Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-19(კ-21) 16 ნოემბერი, 2021 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - შპს „...ი“

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 24 სექტემბრის განჩინება

დავის საგანი - თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2019 წლის 26 მარტს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - შპს ,,...ის’’ მიმართ. მოსარჩელის განმარტებით, უძრავი ქონება მდებარე ქ.თბილისში, ...იდ ქუჩა N...-ის მიმდებარედ წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ზემოაღნიშნული უძრავი ქონების ნაწილით, კერძოდ 1281 კვ.მ ფართით არამართლზომიერად სარგებლობს და უძრავ ქონებას სამეწარმეო საქმიანობისთვის იყენებს შპს ,,...ი". სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად, ქ. თბილისში, ... ქუჩა N...-ის მიმდებარედ მდებარე ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 3406 კვ.მ მიწის ნაკვეთიდან 1281 კვ.მ მიწის ნაკვეთის მთლიანი ყოველთვიური საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულება 2017 წლის 28 თებერვლიდან დღემდე საორიენტაციოდ შეადგენს 474 ლარს.

მოსარჩელის მითითებით, მოპასუხეს არაერთხელ გაეგზავნა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან გაფრთხილების წერილები (2018 წლის 1 სექტემბრის #7/50628; 2018 წლის 8 ოქტომბრის #7/55913; 2018 წლის 7 დეკემბრის #7/67241), რომლითაც განესაზღვრა ვადა ვალდებულების შესასრულებლად, თუმცა უშედეგოდ. მოპასუხეს დღემდე არ შეუსრულებია კანონით გათვალისწინებული ვალდებულება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოპასუხისათვის სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერი სარგებლობისთვის 2017 წლის 28 თებერვლიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე თვეში - 474 ლარის გადახდის დაკისრება და - შპს ,,...ის“ უკანონო მფლობელობიდან სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: ქ.თბილისი, ...იდ ქუჩა N...-ის მიმდებარედ (1281 კვ.მ) გამოთხოვა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს - შპს ,,...ს" სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერი სარგებლობისთვის 2018 წლის 31 ივლისიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე - 474 ლარის გადახდა; მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა 100 ლარის ოდენობით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 24 სექტემბრის განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 24 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ სრულად იქნა გაზიარებული პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი დასაბუთება, რის გათვალისწინებითაც საქმეზე მიღებულ იქნა იურიდიულად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება.

კასატორის მითითებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლიდან გამომდინარე დავის სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტის მიზნებისათვის გამოყენებულ უნდა იქნეს მტკიცების ტვირთის განაწილების ისეთი სტანდარტი, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. ამ შემთხვევაში სააგენტოს მიერ წარმოდგენილი იქნა ისეთი სახის მტკიცებულებები, რომლებიც სარჩელს ამყარებდა, ხოლო მოპასუხის მიერ არ იქნა არცერთი მტკიცებულება წარდგენილი, რაც გააქარწყლებდა სააგენტოს პოზიციას. ზემოაღნიშნული მუხლის მე-3 პუნქტი ითვალისწინებს დანაწესს, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ეს იმას ნიშნავს, რომ წინამდებარე სადავო ურთიერთობის ფარგლებში სარგებლობა/არსარგებლობის ფაქტის დადასტურება მხარეთა ახსნა განმარტებებით ვერ მოხდება. პირველი ინსტანციის სასამართლოში, სააგენტოს მიერ მითითებული ფაქტი, რომ მოპასუხე 2017 წლის 28 თებერვლიდან სარგებლობდა სახელმწიფო საკუთრებაში არებული ფართით, სასამართლოს უნდა მიეღო დადგენილად, ვინაიდან, მეორე მხარე ვერ და არც აქარწყლებს მის არარსებობას.

ამასთან, კასატორის განმარტებით, მოპასუხეს სახლმწიფოს ქონებით არამართლზომიერად სარგებლობისთვის თანხა დაეკისრა სააგენტოს მიერ ფოტომასალის გადაღების დღიდან (31.07.2018), შესაბამისად, სასამართლომ მხოლოდ აღნიშნული თარიღიდან მიიჩნია დადასტურებულად შპს ,,...ის" მიერ უძრავი ქონებით სარგებლობა. თუმცა, არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ შპს ,,...ი" მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრირებულია 2017 წლის 28 თებერვლიდან და სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაში გაცილებით ადრე აქვს დაწყებული სამეწარმეო საქმიანობა, ვიდრე სააგენტო მოახდენდა აღნიშნული ქონების ადგილზე დათვალიერებას (31.07.2018). ფოტომასალაში ასახული სხვადასხვა რკინის ნივთების განლაგება შპს ,,...მა" 2018 წლის 31 ივლისამდე მოახდინა, რაც ადასტურებს მოპასუხის მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ქონებაში სამეწარმეო საქმიანობის სააგენტოს მიერ ქონების დათვალიერებამდე დაწყების ფაქტს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 29 იანვრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს მათი განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება, ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს - შპს ,,...ს" სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერი სარგებლობისთვის 2018 წლის 31 ივლისიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე - 474 ლარის გადახდა; მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა 100 ლარის ოდენობით. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მხოლოდ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ. მოწინააღმდეგე მხარეს - შპს ,,...ს" თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 24 სექტემბრის განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად. აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში შესულია კანონიერ ძალაში.

ამდენად, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის ფარგლებში, საკასაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინების კანონიერება უნდა შეამოწმოს მხოლოდ 2017 წლის 28 თებერვლიდან 2018 წლის 31 ივლისამდე სახელმწიფო ქონებით არამართლზომიერად სარგებლობისთვის შპს ,,...ისათვის" თვეში 474 ლარის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში.

საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვასთან, განკარგვასა და სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს აწესრიგებს „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის პირველი მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვას ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო. ამავე კანონის მე-2 მუხლის „ა’’ პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონება არის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი და უძრავი ნივთები, არამატერიალური ქონებრივი სიკეთე.

„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლით 13 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე, რომელსაც არ აქვს ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და რომელიც ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) იყენებს, ვალდებულია, ქონების მმართველის წერილობითი მოთხოვნის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოს სარგებლობაში გადაცემის საფასური, საბაზრო ღირებულების შესაბამისად (საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის საფუძველზე), საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან სარგებლობის მთელი პერიოდისათვის.

ამდენად, დავის სწორად გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვანია შპს ,,...ის" მიერ 2017 წლის 28 თებერვლიდან 2018 წლის 31 ივლისამდე სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) სახელმწიფო ქონებით არამართლზომიერად სარგებლობის ფაქტის დადგენა.

საქმეში არსებული მასალებით დადგენილია, რომ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შპს ,,...ი" 2017 წლის 28 ნოემბრიდან დარეგისტრირდა მეწარმე სუბიექტად.

ქ. თბილისში, ...იდ ქუჩა N...-ის მიმდებარედ არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების უძრავი ქონება, დაზუსტებული ფართობი - 3406.00კვ.მ; ს.კ. ...; 2016 წლის 26 თებერვლიდან საკუთრების უფლებით აღრიცხულია სახელმწიფოს სახელზე.

სსიპ სახლემწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 31 ივლისის ადგილზე დათვალიერების ოქმით, 2018 წლის 31 ივლისის სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს აქტით და ფოტოსურათებით დასტურდება, რომ ქ.თბილისში, ...ის ქ.N...-ის მიმდებარედ არსებულ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ უძრავი ქონებით ს.კ ... არამართლზომიერად სარგებლობს და უძრავ ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის იყენებს შპს ,,...ი“.

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 3 ოქტომბრის №5006233318 ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ქ. თბილისში, ...ის ქ.N...-ის მიმდებარედ არსებული, N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მთლიანი 3406 კვ.მ მიწის ნაკვეთიდან 1281 კვ.მ მიწის ნაკვეთის მთლიანი ყოველთვიური საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულება 2017 წლის 28 თებერვლიდან დღემდე საორიენტაციოდ შეადგენს 474 ლარს.

საქმეში წარმოდგენილია სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 11 სექტემბრის №7/50628 წერილი, რომლითაც შპს ,,...ს" ეცნობა, რომ უძრავი ქონება მდებარე: ქ. თბილისში, ...იდ ქუჩა N...-ის მიმდებარედ არსებული უძრავი ქონება (ს.კ ...) წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას, რომლის ნაწილითაც ის სარგებლობს არამართლზომიერად და იყენებს სამეწარმეო საქმიანობისთვის. ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის 13 პუნქტის მიხედვით სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე, რომელსაც არ აქვს ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და რომელიც ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) იყენებს, ვალდებულია, ქონების მმართველის წერილობითი მოთხოვნის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოს სარგებლობაში გადაცემის საფასური, საბაზრო ღირებულების შესაბამისად (საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის საფუძველზე), საჯარო რეესტრში სახელმწიფო საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან სარგებლობის მთელი პერიოდისთვის“. შპს ,,...ს" ეთხოვა, უზრუნველეყო სამეწარმეო საქმიანობისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით არამართლზომიერად სარგებლობის საფასურის გადახდა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში 2017 წლის 28 თებერვლიდან არამართლზომიერი სარგებლობის მთელი პერიოდისათვის. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 8 ოქტომბრის №7/55913 და 2018 წლის 07 დეკემბრის №7/67241 წერილებით შპს ,,...ს" განმეორებით ეცნობა მისი მხრიდან ზემოაღნიშნული ფართის არამართლზომიერად სარგებლობისა და სამეწარმეო საქმიანობისთვის გამოყენების შესახებ. მეწარმეს განემარტა, რომ წერილის მიღებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში უნდა მოეხდინა სამეწარმეო საქმიანობისთვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით არამართლზომიერად სარგებლობის საფასურის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტში, არამართლზომიერად სარგებლობის მთელი პერიოდისთვის.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას და თვლის, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შემოწმების საფუძველზე, შპს ,,...ის" მიერ 2017 წლის 28 თებერვლიდან 2018 წლის 31 ივლისამდე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სამეწარმეო საქმიანობისთვის გამოყენების ფაქტი არ დასტურდება. საქმეში წარმოდეგნილი 2018 წლის 31 ივლისის ადგილზე დათვალიერების ოქმით, ფოტომასალით, ასევე სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 3 ოქტომბრის №5006233318 ექსპერტიზის დასკვნით, რომელიც ჩატარებულია კონკრეტული მიზნით, წლიური საიჯარო ქირის ღირებულების დასადგენად და არა ფართის ფლობის საკითხის გასარკვევად, შეუძლებელია დადგინდეს შპს ,,...ის“ მიერ 2017 წლის 28 თებერვლიდან 2018 წლის 31 ივლისამდე პერიოდისათვის უძრავი ქონების ფლობა-სარგებლობის ფაქტი, ხოლო სხვა რაიმე ისეთი სახის უტყუარი მტკიცებულებები კი, რაც სარწმუნოდ დაადასტურებდა მოპასუხის მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით ხსენებულ სადავო პერიოდზე.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა ამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ასევე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები.

მოცემულ შემთხვევაში, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ვერ შეძლო იმ მტკიცებულებების წარმოდგენა და ვერ მიუთითა იმ გარემოებებზე, რომლებიც დაადასტურებდნენ მისი სარჩელის საფუძვლიანობას, ხოლო წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ იქნა დადასტურებული შპს ,,...ის" მიერ 2017 წლის 28 თებერვლიდან 2018 წლის 31 ივლისამდე სახელმწიფო საუთრებაში არსებული უძრავი ქონების მდებარე ქ. თბილისში, ...იდ ქუჩა N...-ის მიმდებარედ (1281 კვ.მ) (ს.კ. ...) სარგებლობისა და სამეწარმეო საქმიანობისათვის გამოყენების ფაქტი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. განსახილველ შემთხვევაში, კასატორს არ წარმოუდგენია მტკიცებულებები, რომლებიც სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს გააქარწყლებდა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობას დაამტკიცებდა.

შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 24 სექტემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ბ. სტურუა

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე