საქმე №ბს-105(კ-19) 25 ნოემბერი, 2021 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 16 აგვისტოს განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2017 წლის 16 ივნისს ო. პ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიმართ, „სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო ო. პ-ის დაჯარიმების, მშენებლობის შეჩერებისა და ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის (დემონტაჟის) თაობაზე“ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 20 თებერვლის №103 დადგენილებისა და ო. პ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე ქ. ბათუმის ვიცე-მერის 2017 წლის 23 მაისის №02/125 ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 მარტის გადაწყვეტილებით, ო. პ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი „სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო ო. პ-ის დაჯარიმების, უნებართვოდ განხორციელებული მშენებლობის შეჩერებისა და ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის (დემონტაჟის) თაობაზე“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 20 თებერვლის №103 დადგენილება და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერის 2017 წლის 23 მაისის №02/125 ბრძანება; ქ. ბათუმის მერიას დაევალა გადაწყვეტილებაში მითითებული, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, ქ. ბათუმში, ...ის ქუჩა N...-ში განხორციელებულ უკანონო მშენებლობასთან დაკავშირებულ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც გასაჩივრებული გაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 16 აგვისტოს განჩინებით, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 მარტის გადაწყვეტილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 16 აგვისტოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მითითებას ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 10 აპრილის წერილზე არ იზიარებს იმ მოტივით, რომ შეთანხმების წერილი გაცემულია მას შემდეგ, რაც მიღებული იქნა ო. პ-ის დაჯარიმების დადგენილება. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევს რომ მშენებლობა კლასის მიუხედავად იყო უნებართვო და „მშენებლობის ნებართვისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის №57 დადგენილების 66-ე მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, არსებობდა სამართლებრივი საფუძველი დამრღვევის დაჯარიმებისათვის.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 25 იანვრის განჩინებით (მოსამართლე - ვასილ როინიშვილი) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი.
ამასთან, მოსამართლე - ვასილ როინიშვილის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად არჩევის გამო, 2020 წლის 23 ივნისს ზემოაღნიშნული ადმინისტრაციული საქმე ელექტრონული პროგრამის მეშვეობით განაწილდა მოსამართლე - ქეთევან ცინცაძეზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს „სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო ო. პ-ის დაჯარიმების, მშენებლობის შეჩერებისა და ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის (დემონტაჟის) თაობაზე“ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დადგენილებისა და ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერის ბრძანების ბათილად ცნობა წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ 2016 წლის 30 ნოემბრის №304 მითითების შესაბამისად, გამოვლენილი იქნა მოსარჩელის მიერ კუთვნილ საცხოვრებელ სახლზე სართულის უნებართვოდ დაშენება (მზიდი კედლების მოწყობა). გამოვლენილი სამშენებლო სამართალდარღვევის ნებაყოფლობით გამოსასწორებლად მხარეს მიეცა 15 (თხუტმეტი) დღის ვადა ობიექტის დემონტაჟის ან შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენისათვის.
2017 წლის 18 იანვარს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურში ჩატარდა ო. პ-ის მიმართ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმისწარმოების ზეპირი მოსმენა, რომელსაც ესწრებოდა მოსარჩელეც, რომელმაც განმარტა, რომ იგი არ გეგმავდა კედლების დანგრევას და პირველი კლასის მშენებლობისათვის კანონით გათვალისწინებული შესაბამისი თანხმობის მიღებამდე ასევე, არ გეგმავდა მშენებლობის გაგრძელებას. მან განხორციელებული მშენებლობა აწარმოა სახურავის მოწყობის მიზნით, იმისათვის, რომ საცხოვრებელ ფართში აღარ ჩასულიყო წყალი.
2017 წლის 18 იანვარს ზედამხედველობის სამსახურს რაიმე გადაწყვეტილება არ მიუღია, ოქმში მხოლოდ იმის შესახებ აღინიშნა, რომ სამსახური განიხილავდა აღნიშნულ საკითხს და იმოქმედებდა კანონის შესაბამისად.
2017 წლის 20 თებერვალს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურმა №103 დადგენილებით ო. პ-ი ცნო სამშნებლო სამართალდამრღვევ სუბიექტად და ქ. ბათუმში, ...ის ქუჩა N...-ში, საცხოვრებელ სახლზე უნებართვოდ დაშენების გამო დააჯარიმა 3000 ლარის ოდენობით, ასევე, დაადგინა ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა (დემონტაჟი).
2017 წლის 23 თებერვალს ო. პ-მა განცხადებით მიმართა თვითმმართველი ქალაქ ბათუმის მერს და შესათანხმებლად წარუდგინა პირველი კლასის სამშენებლო დოკუმენტის პროექტი ქ. ბათუმში, ...ის ქუჩა N...-ში მშენებლობის შესახებ.
2017 წლის 02 მარტს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას №7141/25 ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ო. პ-მა და ითხოვა ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 20 თებერვლის №103 დადგენილების ბათილად ცნობა, რაზედაც მას უარი ეთქვა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის №02/125 ბრძანებით.
ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის 2017 წლის 7 მარტის წერილით ო. პ-ს მიეცა 15 დღის ვადა, დამატებით დოკუმენტების წარსადგენად.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 10 აპრილის №01/281 წერილით ო. პ-ს ეცნობა, რომ მის მიერ წარდგენილი ქ. ბათუმში, ...ის ქუჩა N...-ში მდებარე მისსავე მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: ....) უკანა ეზოში ასაშენებელი დამხმარე შენობა-ნაგებობის ესკიზური პროექტით მშენებლობა განეკუთვნებოდა I კლასის ობიექტს, რომელსაც არ ესაჭიროება მშენებლობის ნებართვა. შესაბამისად, დაუდასტურდა მშენებლობის მიზნით წარდგენილი ესკიზური პროექტის ქალაქმშენებლობით დოკუმენტებთან შესაბამისობა და მშენებლობის განხორციელების შესაძლებლობა.
საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების განმარტებას იმის შესახებ, რომ უფლებამოსილი და კომპეტენტური ადმინისტრაციული ორგანოს, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის მიერ ო. პ-ის მიერ განხორციელებული და დაგეგმილი მშენებლობა მიკუთვნებული იქნა პირველი კლასის მშენებლობას, ხოლო სადავო აქტებში ამავე სამსახურისა და ქალაქ ბათუმის მერიის მიერ გაკეთდა შეფასება, რომ ო. პ-ის მიერ ნაწარმოები მშენებლობა, საცხოვრებელ სახლზე კედლების დაშენება საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების თანახმად საჭიროებდა მშენებლობის ნებართვას ანუ არ მიეკუთვნებოდა პირველ კლასს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო ეთანხმება ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ განსახილველ შემთხვევაში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენებას და მიიჩნევს, რომ სახეზეა სადავო საკითხის გადაუწყვეტლად აქტის ბათილად ცნობის და ადმინისტრაციული ორგანოსათვის საქმის გარემოებების შესწავლის შემდეგ, ახალი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი, რათა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 10 აპრილის №01/281 წერილის პირობებში ადმინისტრაციულმა ორგანომ ხელახლა იმსჯელოს მოსარჩელის ო. პ-ის მიერ განხორციელებული სადავო მშენებლობა რომელი კლასის მშენებლობას განეკუთვნება და აღნიშნული მშენებლობა საჭიროებს თუ არა ნებართვას.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 16 აგვისტოს განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
გ. გოგიაშვილი