Facebook Twitter

№ბს-1325(კ-19) 25 ნოემბერი, 2021 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ვ. კ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 28 ივნისის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ საჯარო სამსახურის ბიურო; საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2016 წლის 19 სექტემბერს ვ. კ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროსა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართ.

მოსარჩელემ, სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შემდეგ, სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს 2016 წლის 12 აგვისტოს №04 განკარგულების ბათილად ცნობა, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიისა და საჯარო სამსახურის ბიუროსათვის მოსარჩელისათვის დაკისრებული ჯარიმის - 1000 (ათასი) ლარის ანაზღაურებისა და მოპასუხეებისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად სასამართლო და საადვოკატო ხარჯების ანაზღაურების დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით ვ. კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 28 ივნისის განჩინებით ვ. კ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 28 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ვ. კ-ის მიერ. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის მითითებით, იმ პირობებში, როდესაც პარლამენტის წევრობის მაჟორიტარი კანდიდატი, რომელიც არ წარმოადგენს ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ’’ კანონით გათვალისწინებულ „თანამდებობის პირს“, მაინც ითვლება ხსენებული კანონის სუბიექტად და ვალდებულია წარადგინოს დეკლარაცია, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მისთვის დეკლარაციის ვადაში წარუდგენლობის გამო მოსალოდნელი სამართლებრივი შედეგის თაობაზე შეუტყობინებლობა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლითა და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლით გათვალისწინებულ კანონის წინაშე თასწორობის პრინციპს. ამასთან, ვ. კ-ის მითითებით, დეკლარაციის ვადაში წარუდგენლობის გამო მოსალოდნელი სამართლებრივი შედეგის თაობაზე გაფრთხილებულ იქნენ პარლამენტის წევრობის სხვა კანდიდატები. გაფრთხილება გამოიხატა მოპასუხეთა ოფიციალურ ვებგვერდზე შესაბამისი ინფორმაციის განთავსებით და სატელეფონო კომუნიკაციით. ამდენად, ვ. კ-ის გაუფრთხილებლობა ეწინააღმდეგება ზემოხსენებულ კანონებს.

კასატორის მითითებით, იგი დარეგისტრირდა პარლამენტის წევრობის დამოუკიდებელ მაჟორიტარობის კანდიდატად. ამდენად, იგი დამოუკიდებელი იყო სხვა ნებისმიერი საარჩევნო სუბიქტებისაგან და წარმოადგენდა თითოეულის მათგანის კონკურენტს. კასატორი აღნიშნავს, რომ პარლამენტის წევრობის კანდიდატებსა და მას შორის არსებულ არათანაბარ პირობებზე მიუთითებს საქმეში არსებული ის მტკიცებულებები, რომელთა მიხედვით საჯარო სამსახურის ბიურომ არასამუშაო დღე (შაბათი) გამოაცხადა სამუშაო დღედ და ამით ხელი შეუწყო პარლამეტის წევრობის სხვა კანდიდატებს ვადის უკანასკნელ დღეს წარედგინათ დეკლარაცია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 02 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ვ. კ-ის საკასაციო საჩივარი.

ამასთან, მოსამართლე ვასილ როინიშვილის საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად არჩევის გამო, 2020 წლის 24 ივნისს საქმეთა ელექტრონული განაწილების სისტემის მეშვეობით ზემოაღნიშნული ადმინისტრაციული საქმე განაწილდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე ქეთევან ცინცაძეზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ვ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ №17 თელავის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის 2016 წლის 11 ივნისის №1/2016 განკარგულებით რეგისტრაციაში გატარდა საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისათვის №27-ე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ვ. კ-ის წარმდგენი საინიციატივო ჯგუფი, ხოლო ამავე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის 2016 წლის 26 ივნისის №3/2016 განკარგულებით რეგისტრაციაში გატარდა საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისათვის საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი პარლამენტის წევრობის მაჟორიტარი კანდიდატი - ვ. კ-ი.

2016 წლის 3 აგვისტოს საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით წარუდგინა ინფორმაცია რეგისტრირებულ მაჟორიტარ კანდიდატთა შესახებ.

საჯარო სამსახურის ბიუროს 2016 წლის 12 აგვისტოს №4 სადავო განკარგულებით, ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-5 პუნქტზე და მე-20 მუხლზე მითითებით, კანონით განსაზღვრულ ვადაში თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარუდგენლობისათვის ვ. კ-ი დაჯარიმდა 1000 (ათასი) ლარით. ამავე განკარგულებით ვ. კ-ს განემარტა, რომ ჯარიმა უნდა გადაეხადა ამ განკარგულების ოფიციალური გაცნობიდან არაუგვიანეს 30 დღისა. ჯარიმა გადახდილად ჩაითვლებოდა ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის საჯარო სამსახურის ბიუროში წარდგენის შემდეგ. ამასთან, ჯარიმის გადახდა არ ათავისუფლებდა თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულებისაგან. ჯარიმის დაკისრების შესახებ განკარგულების კანონიერ ძალაში შესვლიდან 2 კვირის ვადაში თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარუდგენლობა გამოიწვევდა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრებას.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ’’ კანონი ითვალისწინებს თანამდებობის პირის მიერ თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულებას, აგრეთვე, დეკლარაციის წარდგენის სამართლებრივ პირობებსა და მექანიზმს. ზემოხსენებული კანონის მე-14 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი ვალდებულია პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციიდან ერთი კვირის ვადაში, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი გამარტივებული ფორმით შეავსოს და წარადგინოს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია. ამავე კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ კანონის მე-14 მუხლით განსაზღვრულ ვადაში თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარუდგენლობა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, რის თაობაზედაც გამოიცემა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი – განკარგულება ჯარიმის დაკისრების შესახებ.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ მოსარჩელემ კანონით განსაზღვრულ ვადაში არ წარადგინა თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია, თუმცა ვ. კ-ის მითითებით, მას არ ჰქონდა დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება, ხოლო აღნიშნული ვალდებულების არსებობის შემთხვევაში, თავისმხრივ, სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს წარმოეშობოდა მისი დეკლარაციის ვადაში წარუდგენლობის გამო მოსალოდნელი სამართლებრივი შედეგის თაობაზე ინფორმირების ვალდებულება.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორის ზემოხსენებული მოსაზრება მოკლებულია ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველს, რადგან ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ’’ კანონი პირდაპირ ადგენს პარლამენტის წევრობის კანდიდატის მიერ დეკლარაციის შევსების ვალდებულებას. ამასთან, კანონმდებლობა არ ითვალწინებს სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს ვალდებულებას - გააფრთხილოს პარლმანენტის წევრობის კანდიდატი დეკლარაციის წარდგენის თაობაზე. საკასაციო სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ’’ კანონის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-14 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, საჯარო სამსახურის ბიურო თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის დადგენილ ვადაში წარუდგენლობისათვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით ინფორმაციას აწვდიდა მხოლოდ თანამდებობის პირს შესაბამისი საჯარო დაწესებულების უფლებამოსილი პირის, თანამდებობის პირის ან/და თანამდებობიდან განთავისუფლებული პირის წერილობითი მიმართვის საფუძველზე და აღნიშნული ვალდებულება არ არსებობდა პარლამენტის წევრობის კანდიდატის მიმართ.

ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს, რომელიც თავის მხრივ არსებითად ეყრდნობა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა.

ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, საკასაციო საჩივარზე ვ. კ-ის (პ/ნ ...) მიერ 25.02.2020წ. №... საგადახდო დავალებით გადახდილია სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ვ. კ-ის უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ვ. კ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 28 ივნისის განჩინება;

3. ვ. კ-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 25.02.2020წ. №... საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ქ. ცინცაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

გ. გოგიაშვილი