№ბს-545(კ-20) 25 ნოემბერი, 2021 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი
კასატორი - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიურო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ზ. ჭ-ე (მოსარჩელე)
მესამე პირები - ლ. ხ-ი (სასკ-ის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით), მ. ს-ი (სასკ-ის მე-16 მუხლის პირველი ნაწილით)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 21 ნოემბრის განჩინება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2018 წლის 31 დეკემბერს ზ. ჭ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიმართ.
მოსარჩელემ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 03 დეკემბრის №A16067314-014/001 განკარგულების ბათილად ცნობა მოითხოვა.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილებით მისი სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ცვლილება შევიდა 2016 წლის 12 ივლისს ნოტარიუს ე. შ-ის მიერ გაცემულ №160767965 სააღსრულებო ფურცელში, კერძოდ გადაუხდელი პროცენტი განისაზღვრა 1 645 აშშ დოლარის ოდენობით. მოსარჩელის განმარტებით, მისი შვილისაგან მემკვიდრეობით მიღებულ უძრავ ქონებაზე მიმდინარეობდა სააღსრულებო წარმოება, რომელიც შეჩერებული იყო სამოქალაქო სარჩელის წარდგენისა და უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების გამო. ზ. ჭ-ის გამარტებით, სამოქალაქო საქმის განხილვისას იგი აცხადებდა, რომ მზად იყო შეესრულებინა ვალდებულება, თუმცა იპოთეკარმა აირჩია იძულებითი გზა და კვლავ განახლდა სააღსრულებო წარმოება. მოსარჩელის მითითებით, ისე გაიმართა აუქციონი, რომ მას არანაირი ინფორმაცია და შეტყობინება არ მიუღია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 იანვრის განჩინებით ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაერთო ლ. ხ-ი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 08 თებერვლის განჩინებით ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაერთო მ. ს-ი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილებით ზ. ჭ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 03 დეკემბრის №A16067314-014/001 განკარგულება, რაც სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიურომ და ლ. ხ-მა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 21 ნოემბრის განჩინებით სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროსა და ლ. ხ-ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ მიუთითა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის მე-18 მუხლის პირველ პუნქტზე, 25-ე მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებზე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე, 73-ე, 74-ე და 76-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, სააღსრულებო წარმოების შეჩერებისა და განახლების თაობაზე, ზ. ჭ-ე სათანადოდ ინფორმირებული არ ყოფილა. საქმეში არსებულ დოკუმენტებში ფიქსირდებოდა ზ. ჭ-ის საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, თუმცა სააღსრულებო წარმოების მასალით არ დასტურდებოდა, რომ კერძო აღმასრულებელი შეეცადა მოვალე პირთან დაკავშირებას ტელეფონის საშუალებით, სააღსრულებო წარმოების განახლების შესახებ ინფორმირების მიზნით. ამასთანავე, პალატის მითითებით, სააღსრულებო წარმოების განახლების შემდეგ კერძო აღმასრულებელს არ გამოუყენებია სსკ-ის 70-78-ე მუხლებით გათვალისწინებული ყველა შესაძლებლობა მოვალის სათანადოდ ინფორმირების მიზნით, კერძო აღმასრულებელმა შეტყობინებები გააგზავნა სააღსრულებო წარმოების დაწყების მომენტში მოვალის მისამართად დაფიქსირებულ მისამართზე (თბილისი, ...ის ქუჩა №23) და არა სააღსრულებო წარმოების განახლების შემდეგ სააღსრულებო ფურცელში დაფიქსირებულ მოვალის ახალ მისამართზე (თბილისი, ...ის ... ..., ... კვარტალი, მე-... კორპუსი, ბინა №15). სასამართლო მოსაზრებით, სააღსრულებო წარმოების ფარგლებში, კერძო აღმასრულებელმა მხედველობაში არ მიიღო მოვალის მიერ მისამართის შეცვლის ფაქტი და სააღსრულებო მოქმედებების განახლების შემდეგ, მოვალის ინფორმირების მცდელობა განახორციელა ძველ მისამართზე, სადაც მოვალე უკვე აღარ ცხოვრობდა. სააპელაციო პალატამ მართებულად მიიჩნია საქალაქო სასამართლოს მსჯელობა, რომ სააღსრულებო საქმის მწარმოებელი პირის ვალდებულებას, სააღსრულებო პროცედურის თაობაზე წარმოების მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდოს კანონით დადგენილი წესით, არ ცვლის სხვა ორგანოში, მათ შორის, სასამართლოში მიმდინარე პროცესში პირის ჩართულობა, ამდენად, უსაფუძვლო იყო მოპასუხის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ ზ. ჭ-ე ინფორმირებული იქნებოდა სააღსრულებო წარმოების შეჩერებისა და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების თაობაზე, ვინაიდან, სარჩელი სამოქალაქო სასამართლოში თავად ზ. ჭ-ის მიერ იყო აღძრული.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 21 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორმა აღნიშნა, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი სააღსრულებო წარმოების მიმდინარეობის ფარგლებში კერძო აღმასრულებლისა და აღსრულების ეროვნული ბიუროს ვალდებულებების განსაზღვრასთან მიმართებით. კასატორმა მიუთითა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 146 მუხლის პირველ პუნქტზე და განმარტა, რომ განსახილველ საქმეში, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ სააუქციონო მომსახურება კერძო აღმასრულებლის მიმართვის საფუძველზე განახორციელა. ამდენად, აუქციონის გამართვამდე ჩატარებული მოქმედებები განხორციელდა უშუალოდ კერძო აღმასრულებლის მიერ.
კასატორმა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 25-ე მუხლზე მითითებით აღნიშნა, რომ სააღსრულებო წარმოების დაწყების შესახებ მოვალის ინფორმირება წარმოადგენს აღმასრულებლის ინიციატივით მოვალისათვის დამატებითი ინფორმაციის მიწოდების ვალდებულებას, თუმცა აღსრულების ღონისძიების კონკრეტული დროისა და ადგილის შესახებ ინფომაციის მიწოდების ვალდებულება აღმასრულებელს არ ეკისრება. კასატორის მითითებით, განსახილველ შემთხვევაში, გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ წინადადება კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაჰბარდა მოვალეს. სხვა დამატებითი ვალდებულება მოვალის ინფორმირებასთან დაკავშირებით კერძო აღმასრულებელსა და აღსრულების ეროვნულ ბიუროს არ გააჩნდათ. კასატორმა აღნიშნა, რომ ზ. ჭ-ისათვის ჩაბარებულ წინადადებაში მითითებული იყო მისი საიდენტიფიკაციო ნომერი, რომლის საშუალებითაც იგი უფლებამოსილი იყო უწყვეტ რეჟიმში მიეღო სააღსრულებო წარმოების თაობაზე ინფორმაცია.
კასატორის მოსაზრებით, დაუსაბუთებელია სასამართლოს მოსაზრება მოვალის ახალი მისამართის გამოუყენებლობასთან დაკავშირებით, რადგან კერძო აღმასრულებლის მოქმედება - აღნიშნულ მისამართზე ვიზიტი წარმოადგენდა მოვალის ინფორმირებისაკენ მიმართულ ქმედებას. ამასთანავე, ზ. ჭ-ე თავად წარმოადგენდა მოსარჩელეს მხარეს მიმდინარე სამოქალაქო დავაში და მისთვის იმთავითვე იყო ცნობილი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმებისა და წარმოების განახლების თაობაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 27 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 4 მარტის განჩინებით სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ 2015 წლის 12 იანვარს, ერთის მხრივ, ლ. ხ-სა და, მეორეს მხრივ, გ. ტ-ს შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. გ. ტ-მა ლ. ხ-ისგან ისესხა 35000 აშშ დოლარი აღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა გ. ტ-ის საკუთრებაში არსებული 111.13 კვ.მ უძრავი ქონება მდებარე - ქ. თბილისი, ...ის ..., ..., კვარტალი ..., კორპუსი №6, ბინა №15. საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელე ზ. ჭ-ე არის მამკვიდრებლის - 2015 წლის 30 დეკემბერს გარდაცვლილი შვილის - გ. ტ-ის პირველი რიგის კანონისმიერი მემკვიდრე (მშობელი). მემკვიდრემ მამკვიდრებლის სამკვიდრო მიიღო სრულად - სამკვიდროში შემავალი აქტივებითა და პასივებით.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ სასესხო ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, ლ. ხ-ის მოთხოვნით 2016 წლის 12 ივლისს ნოტარიუსის მიერ გაიცა სააღსრულებო ფურცელი, რომლის საფუძველზეც აუქციონის გზით უნდა მომხდარიყო იპოთეკის საგნის რეალიზაცია. 2016 წლის 13 ივლისს კერძო აღმასრულებელს წარედგინა კრედიტორის - ლ. ხ-ის განცხადება იძულებითი აღსრულების მიზნით სააღსრულებო დოკუმენტის წარმოებაში მიღების შესახებ. 2016 წლის 13 ივლისს მოვალე - ზ. ჭ-ეს გაეგზავნა წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ, რომლითაც მოვალეს ეცნობა, რომ კერძო აღმასრულებლის წარმოებაში იყო ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი. აღნიშნული ფურცლის თანახმად ზ. ჭ-ეს კრედიტორის - ლ. ხ-ის სასარგებლოდ გააჩნდა შეუსრულებელი ფულადი ვალდებულება, თანახმად სამკვიდრო მოწმობისა და სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებისა. გადაწყვეტილების შესრულების შესახებ წინადადება ფოსტის მეშვეობით გაიგზავნა და 2016 წლის 14 ივლისს ჩაჰბარდა ზ. ჭ-ის რძალს მისამართზე - ქ. თბილისი, ...ის ქ. №23.
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 21 ივლისის განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, შეჩერდა ნოტარიუს ე. შ-ის მიერ 2016 წლის 12 ივლისს გაცემული №160767965 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოება. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილებით, ზ. ჭ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ცვლილება შევიდა 2016 წლის 12 ივლისს ნოტარიუს - ე. შ-ის მიერ გაცემულ №160767965 სააღსრულებო ფურცელში პროცენტის ნაწილში, კერძოდ, გადაუხდელი პროცენტი განისაზღვრა 1645 აშშ დოლარის ოდენობით. 2016 წლის 12 ივლისს ნოტარიუს ე. შ-ის მიერ გაცემული №160767965 სააღსრულებო ფურცელი დანარჩენ ნაწილში, დარჩა უცვლელი. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 მაისის განჩინებით განმცხადებელ ლ. ხ-ის მოთხოვნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიის 2016 წლის 21 ივლისის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება და 2018 წლის 27 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილების საფუძველზე გაიცა სააღსრულებო ფურცელი. კერძო აღმასრულებლის მიერ 2018 წლის 28 სექტემბერს და 04 ოქტომბერს მოვალეს -ზ. ჭ-ეს ქ. თბილისში, ...ის ქ. №23-ში გაეგზავნა №A16067314-007/001 ინფორმაცია სააღსრულებო საქმის წარმოების განახლების თაობაზე, თუმცა გზავნილის ჩაბარება ვერ მოხერხდა. ამავე მისამართზე გაიგზავნა გაფრთხილება აუქციონის დანიშვნის შესახებ, თუმცა კვლავ უშედეგოდ. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს სადავო 2018 წლის 03 დეკემბრის №A16067314-014/001 განკარგულების თანახმად, უძრავი ქონების შემძენი გახდა ლ. ხ-ი, რომელმაც უძრავი ქონება შეიძინა 98 800 ლარად და თანხა გადაიხადა სრულად.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს სწორედ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 03 დეკემბრის №A16067314-014/001 განკარგულების კანონიერების შემოწმება წარმოადგენს. მოსარჩელის განმარტებით, განკარგულება უკანონოა, ვინაიდან მას სათანადოდ არ მიეწოდა ინფორმაცია სააღსრულებო წარმოების მიმდინარეობისა და კონკრეტული სააღსრულებო მოქმედებების განხორციელების შესახებ. აღნიშნული მოსაზრება გაიზიარეს საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმაც.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, სააღსრულებო საქმიანობა შესაძლოა განხორციელდეს კერძო აღმასრულებლის მიერ ზემოხსენებული კანონით დადგენილი წესითა და პირობებით. განსახილველ შემთხვევაში, სააღსრულებო მოქმედებები ხორციელდებოდა კერძო აღმასრულებელ მ. ს-ის მიერ. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ თავდაპირველად, ზ. ჭ-ე სათანადო წესით იყო ინფორმირებული სააღსრულებო წარმოების მიმდინარეობის შესახებ. კერძოდ, 2016 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილების შესრულების შესახებ წინადადება 2016 წლის 14 ივლისს ჩაიბარა ზ. ჭ-ის ოჯახის წევრმა - რძალმა (ტ.1, ს.ფ. 84). აღნიშნული გარემოება სადავოდ არ გაუხდია თავად მოსარჩელეს. მოსარჩელის ინფორმირებულობას ის გარემოებაც ადასტურებს, რომ მან 2016 წლის 20 ივლისს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას და სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანა მოითხოვა. ამასთან, მოსარჩელე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით ითხოვდა მიმდინარე საარსრულებო წარმოების შეჩერებას.
ამდენად, დადგენილადაა ცნობილი ის გარემოება, რომ მოვალე - ზ. ჭ-ის მიმართ მიმდინარე სააღსრულებო წარმოება შეჩერებული იყო მის სამოქალაქო სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გამო. აღნიშნული უზრუნველყოფის ღონისძიება გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 მაისის განჩინებით და 2018 წლის 27 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილების საფუძველზე გაიცა სააღსრულებო ფურცელი, რის შედეგადაც განახლდა სააღსრულებო საქმის წარმოება და 2018 წლის 29 სექტემბერს კერძო აღმასრულებლის მიერ ზ. ჭ-ეს გაეგზავნა ინფორმაცია სააღსრულებო საქმის წარმოების განახლების თაობაზე.
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ აღსრულების დაწყების შესახებ სააღსრულებო წარმოების მხარეთა ინფორმირება ხდება ამ მუხლის შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით სასამართლო უწყების ჩაბარებისთვის დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-7 და მე-8 ნაწილების შესაბამისად, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მოვალის ინფორმირება ხდება სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან არა უგვიანეს 5 დღისა. მოვალეს ეცნობება: ა) ინფორმირებიდან 7 დღის ვადაში მოთხოვნის ნებაყოფლობით შესრულების შემთხვევაში მხოლოდ კრედიტორის მიერ წინასწარ გადახდილი აღსრულების საფასურის შესაბამისი ნაწილის, ხოლო ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში − აღსრულების საფასურის სრული ოდენობით დაკისრების შესახებ; ბ) ამ კანონის მე-18 მუხლით დადგენილი უფლებები; გ) სააღსრულებო წარმოების დაწყების სამართლებრივი შედეგები; დ) იძულებითი აღსრულებისათვის ამ კანონით გათვალისწინებული შესაძლო გასატარებელი ღონისძიებები; ე) აღსრულების შესახებ კონკრეტული ინფორმაციის მიღების წესი და საშუალებები. მოვალეს იძულებითი აღსრულების ღონისძიების კონკრეტული დრო და ადგილი დამატებით არ ეცნობება. ამდენად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააღსრულებო წარმოების ფარგლებში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მოვალისათვის აღსრულების დაწყების შესახებ ინფორმაციის ჩაბარებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსისი 71-ე მუხლის თანახმად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. თუ მოსარჩელეს მის მიერ მითითებულ მისამართზე უწყება ვერ ჩაჰბარდა ამ კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით, უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება. ამავე კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით, სასამართლო კურიერის მეშვეობით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება, და არ არის ვალდებული, დაიცვას თანამიმდევრობა. სასამართლომ დასაბარებელ პირს უწყება შეიძლება ჩააბაროს ასევე სასამართლოს შენობაში. თუ პირველად გაგზავნისას უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, იგი დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსთვის ცნობილ სხვა მისამართზე. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილადაა ცნობილი ის გარემოება, რომ სააღსრულებო საქმის წარმოების განახლების თაობაზე ინფორმაცია მოვალე ზ. ჭ-ეს ორჯერ - 2018 წლის 29 სექტემბერსა და 2018 წლის 04 ოქტომბერს გაეგზავნა მისამართზე - ქ. თბილისი, ...ის ქ. №23, თუმცა ადრესატის მისამართზე არ ცხოვრების გამო ჩაბარება ვერ მოხერხდა. ამასთან, შპს „ქართული სერვის ჯგუფის“ 2018 წლის 08 ოქტომბრის უკუგზავნილზე მითითებულია, რომ ადრესატის ამჟამინდელი ადგილსამყოფელი დაუდგენელია.
ამდენად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ შესრულებული იყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე და 73-ე მუხლებით დადგენილი მოთხოვნები. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას, რომ სააღსრულებო წარმოების განახლების შესახებ შეტყობინება უნდა გაგზავნილიყო მოვალის ახალ მისამართზე - ქ. თბილისი, ...ის ..., ..., კვარტალი ..., კორპუსი №6, ბინა №15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ხსენებულ მისამართზე მდებარეობს სადავო უძრავი ქონება და იგი არ წამოადგენდა მოვალის ახალ მისამართს. აღნიშნული მისამართი სააღსრულებო წარმოების შეჩერებამდეც იყო ცნობილი კერძო აღმასრულებლისათვის. კერძოდ, 2016 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილების შესრულების შესახებ წინადადება ზ. ჭ-ეს გაეგზავნა როგორც ...ის ქ. №23-ში, ისე ...ის ..., ..., კვარტალი ..., კორპუსი №6, ბინა №15-ში. საქართველოს ფოსტის უკუგზავნილის თანახმად, ვარკეთილის მისამართზე მდებარეობდა სასტუმრო და არ ცხოვრობდა ადრესატი (ტ.1, ს.ფ. 86). აღნიშნულიდან გამომდინარე, აღმასრულებელმა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, მიიღო გადაწყვეტილება სააღსრულებო წარმოების განახლების შესახებ შეტყობინება გაეგზავნა ქ. თბილისში, ...ის ქ. №23-ში, სადაც მოვალის ოჯახის წევრისათვის ერთხელ უვე ჩაბარებული იყო გზავნილი. ამასთან, აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის თანახმად, მხარეები და მათი წარმომადგენლები მოვალენი არიან აცნობონ სასამართლოს საქმის წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობის უქონლობისას უწყება გაიგზავნება ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს. ამდენად, ზ. ჭ-ის მიერ მისამართის შეცვლის თაობაზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრების გაზიარების პირობებშიც დაუსაბუთებელია დასკვნა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არ შეასრულა მასზე დაკისრებული მოვალეობა, რადგან მისამართის შეცვლის შემთხვევაში თავად ზ. ჭ-ეს ეკისრებოდა ორგანოსათვის ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს აგრეთვე იმ გარემოებას, რომ მოვალისათვის სააღსრულებო წარმოების განახლების შესახებ შეტყობინების მეორედ გაგზავნის მომდევნო დღეს - 2018 წლის 05 ოქტომბერს კერძო აღმასრულებელი - მ. ს-ი სააღსრულებო ფურცლის აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით პირადად იმყოფებოდა უძრავი ქონების მისამართზე - ქ. თბილისი, ...ის ..., ..., კვარტალი ..., კორპუსი №6, ბინა №15-ში. უძრავი ქონების აღწერა-დაყადაღების შესახებ 2018 წლის 05 ოქტომბრის აქტის თანახმად, უძრავი ქონების შიდა ინტერიერის აღწერა და დათვალიერება ვერ მოხერხდა (ტ.1, ს.ფ. 123). საქმეში წარმოდგენილი ფოტომასალის თანახმად, სადავო მისამართზე განთავსებულია სასტუმრო (ტ.1, ს.ფ. 126-143). ამდენად, არ დასტურდება, ის გარემოება რომ ქ. თბილისი, ...ის ..., ..., კვარტალი ..., კორპუსი №6, ბინა №15 წარმოადგენდა მოვალის ახალ საცხოვრებელს ადგილს, სადაც იგი შეძლებდა გზავნილის ჩაბარებას.
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ აუქციონის დანიშვნის შესახებ გაფრთხილება მოვალე ზ. ჭ-ეს კვლავ ქ. თბილისში, ...ის ქ. №23-ში გაეგზავნა, რაც კვლავ წარუმატებლად დასრულდა.
საკასაციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ ფაქტობრივ საფუძველს მოკლებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მითითება, რომ სააღსრულებო წარმოების ფარგლებში არ მომხდარა ზ. ჭ-ესთან ტელეფონის საშუალებით დაკავშირების მცდელობა. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, საქმეში წარმოდგენილია სატელეფონო აქტები, რომლებიც ადასტურებს, რომ აუქციონის თაობაზე ინფორმირების მიზნით, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელი 2018 წლის 16 და 19 ნოემბერს მისთვის ცნობილი ოთხი სხვადასხვა სატელეფონო ნომრის მეშვეობით ცდილობდა დაკავშირებოდა მოვალეს, თუმცა ზ. ჭ-ესთან ან მისი ოჯახის ისეთ წევრთან, რომელიც მას ინფორმაციას გადასცემდა, კავშირი ვერ შედგა (ტ.1, ს.ფ. 205). აღნიშნული მოცემულობის გათვალისწინებით, დაუსაბუთებელია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მითითება, რომ ადმინისტრაციული ორგანოს არ გამოუყენებია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით გათვალისწინებული ყველა შესაძლო შესაძლებლობა მოვალის სათანადოდ ინფორმირების მიზნით.
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონის“ 25-ე მუხლის მე-8 ნაწილი ცალსახად ადგენს, რომ მოვალეს იძულებითი აღსრულების ღონისძიების კონკრეტული დრო და ადგილი დამატებით არ ეცნობება. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსისი 70-78 მუხლები შეიცავს გზავნილის ჩაბარების ალტერნატიული შესაძლებლობების ჩამონათვალს და არ ავალდებულებს სასამართლოს (განსახილველ შემთხვევაში - კერძო აღმასრულებელს) ყველა შესაძლო საშუალების გამოყენებას. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკაზე, რომლის მიხედვით ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსთვის ან/და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საუბნო სამსახურებისთვის (უბნის ინსპექტორებისთვის), გზავნილის ჩაბარების უზრუნველყოფის დავალება წარმოადგენს აღმასრულებლის უფლებამოსილებას და არა მის ვალდებულებას. მართალია, სააღსრულებო წარმოების პროცესში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მოვალის ინფორმირებულობის საკითხი, თუმცა აღნიშნული არ წარმოადგენს აღმასრულებლისათვის ისეთი მოქმედების შესრულების დავალების საფუძველს, რომელიც აღემატება კანონმდებლობით განსაზღვრულ მის მოვალეობებს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მითითება, რომ სასამართლოს შეუძლია გამოიყენოს აღნიშნული შესაძლებლობები პირის მოსაძიებლად, აღმასრულებელს აღჭურავს უფლებით, თუმცა არ აკისრებს მას ვალდებულებას (იხ. სუსგ №ბს-551-538(3კ-14), 29.10.2015წ.). განსახილველ შემთხვევაში აღმასრულებელმა შეასრულა მასზე კანონმდებლობით დაკისრებული მოთხოვნები, კერძოდ: ფოსტის მეშვეობით გზავნილის პირველ შემთხვევაში ჩაუბარებლობის შემდგომ, მეორედ გააგზავნა კორესპონდენცია მისთვის ცნობილ მისამართზე, თუმცა უშედეგოდ. ამასთანავე, აღმასრულებელი პირადად იმყოფებოდა მოვალის მისთვის ცნობილ მეორე მისამართზე. საქმის მასალებით დასტურდება მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლის მოვალესთან ტელეფონის საშუალებით დაკავშირების არაერთი მცდელობა. საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს და განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ზ. ჭ-ე სათანადო წესით იყო ინფორმირებული სააღსრულებო წარმოების დაწყების თაობაზე. გადაწყვეტილების შესრულების შესახებ წინადადება მოვალეს ჩაჰბარდა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 25-ე და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78 მუხლების მოთხოვნათა დაცვით. აღსანიშნავია, რომ სააღსრულებო წარმოება შეჩერებული იყო თავად ზ. ჭ-ის შუამდგომლობის საფუძველზე. ამდენად, მას უნდა ჰქონოდა წარმოების განახლების მოლოდინი. აღნიშნულის მიუხედავად, მას აღმასრულებისათვის არ უცნობების ფაქტობრივი ადგილსამყოფელი ან/და მისამართლის შეცვლის შესახებ ინფორმაცია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება არ ემყარება საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს, არ დასტურდება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო განკარგულების მიღებისას კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევის ფაქტი, რაც სადავო განჩინების გაუქმებისა და ზ. ჭ-ის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის წინაპირობას წარმოადგენს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. განსახილველ შემთხვევაში, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე გადახდილია სახელწიფო ბაჟი - 150 და 300 ლარის ოდენობით. ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ზ. ჭ-ეს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 450 ლარის ანაზღაურება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 21 ნოემბრის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ზ. ჭ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. ზ. ჭ-ეს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს სასარგებლოდ დაეკისროს მის აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 450 (150+300) ლარის ანაზღაურება;
5. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
გ. გოგიაშვილი