან დაკავშირებით, მათ შორის, განსაზღვრული იყო შემდეგი შეზღუდვები: მუხლი 2.61. - საცხოვრებელ ადგილზე მოსახლეობის დარჩენის უზრუნველსაყოფად, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე იკრძალებოდა 21:00 საათიდან 05:00 საათამდე პირთა გადაადგილება, როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა; მუხლი 2.7. - იკრძალებოდა ტაქსით (M1 კატეგორია) გადაადგილებით მომსახურებისას 3-ზე მეტი პირის (მძღოლის ჩათვლით) გადაადგილება; მუხლი 2.71.ბ. - შეჩერებული იყო საქალაქთაშორისო მგზავრთა რეგულარული გადაყვანა M2 (ე. წ. მიკროავტობუსი) და M3 (ე.წ. ავტობუსი) კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით (გაუქმდა - საქართველოს მთავრობის 2021 წლის 24 თებერვლის №73 დადგენილებით); მუხლი 2.71.გ. - შეჩერებული იყო მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფუნქციონირება შაბათ-კვირას, მათ შორის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში ასევე მეტროპოლიტენის ფუნქციონირებაც შაბათ-კვირას (გაუქმდა - საქართველოს მთავრობის 2021 წლის 24 თებერვლის №73 დადგენილებით).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ როგორც საქმის მასალებით დგინდება, ე. ე-ის (თბილისი, ...ის ქუჩა №2ა.) და ასევე მისი წარმომადგენლის - მ. ჯ-ას (თბილისი, ...ის ქუჩა №113, ბინა №43) მისამართი იყო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო პერიოდისათვის არსებული, ახალი კორონავირუსით (COVID-19) გამოწვეულ პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვები კერძო საჩივრის ავტორს არსებითად არ ართმევდა და არ ურთულებდა დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოსწორების შესაძლებლობას.

ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ მხარეს ჰქონდა დადგენილი ხარვეზის შევსების ან/და სასამართლოსათვის ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადის გაგრძელების თხოვნით მიმართვის მცდელობა, რაც შეუძლებელი გახდა ახალი კორონავირუსით (COVID-19) გამოწვეული პანდემიის, მასთან დაკავშირებული ან/და სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებების გამო.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ე. ე-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 10 მარტის განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე, მე-60, 65-ე, 215-ე, 368-ე, 369-ე, 374-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ე. ე-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 10 მარტის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ქ. ცინცაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

გ. გოგიაშვილი