Facebook Twitter

№ბს-135(კ-19) 25 ნოემბერი, 2021 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 6 სექტემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - შპს „...ი“).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2017 წლის 10 მარტს შპს „...მა“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ.

მოსარჩელემ სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტი ...ისა და ...ის პორტების და ...ის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის 2016 წლის 5 დეკემბრის №EL053237, №EL053236, 2016 წლის 6 დეკემბრის №EL053260 და 2016 წლის 26 დეკემბრის №EL054075, №EL054071, №EL054053 საგადასახადო სამართლდარღვევის ოქმების ბათილად ცნობა; სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტი ...ისა და ...ის პორტების და ...ის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის 2016 წლის 5 დეკემბრის №EL69502/66, №EL69502/67, 2016 წლის 6 დეკემბრის №EL69502/68 და 2016 წლის 26 დეკემბრის №EL69502/71, №EL69502/70, №EL69502/69 საგადასახადო მოთხოვნების ბათილად ცნობა; საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე სსიპ შემოსავლების სამსახურის №1956, №1955, №1954, №1943, №1923 და №1922 ბრძანებების ბათილად ცნობა; ასევე საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 17 თებერვლის №14088/2/17, №14093/2/17, №14091/2/17, №14092/2/17, №14090/2/17 და №14089/2/17 ბრძანებების ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს „...ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტი ...ისა და ...ის პორტების და ...ის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის 2016 წლის 5 დეკემბრის №EL053237, №EL053236, 2016 წლის 6 დეკემბრის №EL053260 და 2016 წლის 26 დეკემბრის №EL054075, №EL054071, №EL054053 საგდასახადო სამართლდარღვევის ოქმები; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტი ...ისა და ...ის პორტების და ...ის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის 2016 წლის 5 დეკემბრის №EL69502/66, №EL69502/67, 2016 წლის 6 დეკემბრის №EL69502/68 და 2016 წლის 26 დეკემბრის №EL69502/71, №EL69502/70, №EL69502/69 საგადასახადო მოთხოვნები, ბათილად იქნა ცნობილი საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე სსიპ შემოსავლების სამსახურის №1956, №1955, №1954, №1943, №1923 და №1922 ბრძანებები, ბათილად იქნა ცნობილი საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 17 თებერვლის №14088/2/17, №14093/2/17, №14091/2/17, №14092/2/17, №14090/2/17 და №14089/2/17 ბრძანებები.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 6 სექტემბრის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 6 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის მითითებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 230-ე მუხლის მიხედვით, დეკლარანტი ან/და საქონლის გადამზიდველი ტრანზიტის სასაქონლო ოპერაციისათვის დადგენილი სხვა პირობების დაცვასთან ერთად, ვალდებულია საქონელი დანიშნულების ადგილზე მიიტანოს უცვლელ მდგომარეობაში, გარდა იმ ცვლილებებისა, რომელიც გამოწვეულია ბუნებრივი ცვეთით, ტრანსპორტირებით ან შენახვის ნორმალური პირობებისათვის დამახასიათებელი ბუნებრივი დანაკარგებით. განსახილველ შემთხვევაში შპს „...ის“ მიერ ტრანზიტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული საქონელი არ იქნა მიტანილი უცვლელ მდგომარეობაში დანიშნულების ადგილზე, რაც დასტურდება სურვეირული კომპანიის მიერ შედგენილი აქტით. დანაკლისი გასცდა სსიპ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 29 ივნისის №3376 ბრძანებით დამტკიცებულ ნავთობისა და ნავთობპროდუქტების რაოდენობის გაზომვის მეთოდების დასაშვებ ცდომილების ნორმებს, კონკრეტულად კი მოცემული საქონლის საერთო რაოდენობის 0.5%-ს, რაც წარმოადგენს აღნიშნული სასაქონლო ოპერაციის პირობების დარღვევას, რისთვისაც ამავე მუხლით განსაზღვრულია სანქცია. რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ საიდენტიფიკაციო საშუალებები (ლუქები) დაზიანებული არ ყოფილა და საქართველოს რკინიგზა ადასტურებს, რომ ყველა ზემოთაღნიშნულ შემთხვევაში კომპანიის კუთვნილი ტვირთი შესაბამისი სარკინიგზო შემადგენლობით მოძრაობდა დადგენილი მარშუტით, ვერ გამოდგება იმის დამადასტურებელ არგუმენტად, რომ სამართალდარღვევას ადგილი არ ქონია, რადგანაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა ანუ, საგადასახადო სამართალდარღვევა სახეზეა თუ ქმედება მართლსაწინააღმდეგოა და ამ ქმედებისთვის საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა, მიუხედავად პირის ბრალეულობისა. მით უფრო იმ პირობებში, როდესაც უდავოა ის გარემოება, რომ თავად მოსარჩელის მიერ შესაბამისი დოკუმენტაციით საქართველოს საზღვრის გადმოკვეთამდე იქნა გაცხადებული საქართველოს ტერიტორიაზე გადასაზიდი ტვირთის ოდენობა, რომელიც განსხვავებული აღმოჩნდა მისი გადამოწმების მომენტში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 1 თებერვლის განჩინებით (მოსამართლე - ვასილ როინიშვილი) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი.

ამასთან, მოსამართლე ვასილ როინიშვილის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად არჩევის გამო, 2020 წლის 23 ივნისს საქმეთა ელექტრონული განაწილების სისტემის მეშვეობით ზემოაღნიშნული ადმინისტრაციული საქმე განაწილდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე ქეთევან ცინცაძეზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ სადავო სამართალდარღვევის ოქმებით შპს „...ს“ საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის დაკარგვის გამო შეეფარდა საგადასახადო კოდექსის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 289-ე მუხლის მე-19 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია. კერძოდ, საგადასახადო ორგანოებმა მიიჩნიეს, რომ მოსარჩელემ, როგორც ექსპედიტორულმა და პასუხისმგებელმა კომპანიამ, ვერ უზრუნველყო ტრანზიტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული საქონლის უცვლელ მდგომარეობაში წარდგენა საბაჟო კონტროლის ზონაში.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საგადასახადო კოდექსის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 289-ე მუხლის მე-19 ნაწილის თანახმად, სასაქონლო ოპერაციის განხორციელებამდე შემოსავლების სამსახურთან შეუთანხმებელი ქმედების განხორციელება ან სასაქონლო ოპერაციის პირობების დარღვევა, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, იწვევდა ვალდებული პირის დაჯარიმებას იდენტურ/მსგავს საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელების თანხის 100 პროცენტის ოდენობით. ამდენად, ხსენებული ნორმის გამოყენების წინაპირობას წარმოადგენს ერთდროულად მართლსაწინააღმდეგო ქმედებისა (სასაქონლო ოპერაციის განხორციელებამდე შემოსავლების სამსახურთან შეუთანხმებელი ქმედების განხორციელებას ან სასაქონლო ოპერაციის პირობების დარღვევას) და მართლსაწინააღმდეგო შედეგის (საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება) არსებობა. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ შპს „...ის“ საქონლის გადამოწმებისას გამოვლინდა სხვაობა დოკუმენტურად აღრიცხულ და ფაქტობრივად არსებულ საქონელს შორის, თუმცა საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ მხოლოდ დანაკლისის აღმოჩენა არ შეიძლებოდა გამხდარიყო მოსარჩელის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტის დადასტურების უპირობო და საკმარისი საფუძველს.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ შპს „...ის“ წარმომადგენლის განმარტებით, საქონლის გადმოტვირთვა მხოლოდ სპეციალური ხელსაწყოთი იყო შესაძლებელი და აღნიშნულისათვის საჭიროა გარკვეული დრო, რისი განხორციელება და ამისთვის საკმარისი დროის არსებობა საქართველოს ტერიტორიაზე საქონლის მოძრაობისას არ დასტურდება. ამასთან, საქართველოს საზღვრის გადმოკვეთისას ვაგონებზე არსებული საიდენტიფიკაციო ნიშნების (ლუქების) მთლიანობის დარღვევა/დაზიანების ფაქტს ვერც მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოები ადასტურებენ.

საკასაციო სასამართლო, სააპელაციო პალატის მსგავსად, მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმადაც, საგადასახადო ორგანოს თანხმობის გარეშე იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნა/მოცილება ან/და სხვაგვარად გაუვარგისება/განადგურება, ნიშანდებული სატრანსპორტო საშუალების ან საბაჟო კონტროლის ზონაში არსებული შენობა-ნაგებობის ან ნიშანდებული ბარგის/ხელბარგის დაზიანება, აგრეთვე სატრანსპორტო საშუალების გადაადგილება იმგვარად დადებული იდენტიფიკაციის საშუალებით, რომელიც მასში იდენტიფიკაციის საშუალების დაზიანების გარეშე შეღწევის საშუალებას იძლევა, იწვევს მფლობელის დაჯარიმებას. განსახილველ შემთხვევაში შპს „...ის“ მიმართ მითითებული ნორმის საფუძველზე საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმების შედგენა არ მომხდარა. შესაბამისად, საქართველოს საზღვრის გადმოკვეთისას ვაგონებზე არსებული საიდენტიფიკაციო ნიშნების (ლუქების) მთლიანობა დარღვეული/დაზიანებული არ ყოფილა. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც სათანადო მტკიცებულებებით არ არის დადასტურებული მოსარჩელის მიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის ფაქტი, არ არსებობდა საგადასახადო კოდექსის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 289-ე მუხლის მე-19 ნაწილის გამოყენების და შესაბამისად სადავო აქტების გამოცემის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძლები.

ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს, რომელიც თავის მხრივ არსებითად ეყრდნობა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა.

ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 6 სექტემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ქ. ცინცაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

გ. გოგიაშვილი