№ბს-509(კ-20) 25 ნოემბერი, 2021 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრი
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - გ. ს-ე
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, მატერიალური ზიანის ანაზღაურება
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 9 დეკემბრის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2019 წლის 26 მარტს გ. ს-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის მიმართ.
მოსარჩელემ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 26 ნოემბრის №04.06/12983 წერილისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 27 თებერვლის №04/101419 გადაწყვეტილების (გ. ს-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ) ბათილად ცნობა და მოპასუხეთათვის 2015 წლის იანვრიდან - 2015 წლის აგვისტოს ჩათვლით ყოველთვიურად 150 ლარის, 2015 წლის სექტემბრიდან - 2015 წლის დეკემბრის ჩათვლით ყოველთვიურად 160 ლარის, 2016 წლის იანვრიდან - 2016 წლის ივლისის ჩათვლით ყოველთვიურად 160 ლარის, სულ 2920 ლარის, როგორც სახელმწიფო კომპენსაციის უკანონოდ შემცირებული თანხის გადახდის დაკისრება მოითხოვა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა გ. ს-ის სარჩელი; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 26 ნოემბრის №04.06/12983 წერილი, მიღებული პენსიის 2015 წლის იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით 150 ლარის, 2015 წლის სექტემბრიდან - დეკემბრის ჩათვლით 160 ლარის, 2016 წლის იანვრიდან - ივლისის ჩათვლით 160 ლარის გამოქვითვის შესახებ; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 27 თებერვლის №04/101419 გადაწყვეტილება გ. ს-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისრათ 2920.00 ლარის, როგორც უკანონოდ შემცირებული თანხის, გ. ს-ის სასარგებლოდ გადახდა (2015 წლის 11 იანვრიდან - 2015 წლის აგვისტოს ჩათვლით ყოველთვიურად 150 ლარი, 2015 წლის სექტემბრიდან - 2015 წლის დეკემბრის ჩათვლით ყოველთვიურად 160 ლარი, 2016 წლის იანვრიდან - 2016 წლის ივლისის ჩათვლით ყოველთვიურად 160 ლარი).
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრმა. აპელანტებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 9 დეკემბრის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 იანვრის №3/2113-16 გადაწყვეტილებით სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა გ. ს-ისათვის 2014 წლის 12 დეკემბრის განცხადების წარდგენის მომდევნო თვიდან სახელმწიფო კომპენსაციის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება.
2017 წლის 06 აპრილის სააპელაციო სასამართლოს და 2017 წლის 18 დეკემბრის უზენაესი სასამართლოს განჩინებების საფუძველზე, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 იანვრის №3/2113-16 გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
2018 წლის 26 ნოემბრის №04-06/12983 წერილით გ. ს-ეს ეცნობა, რომ დაენიშნა სახელმწიფო კომპენსაცია 2015 წლის იანვრიდან და ყოველთვიურმა ასაღებმა კომპენსაციის თანხამ დაანგარიშებით შეადგინა 24.58 ლარი. ვინაიდან, 2015 წლის იანვრიდან 2015 წლის აგვისტოს ჩათვლით გ. ს-ე იღებდა სახელმწიფო პენსიას 150 ლარის ოდენობით, ხოლო 2015 წლის 01 სექტემბრიდან 2015 წლის დეკემბრის ჩათვლით 160 ლარს, აღნიშნული გაცილებით აღემატებოდა ამ პერიოდში დაანგარიშებულ სახელმწიფო კომპენსაციის თანხას. 2016 წლის 01 იანვრიდან „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის“ შესახებ შეტანილი ცვლილებით, პროკურატურის შესახებ კანონში განისაზღვრა პროკურატურის მუშაკის კომპენსაცია. აღნიშნული ცვლილების გათვალისწინებით 2016 წლის 01 იანვრიდან 2016 წლის ივნისის ჩათვლით, სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობამ შეადგინა 400 ლარი და 80 თეთრი, ხოლო ამ თანხას დააკლდა მიღებული სახელმწიფო პენსიის თანხა 160 ლარი და სხვაობამ შეადგინა 240 ლარი და 80 თეთრი (6 თვე - 1444 ლარი და 80 თეთრი), ხოლო 2016 წლის ივლისში სხვაობა იყო 270 ლარი და 90 თეთრი, სულ სახელმწიფო კომპენსაციის სხვაობამ შეადგინა 1715 ლარი და 70 თეთრი;
2018 წლის 21 ნოემბრის იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის გადაწყვეტილებით სულ ჩასარიცხმა თანხამ 01.01.15-დან 01.08.17-მდე შეადგინა 2168.60 ლარი.
2018 წლის 21 ნოემბრის იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის გადაწყვეტილება გრიგოლი სანდუხაძემ გაასაჩივრა იმ საფუძვლით, რომ აღნიშნული თანხების გაცემა საქართველოს პრეზიდენტის №12611201793 ბრძანების დარღვევით მოხდა.
2018 წლის 26 დეკემბერს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის მიმართვის თანახმად, გ. ს-ის საჩივარი ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილებოდა სოციალური მომსახურების სააგენტოში. 2019 წლის 04 იანვარს გ. ს-ემ განცხადებით მიმართა იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრს და გამოხატა სურვილი საჩივრის განხილვაში მონაწილეობის მიღებაზე.
სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2019 წლის 27 თებერვლის №04/10149 გადაწყვეტილების შესაბამისად, გ. ს-ის მოთხოვნა უკანონოდ გამოქვითული თანხების დარიცხვის თაობაზე იყო ბუნდოვანი და დაუსაბუთებელი, რის გამოც არ დაკმაყოფილდა მისი საჩივარი.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის უფროსის მოადგილის თ. ვ-ის 2018 წლის 04 ივლისის №04-06/7306 წერილით გ. ს-ეს ეცნობა 2018 წლის 01 ივლისიდან მის მიმართ დანიშნული სახელმწიფო კომპენსაციის შეჩერების შესახებ.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის უფროსის მოადგილის თ. ვ-ის 2018 წლის 04 ივლისის №04-06/7306 წერილი გ. ს-ემ გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალური მომსახურების სააგენტოში, რომლის 2018 წლის 11 სექტემბრის გადაწყვეტილებით, გ. ს-ის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის მოტივით.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ გ. ს-ის სარჩელი სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა და სასამართლომ მოპასუხეებს დაავალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა გ. ს-ეზე სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე 2014 წლის 12 დეკემბრის განცხადების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან. ამდენად, 2015 წლის პირველი იანვრიდან აპელანტს მოსარჩელისათვის უნდა დაენიშნა სახელმწიფო კომპენსაცია შესაბამისი გაანგარიშებით, თუმცა აპელანტმა მოსარჩელეზე მისი თანხმობის გარეშე კომპენსაციის ნაცვლად ასაკით პენსია გასცა.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილებით პირდაპირ იქნა დადგენილი მოსარჩელეზე სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის ვალდებულება, რაც ადმინისტრაციულ ორგანოს არ განუხორციელებია, არც მოსარჩელის თანხმობა არსებობდა პენსიის გაცემის თაობაზე, შესაბამისად, პალატამ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება მოსარჩელისათვის გადახდილი საპენსიო თანხის შეცდომით გადახდილად მიჩნევისა და მისი ლეგალიზების შესახებ, რადგანაც ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის 241 მუხლის მიხედვით, 2016 წლის 01 დეკემბრამდე ზედმეტად გაცემული პენსია ლეგალიზებულად ითვლებოდა და დაბრუნებას არ ექვემდებარებოდა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 9 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრმა. კასატორებმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
კასატორები აღნიშნავენ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2018 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილებით, გ. ს-ეს სახელმწიფო კომპენსაცია დაენიშნა 2015 წლის 01 იანვრიდან.
2015 წლის 01 იანვრიდან თანხის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, იმ შემთხვევაში, თუ სააგენტო გ. ს-ის კომპენსაციას დაიანგარიშებდა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან ბოლოს მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისად, მისი კომპენსაციის ოდენობა 2016 წლის 01 იანვრამდე მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, განისაზღვრებოდა 24 ლარით. გარდა ამისა, 2016 წლის 01 აგვისტომდე გ. ს-ეს დანიშნული ჰქონდა ასაკის გამო სახელმწიფო პენსია, რომლის ოდენობა 2015 წლის 01 იანვრიდან 2015 წლის 01 სექტემბრამდე შეადგენდა 150 ლარს, 2015 წლის 01 სექტემბრიდან 2016 წლის 01 ივლისამდე - 160 ლარს, ხოლო 2016 წლის 01 ივლისიდან 2019 წლის 01 იანვრამდე - 180 ლარს. შესაბამისად, სააგენტოსათვის გაუგებარია თუ რა თანხა უნდა აენაზღაურებინა გ. ს-ისათვის 2015 წლის განმავლობაში, მითუმეტეს, რომ სასამართლო გადაწყვეტილებებში არანაირ თანხაზე საუბარი არ ყოფილა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 20 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 10 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დასაშვებად იქნა მიჩნეული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის საკასაციო საჩივარი და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის საკასაციო საჩივრი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეზე მოსარჩელე გ. ს-ის მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსათვის მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების დაკისრება.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2015 წლის პირველი იანვრიდან გ. ს-ე იღებდა „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ პენსიას, ხოლო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 იანვრის №3/2113-16 გადაწყვეტილებით სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა გ. ს-ისათვის, 2014 წლის 12 დეკემბრის განცხადების წარდგენის მომდევნო თვიდან სახელმწიფო კომპენსაციის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება.
სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, 2018 წლის 26 ნოემბრის №04-06/12983 წერილით გ. ს-ეს ეცნობა, რომ დაენიშნა სახელმწიფო კომპენსაცია 2015 წლის იანვრიდან და ყოველთვიურმა ასაღებმა კომპენსაციის თანხამ დაანგარიშებით შეადგინა 24.58 ლარი, ვინაიდან, 2015 წლის იანვრიდან 2015 წლის აგვისტოს ჩათვლით გ. ს-ე იღებდა სახელმწიფო პენსიას 150 ლარის ოდენობით, ხოლო 2015 წლის 01 სექტემბრიდან 2015 წლის დეკემბრის ჩათვლით 160 ლარს, აღნიშნული გაცილებით აღემატებოდა ამ პერიოდში დაანგარიშებულ სახელმწიფო კომპენსაციის თანხას. 2016 წლის 01 იანვრიდან „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის“ შესახებ შეტანილი ცვლილებით, პროკურატურის შესახებ კანონში განისაზღვრა პროკურატურის მუშაკის კომპენსაცია. აღნიშნული ცვლილების გათვალისწინებით 2016 წლის 01 იანვრიდან 2016 წლის ივნისის ჩათვლით, სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობამ შეადგინა 400 ლარი და 80 თეთრი, ხოლო ამ თანხას დააკლდა მიღებული სახელმწიფო პენსიის თანხა 160 ლარი და სხვაობამ შეადგინა 240 ლარი და 80 თეთრი (6 თვე - 1444 ლარი და 80 თეთრი). ამასთან, 2016 წლის ივლისში სხვაობა იქნებოდა 270 ლარი და 90 თეთრი, სულ სახელმწიფო კომპენსაციის სხვაობამ შეადგინა 1715 ლარი და 70 თეთრი.
2018 წლის 21 ნოემბრის იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის გადაწყვეტილებით სულ ჩასარიცხმა თანხამ 01.01.15-დან 01.08.17-მდე შეადგინა 2168.60 ლარი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედი „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, ეს კანონი ადგენს საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სოციალური დაცვის გარანტიებს სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული სამსახურის გავლის, აგრეთვე ამ პირთა მიერ შესაბამისი ასაკის მიღწევის, შესაძლებლობის შეზღუდვის და გარდაცვალების გამო, განსაზღვრავს სახელმწიფო კომპენსაციის (შემდგომში – კომპენსაცია) და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლებს, მათი ოდენობის გაანგარიშების, გაცემის, მისი შეჩერებისა და შეწყვეტის წესსა და პირობებს, ადმინისტრირების ორგანოს, აგრეთვე მათ მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს. ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონის შესაბამისად კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლება აქვთ პროკურატურის სისტემიდან დათხოვნილ მუშაკებს. მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად კი, თუ პირს ერთდროულად წარმოეშვა ამ კანონითა და „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლება, მას აქვს მხოლოდ ერთი კანონით მინიჭებული სარგებლის მიღების უფლება, მისივე არჩევით.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ეს კანონი არეგულირებს პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველს, განსაზღვრავს პენსიის ადმინისტრირების ორგანოს, ადგენს პენსიის დანიშვნის, გაცემის, შეჩერების, განახლების, შეწყვეტის და პენსიის მიღების ზოგად პრინციპებს. ამავე კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველია საპენსიო ასაკის – 65 წლის მიღწევა. ამასთანავე, პენსიაზე უფლება ქალებს წარმოეშობათ 60 წლიდან. ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, თუ პირს ერთდროულად წარმოეშვა უფლება ამ კანონითა და „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სარგებლებზე, მას აქვს მხოლოდ ერთი კანონით მინიჭებული სარგებლის მოთხოვნის უფლება, მისივე არჩევით.
ამდენად, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ და „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონების საფუძველზე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სახელმწიფო კომპენსაცია და სახელმწიფო პენსია წარმოადგენს სახელწმიფო სოციალური გარანტიის სხვადასხვა სახეს, რომლებსაც, დანიშვნისა და გაცემის განსხვავებული საფუძვლები აქვთ და ერთი გასაცემლის მიღება, გარდა ამავე კანონებით დადგენილი შემთხვევებისა, გამორიცხავს მეორე სახის გასაცემელის მიღებაზე უფლებას.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამავე კოდექსის 207-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირთა მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს დამდგარი ზიანი. ამავე კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად კი, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. 411-ე მუხლის თანახმად კი, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.
საკასაციო სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ ზიანის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას, იგი უნდა განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით ისე, რომ ამას არ მოჰყვეს პირის უსაფუძვლო გამდიდრება, პირის იმაზე უკეთეს ქონებრივ მდგომარეობაში აღმოჩენა, ვიდრე იგი იქნებოდა ზიანის გამომწვევი ქმედების არ არსებობის შემთხვევაში (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 21 ივნისის ბს-1031(კ-20) გადაწყვეტილება). ამდენად, იმ პირობებში, როდესაც ცალსახაა, რომ გ. ს-ე სადავო პერიოდში ვერ მიიღებდა კონკრეტული პერიოდისათვის განსაზღვრული კომპენსაციის ოდენობაზე მეტ თანხას, ვინაიდან, მოქმედი კანონმდებლობა დაუშვებლად მიიჩნევს კომპენსაციისა და პენსიის ერთდროულად მიღების შესაძლებლობას, გ. ს-ისათვის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანი მიღებულ პენსიასა და მისაღებ კომპენსაციას შორის არსებულ სხვაობაში გამოიხატა. ამდენად, ადმინისტრაციულ ორგანოს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით გ. ს-ისათვის სწორედ ის თანხა უნდა აენაზღაურებინა, რაც წარმოადგენდა სხვაობას მიღებულ და მისაღებ სახელმწიფო გასაცემელს შორის.
ამასთან, საკასაციო სასამართლო უსაფუძვლოდ მიიჩნევს განსახილველ დავაზე სადავო პერიოდში მოქმედი „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის 241 მუხლის გამოყენებას. საკასაციო სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ აღნიშნული მუხლის თანახმად, 2016 წლის 1 დეკემბრამდე ზედმეტად გაცემული პენსია ლეგალიზებულად ითვლება და დაბრუნებას არ ექვემდებარება.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მითითებული ნორმა ადგენს სახელმწიფოს მხრიდან 2016 წლის 1 დეკემბრამდე ზედმეტად, უსაფუძვლოდ, გაცემული პენსიის უკან დაბრუნების/დაკავების (ამავე კანონის მე-19 მუხლი) დაუშვებლობის გარანტიას, რაც ცალსახად არ გულისხმობს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, სახელმწიფო პენსიის/კომპენსაციის მიმღებისათვის სახელმწიფოს მხრიდან ზიანის ანაზღაურების პირობებში მასზე ფაქტობრივად გაცემული სახელმწიფო პენსიის გაუთვალისწინებლობას და პირისათვის ორი სახელმწიფო გასაცემლის ერთდროულად ანაზღაურების ვალდებულებას.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ იმ პირობებში, როდესაც ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ ზუსტად არ არის დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები იმის შესახებ, თუ რამდენად სწორად მოხდა გ. ს-ისათვის ასანაზღაურებელი კომპენსაციის თანხის ოდენობის გამოანგარიშება (უკვე მიღებული სახელმწიფო პენსიის გამოკლებით), საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას არსებითად იმსჯელოს ანაზღაურებული თანხების ოდენობის სისწორეზე, რის გამოც, არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, რა დროსაც სააპელაციო სასამართლოს მისთვის სამოქალაქო საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში უნდა გამოიკვლიოს და დაადგინოს, განხორციელდა თუ გ. ს-ისათვის, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილი მიუღებელი კომპენსაციის თანხის (მიღებული სახელმწიფო პენსიის გამოკლებით) სრულად ანაზღაურება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის საფუძველზე, საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოსათვის დაბრუნების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 9 დეკემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. მხარეები განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
გ. გოგიაშვილი